"არ არის გამორიცხული, ბანკი გააკოტრონ" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, ბანკი გააკოტრონ"

17 აგვისტოს ბანკ "ქართუს" სააღსრულებო ფურცელი მიუვიდა, სადაც ნათქვამია, რომ ბანკი ვალდებულია სამშენებლო კომპანია "ბეტა მაქსს" 10 მილიონი დოლარი გადაურიცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება დაიწყება.

"ქართუ ბანკისა" და "ქართუ ჯგუფის"  დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ  და ირაკლი ზარქუამ მმართველობის 13-დღიან პერიოდში მოახერხეს და 4 დეველოპერულ კომპანიას 50 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაუფორმაეს. მართალია, სესხის გაცემა ვერ მოასწრეს, მაგრამ გაიცემა თუ არა, ბანკის ვალდებულებებში ჩაჯდება და პირდაპირ იმოქმედებს მის ლიკვიდურობაზე. 50-მილიონიანი ვალდებულების აღება ბალანსზე კატასტროფულად არღვევს ბანკის ლიკვიდურობას, რაც პირდაპირი საფუძველია ეროვნული ბანკის შესვლისა "ქართუში".

"ქართუში" ნოდარ ჯავახიშვილის დაბრუნების შემდგომ სამეთვალყურეო საბჭომ  დადებული ხელშეკრულებები გააუქმა. "ქართუში" ამბობენ, რომ ვლადიმერ უგულავას და ირაკლი ზარქუას ამ ხელშეკრულებების დადების უფლება არ ჰქონდათ. "ქართუ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა და სარჩელით სასამართლოს მიმართა.

ნოდარ ჯავახიშვილი: -  უკვე მოგვივიდა სააღსრულებო ფურცელი სამშენებლო კომპანია "ბეტა მაქსზე" თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. ბატონ ზარქუას საკრედიტო ხელშეკრულებით ამ კომპანიასთან 10 მილიონ დოლარზე აქვს აღებული დანაშაულებრივი ვალდებულება. თუმცა, ველოდი, რომ სწორედ აქედან მიაყენებდნენ ბანკს პირველ დარტყმას.  აკი ზარქუა წასვლის წინ დაგვემუქრა, მალე დავბრუნდებიო.

- რატომ მაინცდამაინც "ბეტა მაქსიდან" ელოდით პირველ დარტყმას?

- საქმე ის არის, რომ ამ კომპანიასთან გენერალურ ხელშეკრულებაზე ხელი მე მაქვს მოწერილი, მაგრამ გენერალური ხელშეკრულება არანაირ ვალდებულებას არ წარმოადგენს ბანკისთვის და მისი შესრულება-არშესრულება არ იწვევს ნორმების დარღვევას ან ბანკის ლიკვიდობის საკითხის დაყენებას. ეს არის ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც ვალდებულებად გადაიქცევა მას შემდეგ, რაც საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდება.

- რატომ მოაწერეთ ხელი გენერალურ ხელშეკრულებას?

- ჩვენ ამ კომპანიასთან რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ კრედიტზე მოლაპარაკება და გადავწყვიტეთ, რომ სესხი მიგვეცა. კომპანიის დამფუძნებელი ყოფილი "კავუნიტექსის" მფლობელი მალხაზ მირცხულავა გახლდათ. ეს პროექტი ბანკისთვის არ იყო მისაღები, მაგრამ ამ ღონისძიების გატარება მხოლოდ "კავუნიტექსისგან" დაზარალებული 317 ოჯახის დასახმარებლად გადავწყვიტეთ. სამი თვე ვიმუშავეთ ამ საქმეზე და შევთანხმდით, რომ თუ "ბეტა მაქსს" კრედიტის მიღება უნდოდა, 20-მდე მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა.  მე ამას მოვაწერე ხელი. ზარქუამ კი ჩადებული ვალდებულებების შესრულების გარეშე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და ბანკს მხოლოდ სესხის გაცემის ვალდებულება აჰკიდა. ამასთან, ამ საკრედიტო ხელშეკრულებაში პირდაპირ ჩანს, რომ სესხი იმ 317 კაცის დასაფინანსებლად არ წავა, რადგან არ არის გათვალისწინებული არც სესხის მიზნობრიობა, არც უზრუნველყოფა.

არადა, ჩემს ხელმოწერილ გენერალურ ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბანკი არ არის ვალდებული, გენერალური ხელშეკრულების ლიმიტის ფარგლებში გასცეს კრედიტები, ოვერდრაფტები და გარანტიები, თუ კლიენტის ან მესამე პირების წარმოდგენილი ფინანსური გაანგარიშება-უზრუნველყოფა ან სხვა მონაცემები არ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნებს. რაც მთავარია, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნებოდა 317 დაზარალებულის მინდობილება, რომლებიც არავის წარმოუდგენია. ნოტარიუსმა კი ამდენი წინააღმდეგობისა და გენერალურ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტების მიუხედავად, მაინც გასცა  სააღსრულებო ფურცელი.

ბოლოს და ბოლოს, ამ სესხზე ბანკს მოლაპარაკება ჰქონდა მირცხულავასთან, რომელსაც 317 დაზარალებულის წერილი უნდა მოეტანა, რომ სწორედ ის იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი, მაგრამ კომპანია "ბეტა მაქსი" უკვე აღარ არის მირცხულავას საკუთრება. უფრო სწორად, "ბეტა მაქსის" დამფუძნებელი მირცხულავას შვილია. დოკუმენტების მიხედვით, "ბეტა მაქსის" ასპროცენტიანი წილი მას 27 ივლისს ვინმე სერგო თეიმურაზის ძე ზაქარიაძისთვის მიუყიდია. ცხადია, ამით ბანკის დაზარალება უნდათ და არც იმ 317 დაზარალებულს მისცემენ არაფერს.

ზაქარიაძეს არანაირი ვალდებულება არა აქვს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ, პასუხისმგებელი იურიდიულად იყო "კავუნიტექსი" და არა "ბეტა მაქსი". "ბეტა მაქსი" თავის დროზე სპეციალურად შეიქმნა იმისათვის, რომ იურიდიულად დავალიანება არ გასჩენოდა. ასე რომ, ბატონმა სერგო ზაქარიაძემ ან მის უკან მდგომმა პირებმა მიიღეს სუფთა ორგანიზაცია 10-მილიონიანი კრედიტით. ეს 10 მილიონი უქმნის ბანკს ლიკვიდობის საფრთხეს, რადგან ჩვენ ამის შესრულების საშუალება არა გვაქვს, ბანკი ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. ამ ფულის ბანკიდან იძულებით წაღების შემთხვევაში აუცილებლად დადგება ლიკვიდობის საკითხი, რასაც დროებითი ადმინისტრაციის შემოყვანა მოჰყვება. არ არის გამორიცხული, ბანკი გააკოტრონ. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი გამოცდილება. მართალია, უგულავა და ზარქუა სასამართლომ დანიშნა, მაგრამ მთელ ამ პროცესში კარგად იკვეთება "ეროვნული ბანკის" მონაწილეობა.

რასაკვირველია, ისევ ზარქუა მოვა და განაგრძობს ბანკის დაძირვასა და იმ სპეცოპერაციას, რაც ვერ მოასწრეს გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო.