"აჩვენონ საზოგადოებას, სად წერია "ქართუს" დამფუძნებელთა ჩამონათვალში ივანიშვილი?" - კვირის პალიტრა

"აჩვენონ საზოგადოებას, სად წერია "ქართუს" დამფუძნებელთა ჩამონათვალში ივანიშვილი?"

"ტელეპათია მუშაობს, მაგრამ ტელევიზორი არა გვაქვს!"

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველსაყოფად დააყადაღა ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100% სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე, აქციების 21,7% სს "პროგრეს ბანკში".

სააღსრულებო ბიუროს განცხადებაში ნათქვამია: "სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რიცხული ქონების მოძიება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს, სს "ბანკი ქართუსა" და სს "პროგრეს ბანკის" ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ს ფლობს სს "ქართუ ჯგუფი", რომლის აქციების 100%-ისა და, აგრეთვე, სს "პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ისა და სს "პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს. ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია, ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული წესის დაუცველობის შემთხვევაში, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია. ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს "ბანკი ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების მიზნით, სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი".

რა მოჰყვება ბანკი "ქართუს" აქციების დაყადაღებას, ამ საკითხზე ნოდარ ჯავახიშვილს გავესაუბრეთ:

- როცა ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი ბანკი "ქართუს" და "ქართუ ჯგუფის" ბენეფიციარი მფლობელია და ამ განცხადებას თან ურთავენ ამონაწერს რეესტრიდან, სადაც წერია, რომ "ქართუს" დამფუძნებელი 6 სხვადასხვა ფირმაა, გაუგებარი ვითარებაა. აჩვენონ საზოგადოებას, სად წერია "ქართუს" დამფუძნებელთა ჩამონათვალში ივანიშვილი? ბანკი და "ქართუ ჯგუფი" გეუბნებიან, ივანიშვილი არ არის აქციების მფლობელიო, შენ კი გაიძახი, მაინც უნდა დავაყადაღოო.

დღე-დღეზე ველოდებით ჩვენი ბენეფიციარი დამფუძნებლებისა და აქციების მფლობელებისგან დოკუმენტებს. მათ წარვუდგენთ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ეროვნულ ბანკსაც. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში აღარ ფლობს ქონებას, ჩვენ გავგზავნეთ შეკითხვები. რადგან გაასხვისა, ესე იგი, ვიღაცამ იყიდა, ხომ? ის ბენეფიციარი მფლობელები, რომელთაც ივანიშვილის გამო დაუყადაღეს ქონება, როგორ ფიქრობთ, არაფერს იტყვიან?

- თუ ივანიშვილი არ არის არც ბენეფიციარი დამფუძნებელი და არც აქციების მფლობელი, მაშინ აგვიხსენით, რა დააყადაღეს და როგორ?

- მაგას ვკითხულობ მეც! რომ ჰკითხო, აქციები იმისთვის დააყადაღეს, რომ ქონება არ გასხვისდეს და თაღლითური გარიგებით ვინმემ არ დაუმალოს თავისი ქონება სახელმწიფოს... ყადაღა მუშაობაში ხელს არ უშლის ბანკს. არც ხალხი მოსულა, არიქა, ჩვენი ანგარიშებიდან ფული უნდა წავიღოთო. აშკარაა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო რაღაცების გასაყიდად ემზადება. ისეთ საბუთებს ითხოვენ, ჩანს, ეს აქვთ განზრახული. საინტერესოა, როგორ უნდა გაყიდონ ის, რაც ივანიშვილის არ არის?..

- ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია აცნობოს ეროვნულ ბანკს. წინააღმდეგ შემთხვევაში წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია.

- გარიგების ბათილად ცნობისთვის მხოლოდ ეროვნული ბანკის განცხადება არ არის საკმარისი. გარიგება ბათილად უნდა ცნოს იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც გარიგება დაიდო. ასეთი შეთანხმება საჭიროა მაშინ, როცა რომელიმე მყიდველი აქციების 10%-ზე მეტს ყიდულობს. მაგრამ, თუ არ ყიდულობს აქციების 10%-ზე მეტს, შეტყობინების ვალდებულება არა აქვს, შეტყობინების ვალდებულება არა აქვს აქციების გამყიდველსაც. ასე რომ, თუ მაინც გაყიდიან "ქართუს" აქციებს, ეს გაყიდვა კი არა, ყაჩაღობა იქნება. თუმცა, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდებათ. გარწმუნებთ, ის უცხოელი დამფუძნებლები "ქართუ ჯგუფისა" და აქციების მფლობელები, გულხელდაკრეფილი არ სხედან... ამათ ჩანაფიქრის შესასრულებლად ყაჩაღობა უნდა ჩაიდინონ. მეტსაც გეტყვით, ეროვნულ ბანკს არა აქვს პროცედურა და დადგენილი სტანდარტი, როგორ უნდა გაყიდოს ბანკი.

- თქვენ ფიქრობთ, რომ პარლამენტი ვერ შეიკრიბება და უცბად ვერ მიიღებს შესაბამის კანონს.

- რასაკვირველია, ეს შეუძლიათ, მაგრამ დაფიქრება მოუწევთ. ის, რაც "ქართუს" ირგვლივ ხდება, ანეკდოტს ჰგავს: ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. მოიკითხეს, ვინ რას საქმიანობდა. ერთმა უთხრა, ტელეპათი ვარო. მაინც რა შეგიძლიაო?  - რა და ახლა მესამე სართულს მივაშტერდები, იქიდან კაცი გამოვარდება და ტელევიზორს გადმოაგდებსო. ელოდნენ, მაგრამ არ გამოვიდა არავინ აივანზე. მატყუებ, ტელეპათი არა ხარო, გაცხარდა მეგობარი. მოიცადე, ახლა გამოვა და გადმოაგდებს ტელევიზორსო. ცოტა ხანში მართლაც გამოვარდა გადარეული კაცი ყვირილით, თუ ძმა ხარ, დამანებე თავი, არა მაქვს ეს ოხერი ტელევიზორიო! აი, ასეთი ვითარებაა დღეს. ამ ანეკდოტისა არ იყოს, ტელეპათია მუშაობს, მაგრამ ტელევიზორი არა გვაქვს!

"მანკიერების მონაა ის, ვინც მასთან მოლპარაკებას მართავს"თეოდორ დრაიზერი