1052 1051-ის ნაცვლად(?!) - კვირის პალიტრა

1052 1051-ის ნაცვლად(?!)

შპს "ბურჯს" დოკუმენტაცია გაუყალბეს?!

"ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რომ  პოლიციისა და პროკურატურის გარდა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები არ გვჭირდება. არ ვიცი, რომელ დემოკრატიაზე ვმსჯელობთ, როცა შეიძლება საგადასახადომ გააყალბოს ფორმულა, დოკუმენტაციაში ჩაამატოს ფურცლები, სასამართლომ "გაასწოროს" სტენოგრაფიული ჩანაწერი და ამისთვის პასუხი არავის მოეთხოვება. ის, რაც ბოლო თვეებში "ქართული ოცნების" გარშემო ხდება, გაკვირვებას აღარ იწვევს, აღარც ბანკის მანქანის დაყაჩაღება გვაოცებს და აღარც ფორმულების გაყალბება. ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლომ მორიგი და სრულიად პროგნოზირებადი გადაწყვეტილება მიიღო და შპს "ბურჯი", რომელიც "ქართულ ოცნებას" ავტომანქანებით მოემსახურა, 8.644.640 ლარით დააჯარიმა", - არჩილ კბილაშვილი, (ადვოკატი).

მერაბ ბარბაქაძე, შპს "ბურჯის" ადვოკატი: "შპს "ბურჯს" ჰბრალდება, რომ თურმე "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს სატრანსპორტო მომსახურებას უსასყიდლოდ უწევდა. არადა, კომპანია ამაში სოლიდურ ანაზღაურებას იღებდა და ამის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და ქვითრებიც გვაქვს. მეტიც, დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც კი ჯარიმა არაადეკვატურია, რადგან ის განსაზღვრულია არა გაწეული მომსახურების საფასურის, არამედ მანქანების საერთო ღირებულების ათმაგი ოდენობით. 45 ავტომობილი, რომლებიც პარტიებს სამი აქციის განმავლობაში 3 დღით ჰყავდათ დაქირავებული, არის 864.000 ლარის ღირებულების, მათთვის გაწეული მომსახურების საფასურად კი არის ჩათვლილი ამ მანქანების ღირებულების ათმაგი ოდენობა. ცხადია, ჯარიმის გამო კომპანია ვეღარ განაგრძობს მუშაობას, დაყადაღებულია ანგარიშებიც".

ალა კახნიაური, შპს "ბურჯის" ადვოკატი: "სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებული ჩინოვნიკები გაუგონარ დანაშაულს სჩადიან. საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში ჩაამატა ფურცელი, სადაც "ბურჯის" ხარჯების ოდენობა და "ქართული ოცნების" ოფისების (რომელიც კომპანიამ გაარემონტა) მისამართები არარეალურია. აუდიტის სამსახური 2012 წლის ივნისიდან სთხოვდა შპს "ბურჯს" 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 15 ივნისამდე გაწეული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ სრულ დოკუმენტაციას, თუმცა, ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან ეს სამსახური ატარებს კომპანიების პარტიებთან ურთიერთობის მონიტორინგს და არა სრულიად კომპანიის საქმიანობისა.

"2012 წლის 25 ივნისს მომზადდა იანვრის საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც სიმცირის გამო ნაწილობრივ დაინომრა. სულ წარდგენილ იქნა 1051 გვერდი, მაგრამ შემდგომ ერთი ფურცელი ჩაამატეს(?!).

29 ივნისს, როცა შპს "ბურჯის" დირექტორი ნოე ქინქლაძე დაიბარეს ახსნა-განმარტებისთვის, მეც დავესწარი პროცედურას. ნათია მოგელაძემ უსაყვედურა ნოე ქინქლაძეს აღურიცხავი დოკუმენტაციის გამო და დაავალა იქვე დაენომრა. მოგელაძე დაჟინებით ითხოვდა ყველა ნომრის ხელმოწერით დამოწმებას, ვინაიდან ეს პროცედურა მათ უწყებაში ტარდებოდა. როგორ ვიფიქრებდი, რომ აუდიტის სამსახურში ვინმეს შეეძლო ზედმეტი დოკუმენტის ჩამატება, მაგრამ სწორედ ასე მოხდა", - დოკუმენტაციის ნუმერაცია დასრულდა არა 1051-ით, არამედ 1052-ით. ეს გავაპროტესტე, რაც ასახულია ვიდეოჩანაწერში და მის სრულად გავრცელებას მოვითხოვ".

ნოე ქინქლაძე, შპს "ბურჯის" დირექტორი: "ამ მონაცემების მიხედვით, ქარელის ოფისის რემონტის ღირებულება 60.452 ლარია, გურჯაანის - დაახლოებით 40.000 ლარი, თერჯოლისა - 62.486, ხონის - 44.563 ლარი, მარტვილის - 88.541 ლარი.

ამ ფასად, რაც რემონტისთვის არის დაფიქსირებული, თითოეულ რეგიონში მინიმუმ ორი შენობის ყიდვა შეიძლება. ეს მონაცემები არარეალურია, არარეალურია ზოგიერთი მისამართიც".