"ამ საშინელების სათავეში ახალაია და მეგის ქარდავა არიან" - კვირის პალიტრა

"ამ საშინელების სათავეში ახალაია და მეგის ქარდავა არიან"

"ამ ვიდეოფირს 2011-2012 წლებში ციხის უფროსისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას დავალებით ვიღებდი"

ლადო ბედუკაძე: "ხელისუფლებამ სოდ-ის ფილიალი ბელგიაში გადმოიტანა"

ლადო ბედუკაძე: "სააკაშვილს ევროპარლამენტშიც ჰყავს ვიღაც-ვიღაცები მოსყიდული"

პატიმართა წამების ამსახველი მასალის გამოქვეყნებამ, შეიძლება ითქვას, საქართველო ერთ დღეში შეცვალა. როგორც დადგინდა, ამ ვიდეოფირს ციხის ყოფილი ზედამხედველი ვლადიმერ ბედუკაძე იღებდა. ის ამჯერად ბელგიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება. გთავაზობთ ინტერვიუს ვლადიმერ ბედუკაძესთან:

- ხელისუფლებამ სოდ-ის ფილიალი ბელგიაში გადმოიტანა, მითვალთვალებდნენ. ჩემ გამო ბელგიაში ელჩიც შეცვალეს. ამ ვიდეოფირს 2011-2012 წლებში ციხის უფროსისა და შს მინისტრ ბაჩო ახალაიას დავალებით ვიღებდი და ველოდებოდი მომენტს, როდესაც მსოფლიო საქართველოს მიაპყრობდა ყურადღებას და ჩამოხსნიდა ნიღაბს სააკაშვილის რეჟიმს.

ბელგიას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მივმართე. ჩემი ოჯახი საქართველოში მძევლად ჰყავთ და ვითხოვე, რომ ბელგიის მთავრობამ მათაც პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

- როდის დაიწყო პატიმრების წამება ქართულ ციხეში?

- 2005 წლის დეკემბრიდან. იმ დღიდან, რაც ბაჩო ახალაია დანიშნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

- რა ფორმით დაიწყო ახალაიამ ამ სისასტიკის დანერგვა? ბრძანება გასცა, რომ სწორედ ასე მოჰქცეოდნენ პატიმრებს?

- უარესი... პირადი მაგალითით აჩვენა თანამშრომლებს პატიმრებთან ქცევის "წესები". პირადად შედიოდა საკნებში ღამღამობით და პირადად ამცირებდა მათ.

განსაკუთრებით სასტიკი გახდა 2006 წლის 27 მარტის ბუნტის შემდეგ, როცა იგრძნო, რომ მისი ყველა მოქმედება დაუსჯელი დარჩებოდა. ბუნტი ხომ თითიდან გამოწოვილი და პროვოცირებული იყო, ვინ დაუჯერა მაშინ პატიმრებს? არადა, იმ ბუნტს პატიმრები ემსხვერპლნენ. სწორედ ახალაიას ბრძანებით ყოფდნენ "კარმუშკებში" ავტომატებს და ისროდნენ.

ბაჩო ახალაიას ეს რომ შერჩა, დაიწყო თვითნებური და ღამეული შევარდნები ციხეში. ახალაიამ ისე მოაქცია საქმე, რომ ციხეში უპირველესად ადამიანური ღირებულებები გააქრო. ადამიანები მონებად და ცხოველებად აქციეს.

- რა მეთოდებით მოახერხა ეს ახალაიამ?

- თათბირებზე ტვინების გამორეცხვით, იდეოლოგიური დამუშავებით, რომ ვინც ხელისუფლების აზრს არ იზიარებდა, მტერი და მოღალატე იყო...

2006 წლის მარტში, როცა რუსთავის საპყრობილე გაიხსნა, თვითონ ბაჩო ახალაიამ სწორედ ისე გააუპატიურა იქ რამდენიმე პატიმარი, როგორც იმ ვიდეოფირშია ასახული. ეს თავად გადააღებინა ფირზე, მან აჩვენა მაგალითი ციხის თანამშრომლებს. ახალაია და მეგის ქარდავა ის ხალხია, ვინც ციხეში ეს საშინელება დანერგა. ამ სისაძაგლეს სჩადიოდა ქართულ ციხეში Yთანამშრომლების უმრავლესობა. ალბათ, გეცოდინებათ ცნობილი ზიმბარდოს ექსპერიმენტის შესახებ. ამით ის მინდა ვთქვა, რომ ის, რასაც ქართულ ციხეებში ციხის თანამშრომლები აკეთებდნენ, შემზარავია, მაგრამ ეს მხოლოდ ციხის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ არის. უპირველესი პასუხისმგებლობა აკისრია მათ, ვინც ეს დაუშვეს.

ბაჩო ახალაიამ და მისმა კლანმა ჯერ ციხის თანამშრომლები აქციეს მონებად, გადააქციეს ცხოველებად, გახადეს მართული და შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ მათი ხელით პატიმრებს.

პატიმრისთვის ხელის ჩამორთმევაც და ადამიანურად მოკითხვაც კი უპატიებელ დანაშაულად ითვლებოდა. პატიმარი ხომ საზიზღარი არსება იყო, არარაობა... თუ ვინმე გაბედავდა გამოსარჩლებას და იტყოდა, რა იცი, რა კაცია, რატომ ურტყამო, მაშინვე ინტრიგანობას დაგწამებდნენ. იცით, როგორ მონურ ყოფაში ჰყავდათ თანამშრომლები? დღეგამოშვებით ღამეებს ათენებინებდნენ მიზერული თანხის ფასად და ამისთანა ბინძურ საქმეებს აკეთებინებდნენ. ისე მოუქციეს საქმე, რომ ქუჩაში გავლის ეშინოდათ, რომ რომელიმე ნაპატიმრალს არ ეცნო. საფუძვლიანად იმუშავეს ციხის თანამშრომლების მენტალიტეტზე, ერთთავად ჩასჩიჩინებდნენ, რადგან სისტემაში მუშაობდნენ, აუცილებლად სააკაშვილის მონები და მიშას მადიდებლები უნდა ყოფილიყვნენ, შეესრულებინათ ბრძანებები, თორემ ლუკმაპურს დაკარგავდნენ. ციხის თანამშრომლების დამორჩილება იოლია, თუ არსებობს საამისო პოლიტიკური ნება. აი, რა არის მთავარი - პოლიტიკური ნება!

- თავად თუ მიგიღიათ მონაწილეობა პატიმრების წამებასა და დამცირებაში?

- ვაღიარებ, რომ პატიმრისთვის ხელი გამირტყამს, მაგრამ იმ საშინელებაში, რასაც ეს ხალხი სჩადიოდა, მონაწილეობა არ მიმიღია. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ, მაგრამ ყველანი დაითხოვეს სისტემიდან.

- ხელისუფლების წევრთა თქმით, ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვენ ამისთვის გადაგიხადათ.

- ივანიშვილს არ ვიცნობ. იმ ვიდეოფირის ბოლო კადრებში ჩანს, რომ პატიმარს მთელი ციხის თანამშრომლები სცემდნენ და ერთობლივად აკეთებდნენ ამას. მაშინ ყველა მომისყიდია - დირექტორიც, თავმჯდომარეც და ყველა. არავითარი ფული არ ამიღია, თამაზ თამაზაშვილს კი მით უმეტეს არ ვიცნობ. რამდენიმე მილიონი ავიღე და ოჯახი საქართველოში დავტოვე? ამ საქმეში კიდევ 4 მეგობარი მეხმარებოდა და ისინიც განზე გავწიე? წამოვედი აქ და დროს ვატარებ? "ნაცმოძრაობის" მსჯელობას აქვს საერთოდ ლოგიკა? მათ მხოლოდ ფული ელანდებათ, სხვა არაფერი არსებობს მათთვის. თავად სწორედ ფულით ჰყავთ მოსყიდული ევროპაში ვიღაც-ვიღაცები. ამაში დავრწმუნდი, როცა ევროპარლამენტში ვკითხე ერთ მიშას მადიდებელ პარლამენტარს, არ უყურეთ, არ ნახეთ, რა ხდება საქართველოში-მეთქი? იუარა, არაფერი ვიციო. არადა, მთელი მსოფლიოს წამყვანი გაზეთები მოიარა ამ შემზარავმა ფოტოებმა და ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა ეს ვერ გაიგო და არ იცის?! ლაპარაკია სწორედ იმ ხალხზე, ვინც სააკაშვილს ბრმად უჭერს მხარს და საქართველოს მოსახლეობას არწმუნებს, საქართველოში დემოკრატია ყვავისო. ეს ხალხი ჰყავს სწორედ მოსყიდული სააკაშვილს და რა გასაკვირია, რომ მხოლოდ ფულს უკავშირებს ყველაფერს.

- თქვენ ციხეში მკვლელობებზეც გააკეთეთ განცხადება, თქვით, რომ პატიმრებს ხოცავენ. რა იყო მკვლელობების მოტივი?

- ისეთი ბრალდება, როგორიც იყო სამშობლოს ღალატი, წინა პირობა იყო პატიმრის მოკვლისა. თავის დროზე, ღირსეულმა კაცმა, ალექსანდრე (სერგი) თეთრაძემ, არ აიღო თავზე ეს საშინელი დანაშაული და ამას შეეწირა კიდეც. ყველა ხომ არ არის გმირი? ყველას ხომ არა აქვს ისეთი გამძლეობა, როგორიც თეთრაძეს ჰქონდა? მან სიცოცხლე დადო ღირსების საპირწონედ და შეეწირა კიდეც მას, - ის რეზინის ხელკეტით გაუპატიურებისას შემოაკვდათ!

ბაჩო ახალაია პრეზიდენტთან თავის გამოჩენას ცდილობდა. ვიდეომასალა უნდა გაკეთებულიყო საინტერესო ადამიანების წამებაზე. საინტერესო ადამიანებად ითვლებოდნენ ისინი, ვინც სააკაშვილის იდეოლოგიური მტრები იყვნენ. რაკი გაბედეს სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლა, მკაცრად უნდა დასჯილიყვნენ. მათ შორის კანონიერი ქურდებიც ხვდებოდნენ და პოლიტიკოსებიც. დაზვერვის პოლკოვნიკი ალექსანდრე თეთრაძე სწორედ ასეთი "საინტერესო ადამიანი" იყო. ის სწორედ ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას პირადი დაკვეთით გაუპატიურებისას შემოაკვდათ. თავად ბაჩო ახალაია პატიმართა "დასამუშავებლად" საპყრობილეში მხოლოდ მაშინ მიდიოდა, როდესაც თეთრაძისთანა ადამიანები იყვნენ დასასჯელი.

6 დაწესებულება და 4 სხვადასხვა თანამდებობა გამოვიცვალე, ყველგან ერთი და იგივე ვითარება იყო. ეს იყო ბაჩო ახალაიას დანერგილი სისტემა, გამყარებული უმაღლეს ხელისუფალთა პოლიტიკური ნებით, ამიტომ ყველგან ხდებოდა ის, რაც გლდანის მე-8 დაწესებულებაში.

- ვიდეომასალა თქვენ წელიწადზე მეტია, გაქვთ, რატომ არ გაამჟღავნეთ აქამდე?

- ვისთვის უნდა მიმეცა? სად უნდა მიმეტანა? ახალაიასთან, მერაბიშვილთან თუ ადეიშვილთან? ხომ ამაორთქლებდნენ დედაბუდიანად?! არ იყო გამჟღავნების საშუალება და როცა გამიჩნდა, გამოვაქვეყნე.

რაში მდგომარეობდა ზიმბარდოს ექსპერიმენტი

1971 წელი, სტენფორდის უნივერსიტეტი. ფსიქოლოგიის დოქტორი ფილიპ ზიმბარდო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შენობის სარდაფში ნამდვილ ციხეს ქმნის - კამერებით, ხელკეტებით, ბორკილებით, რკინის საწოლებით...

დოქტორი ზიმბარდო: "მაინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუ კარგ ადამიანებს ბოროტ გარემოში განვათავსებდით, ისეთში როგორიც ციხეა".

ზიმბარდომ სტენფორდის უნივერსიტეტის 24 სტუდენტი შეარჩია და ორ ჯგუფად გაყო. ერთნი პატიმრები უნდა ყოფილიყვნენ, მეორენი კი ციხის მცველები და ადმინისტრაცია. ციხის მცველებს სამხედრო ფორმები, ვერცხლისფერი გაუმჭვირვალე სათვალეები, ხელბორკილები და ხელკეტები დაურიგდათ; პატიმრებს პატიმრის ტანსაცმელი ჩააცვეს, ნომრები დააწერეს და აუკრძალეს ერთმანეთისთვის სახელებით მიემართათ. პროფესორი სტუდენტებს დღეში 15 დოლარს უხდიდა. ექსპერიმენტის მეორე დღესვე ურთიერთობა ორ ჯგუფს შორის დაიძაბა.

ციხის მცველების როლში მყოფმა სტუდენტებმა სისასტიკის გამომჟღავნება დაიწყეს, - პატიმრებს აშიშვლებდნენ, დასცინოდნენ, კეტავდნენ პატარა ბნელ ოთახში, თავზე ყუთებს ადგამდნენ და სთხოვდნენ, ევლოთ. ექვს დღეში ორმა პატიმარმა ასეთ მოპყრობას ვერ გაუძლო და ექსპერიმენტიდან გამოთიშეს. მათ, ვინც გაუძლეს, დაკარგეს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. როგორც "ნიუ-იორკ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში დოქტორმა ზიმბარდომ თქვა, ისინი ზომბირებული იყვნენ: დასჯის შიშით ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ. მაგალითად, ერთმა "მცველმა" საკითხი ასე დააყენა, - "ან ნომერი 416 კარცერში კიდევ ერთ დღეს გაატარებს, ან ყველას ჩამოგერთმევათ საბნები და მოგიწევთ ისე წოლა, 416-ს კი გამოვუშვებთ". პატიმრებმა საბნები ამჯობინეს. ზოგიერთი მცველი სულ უფრო მკაცრ და სადისტურ მეთოდებს ცდიდა პატიმრებზე, რათა მათი მორჩილება მაქსიმუმამდე მიეყვანა...

"მცველები" ფიქრობდნენ, "როგორც კი უნიფორმას გაცმევენ და სამსახურს გაძლევენ, ხდები ის ადამიანი, რასაც შენი სამსახური გავალებს".

მეექვსე დღეს, სიტუაციის უკონტროლობის გამო, ზიმბარდოს ექსპერიმენტის შეწყვეტა მოუხდა, მაგრამ სტუდენტებს ძალიან გაუჭირდათ რეალობაში დაბრუნება. მოგვიანებით, ერთ-ერთი "მცველი" იხსენებდა: "საოცარი ის იყო, რომ არავის გავუჩერებივარ, არავის დაუსვამს შეკითხვები, რატომ ვიქცეოდი ასე. როცა "პატიმრების" დამცირება-დათრგუნვაზე გადავედი, არავის არაფერი უთქვამს".

ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე, მით უმეტეს, სტენფორდის პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი, მაღალი განათლების ხარისხით, სიტუაციის გავლენას თავს ვერ აღწევს და როლში შედის, როლში, რომელმაც შესაძლოა სასტიკ ტირანად გადააქციოს, ან თავის გადარჩენის მიზნით სხვათა დახმარებაზე უარი ათქმევინოს. დოქტორ ზიმბარდოს, რომელმაც ამ თემაზე ახლახან წიგნიც გამოსცა, მიაჩნია, რომ ადამიანი გავლენის ქვეშაა და ნებისმიერი, თუნდაც საუკეთესო საზოგადოების თითით საჩვენებელი წევრი, შესაძლოა გარემოს გავლენით საზოგადოების წინაშე სხვა სახით წარდგეს. პროფესორი ზიმბარდო მოგვიანებით ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა: "ჩვენ კარგი ადამიანები ცუდ გარემოში ჩავაყენეთ და ვნახეთ, ვინ მოიგო. სამწუხარო ის არის, რომ ბოროტმა გარემომ კარგი ადამიანები დაამარცხა".