რა ხდება ქართულ ციხეებში?! - კვირის პალიტრა

რა ხდება ქართულ ციხეებში?!

გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 39 წლის პატიმარი ზურაბ დელიანიძე გარდაიცვალა. სახლში გადასვენების შემდეგ გარდაცვლილის მეუღლეს ქეთევან ბერიძეს ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი მეუღლე ციხეში სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა. დელიანიძის დალურჯებულ გვამს  სხეულზე საშინელი იარები ეტყობოდა.

ქეთევან ბერიძე: "ტანსაცმელი რომ გავხადეთ, საშინელი იარები ჰქონდა, ზურგი კი - დალურჯებული. ვირწმუნებოდი, ეს ჩემი ქმარი არ არის-მეთქი. მერე, რომ დავაკვირდი, ძლივს ვიცანი. Mის ჯერ ბათუმის ციხეში იხდიდა სასჯელს, 2012 წლის მარტში კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში. მის სანახავად 17 აპრილს მივედი და არ შემიშვეს. 27 აპრილს ადვოკატი შევგზავნე, არც ის შეუშვეს, 1-ელ მაისს კი მკვდარი გამომატანეს ციხიდან. მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე გულით გარდაიცვალა. არადა, უკანასკნელად რომ ვნახე, სრულიად ჯანმრთელი იყო".

39 წლის ზურაბ დელიანიძეს მარიხუანის შენახვისთვის 6-წლიანი პატიმრობა და 5-წლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. მას ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ირწმუნებიან, "მსჯავრდადებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით და სამედიცინო დეპარტამენტის მედპერსონალი მკურნალობდა".

დელიანიძეების ოჯახმა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა.

ალექსანდრე გეჯაძე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო "ვექტორის" ხელმძღვანელი: "გარდაცვლილის ოჯახს ეჭვი ეპარებოდა, ხომ არ იყო ნაცემი, რადგან ის დაზიანებები, რაც გვამს ჰქონდა, ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლეოდა. ეჭვს იწვევდა ისიც, რომ ოჯახისთვის არც ბათუმიდან თბილისში გადაყვანის შესახებ მიუწოდებიათ ინფორმაცია და არც მისი გარდაცვალების ამბავი უცნობებიათ. გარეგანი დათვალიერებით გვამს აღენიშნებოდა ნაწოლები კისრის, ხერხემლის, კუდუსუნის არეში, ორივე ტერფის ქუსლების მიდამოში. ოჯახის წევრებს ავუხსენი, რომ ეს არ იყო ცემისა და ძალადობის კვალი, არამედ ავადმყოფის ზურგზე ხანგრძლივი წოლის შედეგი იყო, ანუ მას ჰქონდა ისეთი დაავადება, რამაც ეს შედეგი გამოიწვია. შესაძლოა, ეს ნეიროსიფილისი, ან არ იყო. შესაძლოა სხვა დაავადებებიც ჰქონდა, არ ვიცი, რა დიაგნოზი დაუსვეს სამკურნალო დაწესებულებაში და რა ნახეს გვამის ექსპერტიზის დროს. საჭიროა კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი პროფილის ექიმების მონაწილეობით, რათა დადგინდეს, პატიმრის ავადმყოფობის ისტორიისა და მისი მოვლის დეტალები. კომისიამ უნდა შეისწავლოს ავადმყოფობის ისტორია, როდის მიიყვანეს საავადმყოფოში, რა დიაგნოზი დაუსვეს, სწორი იყო თუ არა მკურნალობა. კომისიამ ასევე უნდა შეისწავლოს გვამური გამოკვლევის მონაცემები, რა გახდა სიკვდილის რეალური მიზეზი. მხოლოდ ამ მონაცემების შეჯერებით იქნება შესაძლებელი იმის თქმა, არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა პაციენტი თუ მკურნალობა სწორად ჩაუტარდა, მაგრამ ისეთი მძიმე დაავადება ჰქონდა, რომელიც არ დაექვემდებარა მკურნალობას".

როგორც ქეთევან ბერიძე ამბობს, მას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაცია არ მიუღია. არ იცოდა, რატომ დააწვინეს საავადმყოფოში, რა დიაგნოზი ჰქონდა და რატომ გახდა საჭირო მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

როლანდ ჭინჭარაშვილი, ადვოკატი: "ციხეში რომ შევედი, მთავარმა ექიმმა მითხრა, პატიმარი უკვე გარდაიცვალა, მანქანა მოიყვანეთ და გადაასვენეთო. ზურაბ დელიანიძე მანამდე თვალით არ მყავდა ნანახი. სასამართლო განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია. საქმეში მაშინ ჩავერთე, როდესაც ოჯახს უთხრეს, რომ ის თბილისში გადაიყვანეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო. რადგან დელიანიძეების ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, როგორღაც მოვნახეთ მანქანა, რომ გარდაცვლილი ქობულეთის რაიონში გადაგვესვენებინა.

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ მას ნეიროსიფილისი ჰქონდა.

- დიახ, ასე ამბობენ, მაგრამ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ...

დელიანიძის გარდაცვალების ფაქტზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა: "სამინისტრომ გაავრცელა მსჯავრდადებულის პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომლის დაცვაც მას კონსტიტუციით ევალება, რაც ხელყოფს როგორც გარდაცვლილი მსჯავრდადებულის, ასევე სხვა პირთა უფლებებს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანით ილახება არა მარტო გარდაცვლილი პირის კანონიერი ინტერესები, არამედ ჩრდილი ადგება პაციენტის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ასევე პირთა სხვა წრეს. სამინისტროს არგუმენტი, რომ საზოგადოებას აინტერესებდა, რით გარდაიცვალა დელიანიძე, არ არის პირადი საიდუმლოების გამჟღავნების საფუძველი და კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციის გამჟღავნების უკანონობას".

ნანა კაკაბაძე, ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის": "დელიანიძე ავადმყოფობით გარდაიცვალა თუ წამებით, ფაქტია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი შეიქნა. ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ არსებობს, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები აუცილებლად სწორი ან არასწორია. გადამოწმების საშუალება არა გვაქვს. ადმინისტრაციამ არასათანადო მოპყრობით პატიმარი სიკვდილამდე მიიყვანა. მძიმე ფორმით ავადმყოფობის შემთხვევაში, კანონი ავალდებულებს ადმინისტრაციას პატიმრის ქალაქის საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანას. იმ შემთხვევაში, თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას არ ექვემდებარება, უნდა გაათავისუფლონ. ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია. ახლა თვითონ იდავონ, ერთმანეთი ატყუონ და გაარკვიონ, როგორ გარდაიცვალა პატიმარი".

ამ ამბავში საინტერესო ის არის, სად ან როგორ განუვითარდა პატიმარს ათაშანგი? და კიდევ ერთი კითხვა: რა ხდება ქართულ ციხეებში?!

იხილეთ:

გლდანის საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მისი წამების ფაქტზე საუბრობს