"ჯოჯოხეთური ფაქტები ციხის ცხოვრებიდან" - კვირის პალიტრა

"ჯოჯოხეთური ფაქტები ციხის ცხოვრებიდან"

"კიდევ რამდენი პატიმარი უნდა მოკვდეს?!"

"ქსნის მე-15 დაწესებულებიდან 4 პატიმარი გააუპატიურეს!"

საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე, არაადამიანური მოპყრობისა და წამების შემზარავ ფაქტებზე უფლებადამცველი და ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, ყოფილი პატიმარი ილია წურწუმია და ადვოკატი მამუკა ნოზაძე გვესაუბრნენ:

კოტე ინაშვილი, უფლებადამცველი, მედიაკავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტი, ყოფილი პატიმარი: - ამჯერად ყურადღებას ქსნის კოლონიაზე გავამახვილებ. როგორც იცით, დაახლოებით 800-მა პატიმარმა მოაწერა ხელი განცხადებას, სადაც ნათქვამია, თუ რა კანონდარღვევებია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მათ დაასახელეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც პატიმრებს სასტიკად აწამებენ. ქსნის მე-15 დაწესებულებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 პატიმარი გააუპატიურეს. არ გამოვრიცხავ, პატიმრები თავად ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. პატიმარი გიორგი ოქროპირიძე და კახაბერ ბარათაშვილი ხელს ადებენ ციხის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს (გიორგი ავსაჯანიშვილს - გლდანის #18 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვინმე ქოლორდავას და გიორგი ბუთლიაშვილს და მათ დასჯას ითხოვენ). ამასთან, ადმინისტრაციის თანამშრომლები სასტიკად უსწორდებიან ავადმყოფებს. პატიმარ კახაბერ ბარათაშვილს კენჭის გავლა ჰქონდა, იგი მე-17 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჩაიყვანეს მორგში, გონწასულს ცივ წყალს ასხამდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. როგორც ჩანს, მოძალადეებს არ მოეწონათ, რომ კენჭის გავლით გამოწვეული ტკივილისგან პატიმარი ყვიროდა და უარესი დამართეს.

- სახალხო დამცველის ანგარიშში არ არის ასახული ეს მძიმე ფაქტები?

- პატიმრების გაუპატიურების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული გიორგი ტუღუშის დასკვნაში. ფაქტობრივად, ამას მოჰყვა ქსნის კოლონიაში არეულობა. დაიწყეს იმ 800 კაცის ცემა და წამება, რომლებმაც განცხადებას ხელი მოაწერეს. ზოგიერთი დენზე შეაერთეს და წამებით მოკლეს. მაგალითად, ამ პერიოდში გარდაცვლილი არიან მიხეილ ბაზაზიანი, გივი გელაშვილი, ჩიხლაძე. ბაზაზიანის გვამი გაყინული იყო, როცა ჭირისუფალს გაატანეს, არადა, ადმინისტრაციამ ოჯახს განუცხადა, გუშინწინ გარდაიცვალა გულითო, კაცი კი გაგუდული იყო.

სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობენ ჯალათები, ბოროტმოქმედები, რომლებსაც სახელმწიფო მფარველობს. კიდევ რამდენი პატიმარი შეიძლება მოკვდეს? რამდენი იქნება საკმარისი, რომ საზოგადოებამ შიში დასძლიოს?! პატიმარი გივი გელაშვილი საიდუმლო ვითარებაში დაასაფლავა ოჯახმა, მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილს თვალი ჰქონდა გადმოგდებული, ცხვირი კი გატეხილიო. ისიც ქსნის მე-15 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოლო თვეში კიდევ სამი პატიმარი გამოასვენეს ციხეებიდან, რომელთა ჭირისუფლები დუმილს ამჯობინებენ(!).

- ავადმყოფი პატიმარი ანგარიშსწორების მსხვერპლი რატომ ხდება?

- ხმა რომ არ ამოიღოს უხარისხო სამედიცინო მომსახურებაზე და არ მოითხოვოს გამოკვლევა, წამალი ან მკურნალობა. ახლახან სახალხო დამცველის ოფისის ვებგვერდზე გიორგი ტუღუშის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც სთხოვს კალმახელიძეს, პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე გადაიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდა. მელორ ვაჩნაძე ცნობილი პირია და სახალხო დამცველის ყურადღების ღირსი ამიტომაც გახდა, მაგრამ ვისაც პატრონი არ ჰყავს, რა ქნას, მოკვდეს?!

თავად ვიყავი უკანონო პატიმარი. რადგან ჩემი და, ირმა ინაშვილი ჟურნალისტია, ზეწოლის ობიექტი გავხდი. მას შემდეგ, რაც მედიაკავშირი "ობიექტივი" დავაფუძნეთ, ნარკოტიკი ჩამიდეს და დამაკავეს.

არის კურიოზული შემთხვევებიც. მაგალითად, ერთ საკანში ისხდნენ ქორწილის დღეს დაკავებული სიძე და მისი სტუმრები. სიდედრს, რომელსაც სასიძო არ მოსწონდა, უჩივლია, ჩემი ქალიშვილი გაიტაცესო, მერე უკან ვეღარ გაუტანია განცხადება (წინააღმდეგ შემთხვევაში თავად მოუხდებოდა პასუხისგება) და პირდაპირ ქორწილში დააპატიმრეს. პატარძალი კი გაიძახოდა, ნებით გავყევიო, მაგრამ სიძეს ამან ვერ უშველა. ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება ასეთი რამ, კაცს დაქორწინებისთვის იჭერენ!".

ილია წურწუმია, "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წევრი (ის საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად აღიარეს): - სახალხო დამცველს პატიმრები არ ენდობიან. მისი თანამშრომლები პატიმრისგან მიღებულ ინფორმაციას ადმინისტრაციას უმხელენ, რასაც მსჯავრდადებულის სასტიკად დასჯა მოჰყვება ხოლმე.

მეც არაერთხელ გავხდი ანგარიშსწორების მსხვერპლი, - ზუგდიდის ციხეში სასტიკად გამისწორდნენ, ერთ-ერთი ჯალათის გვარიც (ირაკლი ჯიშკარიანი) დავასახელე, მაგრამ პასუხი არავინ მოჰკითხა. მასთან ერთად კიდევ 6 კაცი მირტყამდა. სასჯელაღსრულების სისტემაში ასეთი წესია: პატიმარს ყოველი ეტაპირებისას საშინლად სცემენ. მე ზუგდიდიდან ქუთაისში 13 იანვარს გადამიყვანეს. ვიფიქრე, ძველით ახალი წლის ღამეს როგორ მცემენ-მეთქი. შენც არ მომიკვდე! - ქუთაისის ციხეში ნიღბიანების კორიდორში გავლისას თითოეულ ნაბიჯზე თავში ხელკეტი მხვდებოდა. ასე იყო სხვა ციხეებში ეტაპირებისასაც. მხოლოდ გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისას არ მცემეს, რადგან უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტპატიმრად ვყავდი აღიარებული.

- პოლიტპატიმრად რის საფუძველზე გაღიარეს?

- შეისწავლეს ჩემი საქმე, რაც სამართლებრივი კაზუსებით იყო სავსე. მე ჯაბა ჯიშკარიანის მეგობარი ვარ, პოლიტიკურად ყოველთვის ვაქტიურობ. 2007 წელს ხობში ჩემი მეგობარი დააკავეს და ნარკოტიკულ შემოწმებაზე წაიყვანეს. ხობის პოლიციის განყოფილებაში ველოდი, როდესაც ახალდანიშნული უფროსი შემოვიდა, დამინახა თუ არა, აგრესიულად მკითხა, შენ აქ რა გინდაო, პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, მუშტი მომხვდა სახეში. თვალთ დამიბნელდა და რომ გამოვიხედე, უკვე შენობის გარეთ მცემდნენ. საქმე პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აღძრეს, მაგრამ გირაო გადავიხადე და გამომიშვეს. მალე ნოემბრის მოვლენები დაიწყო და ჩემს საქმეზე სასწრაფოდ (9 ნოემბერს) დანიშნეს სასამართლო პროცესი. მოსამართლე რაღაცებს ბუტბუტებდა, როდესაც ხობის რაიონის პროკურორს სამეგრელოს სამხარეო პროკურორმა როლანდ ახალაიამ დაურეკა და მითითება მისცა, წურწუმია არ გამოუშვათო. ხობის პროკურორი საუბრისას ინსტინქტურად ფეხზე წამოხტა, შემდეგ კი პირდაპირ სხდომათა დარბაზში მოსამართლეს უთხრა, წურწუმიას სამი წელი უნდა მიუსაჯოო. რასაკვირველია, მოსამართლეც დაეთანხმა პროკურორს...

ადრე კანონი მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში მყოფთ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთ-ერთ საკანში 24 კაცი იჯდა და ყველას ხმა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ მიაცემინეს ისე, რომ საკნიდანაც არ გაუყვანიათ, მათ ნაცვლად სხვებმა შემოხაზეს ხუთიანი. ვფიქრობ, ასეთივე ვითარება იქნება მომავალ არჩევნებზეც. პატიმრების მუდმივად შიშში ყოლა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მხოლოდ ერთ-ორ პატიმარს გაიყვანენ არჩევანის გასაკეთებლად და გადაიღებენ ვიდეოფირზე. დანარჩენის მაგივრად თვითონ შემოხაზავენ.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: "არჩევნებს ციხეებში იოლად გააყალბებენ, ადმინისტრაცია რამდენიმე დღით ადრე დაიბარებს ყველა იმ პატიმარს, ვისაც აქვს ხმის მიცემის უფლება და ეტყვის, აქედან ერთი კაცის ხმაც რომ აღმოჩნდეს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, ას პატიმარს დავსჯითო. ყველა პატიმარს ხმის მიცემის უფლება არა აქვს, მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები არიან აღჭურვილი საარჩევნო უფლებით (რომლებსაც 5 წელზე მეტი არა აქვთ მისჯილი). ასეთ პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 8 ათასამდე აღწევს. თუმცა, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულსაც რომ მიაღებინონ მონაწილეობა არჩევნებში, ამის გაკონტროლება ძნელი იქნება. პატიმრებს არა მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლები უსწორდებიან ფიზიკურად, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი პატიმრებიც, ე.წ.მაყურებლები. ისინი სარგებლობენ ისეთი შეღავათებით, როგორიცაა ოჯახის წევრებთან გრძელვადიანი პაემანი, მობილური ტელეფონით სარგებლობა და სხვ. პატიმრებს არეკვინებენ ოჯახის წვერებთანაც მოთხოვნით, რომ ხმა "ნაცმოძრაობას" მისცენ.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ პატიმრების უმრავლესობა სახალხო დამცველს არ ენდობა?

- რასაკვირველია. არაერთი პატიმარი აღიარებს, რომ

სახალხო დამცველის რწმუნებულები: ოთარ კვაჭაძე, დანიელ გელიაშვილი და სხვები ციხის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობაში არიან.

ეუბნებიან, პატიმარი ვისზე გამოთქვამს პრეტენზიას, რასაც მსჯავრდადებულის დასჯა მოჰყვება.

გიორგი ტუღუში ვალდებულია, მოითხოვოს იმ პირების დასჯა, რომლებიც უხეშად არღვევენ პატიმრის უფლებებს. მაგალითად, ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტი ვერ მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული; #6 დაწესებულების დირექტორის, დავით მარგებაძის ძალადობის მსხვერპლი კი პატიმარი მალხაზ ბადუაშვილი გახდა. ამ შემთხვევის გამო ევროპულმა სასამართლომ კითხვითაც მიმართა საქართველოს მთავრობას, დაისაჯა თუ არა მოძალადე, ის კი ისევ მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემაში. სახალხო დამცველს არც ამ საქმისთვის მიუქცევია სათანადო ყურადღება.

- რა კრიტერიუმების მიხედვით არჩევენ და სჯიან პატიმრებს?

- სჯიან იმ პატიმრებს, რომლებმაც ევროპულ სასამართლოს მიმართეს, შემდეგ მათ, ვინც ავადმყოფობის გამო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ითხოვს.

მახსოვს, თქვენმა ჰოლდინგმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთვის საჩუქრად ახალგამოცემული წიგნების გადაცემა განიზრახა, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღო. გული არც დაგწყდეთ. სამინისტროს თქვენთვის უარი რომც არ ეთქვა, წიგნები პატიმრებამდე მაინც ვერ მიაღწევდა. დააწყობდნენ ერთ ოთახში და სტუმრებს, ელჩებსა თუ უფლებადამცველებს ანახებდნენ.

პატიმარმა ციხეში არსებული სოციალური სამსახურის წარმომადგენელს რომ უთხრას, წიგნი მომიტანე, წავიკითხოო, ან სცემენ, ან დასცინებენ...

"კვირის პალიტრა" სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა. მათ შეკითხვების წერილობით მიწოდება ითხოვეს და სახალხო დამცველის აპარატის სახელით პასუხებიც წერილობითვე მივიღეთ:

"- ადვოკატ მამუკა ნოზაძის განცხადებით, პატიმრები სახალხო დამცველის რწმუნებულებს - ოთარ კვაჭაძეს, დანიელ გელიაშვილსა და სხვებს ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაში ამხელენ.

- სამწუხაროა, როდესაც ადვოკატი ავრცელებს მსგავს ინფორმაციას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის უსაფუძვლოდ ცდილობს საზოგადოების შეცდენას. რთულია იმის ახსნა, თუ რას და ვის ემსახურება ბატონი ნოზაძის განცხადებები. ეს ნამდვილად არ მოახდენს პოზიტიურ გავლენას თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვაზე.  უმეტეს შემთხვევაში ეს პირები, რომლებიც ცდილობენ სახალხო დამცველისა და მისი რწმუნებულების დისკრედიტაციას, ისევ და ისევ სახალხო დამცველისგან მიღებული ინფორმაციით ხელმძღვანელობენ. ერთი მხრივ, გაუგებარია და მეორე მხრივ, არაადეკვატური მათი განცხადებები.

- რას გვეტყვით სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების დირექტორის, დავით მარგებაძის მალხაზ ბადუაშვილზე ძალადობის ეპიზოდზე?

- რაც შეეხება ბადუაშვილის საქმეს, 2010 წლის 31 აგვისტოს სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. სახალხო დამცველი თავის საჯარო გამოსვლებსა და ანგარიშებში ყოველთვის მიუთითებს გამოძიების გაჭიანურებისა და არაეფექტურობაზე. სახალხო დამცველი მზად არის გაიზიაროს საფუძვლიანი კრიტიკა და შენიშვნები, თუმცა ამ შემთხვევაში კომენტარისგან თავს შევიკავებთ. სახალხო დამცველი ყოველთვის მოქმედებს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

- რატომ ვერ მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტი, რაზეც დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში?

- ნიკოლოზ მირზაშვილი არაერთხელ მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, თუმცა მან არ დაადასტურა წამების ფაქტები, ასევე არ დაადასტურა საგამოძიებო ორგანოებთან უფლებადარღვევის არც ერთი ფაქტი. შესაბამისად, სახალხო დამცველი ყოველგვარი რეაგირების შესაძლებლობას იყო მოკლებული. ამის მიუხედავად, ის კვლავ არაერთხელ იქნა მონახულებული. სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბარში მირზაშვილი აცხადებდა, რომ მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობებით იყო უკმაყოფილო, შესაბამისი რეკომენდაცია  პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

- ჩვენი რესპონდენტების განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატიმრებმა ციხეებში კანონდარღვევების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერეს, გაძლიერდა მათზე ზეწოლა, რასაც პატიმართა სიცოცხლეც ემსხვერპლა.

- მოგვაწოდონ დაზუსტებული სახელები და გვარები. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ სახალხო დამცველმა არაერთ უფლებადარღვევაზე მოახდინა რეაგირება, რაც ასახულია მის განცხადებებში, რომლებიც შეუძლიათ იხილონ ჩვენს ვებგვერდზე.

- როგორია დღეს პატიმარ მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? გადაიყვანეს თუ არა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში?

- ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება შესაძლებელია სათანადო გამოკვლევების შემდეგ, მხოლოდ ექიმს შეუძლია შეაფასოს ავადმყოფის მდგომარეობა. მისი გამოკვლევისა და ადეკვატური მკურნალობის რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრს. გადაიყვანენ თუ არა, ამ შეკითხვით უნდა მიმართოთ სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბატონი მელორი არ დარჩეს ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გარეშე".

ასევე იხილეთ: აკრძალული ინფორმაცია პატიმრებისთვის - პრესის გარეშე დარჩენილი ციხეები (ვიდეო)