"კბილის ცვეთის" ჯარიმები მძღოლებისთვის - კვირის პალიტრა

"კბილის ცვეთის" ჯარიმები მძღოლებისთვის

"ხელისუფლების თავსატეხი - სად ვიშოვოთ ფული?"

"ბოლო დროს საპატრულო პოლიციას მეწარმეების მსგავსად დაურიგეს სალარო-აპარატები"

ხელისუფლებას მუდამ აწუხებს კითხვა, სად ვიშოვოთ ფული, როცა ქვეყანაში არ მუშაობს წარმოება, არ იქმნება დოვლათი და ეკონომიკა თავდაღმართში კატასტროფული სისწრაფით მიექანება, მსხვილი თუ წვრილი ბიზნესი კარგა ხნის გატყავებულია. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მარტივი გამოსავალი არსებობს: უნდა გაზარდო უკვე არსებული გადასახადები, თანაც, დამატებით ახალი ჯარიმები და გადასახადები მოიგონო.

ჯარიმებითა და გადასახადებით შემოსავლების მიღების სტრატეგია ჩვენს წელთაღრიცხვამდეც მოსდიოდათ თავში დიქტატორ მმართველებს. ჩანს, მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ოსმალეთმა დაპყრობილ ერაყს გუბერნატორად დაუთ-ოღლუ დაუნიშნა. დაუთ-ოღლუს მოღვაწეობა გაუგონარი გადასახადების დაწესებით შემორჩა ისტორიას. ერაყელებს გუბერნატორმა ყველაფერზე დაუწესა გადასახადი და მერე საგონებელში ჩავარდა, - ახლა რაღა ვქნაო. უმალ ბრწყინვალე აზრმა გაუელვა და... ბეგარა-ჯარიმებით წელში გაწყვეტილ მოსახლეობას კბილის ცვეთის გადასახადიც დაუწესა - თქვენს უვარგის მიწაზე მოწეულ უვარგის საკვებს რომ ვჭამ, კბილები მიცვდება და ამიტომ მისი საფასური გადამიხადეთო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ახლა უკვე ჩვენს დროში, ამჯერად მძღოლების "კბილის ცვეთის" გადასახადის დაწესების ჯერი დადგა. 1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, მძღოლები ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 50 ლარის მაგივრად 100 ლარს გადაიხდიან, ხოლო თუ წლის განმავლობაში იმავე დარღვევას გაიმეორებენ, 200 ლარით დაჯარიმდებიან; გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან მანევრირების წესების დარღვევა კი დაჯარიმდება 50 ლარით.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. მთავრობა ჯარიმების ზრდას პრევენციის აუცილებლობით ხსნის. პარლამენტში განგვიმარტეს, რომ შარშანდელთან შედარებით ავტოავარიების რიცხვი 10%-ით გაიზარდა და ასეთი ზომების მიღებაც ამან განაპირობაო.

ახალი ჯარიმების დაწესებასა და ძველის გაზრდაზე სხვა მოსაზრება აქვს საზოგადოებას. ერთი ვერსიით, ჯარიმების გაზრდა ხელისუფლებამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტს, მათ შორის საპატრულო პოლიციასაც, სოლიდური დაფინანსება შეუწყვიტა და ხელისუფლება მოსახლეობისგან ამოღებული ჯარიმებით ცდილობს დანაკლისის შევსებას.

რობერტ იანტბელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "მძღოლი, გზა, სამართალი" პრეზიდენტი: - ჯარიმების ზრდას და ახლის დაწესებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ამის ხარჯზე ბიუჯეტის შევსება.

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის 200-ლარიანი ჯარიმაა დადგენილი და მარტივი, უნებური შეცდომისთვის მძღოლს ამდენივე უნდა გადაახდევინონ? დავიჯერო, ავტომობილის არასწორად დაძვრაზე ჯარიმის დაწესება ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს? საზოგადოებისთვის ნათელი და გამჭვირვალე რომ იყოს, რამდენ კაცს აჯარიმებს საპატრულო პოლიცია საგზაო წესების დარღვევისთვის და რა თანხა შედის ბიუჯეტში, საჯარო უნდა გახდეს. გამოაქვეყნონ კონკრეტული სტატისტიკა, რამდენი კაცი დააჯარიმეს თვის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის, წითელზე გავლისთვის და ა.შ. ბოლო დროს საპატრულო პოლიციას მეწარმეების მსგავსად დაურიგეს სალარო-აპარატები. ავტოსაგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ჯარიმის ოდენობა შეჰყავს სალარო-აპარატში, ამოგირტყამს ქვითარს და გადასახდელად გაგგზავნის. უწინ გეუბნებოდა, რა დაარღვიე და ადმინისტრაციული კოდექსის რომელი მუხლის, რომელი პუნქტით ჯარიმდებოდი.

მძღოლს შეეძლო, თანხმობის ნიშნად ოქმზე ხელი მოეწერა ან არ მოეწერა. შესაბამისად, მძღოლს უფლება ჰქონდა, საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა. ახლა კი პატრულის თანამშრომელი მძღოლს ოქმს აღარ უწერს, პირდაპირ ჯარიმის ქვითარს აძლევს და თუ მძღოლი შეეწინააღმდეგა, ემუქრება კიდეც, - თუ ჭკუით არ იქნები, 10 ლარის მაგიერ 100-ლარიან ქვითარს ამოგირტყამო. მძღოლი ისედაც ხელ-ფეხშეკრულია და ახლა ახალი ჯარიმები დაუწესეს ისეთი უმნიშვნელო გადაცდომებისთვის, რაც გამოცდილმაც კი შეიძლება დაუშვას. ღერძულა ხაზის გადაკვეთა მარტივ, ყოფით დარღვევათა კატეგორიას განეკუთვნება. საქმე ისაა, რომ ეს დარღვევა შეიძლება სრულიადაც არ იყოს დამოკიდებული შენს ნებაზე და სხვისი ბრალეულობის გამო მოგიხდეს, ვთქვათ, ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსის, ან წინ მიმავალი ავტომანქანის არასწორად გაჩერების გამო. ასეთ დროს, ავტოავარია რომ არ მოგივიდეს, ან საავარიო სიტუაცია თავიდან აიცილო, იძულებული ხარ, მარცხნივ აიღო საჭე და ღერძულა ხაზს შეეხო. კანონში კი არსად არის გამიჯნული ბრალეულობის საკითხი. შენი ბრალია თუ სხვისი, მაინც შენ უნდა გადაიხადო! . მანქანის არასწორი დაძვრა-გაჩერება არასოდეს ყოფილა დაჯარიმების საფუძველი. ახლა ამაზე 50-ლარიანი ჯარიმა დააწესეს. მალე ამ საკანონმდებლო ცვლილებას ალბათ, ახალი ცვლილებები მოჰყვება, საჯარიმო სანქციები უფრო გაიზრდება და ახალი სანქციებიც დაწესდება. ბუნებრივია, ეს თანხების ამოღების საუკეთესო საშუალებაა. მძღოლია ახლა ყველაზე დაბალი ღობე, უშრეტი შემოსავლის წყარო. თუ არ გადაიხდი ჯარიმას, დაგიყადაღებენ, წაიყვანენ შენს მანქანას... საქართველოში არ არსებობს მძღოლი, რომელსაც ღერძულა ხაზი საკუთარი თუ სხვისი დაუდევრობით არ გადაეკვეთოს. წარმოიდგინეთ, რამხელა შემოსავალს მიიღებენ მხოლოდ ამ ერთი საჯარიმო სანქციიდან, სხვა უაზრო და ახალ-ახალ ჯარიმებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ.

ნინო დეკანოსიძე, მძღოლი: - სამჯერ არასწორი გაჩერების გამო დამაჯარიმეს, დანარჩენი ჯარიმები კი სრულიად გაურკვეველია ჩემთვის. წერენ, რომ არ დავემორჩილე ხაზს. მაგრამ რა ხაზს არ დავემორჩილე?

- არ გიცდიათ გაგერკვიათ, რაში იხდით ჯარიმებს?

- ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა. რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვა, სამსახურიდან დაეთხოვო, უნდა დაკარგო დრო, ენერგია, ნერვები, მოითხოვო ვიდეოთვალიდან ფირის ამოღება, ექსპერტიზები ატარო და ასე შემდეგ... თანაც, არ იცი, თავს გაიმართლებ თუ არა. ამიტომ იძულებული ხარ, ხელი ჩაიქნიო და გადაიხადო ჯარიმა. ერთ თვეში 90-ლარიანი ჯარიმა ცოტა ფული ხომ არ არის?

ირაკლი ღარიბაშვილი, ფონდ "ქართუს" თავმჯდომარე: - საჯარიმო სანქციების დაწესებას და გაზრდას, შესაძლოა, მართლაც აქვს ბიუჯეტის შევსებასთან კავშირი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსების შეწყვეტა არაფერ შუაშია - ბატონი ბიძინა მათ 2007 წლის შემდეგ აღარ აფინანსებს. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი (რითაც ამაყობს საქართველოს პრეზიდენტი) - პატრულის პროექტი - ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. მანვე დააფინანსა ეკიპირება, შემოიყვანა მანქანები და ა.შ. ფონდ "ქართუდან" ბოლო 10 წლის მანძილზე დაახლოებით მილიარდ-ნახევარია დახარჯული. ფონდი დღემდე უხდის ხელფასს სახელმწიფო მუზეუმების და თეატრების თანამშრომლებს; იმ 550 ეკლესია-მონასტრის რეაბილიტაცია, რომელიც ხელისუფლებამ დაიბრალა, ბიძინა ივანიშვილის განხორციელებულია, გარდა ფონდის მიერ გღებული თანხებისა ბიძინ ივანიშვილი საკუთარ სახსრებს სისტემატურად რიცხავდა ბიუჯეტის დასახმარებლად. მაგრამ 2007 წლის ნოემბრის აქციების დარბევის შემდეგ მან სახელმწიფო ბიუჯეტს დაფინანსება შეუწყვიტა.