"უგულავამ გასცა მაშინ სკოლის დაწვის მითითება" - კვირის პალიტრა

"უგულავამ გასცა მაშინ სკოლის დაწვის მითითება"

"14 ივლისს 7 წელი შესრულდა ჩემზე თავდასხმიდან. აჯობებს, თქვენს გაზეთში ძველი ფოტო გაუშვათ, როდესაც თავის ქალა და სახის ძვლები არ მქონდა დამტვრეული. ამას წინათაც გავიკეთე კიდევ ერთი ოპერაცია. თვალების ქვემოთ ფირფიტები მქონდა და ამოვიღე", - გვითხრა ყოფილმა პარლამენტარმა ვალერი გელაშვილმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. ვალერი გელაშვილს ლიტვაში დავუკავშირდით:

- ბატონ ბიძინას არასოდეს შევხვედრივარ. მის გაკეთებულ საქმეებზე მსმენოდა და, ალბათ, მანაც იცოდა, ვინ ვიყავი. დათო უსუფაშვილთან ვმეგობრობ. ბატონი ბიძინა შეეკითხა ჩემზე და ამის შემდგომ შევხვდით. შემომთავაზა, ხაშურში მეყარა კენჭი. შეხვედრამდეც ვიცოდი, რომ სერიოზული პიროვნებაა და მასთან ერთად ბრძოლა ღირს.

- როდესაც ხელისუფლების სისასტიკეებზე ლაპარაკობენ, იხსენებენ თქვენზე თავდასხმასაც.

- პირველი მე ვიყავი, ვისაც ასე დაუნდობლად მოექცა ხელისუფლება. იმის გამო, რომ აშკარად დავუპირისპირდი, ანგარიში გამისწორეს, სამაგალითოდ დამსაჯეს სხვების დასაშინებლად. ამით ყველა გააფრთხილეს, თუ იმას არ გააკეთებთ, რასაც გეტყვით, უარესი მოგივათო. თან ეს განგებ გააკეთეს ელიავას ბაზრობასთან, რომ ყველას დაენახა, ჩვენ ძალა გვაქვს და ყველას გაგისწორდებითო.

როდესაც თავს დამესხნენ, ჩვენების მისაცემად მივდიოდი ერთ კაცზე, რომელსაც უსამართლოდ სდებდნენ ბრალს. ეს გახდა თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი.

ხელისუფლებასთან დაპირისპირება ჩემი სახლების გამოც მომივიდა. ერთი სახლი, რომელიც რეზიდენციის გვერდით არის, დაანგრიეს და ახლა ხელახლა აშენებენ... ჩემს ერთ-ერთ კომპანიაში საფინანსო პოლიცია იყო შემოსული, რაღაცას ეძებდნენ. ვკითხე, რა გინდათ-მეთქი, სახლიო. გადაიხადეთ და წაიღეთ-მეთქი. ამათ მუქთად უნდოდათ. მაშინ დიმიტრი ქიტოშვილმა დამირეკა, მასთან საუბრის ჩანაწერებიც მაქვს, სადაც მეუბნება, \სახლები გაყიდე და ყველა პრობლემას მოგიხსნითო.

- თავდამსხმელების ვინაობა იცით?

- თავდასხმისას 200 მეტრში მანქანაში იჯდა სოდ-ის უფროსი ერეკლე კოდუა და ამ ოპერაციას აკონტროლებდა. ვინც კონდახი ჩამარტყა სახეში, ცისფერთვალება იყო, რაქიტიანი, სუსტი ფეხებით, მაგრამ ხელი ჰქონდა ძლიერი. Mმისი გარეგნობა არასოდეს დამავიწყდება და როცა შევხვდები, უსათუოდ ვიცნობ.

- ყველაზე ხმაურიანი 84-ე სკოლის ამბავი იყო, რომლის დაწვაც თქვენ დაგბრალდათ.

- ვიცოდი, რომ პროვოკაციას მიმზადებდნენ და ნინო ბურჯანაძე გავაფრთხილე. ჟურნალისტებმა შემატყობინეს, რომ მერაბიშვილი ბურჯანაძესთან მისულა პარლამენტში და ჩემზე ულაპარაკია. ბურჯანაძე მაშინ მიშას ემორჩილებოდა და ვერ დამიცვა, თუმც მერე კი მომიბოდიშა.

- რატომ დაგაკავშირეს სკოლის დაწვასთან?

- კახა ლომაიასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ვუთხარი, ავლაბარში სკოლასთან კვარტალის აშენება მინდა და დანგრეულ სკოლასაც გავარემონტებ-მეთქი. შენმა კომპანიამ გამოგზავნოს ეს წინადადებაო. ასეც მოვიქეცით, მაგრამ გაჩერდა ეს საქმე. მერე, როდესაც საქმის შეკერვა მომინდომეს, ეს თემა ამოაგდეს. ის სკოლა დაწვეს, აღარ არსებობს იმის გამო, რომ 2005 წლის ნოემბრიდან მიშამ თანაგუნდელებს დაავალა, ყველა საფუძველი მოემზადებინათ პარლამენტიდან ჩემს გამოსაშვებად. 6 თვე ფიქრობდნენ, რა გაეკეთებინათ და ბოლოს განათლების მინისტრისთვის გაგზავნილი ჩემი წერილი გამოიყენეს, მაგრამ საამისოდ ჯერ სკანდალი უნდა მოეწყოთ და სკოლა დაწვეს.

- ვინ დაწვა?

- უგულავამ მისცა მითითება თავისი სტრუქტურის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ამ დავალების შესრულებისთვის დააწინაურეს.

ეს მაშინვე განვაცხადე, მაგრამ პარლამენტმა კენჭი მაინც უყარა ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, რადგან მიშას ყურმოჭრილი მონაა.

- გამოდის, ხელისუფლებაზე განაწყენებამ მოგცათ მოტივაცია, პოლიტიკას დაბრუნებოდით და გებრძოლათ.

- მოტივაცია ყოველთვის მქონდა. იმისთვის ვიბრძვი, რომ ქვეყანაში სამართალი აღდგეს. ამ ხელისუფლებას მუხრუჭები აღარა აქვს. ბრძოლა, რომელშიც ახლა ჩავერთე, გამარჯვებით დასრულდება. ეს პროცესი მოგებულია, ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მივიყვანოთ ბოლომდე.

რატომ დააპატიმრეს ქიტოშვილი?

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც ვალერი გელაშვილის თქმით, მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა სახლების გაყიდვაზე, 2007 წლის სექტემბერში კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობის დროს ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, რომელიც ჩაიდინა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით. კერძოდ, 2006 წლის ოქტომბერში დიმიტრი ქიტოშვილი შეხვდა პარლამენტის ყოფილ წევრს, ამჟამად ბიზნესმენ ჯემალ სვანიძეს და აიძულა შპს "ჯეოსელში" მისი კუთვნილი, დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 2,6%-იანი წილი ნომინალურ ღირებულებად - 250 ათას აშშ დოლარად 2006 წლის ნოემბერში დაეთმო შპს "არტის" დამფუძნებლის, გურამ გოგუას სასარგებლოდ, რომელიც ამ ოპერაციაში ფიქციურ მხარეს წარმოადგენდა".