რას შესთავაზებს სახელმწიფო ამნისტირებულთ? - კვირის პალიტრა

რას შესთავაზებს სახელმწიფო ამნისტირებულთ?

ამნისტიას 700-მდე  ნარკომომხმარებელი ელოდება

ხალხი დილიდანვე იყრის თავს ე.წ. გლდანის ციხესთან ამანათების გადასაცემად. მოდიან ჩუმად, თავჩაღუნულნი, უხმოდ ავსებენ სპეციალურ ბლანკებს, მორჩილად უსმენენ ციხის თანამშრომლებს, რომლებიც უკვე მერამდენედ აცხადებენ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელთა ციხეში შეტანა კანონით აკრძალულია. შემდეგ კი პასუხის მოლოდინში, ცდილობენ დასაჯდომი ადგილი მონახონ და დროის გასაყვანად საუბარი ტრადიციული კითხვით იწყება, - შენი რაზე ზის? ქალბატონი თინა (პედაგოგი): - პირველად ციხის კართან 1992 წელს  მოვხვდი, როდესაც ჩემი  ყოფილი  მოსწავლე დააკავეს ქურდობისთვის. მისთვის წიგნების გადაცემა მინდოდა. მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ უკვე ჩემი შვილისთვის მოვიდოდი. ვახო 2 წელია სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდის. პირველად აქ რომ მოვედით, ჩვენც გვკითხეს, თქვენი შვილი რაზე ზისო. პასუხს ვეძებდი, იმდენად მრცხვენოდა, რომ ჩემს ოჯახს ასეთი რამ ჭირდა. მეგონა, რომ წამოვიდოდით, ზურგს უკან აუცილებლად მოგვაძახებდნენ, ასეთ მასწავლებელს შვილები როგორ უნდა ანდონ, საკუთრი ნარკომანი ჰყოლიაო.”

ბატონი ნიკოლოზი (ინჟინერი): - ჩემი თავი ყველაზე უბედური მამა მეგონა, მაგრამ ამანათების ოთახში კაცს შევხვდი, რომელმაც საკუთარი შვილი დააჭერინა. სად აღარ ჰყავდა სამკურნალოდ, სამსახურსაც კი დაანება თავი, რომ  შვილისთვის თვალყური ედევნებინა, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენს, როგორი გამწარებული უნდა იყვნენ მშობლები, რომ ამ უბედურებისგან თავის დასაღწევად ციხე არჩიონ.

გლდანის ციხეში ნარკოტიკები არ შედის! შესაბამისად, იქ მყოფი ნარკომანები იძულებულნი არიან, აბსტინენტური სინდრომი, ანუ "ლომკა" ე. წ. "სუხოიზე”გადააგდონ" და ნარკოტიკების მოხმარებას თავი დაანებონ. ხშირად გამიგონია, რომ უთქვამთ, ჩემი ციხეშია, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, ნარკოტიკებს თავი დაანება, ვარჯიშობს და წიგნის კითხვაც კი დაიწყოო.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის  ინიციატივა გახმაურდა ამნისტიის შესახებ. ამჯერად   ეს ნარკოტიკების მომხმარებლებს შეეხება, რომლებიც სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერებების მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადატანა, გადაგზავნა) და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული ნივთიერებების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) იხდიან. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეს ინიციატივა მისასალმებელია, მაგრამ სავარაუდოდ, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი, ზემოთ აღნიშნული ნაწილით გასამართლებულ ჰეროინის მომხმარებლებს, რადგან ჰეროინის მცირე ოდენობა საერთოდ არ არის მითითებული და ნებისმიერი ოდენობა დიდ ოდენობად ითვლება და  ვინაიდან ჩვენს ნარკობაზარზე ძირითადად ისევ ჰეროინი დომინირებს, დაკავებულთა შორის უმრავლესობა სწორედ ამ ნარკოტიკის მომხმარებელია. გარდა ამისა, პრეზიდენტის ინიციატივამ სპეციალისტებში გააჩინა ეჭვი, რომ  სახელმწიფომ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გაუქმებაზე თავი შეიკავა (პარლამენტში უკვე ორი წელია კანონპროექტთა პაკეტი დევს შესაბამისი ცვლილებებით, რომლის განხილვაც სავარაუდოდ ახალ წლამდე უნდა მომხდარიყო) და მხოლოდ დროდადრო შემოიფარგლება  ერთჯერადი აქციებით, ამ შემთხვევაში, ამნისტიით. ჩნდება კითხვა, - რას შესთავაზებს სახელმწიფო ამნისტირებულთ? მაგალითად, თუნდაც იმათ, ვისაც  ნარკოტიკების მოხმარებისთვის ჯარიმის გადაუხდელობის  გამო სახლები გაუყიდეს და  წასასვლელი არსად აქვთ?! ამნისტია ალბათ დიდუბელ საშასაც შეეხება, რომელიც ე. წ. ვინტის მოხმარებისთვის ზის, თუმცა მისი ტრაგედია ციხეში მოხვედრით არ იწყება.

ქალბატონი რიმა (საშას ყოფილი მეზობელი): - ჩვენ გვერდით, პატარა სახლში ცხოვრობდა დედასთან ერთად. დედა მთელი დღე გასული იყო, საწყალი ქალი თონეში მუშაობდა, პურის ფული რომ ეშოვა. საშა ბავშვობაში კარგი ბიჭი იყო. სკოლაში დამლაგებლად ვმუშაობდი და ხშირად მესმოდა მისი ქება. მერე რა დაემართა, არ ვიცი. ორი-სამი წლის წინ გავიგე, ნარკომანიაო. დედამისი მისმა დარდმა ჩააგდო ლოგინად. შარშან სულ ვიღაც ბიჭები დადიოდნენ მის ეზოში. ადრე მეზობლები ვაკითხავდით დედამისს, მაგრამ მერე გვეშინოდა, ერთი-ორჯერ პოლიციაც იყო მოსული. საშა სადღაც წაიყვანეს, მერე გავიგეთ დაუჭერიათო. მისი დაკავებიდან მგონი ორი თვე იქნებოდა გასული, რომ მოვიდნენ, თქვენს შვილს ჯარიმები არ გადაუხდიაო და სასწრაფოდ გადაიხადეთ ფულიო. საწყალი ქალი  იხვეწებოდა, წამლის ფულს მეზობლები მაწვდიან, როგორ გადავიხდიო. თავიდან ვიფიქრეთ, შეგვეგროვებინა, მაგრამ რომ გავიგეთ, 5.000 ლარზე იყო ლაპარაკი, გავჩერდით, საიდან ამდენი ფული! ერთი თვის მერე სახლი გაუყიდეს. ან იმ ქალის ცოდვით ვინ იყიდა. ორი პატარა ოთახი და უფრო პატარა ეზოა, შვილო. დაანგრია ახალმა პატრონმა და ახლა სახაჭაპურეს აშენებს მგონი. საშას დედა სოფელში წაუყვანია ნათესავს. საშაზე გავიგეთ, ჭკვიანად არის, წამალს აღარ იკეთებსო. სახლის გაყიდვის ამბავს უმალავენ თურმე უბნელი ბიჭები, მაგრამ რომ გამოვა, რას გააკეთებს, ან სად წავა...

ასეა თუ ისე, ამნისტიას 700-მდე ნარკომომხმარებელი  ელოდება, გათავისუფლების შანსი ალბათ ყველას არ მიეცემა. იღბლიანებს კი დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა ცხოვრება თავიდან დაიწყონ... ცხოვრება  ნარკოტიკის გარეშე!