უკანონოდ დასჯილთა რეაბილიტაცია იწყება? - კვირის პალიტრა

უკანონოდ დასჯილთა რეაბილიტაცია იწყება?

"დღეს ამაყი ვარ, რომ ჩვენ, ამბოხებულმა მოსამართლეებმა, ფიცი მოსამართლისა ღირსეულად შევასრულეთ"

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა - მარცხი, ხოლო მსოფლიომ ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება აღიარა, ჩემს მობილურ ტელეფონზე ზარი არ წყდება, უამრავი ადამიანი უკანონოდ დასჯილთა, ქონებაწართმეულთა თუ საპროცესო გარიგებულთა რეაბილიტაციას ელოდება.

არსებობს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც უკანონოდ დასჯილთა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ პროგრამის შედგენაში მონაწილეობდა თავის დროზე ამბოხებულ მოსამართლედ წოდებული ნინო გვენეტაძე, ამიტომ მასთან გასაუბრებით ვცადეთ, ნაწილობრივ მაინც დაგვეკმაყოფილებინა იმ ათიათასობით მოქალაქის ინტერესი, რომლებიც საქმეების გადასინჯვას მოუთმენლად ელიან.

- უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის უფლებების აღსადგენად გადაუდებლად, გონივრულ ვადაში უნდა დაიწყოს პატიმრების საჩივრების საფუძველზე საქმეების ხელახალი განხილვა. ამისთვის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანაა საჭირო. ამის შემდეგ დაევალება სასამართლო რგოლს (ისიც გასარკვევია, რომელ ინსტანციას) საქმეების გადახედვა. ამ გზით უნდა გასწორდეს ყველა უკანონობა, რომელიც არა მხოლოდ სასჯელის ზომის დროს არის განსაზღვრული, არამედ გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და კანონიერებას შეეხება.

- ქვეყანაში 25 ათას პატიმარზე მეტია და არის იმის რესურსი, რომ მათი საქმეების დროულად გადასინჯვა მოხერხდეს?

- წინ უმძიმესი პერიოდი და უდიდესი სამუშაო გველის. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა კარგა ხანია ასცდა 25 ათასს, 30000-მდეც იქნება. ვფიქრობ, უმრავლესობას ექნება სურვილი და კანონიერი საფუძველიც, რომ გადაისინჯოს მათი საქმეები. ამიტომაც ჩავდეთ პროგრამაში "გონივრული ვადა", რადგან არ შეიძლება დაჰპირდე საზოგადოებას და არ შეასრულო. სწორედ აქ იჩენს თავს რამდენიმე პრობლემა. პირველი კითხვა ის არის, ვის ვანდობთ საქმეების გადასინჯვას? დღეს არსებულ სასამართლო ხელისუფლებასა და იმ მოსამართლეთა კორპუსს, რომელთა უმრავლესობა თავად არის უსამართლო განაჩენების გამომტანი, თუ ახალი სასამართლო კორპუსის ჩამოყალიბება მოგვიწევს...

- ბუნებრივია, დღეს მოქმედი მოსამართლეები საკუთარი თავის წინააღმდეგ არ გამოიტანენ გადაწყვეტილებას.

- იმიტომ მივუთითეთ "გონივრული ვადა", რომ ვიდრე საქმეების გადასინჯვა დაიწყება, მოხერხდეს სისტემური და ორგანიზაციული ცვლილებები...

- ბუნებრივია, რეაბილიტაციის შემდგომ დადგება მათთვის კომპენსაციების გადახდის საკითხი.

- თუ პირი რეაბილიტირებული ან უკანონოდ მსჯავრდადებულია, აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია. ამაზე სახელმწიფო უარს ვერ იტყვის, მაგრამ აქაც შეიძლება გონივრულად გაიწეროს ყველაფერი. ეს სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, უფლებადარღვეულ პირებთან შეთანხმებით მოახერხოს მათი უფლებების ბოლომდე აღდგენა. ასეთი მასშტაბური სამუშაოს შესრულება თვით ეკონომიკურად წელში გამართულ სახელმწიფოსაც კი გაუჭირდება, მაგრამ სახელმწიფომ ეს უნდა იტვირთოს.

- რომელი საქმეები იქნება პრიორიტეტული?

- უპირველესად, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა საქმეები, ხოლო თავად მსჯავრდადებულთა შორის ვის მიენიჭება საქმის უფრო ადრე განხილვის პრიორიტეტი, სასამართლომ უნდა შეიმუშაოს. პრიორიტეტული იქნება ის საქმეები, სადაც გამოკვეთილია პატიმრის წამება, ღირსებისა და პატივის შემლახველი ფაქტები, შეუსაბამოდ მაღალი სასჯელების მქონე პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების საქმეები...

1937 წლის რეპრესიების შემდეგ რეაბილიტირებულთა რიცხვს შეიძლება აღემატებოდეს დღეს გადასასინჯი საქმეების რაოდენობა.

არ უნდა დავივიწყოთ ის მსჯავრდადებულებიც, ვისაც პირობითი სასჯელები აქვთ; ასევე, ვერ უგულებელვყოფთ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, რომლითაც ხელყოფილია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. იგულისხმება არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ საპროცესო შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილებები, საკუთრების ხელყოფის ფაქტები, ადმინისტრაციული სამართალწარმოება...

- როგორც ამბობენ, პროკურატურაში დოკუმენტების დაწვა დაიწყო. შესაძლებელია თუ არა, სასამართლოებშიც დაიწყოს მტკიცებულებათა განადგურება?

- მიუხედავად იმისა, რომ კანონი არეგულირებს საქმის წარმოების წესებს, არსებობს საკანცელარიო წარმოება, სადაც მკაცრად აღირიცხება ყოველი საქმე.

მინდა  მოვუწოდო ადვოკატებს - თუ აქამდე ხელთ არა აქვთ დოკუმენტები და საქმის მასალები, სასწრაფოდ გამოითხოვონ, რადგან საშიშროება იმისა, რომ დაიწყება დოკუმენტების მასობრივი განადგურება, არსებობს.

USAID-მა განახორციელა პროექტი, რომლითაც საქართველოს თითქმის ყველა სასამართლო უზრუნველყოფილია იმ ტექნიკური აღჭურვილობით, რომელიც უზრუნველყოფდა მთელი პროცესის ჩაწერას, რასაც შემდეგ უნდა გაეადვილებინა საოქმო ჩანაწერის მომზადება, მაგრამ თავს არიდებდნენ ჩაწერას, რაც ოქმებში ლავირების საშუალებას იძლეოდა. ოქმები, ფაქტობრივად, გაყალბებულია, რადგან ყველა არასასურველი ჩვენება ან მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მიაწოდეს, შელამაზებულია. კატეგორიულად უნდა გააფრთხილონ სასამართლო ხელისუფლების ყველა რგოლი, იუსტიციის საბჭო, რომ პასუხს აგებენ საქმეების გადაბარების დროს საქმეთა მთლიანობაზე.

- ბუნებრივია, უსამართლოდ დასჯილი პირები მოითხოვენ, დაისაჯოს ყველა ის მოსამართლე, რომელმაც უკანონოდ, დაუსაბუთებელი განაჩენი გამოუტანა. არადა, სისხლის სამართლის კოდექსში ამოღებულია ნორმა, რომელიც მოსამართლეს უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობას უწესებდა.

- მიუხედავად ამისა, ჩვენს კანონმდებლობაში დარჩა მუხლი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. ეს კი სრულ შესაძლებლობას უტოვებს შესაბამის ორგანოებს, დადგეს კონკრეტული მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

- კოტე კუბლაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომ ერთ მოსამართლეზე ზეწოლაა და ყველანაირად შეეცდება სასამართლოს დამოუკიდებლობა დაიცვას.

- კუბლაშვილი არ იყო ის კაცი, როცა რამდენიმე მოსამართლის დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მისი უკანონო მითითებების შესრულებაზე განვაცხადეთ უარი?! კუბლაშვილი არ იყო, პროკურატურის უკანონო შუამდგომლობების დაკმაყოფილებას რომ მოითხოვდა? მაშინ ჩვენ, ე.წ. ამბოხებული მოსამართლეები, რამდენიმე ათეული რომ ვყოფილიყავით, სასამართლო სისტემას გადავარჩენდით და მოქალაქეები ასცდებოდნენ იმ უბედურებას, რა დღეშიც ახლა არიან. მაშინ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება და კავშირი გამოვიყენეთ საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვიბრძოდით და ის, რაც უზენაეს სასამართლოში ხდებოდა, მალე საზოგადოების თითოეულ წევრს შეეხებოდა. დღეს ვამაყობ, რომ ჩვენ, ამბოხებულმა მოსამართლეებმა, ფიცი მოსამართლისა ღირსეულად შევასრულეთ.