700 "მეამბოხე" პატიმარი - კვირის პალიტრა

700 "მეამბოხე" პატიმარი

შემზარავი ფაქტები პატიმართა ჩვენებიდან

"მასობრივ პროტესტთან გამკლავება შეუძლებელია!"

"ნორმალურ ქვეყანაში ამგვარ კოლექტიურ განცხადებას მინისტრი ნამდვილად შეეწირებოდა"

საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. მე-15 დაწესებულების მსჯავრდადებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს. განცხადებაში, რომელსაც დაახლოებით 700 მსჯავრდადებული აწერს ხელს, შემზარავი ფაქტებია მოყვანილი (სტილი დაცულია).

"ლევან ლეჟავამ შემაგინა და დამარტყა ხელი სახეში, რის შემდეგაც დანარჩენმა თანამშრომლებმა დამიწყეს ცემა. წავიქეცი, თუმცა, მათ გააგრძელეს წიხლებით ჩემი ცემა. როცა კოჭის ტკივილის გამო დავიყვირე, ერთ-ერთმა ამწია და დამანარცხა იატაკზე. შემდეგ ისევ ნატკენ კოჭზე ჩამარტყეს. ლეჟავას ბრძანებით მოიტანეს ხელბორკილი და ორივე ხელით დამაბეს ხელებაწეულ მდგომარეობაში და მიმაბეს ე. წ. ტურნიკზე. შემდეგ ლეჟავამ მოატანინა ელექტროშოკი და მადებდა მკლავებზე და კისერზე. თან მაგინებდა და ამბობდა, ენაზე დავადოთო! ამავდროულად, მაფურთხებდნენ. ასე დაბმული ვიყავი დაახლოებით ოთხი-ხუთი საათი. მდარაჯობდა მორიგე, რომელიც ლეჟავამ მკაცრად გააფრთხილა, რომ არ მიეცა ჩემთვის მდგომარეობის შეცვლის საშუალება და ასე ვყოფილიყავი ჩამოკიდებული. რამდენიმე საათის შემდეგ გადამიყვანეს ახალი ზონის სამარტოო საკანში, სადაც არ მქონდა არც ტუალეტის ქაღალდი, არც საპონი, არც გადასაფარებელი და არც ლეიბი".

ეს პატიმარ პაატა მოდებაძის ჩვენებაა. ის ქსნის ციხეში ორწლიან სასჯელს იხდიდა. სხვა ჩვენებები, სადაც ლაპარაკია ელექტროშოკით წამებაზე, ჯგუფურ ცემაზე, ხელბორკილებით დაკიდებასა და წამების სხვა ფორმებზე, სახალხო დამცველის ოფისს სასჯელაღსრულების ქსნის მე-15 დაწესებულებაში მყოფმა 700-მა პატიმარმა გადასცა.

პატიმრებმა წამებაში ქსნის ციხის ადმინისტრაციის თანამდებობის პირები, კერძოდ, ქსნის ციხის დირექტორი შოთა თოლორდავა, მისი მოადგილე ბაჩო რუხაია, რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა, ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიმიტრი ჩხეიძე და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი გელა იოსავა დაადანაშაულეს. რამდენიმე მათგანი პატიმრების წამებასთან დაკავშირებულ სახალხო დამცველის ანგარიშებში გასულ წლებშიც მოხვდა.

ნორმალურ ქვეყანაში ამგვარ კოლექტიურ განცხადებას მინისტრი ნამდვილად შეეწირებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ დამნაშავე პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. ამის სანაცვლოდ ის პატიმრები, რომლებიც მასობრივი პროტესტის მოთავეებად მიიჩნიეს, სხვა ციხეებში გადაიყვანეს და მათზე ზეწოლა გააძლიერეს.

გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი: "ამ ჩვენებებს დამაჯერებლობას მატებს ისიც, რომ ამ ფაქტებზე დაახლოებით 700 პატიმარი ლაპარაკობს. მათ დაასახელეს კონკრეტული გვარ-სახელები, კერძოდ, დირექტორი თოლორდავა, ლეჟავა, გელა იოსავა და ვინმე უჩა".

ნათია იმნაძე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი: "გარდა იმისა, რომ პატიმრები ლაპარაკობენ წიხლებით, ხელითა და სხვადასხვა საგნებით ცემასა და ელექტროშოკზე, თურმე წყლით სავსე ჭურჭელშიც აყოფინებენ თავს. სასჯელაღსრულების იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების უპრეცედენტო კოლექტიურ საჩივარზე კომენტარს არ აკეთებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, წამების ფაქტების გახმაურების შემდეგ სამინისტრომ ყველაზე აქტიური 30-მდე პატიმარი, მათ შორის - პაატა მოდებაძე, ქსნიდან ორთაჭალის ციხეში გადაიყვანა".

გიორგი ტუღუში: "ვფიქრობ, პატიმრები ორთაჭალაში იმიტომ გადაიყვანეს, რომ მათ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე".

"მეამბოხე" პატიმრების სხვა დაწესებულებებში გადაყვანის შემდეგ მსჯავრდადებულებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მისცეს ჩვენებები. მათ დაადასტურეს კოლექტიურ განცხადებაში მითითებული ფაქტები. შვიდმა მათგანმა კი გამოძიების დაწყებაზე თანხმობა განაცხადა.

700 პატიმრის კოლექტიური საჩივრის გამო სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას მიმართა, მაგრამ ამაოდ.

ფსიქოლოგების შეფასებით, ასეთი კოლექტიური საჩივარი მაშინ, როცა აქამდე პატიმრების უმეტესობა "ერთხმად" ამტკიცებდა, რომ ციხეში ყველაფერი კარგადაა, ქვეყანაში შიშის სინდრომის ეტაპობრივად დაძლევაზე მიუთითებს. მაგალითად, გასულ წელს ზუგდიდის მე-4 დაწესებულებაში, რომლის ლიკვიდაციის რეკომენდაცია გასცა სახალხო დამცველმა, პატიმრები მონიტორინგის ჯგუფს არწმუნებდნენ, რომ ზუგდიდში ყველაფერი კარგად იყო. არადა, ზუგდიდის ციხეში დაძაბულობა საკნის კარის გაღებისთანავე იგრძნობოდა. ყველა პატიმარი ზურგზე ხელებდაწყობილი სასწრაფოდ დგებოდა ფანჯარასთან და მონიტორინგის ჯგუფის შეკითხვებს ასეთივე მდგომარეობაში ერთხმად პასუხობდა, რომ დაწესებულებაში ყველაფერი "იდეალურად" არის.

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი: - პატიმრებს გამოუვალი მდგომარეობის განცდა უკვე აღარ აქვთ. მათ მიეცათ იმედი, რომ ბრძოლას აზრი აქვს.

- ისინი ხომ ამ რეჟიმის ხელში რჩებიან, ხომ შეიძლება უფრო გაუუარესდეთ მდგომარეობა?

- მასობრიობა ის ძალაა, რომლის დასაძლევად არც ერთ სახელმწიფოს არ გააჩნია რესურსი. მასობრივ პროტესტთან გამკლავება შეუძლებელია. ახლა სწორედ ასეთი მასობრიობის ეტაპი დგება. შეუძლებელია დასაჯო და გაანადგურო ყველა. მასობრივი პროტესტი ხალხის განწყობის გამოძახილია. ციხეში ახლა მაქსიმალურად შეზღუდულია ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ აქაც არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, ისიც კი არ ესმით, რომ ინფორმაციას ვერ შეაკავებ. ბოლოს და ბოლოს ახალი პატიმრები, ადვოკატები ხომ შედიან ციხეში. 700 პატიმრის მიერ ერთობლივად იმის დაფიქსირება, რა ხდება ციხეებში, მიუთითებს, რომ ქვეყანაში ახლა სხვა რეალობაა. ამ რეალობას მე მოლოდინის რეჟიმს დავარქმევდი და ის მხოლოდ პატიმრებს არა აქვთ. ის პირებიც, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობენ, მოლოდინის რეჟიმში არიან, მაგრამ მათ სხვადასხვა მოლოდინი აქვთ. მათ თავგასულობას შიში შეეპარა. გარწმუნებთ, თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ ხვალ შეიძლება კანონის მთელი სიმკაცრით მოსთხოვონ პასუხი ჩადენილი დანაშაულებისათვის.

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი ვერ ახერხებდნენ ადამიანების სრულ დემორალიზებას. ისინი მაინც ავლენდნენ საპროტესტო მუხტს. სრული კონტროლის დაწესება შეუძლებელია.

წინააღმდეგობის მუხტი დიდი ხანია გროვდებოდა და ის ახლა დაიძრა. პატიმართა მასობრივ პროტესტს სხვაც კიდევ მოჰყვება. გააძლიერებენ ზეწოლას, მაგრამ პროტესტი იქ იჩენს თავს, სადაც არ მოელიან. ცვლილების მოლოდინს დიდი ძალა აქვს. თითოეული პატიმარი აცნობიერებს, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს მის ცხოვრებაში. გარდა ამ მოლოდინისა, ფსიქოლოგიური წრედიც შეიკრა. ტოტალური აგრესია, ღირსების შელახვა ბუმერანგივით დაგიბრუნდება. რომ გგონია, ყველა და ყველაფერი დაიმორჩილე და მხოლოდ წერტილიღა დაგრჩა დასასმელი, მაშინ იფეთქებს სწორედ ის მუხტი და ის შეიძლება ყველაზე მძლავრად გამოავლინოს მან, ვინც ყველაზე უმწეოა. სწორედ უმწეობით დაღლილი ადამიანები არიან ყველაზე თავგანწირული. ქართულ ციხეებში კი უმწეობით დიდი ხანია დაიღალნენ. როცა ზომიერება დაკარგულია, იქ მოვლენების ლოგიკურ განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ფსიქოლოგიაში ცნობილი ამბავია, რომ არ არსებობს ზეწოლის მექანიზმი, რომელიც სრული მორჩილების ეფექტს იძლევა.

პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

Centre for Prison Studies-ის მონაცემებით, ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა(!). ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში 653 პატიმარი გარდაიცვალა, განსაკუთრებით დიდი სიკვდილიანობა იყო 2010-2011 წლებში, როცა ქართულ ციხეებში შესაბამისად, 142 და 140 პატიმარი დაიღუპა.