"გამლახეს, დამამცირეს და ფეხქვეშ გათელეს ჩემი დედობა და სიბერე" - კვირის პალიტრა

"გამლახეს, დამამცირეს და ფეხქვეშ გათელეს ჩემი დედობა და სიბერე"

"იმ ავადსახსენებელ წერილში, რომელიც პრეზიდენტისთვის უნდა გადამეცა და რისთვისაც ამდენი მირტყეს, ერთადერთი წინადადებაა, - "დამეხმარეთ დაკარგული შვილის, გოგიტა აბულაძის პოვნაში!"

ცოტა ხნის წინ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა ვიდეოფირმა, სადაც ასახულია, სოციალურად დაუცველ როზა წყაბელიას რა დღე დააყენეს სამართალდამცველებმა, როცა წალენჯიხის რაიონის სოფელ ცაიშში ჟურნალისტებს საკუთარ გაჭირვებაზე ელაპარაკებოდა. მას ჯერ ვიღაც ახალგაზრდა მიუახლოვდა, ხელი ჰკრა, მერე მას სხვები დაეხმარნენ და ქალი სადღაც წაათრიეს. საქმე ის იყო, რომ იმ დღეს ამ სოფელში პრეზიდენტს ელოდებოდნენ და ქალი, რომელმაც თავის გაჭირვებაზე ლაპარაკი გაბედა, როგორც ზედმეტი პრობლემა, მოიცილეს.

ამ კადრების ნახვის შემდეგ საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტის სხვა რეგიონებში ვიზიტის დროსაც ტერიტორიას ასე "ასუფთავებენ" გაჭირვებული ადამიანებისგან და რომ ხალხთან შეხვედრები მხოლოდ ფარსი და წინასაარჩევნო სატელევიზიო პიარის შემადგენელი ნაწილია (არადა, ვინ გაბედავდა ამას მითითებებისა და ბრძანების გარეშე).

მოგვიანებით პრეზიდენტმა მკაცრად გაკიცხა მოძალადეები, თავად კი წყაბელიას შინ ესტუმრა და გულში ჩაიკრა, მაგრამ საინტერესოა, რას იზამს პრეზიდენტი, როცა ცინარა აბულაძის ამ წერილს წაიკითხავს და გაიგებს, როგორ სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა და მაღალჩინოსნებმა ანაკლიაში 70 წლის მოხუც ქალს მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა უნდოდა.

ცინარა აბულაძე: "ჩემი შვილი გოგიტა აბულაძე სასტუმრო "ანაკლიაში" მუშაობდა. ერთ დღეს სახლიდან გავიდა და დღემდე დაკარგულად ითვლება. მისი გაუჩინარება რამდენიმე საეჭვო ფაქტთან არის დაკავშირებული. ჩემი შვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად სამარშრუტო ტაქსით ზუგდიდში მიდიოდა, რომ ვიღაცამ დაურეკა და ისიც სამარშრუტო ტაქსიდან ჩავიდა. მოგვიანებით ერთ-ერთი პოლიციელის, დავით გულუას ცოლმა თქვა, რომ გოგიტა ვერცხლისფერ ჯიპში  (ნომერიც ცნობილია) დაინახა. ჯიპი ანაკლიისკენ მიდიოდა. მანქანა  მგზავრებითურთ, ჩემი შვილის ჩათვლით, სასტუმროს უკანა ეზოში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა, მაგრამ მოგვიანებით ჩანაწერი გაქრა. ჩემი შვილის დაკარგვიდან ერთი კვირის თავზე გამომძიებელი ირაკლი ჭითანავა და პოლიციის თანამშრომელი დავით გულუა მოვიდნენ. იმან გამაკვირვა, რომ არ სურდათ ჩვენებაში დაგვეფიქსირებინა, გოგიტა სამარშრუტო ტაქსიდან ვიღაცის სატელეფონო ზარის გამო რომ ჩამოვიდა და ანაკლიაში გაბრუნდა. გულუამ კი, რომლის მეუღლისგანაც გახდა ცნობილი, რომ ჩემი შვილი ვერცხლისფერ ჯიპში იჯდა, კატეგორიულად დაიწყო მისი ჩვენების უარყოფა.

მოგვიანებით სახლში ვიპოვეთ ჩემი შვილის წერილი, სადაც წერდა, რომ აფხაზეთში გადავიდა და ეს იცოდა ჩინოსანმა (სამეგრელოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) მალხაზ პაჭკორიამ. მოკლედ, ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ოჯახისადმი მუქარა. იმდენად ვიყავით დაშინებული, რომ ტელევიზორის ჩართვასაც ვერ ვბედავდით. ცოტა ხანში ძალა მოვიკრიბე და გადავწყვიტე, მემოქმედა, რადგან დავინახე, რომ გოგიტას გაუჩინარების საქმეში ბევრი უცნაური დეტალი იყო.

გაუგებარი იყო, რატომ მალავდა პოლიცია ფაქტებს, რატომ ქრებოდა ვიდეოჩანაწერები, რატომ გვაშინებდნენ; ჩვენ ხომ მხოლოდ დაკარგული შვილის პოვნას ვცდილობდით.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შევხვედროდი პრეზიდენტს და წერილი გადამეცა, იქნებ შვილის პოვნაში დამხმარებოდა.

პირველად 15 აპრილს ვცადე მასთან მისვლა.

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ლევან ქირიამ ბოროტმოქმედივით გამაკავა, პირზე ხელი ამაფარა და იმდენ ხანს მიჭერდა და თან ისე ძლიერ, რომ ჩადგმული კბილები მომტეხა, თან  მემუქრებოდა, დღეის იქით ცხოვრება არ გინდაო, და დაუნდობლად გამათრია. შვილის დაკარგვაზე უარესი რა უნდა იყოს, ამიტომ არ დავიშალე და ყოველ ვიზიტზე ვცდილობდი, პრეზიდენტამდე მიმეღწია, მაგრამ მისი დაცვა და სამეგრელოს პოლიცია 70 წლის ქალსა და 78 წლის გულმოკლულ მამაკაცს გასაქანს არ გვაძლევდნენ, ფეხდაფეხ დაგვდევდნენ.

28 მაისს პრეზიდენტს რეზიდენციაში დავუტოვე წერილი, 29-ში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს მივაკითხე. გამომძიებელ გიგა დარასელიას 20 დღე ვეხვეწებოდი, ანაკლიაში ჩამოსულიყო ან დავებარებინეთ, რადგან ჩემი შვილის საქმეში სიახლე იყო. მისი შინაარსი ადრევე გავაცანი, ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ოფიციალურად ამის დაფიქსირებას ერიდებოდნენ. როგორც იქნა, ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ირაკლი ჭითანავამ და დარასელიამ ჩვენება ჩამოგვართვეს, მაგრამ რატომღაც ჩვენებაში წერილის სრული შინაარსის ჩაწერა არ მოისურვეს. დიდი ჩხუბის შემდეგ შეიტანეს დაკითხვის ოქმში წერილის სრული ტექსტი. როგორც მოგახსენეთ, წერილში ეწერა, აფხაზეთში გადავედი და ამის შესახებ ყველაფერი იცის მალხაზ პაჭკორიამო. დავინტერესდი, დაჰკითხეს თუ არა ეს კაცი. გამომძიებლებმა მიპასუხეს, ეგ შენი მეზობელი ხომ არ გგონია, მაგის დაკითხვა ასე ადვილი არ არისო. მე კი მეგონა, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და კანონი თანამდებობას არ ცნობს. არადა, თურმე, პაჭკორია დაუკითხავთ და ჩემს შვილთან ნაცნობობასაც კი უარყოფდა. მისი დაკითხვის ოქმიდან მისი მისამართის ამოწერა დავაპირე. მინდოდა ოჯახში მივსულიყავი, იქნებ რაიმე გამეგო. როგორც კი კალამი მოვიმარჯვე, ატყდა ერთი ამბავი.

მეცნენ გამომძიებლები, გადამიტრიალეს ხელები, სულ ქუსლები მირტყეს. ირაკლი ჭითანავამ კი თავის კოლეგას ურჩია, 15 "სუტკა" გაუფორმე პატიმრობა, ჩაკვდეს იქო!

პოლიციის სამმართველოს უფროსი ლევან ქირია შორიდან უყურებდა თავისი თანამშრომლების "გმირობას". ასე მწარედ გამლახეს, დამამცირეს და ფეხქვეშ გათელეს ჩემი დედობა და სიბერე.

16 ივნისს პრეზიდენტი ისევ ჩამოვიდა ანაკლიაში. მის ესკორტს ჩემი სახლის ჭიშკართან უნდა ჩამოევლო. ამიტომ სახლთან დავაყენე ტრაფარეტი, სადაც ეწერა, რომ დაკარგულ შვილს ვეძებდი, რომ სამეგრელოს პოლიცია არ მუშაობს, სამეგრელოს მთავრობა კი დაყრუვდა, დაბრმავდა და დამუნჯდა.

სააკაშვილის ესკორტის ჩამოვლამდე ნახევარი საათით ადრე პატრულის 5 მანქანით 20 გადაცმული (ფლოსტებსა და შორტებში) პოლიციელი მოგვიცვივდა, რომელთაც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლექსო თოდუა ხელმძღვანელობდა. ჩვენი ოჯახის საცოდაობით ქუჩაში გამოსული მეზობლები მიმოფანტეს, ემუქრებოდნენ, პრობლემებს გაიჩენთო. ლექსო თოდუა ჯოხით მირტყამდა, ვიდრე ხელებზე კანი არ გადამისკდა და წერილი  ხელიდან არ გამივარდა. მერე ეზოში შემათრია. ამას კამერით იღებდა ჩემი შვილიშვილი. ეს რომ შეამჩნიეს, Mმე სახლში შემათრიეს, ჩემს შვილიშვილს კი ლექსო თოდუა უყვიროდა, ახლავე მომეცი ეგ კამერა, თორემ აქვე გიხმარო. კამერა წაართვეს და ყველაფერი წაშალეს. პრეზიდენტმა დაინახა ჩემს ეზოსთან შეკრებილი ხალხი. Mმეზობლები ხელს უქნევდნენ, პრეზიდენტმა არ გააჩერა.

როცა დავინტერესდი, რატომ არ მაძლევდნენ პრეზიდენტამდე მისვლის უფლებას, მითხრეს, პრეზიდენტის დაცვას ვყავართ გაფრთხილებული, გზაზე პრობლემები არ გვჭირდება, ზედმეტი ხალხი მოგვაცილეთო. მას მერე დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტის ხალხთან შეხვედრის ტელევიზიით ნაჩვენები სცენები შოუა. რას მერჩიან, მე ხომ ჩემს დაკარგულ შვილს ვეძებ, რატომ გვექცევიან ასე, განა რას ვითხოვთ? დაკარგული შვილის ძებნაში პოლიციას დახმარებას ვთხოვ და ამისათვის მცემენ, მდევნიან?

ამის მერე რამდენიმე კაცს დაავალეს, ჩვენთვის "ერჩიათ", ოპოზიციისთვის მიგვემართა. ამით ხომ საბაბი და მიზეზი მიეცემათ, რომ უფრო დაუნდობლად გაგვისწორდნენ და პასუხისმგებლობასაც მოიხსნიან ყველაფერზე.

როგორც გითხარით, წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიტანე. მიხეილ სააკაშვილი ხომ სამეგრელოს პრეზიდენტიც არის! მოსახლეობას გვაინტერესებს, რა დამსახურებისათვის აწინაურებენ ხალხს, რომელიც 70 წლის მოხუცს მხოლოდ იმიტომ სცემს და ლანძღავს, რომ ის შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვს. მალხაზ პაჭკორიას წოდება მოუმატეს და გორგასლის ორდენი და სამოთახიანი ბინა მისცეს, ლექსო თოდუა კი, რომელიც ასეთივე "გმირია", ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

იმ ავადსახსენებელ წერილში, რომელიც პრეზიდენტისთვის უნდა გადამეცა და რისთვისაც ამდენი მირტყეს, ერთადერთი წინადადებაა, - "დამეხმარეთ დაკარგული შვილის, გოგიტა აბულაძის პოვნაში!"

თუ გინდა ხალხი ხელში გეჭიროს, ნუ დასჯი დამნაშავეს, დასაჯე უდანაშაულონი.

ი. გოლიუკი

ასევე იხილეთ: პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველი 70 წლის ანაკლიელი ქალი პოლიციამ გადამალა