"ციხეში იმდენი ავადმყოფია, ათი საავადმყოფო არ გვეყოფა" - კვირის პალიტრა

"ციხეში იმდენი ავადმყოფია, ათი საავადმყოფო არ გვეყოფა"

"საავადმყოფოს ხელმძღვანელებს აიძულებენ, მომაკვდავი პატიმარი დაიტოვონ, რათა ციხის ანგარიშზე არ დაფიქსირდეს კიდევ ერთი გარდაცვლილი"

სისხლის სამართლის კოდექსის  74-ე მუხლი ითვალისწინებს ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდადებულის სასჯელისაგან გათავისუფლებას. თუმცა, როგორც ჩანს, ასე მხოლოდ კანონის წერილობითი ვერსია იუწყება. ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმრის მეუღლემ გვითხრა, რომ პატიმრები სანამ სიკვდილის პირას არ მივლენ, არ მიჰყავთ ექიმთან.

"პატიმარი რომ ავად ხდება, ექიმთან შესაძლოა მიიყვანონ, მაგრამ გამაყუჩებლებს დაუნიშნავენ, არ უნდათ პატიმრის მკურნალობაში თანხების დახარჯვა. თუ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ისე, რომ შესაძლოა ხელში ჩააკვდეთ, გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ხელმძღვანელობას აიძულებენ მომაკვდავი დაიტოვონ, რათა ციხის ანგარიშზე არ დაფიქსირდეს კიდევ ერთი გარდაცვლილი. ჩემი ქმარი ღვიძლის კიბოთი იყო დაავადებული, ძალიან რომ დაუმძიმდა მდგომარეობა, მაშინ შეგვატყობინეს ამის შესახებ. სანამ საქმეში გავლენიანი ხალხი არ ჩავრიეთ, საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. "ნიუჰოსპიტალში" არაფერი დაუკლიათ, მაგრამ მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებდნენ. კანონით, ჩემს მეუღლეს უფლება ჰქონდა ბოლო დღეები მაინც გაეტარებინა ოჯახში, მაგრამ არავის შეუწუხებია თავი ამაზე. ჩემს ქმართან ერთად ვინც იჯდა, იმან დამირეკა და მითხრა, რომ ათასობით პატიმარი მძიმედ არის დაავადებული, მაგრამ სანამ ძირს არ დაეცემიან, არავინ იწუხებს თავსო. ესეც წამება და სადიზმია. როგორც ციხიდან მითხრეს, ცნობილი სკანდალის შემდეგ პატიმრების მიმართ ყურადღებიანი გახდნენ და ბევრი მათგანი სამედიცინო შემოწმებებზე გაიყვანეს, მაგრამ იმდენი ვართ, ათი საავადმყოფო არ გვეყოფაო", - გვითხრა გარდაცვლილი პატიმრის მეუღლემ, რომელიც ვინაობის გამხელას იმიტომ მოერიდა, რომ არ იცის, მისი ასეთი განცხადების გამო რას დაუპირებენ მის შვილებს.

როგორც არაოფიციალურ საუბრებში ზოგიერთი ადვოკატი ამბობს, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათი დაცვის ქვეშ მყოფი ავადმყოფობის დასკვნით გაუთავისუფლებიათ, არადა, ჯანმრთელები იყვნენო. შესაბამისად, ამ კანონს პრივილეგირებული პატიმრების მიმართ ამოქმედებენ, ასეთებად კი ისინი მოიაზრებიან, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლების ახლობლები არიანო.

"კვირის პალიტრა" "ნიუჰოსპიტალს" ესტუმრა, პატიმრების მონახულების და სიტუაციის ზუსტი სურათის დადგენის იმედით. საავადმყოფოს დირექტორ ნიკა ოქრიაშვილის განმარტებით, იქ, სადაც პატიმრები მკურნალობენ, ბადრაგი მორიგეობს და მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს შესვლის უფლება.

პატიმრებისთვის თვალის შევლება მუდმივი სათვალთვალო კამერების მეშვეობით, მონიტორიდან შევძელით. Nნიკა ოქრიაშვილმა დაგვიდასტურა, რომ მათთან ამბულატორიული კვლევის გარდა, მართლაც მიჰყავთ მძიმე ავადმყოფები, ისეთები, ვისაც რამდენიმე დღის  სიცოცხლე აქვთ დარჩენილი.

- არასრულწლოვანთა გარდა, ყველას ვემსახურებით. მოჰყავთ, როგორც მსუბუქი, ისე მძიმე პაციენტები, ვისაც სამწუხაროდ არ ეშველება. ახლახან ორი ასეთი პაციენტი გარდაიცვალა. ერთს ლეიკემიის უმძიმესი ფორმა ჰქონდა, მეორეს - ერთდროულად C და B ჰეპატიტი.

- კანონის მიხედვით ხომ ასეთი პაციენტები შინ უნდა გაუშვან?

- ჩვენი მიზანია დავეხმაროთ პაციენტს, დანარჩენი, კანონის და მისი აღმსრულებლების საქმეა. მე ვერავის გავათავისუფლებ. მაგრამ როდესაც პაციენტს ძალიან ცოტაღა რჩება სიკვდილამდე, ჭირისუფალს მომაკვდავთან ვახვედრებ. ჩვენ შევთანხმდით სასჯელაღსრულებით უწყებასთან, რომ ამის თაობაზე ბადრაგის ხელმძღვანელობასთან რეკვას არ დავიწყებდით, უფლებას ვიტოვებთ, ასეთ დროს ჭირისუფალს პაციენტთან გამომშვიდობების საშუალება მივცეთ.

- სტაციონარულ განყოფილებაში ძირითადად რა დიაგნოზის პატიმრები მოჰყავთ?

- მსჯავრდადებულთა შორის დიდი ნაწილი ნარკომომხმარებელია. ამიტომაც ჰეპატიტები და ციროზები განსაკუთრებით ხშირია. ასევე მოჰყავთ დაავადებულები სისხლის გათეთრებით, ინფარქტით, ინსულტით. ხშირია ონკოლოგიური დაავადებები.

-  ექიმები გაოგნებული ყოფილან, აქამდე რატომ არ მოჰყავდათ ეს ხალხი, პრაქტიკულად დაგვიანებულია მათი მკურნალობაო.

- ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველას ეხება, რადგან ვინც გუშინ შემოიყვანეს, მათგან სამი მსჯავრდადებული უკვე იყო ნამყოფი ჩვენთან. როგორც წესი, პატიმრობიდან ავადმყოფობის გამო ათავისუფლებენ სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. მოხარული ვიქნებით, თუ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტი გააფორმებს ჩვენთან ხელშეკრულებას დიაგნოსტიკის ექსპერტიზაზე, რაც შესაძლებელს გახდის, ზუსტად განისაზღვროს დაავადების რა სტადიამდე შეიძლება დარჩეს მოქალაქე პატიმრობაში. ვფიქრობ, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს, ამ საქმეში მეტი ნდობა გვექნება საზოგადოებისგან.

- სად ჰყავთ ეს პაციენტები თქვენთან მოყვანამდე?

- ალბათ ციხის საავადმყოფოში. ამბობენ, რომ ახალ საავადმყოფოს აშენებენ და მხოლოდ მის დასრულებამდე ექნებათ ჩვენთან კონტრაქტი. შემდეგ კი პატიმრებს თავისივე კლინიკაში უმკურნალებენ.

P.S. პირველი იანვრიდან ამ დრომდე "ნიუჰოსპიტალში" ამბულატორიულ გამოკვლევებზე და სამკურნალოდ 520 პატიმარი შეიყვანეს, ამის გარდა სტაციონარული მკურნალობა, ოპერაციები და სხვ. დასჭირდა კიდევ 132 პატიმარს, 2 პატიმარი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლი

სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გამოჯანმრთელების შემთხვევაში შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.