"ამ შემთხვევამ 1937 წელი გამახსენა" - კვირის პალიტრა

"ამ შემთხვევამ 1937 წელი გამახსენა"

ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელი, 2004-2006 წლებში სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე 16 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკითხვაზე. ოჯახის წევრებმა კარგა ხანს არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა სოფრომაძე, რომელიც დაკითხვაზე დილაუთენია წაიყვანეს.

ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ გათავისუფლებულ ზაზა სოფრომაძეს "კვირის პალიტრამ" რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- დილის 4 საათზე ბინის კარზე ზარი დარეკეს. კარის გაღება მთხოვეს, სადარბაზოში რაღაც ხდებაო. რომ გავაღე, საბუთები მაჩვენეს, ჩემს ბინაში შემოვიდნენ და გაყოლა მთხოვეს. თხოვნას დავემორჩილე. გამოგიტყდებით, სასიამოვნო არ არის, როდესაც ამდენი ადამიანი გამთენიისას თავზე დაგადგება ოჯახის წევრების თვალწინ.

მთავარ პროკურატურაში წამიყვანეს. იქ კორექტულად იქცეოდნენ. აინტერესებდათ საკითხები, რაც ეხებოდა სოციალური დაზღვევის ფონდის იმ პერიოდის საქმიანობას, როდესაც ფონდის ხელმძღვანელი გახლდით.

- სანამ სამართალდამცავები გამთენიისას გესტუმრებოდნენ, არ მოუტანიათ უწყება, პროკურატურაში გამოცხადდითო?

- მეც ეგ მიკვირს, ხომ შეიძლებოდა, დაერეკათ ან უწყება გამოეგზავნათ? როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდებოდი და მივცემდი ჩვენებას, ამის ნაცვლად მიუღებელი ფორმით წამიყვანეს.

- ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თქვენდამი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი პარტიის დაშინების მცდელობა იყო.

- ქალბატონი ნინოსაგან ეს განცხადება ბუნებრივი იყო, რადგან ბევრმა ჩემმა გულშემატკივარმა არ იცოდა, რამდენიმე საათის განმავლობაში სად ვიყავი. დილიდან გვიან საღამომდე მიმდინარეობდა დაკითხვა.

- ადვოკატზე უარი რატომ თქვით?

- პროკურატურაში დამოკიდებულება კორექტული იყო და როდესაც გავიგე, რაზე უნდა დავეკითხე, ადვოკატის დასწრება საჭიროდ აღარ ჩავთვალე, რადგანაც წმინდა პროფესიულ საკითხებზე მომიწია ჩვენების მიცემამ. ამ საკითხზე მე და ჩემს თანამშრომლებს რამდენჯერმე გვაქვს გაკეთებული განმარტება სამართალდამცავ ორგანოებში. თუმცა, დავაყენე პირობა, თუ საჭირო გახდებოდა, მაშინვე ჩართულიყო საქმეში ადვოკატი. ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხე, მაგრამ, სავარაუდოდ, კიდევ მომიწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

პროკურატურაში ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ მიუღებელი იყო ის ფორმა, რომლითაც იქ მიმიყვანეს. ამან გასული საუკუნის 37-იანი წლები გამახსენა.

სოფრომაძე ამჟამად პრობაციონერია

2006 წელს ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ სოფრომაძე გაწევრდა ნინო ბურჯანაძის პარტიაში "დემოკრატიული მოძრაობა P- ერთიანი საქართველო". სოფრომაძე ამჟამად პრობაციონერია.