"18 აპრილს ქალთა ციხეში "ბუნტი" არ მომხდარა!" - კვირის პალიტრა

"18 აპრილს ქალთა ციხეში "ბუნტი" არ მომხდარა!"

"თუ ითანამშრომლებ, უდანაშაულო ხარ, თუ არა, უმკაცრესად ისჯები"

ციხის ბუნტში ბრალდებული ქალების სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინტერვიუ გამოქვეყნდა, ციხიდან სკანდალური კომენტარებით დაგვიკავშირდნენ. ჩვენი რესპონდენტი მეამბოხე კი არა, "გაუგებრობაში მოყოლილი" პატიმარია. მაშ ასე, რა მოხდა 18 აპრილს ციხეში? მედალს ორი მხარე აქვს და ამჯერად პატიმრების თვალით დანახულ მოვლენებზე გესაუბრებით.

ეთერ კვირიაშვილი, მსჯავრდადებული: - 18 აპრილს ქალთა ციხეში "ბუნტი" არ მომხდარა! ეს იყო ნელა, წვეთ-წვეთად დაგროვებული უსამართლობის, ღირსების შელახვის, მასხრად აგდების, სიცრუის შედეგად ამოხეთქილი პროტესტი, რასაც ადმინისტრაციამ შეგნებულად შეუწყო ხელი. მინისტრის პირველმა ვიზიტმა "მატროსოვში" კომუნისტების დრო გაგვახსენა. რომ შეიტყვეს, მინისტრი უნდა მოსულიყო, ზონა სასწრაფოდ დაასუფთავეს, ხეები და ყვავილები დარგეს, ბორდიურები კირით შეათეთრეს. მინისტრი შეხვდა მხოლოდ 15-20 პატიმარს, რომლებიც გაიყვანეს ზონის ტერიტორიიდან როგორც ბიზნესის, კულინარიის თუ კომპიუტერის შემსწავლელი კურსების მსმენელები. სხვა საკითხია, როგორ აითვისეს ამ პატიმრებმა 72 საათში ზემოთ ჩამოთვლილი დარგები ისე, რომ სერტიფიკატებიც კი მისცეს.

"ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს საზღვარი, სიცრუესაც კი!" - ბრძანებს თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში ბატონი მინისტრი. მართლაც ყველაფერს აქვს საზღვარი. არ ვიცი, ვინ რა ინფორმაცია მიაწოდა მინისტრს, მაგრამ მე იმას გიამბობთ, რაც ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით მოვისმინე.

როგორც იქნა, გამოცხადდა შეწყალებულთა სია. ადმინისტრაცია რამდენიმე პატიმარს დაჰპირდა, რომ სიაში აუცილებლად იქნებოდნენ. მათ ბარგიც ჩალაგებული ჰქონდათ. წარმოიდგინეთ მათი გაოგნება, როცა შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდნენ! ამიტომაც კიდევ ერთხელ მოტყუებულებმა თავი ვეღარ გააკონტროლეს და უმართავი გახდნენ. ასეთი სულ 3-4 მსჯავრდადებული იყო. სწორედ მათ ჩალეწეს სამორიგეოს ფანჯრების მინები.

- მინების ჩალეწვას ნორმალურ მოვლენას ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

- მინები სხვა დროსაც ილეწებოდა, მაგრამ იმ დღეს ციხის თანამშრომლებს მათი ქმედების აღკვეთა არც უცდიათ. იდგნენ და მობილური ტელეფონით ფოტოებს იღებდნენ. ამას ყველაფერს ჩვენი ოთახის ფანჯრიდან ვუყურებდი. 10-15 ქალის ჩხუბის აღკვეთა არასოდეს ყოფილა პრობლემა და 3-4 ქალის აყალმაყალთან გამკლავება  რატომ "ვერ შეძლეს", გაუგებარია. ზონაში უარესიც მომხდარა, მაგრამ არც დეპარტამენტს და მით უმეტეს, სამინისტროს არაფერი გაუგია.

- მაშ, რა მოხდა ახლა?

- მინისტრის მოსვლამდე ეზოში დაახლოებით 50 ქალი იყო, სხვები სააღდგომო სამზადისში იყვნენ; მინისტრთან უმრავლესობა სასაუბროდ და არა ბუნტის მოსაწყობად გავიდა. რაზე ისაუბრეს ან რა მოხდა, ვერ გეტყვით. რომ გამოვიხედე, აღარც მინისტრი და აღარც თანამშრომლები აღარ იყვნენ. ჩვენს უსაფრთხოებაზე არავის უზრუნია, თუმცა ამაში ხელფასს იღებენ. წაეყვანათ კარცერში ის რამდენიმე პატიმარი.

- როგორც მინისტრმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, "მატროსოვში" კარცერი არ არის.

- ცუდად არის მინისტრი ინფორმირებული, "მატროსოვში" კარცერიც არის და ე. წ. ბურიც! იმხელაა, 20 ქალიც კი მოთავსდება.

- ამბობენ, რომ ბუნტი ოპოზიციამ დაგეგმა. რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტს ჩანაწერიც აქვს.

- არ მჯერა, რომ ოპოზიციამ დაგეგმა. ამას ვერც მოახერხებდა. სამაგიეროდ, მჯერა, რომ ადმინისტრაციამ თითი არ გაანძრია მომხდარის აღსაკვეთად! დაგიხოცავთ ერთმანეთიო, მოგვიხურეს კარი და მიგვატოვეს. ბატონი მინისტრი ინტერვიუში იმასაც ამბობდა, პატიმრებმა თანამშრომლებს წაართვეს ტელეფონები და გარე სამყაროსთან ასე დაამყარეს კონტაქტიო. გვაინტერესებს, თანამშრომელს თუ თავისი ტელეფონის მოვლა არ შეუძლია, ის ჩვენი უსაფრთხოების დაცვას შეძლებს?

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქალებმა მედნაწილიდან სპირტი და ფსიქოტროპული წამლები მოიპარეს და გაბრუებულ ქალებთან გამკლავება ბადრაგებმა ვერ შეძლეს.

- ფსიქოტროპული პრეპარატებიდან მხოლოდ "აზალეპტინი" და "ამიტრიპტილინი" ჰქონდათ (ორივეს საძილე ეფექტი აქვს და არა აღმგზნები) და ისინი მთავარი ექიმის კაბინეტში, სეიფში ინახებოდა. სპირტი, მეეჭვება, საერთოდ ჰქონოდათ, რადგან ნემსის გაკეთებისას იოდს ხმარობდნენ. ვთქვათ, ორივე ჰქონდათ, მაშინ ის იქნებოდა აფთიაქსა და მთავარი ექიმის ოთახში, ორივეში მოხვედრა კი მხოლოდ ზონის გარე ტერიტორიიდანაა შესაძლებელი. აბა, როგორ გავბრუვდით?  700 პატიმარზე თვეში 50 ფირფიტა "ანალგინი" მოჰქონდათ და სწორედ მაშინ მოიტანეს 700 ბოთლი სპირტი? ან 100-მა გრამმა გაგვაბრუა და ჭკუა დაგვაკარგვინა 700 ქალს? თუ მართლა რაიმეთი იყვნენ ზოგიერთები გაბრუებული, არა მედნაწილიდან გამოტანილით, ეს იქნებოდა ამანათებით ციხეში მოხვედრილი გამაბრუებლები. ვინც დაინტერესდება, თვითონ გაარკვიოს, საიდან მოხვდა გამაბრუებლები ქალებთან.

ის ყბადაღებული როიალი კი სულაც არ არის პატიმრების ფანტაზიის ნაყოფი. ეს ჩვენ ოფიციალურ ბრალად გვაქვს შერაცხილი. საბრალდებო დასკვნაში წერია პიანინო და არა როიალი, ასევე დიქტები, რბილი ავეჯი,  2 სარეცხის მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი, ლეიბები. თუკი ეს მართლა "გაპრავებას" არ საჭიროებს, საიდან ეს ჩამონათვალი? მერწმუნეთ, ყველაფერი ჩვენი ოჯახებიდან მოტანილი იყო, გარდა კედლებისა და საწოლებისა, ჩვენ დავკარგეთ ეს ნივთები და ვის მოვკითხოთ ახლა? გამოძიებამ ზარალი 2 მილიონად შეაფასა, მინისტრის ინტერვიუში კი 12 მილიონზეა ლაპარაკი. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფომ რამდენი მილიონით "იზარალა"? "მატროსოვში" ერთი სამორიგეო ოთახი, ათიოდე მინა და ერთი ჯიხური განადგურდა. თუ ეს 12 მილიონი ღირდა, იქნებ შეაფასოთ, რამდენი მილიონი იყო ჩვენი კუთვნილი ტექნიკა და უამრავი სხვა ნივთი? ან ვის მოვთხოვოთ მისი ანაზღაურება? ისე არ გაიგოთ, თითქოს 18 აპრილს მომხდარს ვამართლებდეთ. არა, მაგრამ ამაში დიდი წვლილი ადმინისტრაციასაც მიუძღვის.

კიდევ ერთი რამ არის გაუგებარი, - რაც გინდა დააშავო, თუ ითანამშრომლებ, უდანაშაულო ხარ და აღარ ისჯები, ან ისჯები მსუბუქად. თუ არ ითანამშრომლებ, მცირე შეცდომისთვისაც კი უმკაცრესი სასჯელი გელის.

ახლა 9 თვის წინ ევროსტანდარტებით აშენებულ ციხეზეც მოგახსენებთ: თუ დროზე არ მიხედავენ ამ ციხეს, მალე თავზე დაგვენგრევა. საშინელ პირობებში ვართ, მწყობრიდან გამოსული სანტექნიკის გამო სველია კედლები, ჭერი, ბეტონის იატაკი. არ მუშაობს ვენტილაცია, განათება გინდა ყოფილა, გინდა არა, ჩარაზულია ე. წ. "კარმუშკები", უვარგის საკვებზე ლაპარაკიც აღარ ღირს. კალცის ნაკლებობისგან თმა და კბილები დაგვცვივდა. გაფუჭებული ონკანიდან გამუდმებით მდინარე წყლის ხმამ ხომ ფსიქიკა შეგვირყია. მართალია, მინისტრს ეცოდება ის ქალები, რომლებიც ამ გაუგებრობაში მოვყევით, მაგრამ შეცოდება რას გვიშველის, თუ საკაცით გასატანი გავხდებით?