იგეგმება ტოტალური შანტაჟი?! - კვირის პალიტრა

იგეგმება ტოტალური შანტაჟი?!

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ხელმძღვანელობამ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას დაცვა დაუნიშნა. ამის მიზეზი ცოტა ხნის წინ ჟურნალისტის დაშანტაჟების მცდელობა გახდა.

"რამდენიმე დღის წინ ავტომობილი ნომრით - 421 ვერაზე გაჩერდა და უცნობმა პირებმა სალონში ძალით შემაგდეს. სამნი იყვნენ, ერთი გვერდით მომიჯდა. მკითხეს, ნარკოტიკს ხომ არ მოვიხმარდი, შემდეგ დამემუქრნენ, ახლა წამლის კეთებაში გაგბერავთ და გცემთო. აინტერესებდათ, მიწევდა თუ არა პარტიულ ოფისებში სიარული და შემეძლო თუ არა ტელევიზიაში თათბირებზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციის გამოტანა. ვიცოდი თუ არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაადგილების წინასწარი მარშრუტი. რამდენიმე ლიდერი დამისახელეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ნოდარ ჩაჩუამ.

ნოდარ ჩაჩუამ ერთ-ერთი მოძალადე ამოიცნო. მისი ვარაუდით, პირი, რომელიც "ავერბოვკებდა", სპეცოპერაცია "ენვერის" შესახებ ტელევიზიით გავრცელებულ კადრებშიც ჩანს. მისივე ვარაუდით, ეს პირი ასევე რუსთაველის გამზირზე მდებარე როკკლუბის ხელმძღვანელ ეკატერინე ლემონჯავასაც აშანტაჟებდა...

მოძალადეები მოითხოვდნენ ნოდარ ჩაჩუას სექსუალური კავშირი დაემყარებინა მისსავე თანამშრომელ რომელიმე მამაკაცთან, თავად შესთავაზებდნენ ბინას, სადაც ვიდეოკამერები იქნებოდა დამონტაჟებული, რათა ორივე მათგანის შესახებ ჰქონოდათ მაკომპრომეტირებელი მასალები. ამ დავალებების შესრულებაში ფულსაც სთავაზობდნენ(?!).

"თქვეს, რომ იყვნენ სამსახურიდან, რომელიც ადამიანებს ძალიან ბევრ პრობლემას უგვარებს, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემასაც", - იხსენებს ჩაჩუა.

ტელეკომპანია "მეცხრე არხი" გენერალური დირექტორის, კახა ბექაურის განცხადებით,  ტელეარხი შეეცდება დაიცვას საკუთარი ჟურნალისტი. მათ სახალხო დამცველს მიმართეს და ამზადებენ განცხადებას პროკურატურაში შესატანად.

ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს აპროტესტებს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და მომხდარის გამოძიებას ითხოვს.

"განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დღითი დღე იზრდება ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები. მსგავს ქმედებას ადგილი ჰქონდა 2009 წელს გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტისა და ქარტიის წევრის, თედო ჯორბენაძის მიმართ. საგანგაშოა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას დღემდე ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია. საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობა ამკვიდრებს დაუსჯელობის სინდრომს, რის გამოც ჟურნალისტების მიმართ შანტაჟის ფაქტები მეორდება".

ჟურნალისტზე ძალადობა პროკურატურასთან აქციით დაგმეს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა და მოძალადეების დასჯა მოითხოვეს...

არსებობს ვერსია, რომ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს არც ეკატერინე ლემონჯავასა და არც ნოდარ ჩაჩუას "დავერბოვკებაში" ხელის მოცარვა დააფრთხობთ და კიდევ ეცდებიან ველური მეთოდებითა და დაშინებით ადამიანების ტოტალურ შანტაჟს.

იხილეთ ვიდეო: "მე-9 არხის" ჟურნალისტმა შანტაჟის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა