მთელი ქვეყანა შოკშია... - კვირის პალიტრა

მთელი ქვეყანა შოკშია...

"მიმიფურთხებია ყველა პრფესიისთვის რომელიც ადამიანობაზე წინ დგას!""როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ათავისუფლებს პოსტიდან _ მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!"

მიხეილ სააკაშვილი.

ბათუმი. 2003 წელი

 

სასჯელაღსრულების სისიტემაში, კერძოდ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ მთელი ქვეყანა შოკშია...

ვერაფერს ახალს და უფრო ემოციურს ვერ ვიტყვი, ვერც დავწერ... ახლა ემოციებითა და ტანჯვით სავსეა უკლებლივ ყველა, ვინც ეს შემზარავი კადრები ნახა... ამჯერად მხოლოდ კითხვებს დავსვამ.

უბედურება ის არის, რომ პირადად ჩემთვის ახალი არაფერი  ყოფილა... წლების მანძილზე ვცდილობდი, საზოგადოებისთვის იმ ტანჯვის გაზიარებას, რასაც ქართველი პატიმრები ჩვენს ციხეებში განიცდიდნენ, მაგრამ  ნანახის გარეშე სტატიებში მოყვანილი არაადამიანური ყოფის მხოლოდ სიტყვიერი აღწერა ბევრს გადაჭარბებული ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნდა.

2009 წლის შემდეგ ველოდი იმ დღეს, როცა პატიმრების მიერ ნანახი და ნაამბობ, კადრებად აწყობილი, დღის სინათლეს ნახავდა...

2009 წლიდან თითქმის ყოველ დღე ვუსმენდი დ ვკითხულობდი იმ ადამიანების მიერ მოწერილ წერილებს, რომელთაც ეს ჯოჯოხეთური ტანჯვა გამოიარეს. ხშირად ეს წერილები პრივატული იყო და მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი. ზოგიერთი მათგანის გამოქვეყნებას ვახერხებდი, ზოგიერთისას ვერა _ რადგან შეურაცხყოფილი და დამცირებული მამკაცები ხშირად საკუთარი უმწეობისა და სირცხვილის სააშკარაოზე გამოტანას ერიდებოდნენ. მახსოვს ციხიდან ახლადგამოსული პატიმარი, საიდუმლო ვითარებაში როგორ მეწვია სახლში, მოტეხილმა და ნატანჯმა მაისური აიწია და ნაწიბურებით სავსე მუცელი მაჩვენა... მითხრა, ახლა ინტერვიუს ვერ მოგცემთ, მაგრამ თქვენ ეს უნდა იცოდეთო... ეს რა არის-მეთქი, გავოგნდი. ეს თავად ჩავიდინე, მხოლოდ იმიტომ, რომ გაუპატიურებას გადავრჩენილიყავი, არადა, ჩემ გვერდით ასობით ადამიანს ამცირებენო... თუმცა ეს არ არის ყველაფერი, მინდა იცოდეთ, რომ კარანტინში ჩასვეს ფსიქიკურად დავადებული ადამიანი, რომელმაც ტუალეტის საწმენდი სპეციალური რკინის ბურთით მოკლა ხუთი შვილის მამა (თავი გაუხეთქა), რომელსაც ორკვირიანი ადმინიტრაციული სასჯელი ჰქონდა მოსახდელი... ასეთი ისტორიები, სამწუხაროდ, მრავლად მომისმენია, ამ ადამიანების სულში ჩამიხედავს და ზუსტად ვიცი, რომ ისინი არ ტყუოდნენ...

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა იყო.  მათი ცემა-წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე არაერთი ჩვენება მისცეს პატიმრებმა ჟურნალისტებს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ არცერთი ფაქტი არ გამოძიებულა. მთელი ამ ხნის მანძილზე კალმახელიძე ურცხვად ამტკიცებდა, რომ ყველაფერი, რასაც პრესა ავრცელებდა, მოგონილი იყო... პატიმრების მიერ საჯაროდ მოყოლილი ისტორიებით არც პროკურატურა, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც პრეზიდენტი დაინტერესებულა... ამბობენ, რომ ჟურნალისტს პოზიცია არ უნდა ჰქონდესო, მაგრამ ამ შემთხვევაში არ შემიძლი, არ მქონდეს პოზიცია. მე პირველ რიგში ადამიანი ვარ და მიმიფურთხებია ყველა პრფესიისთვის რომელიც ადამიანობაზე წინ დგას!

ჰოდა, ამიტომაც არ მჯერა ახლა ხათუნა კალმახელიძის, ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის ნიანგის ცრემლების. უბრალოდ, კითხვა მაქვს, მთელი ამ ხნის მანძილზე რატომ არც ერთხელ არ დაინტერესდა არც შინაგან საქმეთა მინისტრი, არც ციხის ხელმძღვანელი, არც იუსტიციის მინიტრი, არც პრეზიდენტი _ რა ხდებოდა ციხეში? როცა 700 პატიმარი ერთობლივად წერს განცხადებას არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, ასახელებს ჯალათების გვარ-სახელებს, როცა სახალხო დამცველი შემზარავ ანგარიშს აქვეყნებს და ეს არ არის პირველ რიგში პრეზიდენტის  ინტერესის საფუძველი _ ახლა უკვე იმის ყვირილი რომ მათ არაფერი იცოდნენ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ძალიან დაგვიანებულია... როცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი და ციხის ხელმძღვანელი ამ საშინელ ისტორიებს სრულიად გაუგებარი სიმშვიდით ყურს მიღმა ატარებენ, 10 ციხის თანამშრომლის დაკავება განტევების ვაცის ძიებას უფრო ჰგავს და საკუთარი დანაშაულის დაფარვის მცდელობაზე მიუთითებს!

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 600-ზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა და არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ამ პატიმრების უმეტესობა ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილან. უკეთეს შემთხვევებში, ისინი მძიმე ავადმყოფობისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობის მსხვერპლნი გახდნენ. შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ეს სასტიკი რეალობა ვერ აღწევდა უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეთა კაბინეტებამდე. და თუ ვერ აღწევდა, მით უარესი...

ამჯერად დაკავებულია 10 საჯარო მოხელე, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები: გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი _ ვიქტორ ყაჭეიშვილი, დირექტორის მოადგილე _ ლევან ფურცხვანიძე, გლდანის ციხის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი _ გიორგი კვარაცხელია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი _ ოლეგ ფაცაცია, მანუჩარ ლომთაძე, გელა ცომაია, ლევან ფხალაძე და ბორის ფარულავა. რაც შეეხება მეთერმეტე პირს, ვლადიმერ ბედუკაძეს _ ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და ამჟამად ძებნილია.

ახლა  ვნახოთ, როგორ მოიქცნენ სახელმწიფო მოხელეები საკუთარი დანაშაულის დასაფარავად. ისინი შეეცადნენ, ეს საშინელი დანშაულებანი სხვისთვის გადაებრალებინათ და თამაზ თმაზაშვილი, რომელიც ახლა უმწეო პატიმარია, მთელი ამ უბედურების "შემომქმედად" და წინასწარ დამგეგმავად გამოეყვანათ.

საინტერესოა, იმ პენიტენციალურ სისტემაში, სადაც ბუზიც კი ვერ დაფრინავს, როგორ მოახერხა თაზაშვილმა ამისთანა გრაფ-მონტე კრისტოობა?

ოფიციალური ნაწილი

"გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე. მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირების და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან. ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით" _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი და არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა, ჩადენილია ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ უფლებადამცველებში მაშინვე გარკვეული ეჭვები გააჩინა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ პროვოკაცია იყო.

მოგვიანებით ეს ეჭვები ახალი ვიდეო-მასალით დადასტურდა, რომელიც ჯერ ტელეკომპანია "მაესტრომ", შემდეგ კი "მეცხრე არხმა" გაავრცელეს. კადრებში პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. "მეცხრე არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ აუპატიურებენ პატიმარს. ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ გავრცელებულ კადრებში კი ნაჩვენებია, როგორ სცემს პატიმარს სასჯელაღსრულების 15-მდე თანამშრომელი. კადრები ძალიან მძიმეა...

"რამდენიმე კვირაა, რაც შსს-ს მიერ მიმდინარეობს გამოძიება სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის შესახებ და გამოძიებამ საკმაოდ შემზარავი სურათი გვაჩვენა. ეს შემაშფოთებელია. შემზარავია ისიც, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების შეკვეთა და მისი დაფიქსირება ხდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. არავითარ შემთხვევში არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას, კადრები, რომელიც ვიხილეთ, არის ერთიანი საქმის ნაწილი და ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ის, რომ ყველა პირი, რომელმაც მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა მოახდინა, იყოს დასჯილი", _ განაცხადა კალმახელიძემ.

ამდენად, ხელისუფლება პირველ ჩვენებას იმეორებს და აცხადებს, რომ პატიმრების წამების ფაქტები პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ არის ინსპირირებული. ქართულ საზოგადოებაში კი გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ხელისუფლებამ აირჩია ტაქტიკა _ თავის დაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა. კერძოდ, ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს ჩაუვარდა ხელში და იგი საჯარო გახდებოდა. ამიტომ დაასწრო ამ ფაქტების გახმაურებას და ის განცხადება გაავრცელა, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ.

ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა უკვე გაავრცელა განცხადება. "მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების თანამშრომლები, ხელმძღვანელობა, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორისNმე-8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კინწურაშვილი და სხვა პირები, რომელთა სახელები ფიგურირებს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც.

შევახსენებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღნიშნული ფაქტები გლდანის მე-8 დაწესებულებაში რეგულარულ ხასიათს ატარებს. პრაქტიკულად გახსნის დღიდან აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა სახის არასათანადო, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რის თაობაზეც სახალხო დამცველის არა ერთ ანგარიშში დეტალურადაა საუბარი. არა ერთ ასეთ ფაქტზე სახალხო დამცველმა დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა დღემდე ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა არ მომხდარა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, გლდანის მე-8 დაწესებულება, არასათანადო მოპყრობის მხრივ, არ წარმოადგენს გამონაკლისს სასჯელაღსრულების სისტემაში. მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე ქუთაისის მე-2, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მე-18, ქსნის მე-15 დაწესებულებებში. ამის თაობაზე სახალხო დამცველმა არაერთხელ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რასაც სათანადო რეაგირება არ მოყოლია.

 

(სპეციალურად საიტისთვის)

 

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

- არასრულწლოვნების წამების ამსახველ ახალ ვიდეომასალას მე-9 არხი ავრცელებს

- პატიმრებზე ზეწოლის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა

- გლდანის ციხესთან შეკრებილი პატიმრების მშობლები შვილების წამების გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან