"ლოთი ქობალია მკვლელის სახელს ვერ ჩამოირეცხავს" - კვირის პალიტრა

"ლოთი ქობალია მკვლელის სახელს ვერ ჩამოირეცხავს"

"ჩვენ არაფერი გვაქვს გასარკვევი და დასამტკიცებელი. არსებობს სასამართლოს ოქმები და უამრავი თვითმხილველი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩემი ძმა ლოთი ქობალიამ დახვრიტა",

- ამბობს 1993 წლის 28 ოქტომბერს ხობში მოკლული 24 წლის ჟურნალისტისა და ოპერატორის, დათო ბოლქვაძის და, ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე. ბრალდებების საპასუხოდ, თავის სიმართლის დასამტკიცებლად ლოთი ქობალია საქმის ძიებაში დაბრუნებას ითხოვს.

- ქალბატონო თამარ, ლოთი ქობალია დღემდე ამბობს, რომ არ იცნობდა დათოს, არასოდეს უნახავს და, შესაბამისად, არც მოუკლავს.

- დათო ბოლქვაძის ოჯახი იცნობს ერთადერთ მკვლელს და ეს არის ლოთი ქობალია. პრესკონფერენციაზე მკვლელობა სხვას გადააბრალა. ჩემი მისამართით კი ბრძანა, ალბათ, არ იცის, ვინ იყო და რისი ჩამდენი მისი ძმა, თორემ ამდენს არ ილაპარაკებდაო. კაცმა, რომელმაც ჯერ განაცხადა, დათო თვალით არ მინახავსო, ხუთი წუთის შემდეგ თქვა, რომ ჩემზე უკეთ იცნობდა ჩემს ძმას.

KvirisPalitra.Ge- რა მისია ჰქონდა დაკისრებული თქვენს ძმას და როგორ აღმოჩნდა ხობში?

- დათო სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხზე საინფორმაციო გადაცემის რეჟისორი იყო. შემდეგ ამერიკის "მსოფლიო ახალი ამბების" სააგენტო "დაბლიუ თიენმა" მიიწვია. აიყვანეს ორ საშტატო ერთეულზე, როგორც ოპერატორი და როგორც რეჟისორი და პირველი დავალების შესასრულებლად გაუშვეს დასავლეთ საქართველოში - სამოქალაქო ომი უნდა გაეშუქებინა. დათო ადგილზე ჩაიყვანეს სააგენტოს ამიერკავკასიის ბიუროს შეფმა ნიკა კვიჟინაძემ და "დაბლიუ თიენის" კალიფორნიელმა ჟურნალისტმა გლენ ბრიანსკიმ. ხობის ხიდთან დათო ტყვედ აიყვანეს სამთავრობო ჯარის ორ სამხედროსთან - ონანაშვილთან და გოგილაშვილთან ერთად. ლოთი ქობალიამ ისინი ხობის მოედანზე დახვრიტა. ამ ამბავს უამრავი მოწმე ჰყავს.

გლებ ბრიანსკი კალიფორნიიდან ჩამოვიდა და სასამართლოს ჩვენება მისცა, სადაც თქვა, რომ ქობალიას გვერდით ედგა ტანკები წარწერით - "აფსნი", ასევე გვერდით ჰყავდა აფხაზები, ჩეჩნები და კაზაკები.

- ბრძანეთ, ამ საქმეზე ახალი დეტალები გვაქვსო.

- ჯერ იხტუნაოს ქობალიამ, მეტი იცრუოს, შეცდომები დაუშვას და მერე მიიღებს პასუხს.

ნანა ფიცხელაური