"ეს გინდოდათ?!" - კვირის პალიტრა

"ეს გინდოდათ?!"

"ამ ფირებს პატიმრებსაც აჩვენებდნენ"

ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლოს მოუღებს ამ სადიზმს!"

მანანა აბუსერიძე: "ვწყევლი იმ დღეებს, როცა სააკაშვილს მხარს ვუჭერდი"

პატიმრების წამების ფაქტებზე, შემაშფოთებელ სტატისტიკასა და იმაზე, რომ ლამის მთელი საქართველო დიდ საპატიმროდ არის გადაქცეული, არაერთხელ დაგვიწერია, მაგრამ არავინ დაინტერესებულა... ამჟამად კი ყველა აღშფოთებულია, იმიტომ, რომ გამოჩნდა დრომოჭმული სისტემური პრობლემა, ფეხზე დადგა გამო(ცოცხ)ლებული ერი! პრობლემის გამოსწორება კი არც ისე იოლია, - პატიმართა ოჯახის წევრები, ადვოკატები ყველა იმ საქმის გადახედვას მოითხოვენ, რომლებიც წამებით დაწერილი ჩვენებების საფუძველზეა შეთითხნილი.

ლექსო არქანია, პატიმარ მალხაზ არქანიას ადვოკატი: "პატიმრის წამების ამსახველი ვიდეოფირის გავრცელების შემდეგ, მალხაზ არქანიას დამ გამომძიებელ ყოლბაიას დაურეკა და უთხრა, ახლა ხომ მაინც დასტურდება, რომ წამებით მიაცემინეთ ჩემს ძმას აღიარებითი ჩვენება, გამოაშკარავდა თქვენი მეთოდებიო. გამომძიებლისგან კი ისევ ცინიკური, მეტიც, ამაზრზენი პასუხი მიიღო, - როგორ მოგეწონათ გავრცელებული ვიდეოფირი, ხომ ისიამოვნეთო?!

თავის დროზე, "კვირის პალიტრამ" მალხაზ არქანიას შოკისმომგვრელი ახსნა-განმარტება გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი წამების ფაქტს აღწერდა: "#8 საპყრობილეში შეყვანის მეორე დღეს მითხრეს, რომ უნდა დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია... მაშინ მეგის ქარდავამ გასცა ბრძანება, ჩაიყვანეთ ქვემოთ და მო....ით, მაგის დედა ვატირეო...

ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ. წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს, წესიერად დამიკავე ეს ნაბიჭვარი, უნდა მოვ...აო". უცბად გაიღო "კარმუშკა", საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ამასთან, მიღებდნენ სურათს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი. მე ბეტონზე თავის დარტყმა დავიწყე. ამ დროს შემოვიდა ის ორი პირი, ერთ-ერთმა თავზე ფეხი დამადო, რომ არ ამეწია. ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი, მეორემ თავისი სასქესო ორგანო მომადო და გადამიღეს სურათი... მითხრეს, თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, მართლა გამაუპატიურებდნენ და სურათებს ინტერნეტში დადებდნენ..."

ლექსო არქანია: - როცა სახალხო დაცვის აპარატს, პროკურატურას, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს არქანიას ახსნა-განმარტება ვაჩვენე, მითხრეს, არ გვჯერა და ვიდეოფირი გვაჩვენეო. Dდღეს კი ყველამ საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ აწამებდნენ  პატიმრებს. ამ აღმაშფოთებელი ვიდეოფირის გავრცელების შემდეგ ისევ მოვინახულე მალხაზ არქანია, რომელმაც მითხრა, ვიცოდი, ამ ვიდეოფირის შესახებ, თავის დროზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მაჩვენეს, ვიდრე უშუალოდ ჩემს წამებაზე გადავიდოდნენო(!). მე ვითხოვ საქმე აღიძრას არქანიას წამების ფაქტზე. რამდენიმე პირი, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ, უკვე დააპატიმრეს, ამიტომ მოვითხოვ, რომ მათ არქანიას საქმეზეც დაუსვან კითხვები".

ფსიქიკური ექსპერიმენტების შედეგს ვიმკით?!

გასულ კვირას სასჯელაღსრულების სისტემაში ფსიქიკურად დაავადებული პატიმრების არასათანადოდ მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირიც გავრცელდა. ამან დაბადა ლოგიკური კითხვა: რატომ არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები ციხეში? ვის სჭირდება მათი წამება? "კვირის პალიტრა" თავის დროზე ამ საკითხზეც წერდა, რომ ფსიქიკურად დაავადებულებს ციხის ადმინისტრაცია ურჩი პატიმრების დასასჯელად იყენებდა, მათთან საკნებში უშვებდა, რათა ისედაც ნაწამები ადამიანები შეურაცხადებს ჭკუიდან გადაეყვანათ. როგორც ჩანს, ვიდეოფირში ჭკუიდან გადასულების "წვრთნა" არის ასახული...

გასულ კვირას როგორც გლდანის მე-8  საპყრობილესთან, ასევე ფილარმონიის წინ აქციებზეც არაერთ გამწარებულ დედას, დას, შვილს ნახავდით.

მანანა აბუსერიძე, წამებით მოკლული ჯამბულ აბუსერიძის და: "ჩემი ძმა 40 წლის იყო, რომ მომიკლეს. 2010 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა, სასჯელს პირველ საპყრობილეში იხდიდა. ბოლოს, როცა ჩემს ძმასთან პაემანზე შევედი, უმძიმეს მდგომარეობაში დამხვდა. თურმე საკნიდან ხშირად გაჰყავდათ და აწამებდნენ, მითხრა, აქედან ცოცხალი ვერ გამოვაღწევო. გამაფრთხილა, როცა ჩემს ცხედარს გადმოგცემენ, არ იფიქრო, რომ ჩემი სიკვდილით მოვკვდიო! ცხედარს მართლაც სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა. ელექტროშოკის გამოყენების გამო იყო გარდაცვლილი. ჯალათები მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, ის კი არ თანხმდებოდა. მას ვეღარაფერი გააცოცხლებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის საქმესაც მალე ნათელი მოეფინება. ვწყევლი იმ დღეებს, როცა სააკაშვილს მხარს ვუჭერდი და აქტივისტი ვიყავი! რა ვიცოდი, თუკი ასეთი სადისტები იყვნენ! მინდა მიხეილ სააკაშვილს მივმართო: ბატონო პრეზიდენტო, შელახულია ჩვენი ღირსება, უფლებები, როგორც ცოცხლების, ასევე მკვდრების. ეს გინდოდათ?! მართალია, ძმა მომიკლეს, მაგრამ მაინც არ გავჩერდები, აღარ შევეგუები უსამართლობას! გარწმუნებთ, ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლოს მოუღებს ამ სადიზმს!"

ხალხის ნაწილის გამოყენება, რათა მთელი ხალხი მუჭში მოიქციო, დესპოტიის უძველესი ხერხია

ჯეფერსონი