"ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა" - კვირის პალიტრა

"ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა"

ჩემს ოჯახს უკანონოდ, ყაჩაღურად ჩამოართვეს 20%-იანი წილი "აკაში"

"არ გავცვლი "მაესტროს" არც "მერსედესსა" და არც სხვა აქტივზე!"

როგორც ამბობენ, მაშინ, როცა პარლამენტში არჩევნების პერიოდში ყველა არხის საკაბელო ქსელში ჩართვასთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილებოდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მაკა ასათიანის "მაესტროსათვის" დაფინანსების შეწყვეტაზე დაყოლიებას ცდილობდა.

მაკა ასათიანი: - თავიდანვე ნათელი იყო, - საქართველოში "მერსედესის" წარმომადგენლობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაკავშირებული იყო ჩემს აქტივობასთან "მაესტროში". ყველანაირად ვცდილობდი, შემეკავებინა თავი საჯარო განცხადებებისგან. ამიტომაც მივმართე სასამართლოს, პროკურატურას, მაგრამ ამაოდ. ჩემს ოჯახს უკანონოდ, ყაჩაღურად ჩამოართვეს 20%-იანი წილი "აკაში" და მიაკუთვნეს დავით ძოწენიძეს. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემი, როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლის აქტივობასთან და სწორედ ამას ეწირება მამაჩემის, კახი ასათიანის დანატოვარი ქონება და ბიზნესი. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

დავით ძოწენიძის ხელით მებრძვის იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც სურს, "მერსედესში" სიმშვიდის სანაცვლოდ შევწყვიტო აქტივობა ტელეკომპანია "მაესტროში".

- რას ნიშნავს "აქტივობა შეწყვიტოთ"?

- არ უნდა დავაფინანსო "მაესტრო". ბუნებრივია, ამაზე დათანხმებას არ ვაპირებ "მერსედესის" წარმომადგენლობის სანაცვლოდ. უფრო მეტად და აქტიურად გავაგრძელებ ტელეკომპანია "მაესტროს" დაფინანსებას,  ტყუილად იბრძვიან, არ გავცვლი "მაესტროს" არც "მერსედესსა" და არც სხვა აქტივზე!"

დიმიტრი გაბუნია, მაკა ასათიანის ადვოკატი: "მაკა ასათიანს პირდაპირ შესთავაზეს, თუ შეწყვეტდა აქტივობას "მაესტროში", მაშინ მოგვარდებოდა "მერსედესთან" დაკავშირებული პრობლემებიც. თავის დროზე, მაკამ  "მაესტროს" შენობა უყიდა და ინტენსიურადაც აფინანსებს. "მაესტრო" ეთერში რომ გადის, მაკა ასათიანის დამსახურებაა. ბუნებრივია, თუ შეწყდა დაფინანსება, "მაესტროც" შეწყვეტს მუშაობას ან დაბალი ხარისხის მაუწყებლობა ექნება.

ჩვენი ეჭვი იმის თაობაზე, რომ "მერსედესში" პრობლემების შექმნა სინამდვილეში დაკავშირებული იყო მაკა ასათიანის აქტივობასთან "მაესტროში", დადასტურდა. პრობლემები კი მართლაც სერიოზულია: 1-ლი ივლისიდან დაიწყება შპს "აკას" ლიკვიდაცია. ძოწენიძე მხოლოდ გამტარია ამ საქმეში. საჯარო რეესტრი უკვე თხუთმეტი დღეა, წვალობს, რომ გადაწყვიტოს ელემენტარული საკითხი - დირექტორის დანიშვნის რეგისტრაცია. რეგისტრაციაში არ ატარებენ იმ პარტნიორთა კრების ოქმებს, რომლებიც  დირექტორის დანიშვნას შეეხება. ეს ხელოვნური დაბრკოლებები შპს "აკას" იძულებით ლიკვიდაციას გამოიწვევს. ეს იქნება კომპანიის სრული განადგურება და მაკა ასათიანის ოჯახი საკმაოდ დიდი აქტივების მქონე ბიზნესს დაკარგავს.

დავით ძოწენიძის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი დივიდენდების სახით 900.000 ლარის გადახდის თაობაზე. სასამართლომ აასრულა დავით ძოწენიძის მუქარა, რომ შპს "აკაში" შეაჩერებდა დირექტორის უფლებამოსილებას, რამაც განაპირობა კომპანიის სრული პარალიზება. სამეწარმეო საქმიანობაში ასეთი ჩარევა უპრეცედენტოა ისეთ დამოკიდებულ სასამართლოშიც კი, როგორიც დღეს საქართველოშია. ასე რომ, ვიმეორებ, - ეჭვი, რომ ყოველივე ეს დაკავშირებული იყო "მაესტროსთან", დადასტურდა.

ასევე იხილეთ: ტელეკომპანია "მაესტროს" 2 მლნ ლარზე მეტი ოდენობის ზარალი მიადგა (ვიდეო)