"სწრაფად უნდა გამოვიდეთ ეიფორიიდან, წინ დიდი პროცესები გველის" - კვირის პალიტრა

"სწრაფად უნდა გამოვიდეთ ეიფორიიდან, წინ დიდი პროცესები გველის"

"ეს ვარიანტი ნაცებს მომზადებული ჰქონდათ"

პოლიტოლოგი, მწერალი, დსთ-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, პოლიტპატიმარი მერაბ რატიშვილი რუსთავის მეექვსე საპყრობილიდან დაგვიკავშირდა.

- ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში პოზიციის შენარჩუნებას, ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩადენილი უამრავი დანაშაულისაგან თავის გადარჩენა დეპუტატის მანდატებითა და იმუნიტეტით სურთ. დანარჩენები, ვინც უსტატუსოდ დარჩნენ, ალბათ, საზღვრებს მიაწყდებიან.

რადგან უკვე შექმნილია პრეზიდენტთან სამუშაო ჯგუფი, აუცილებელია, რომ კოალიციის წევრებმა სასწრაფოდ გააკონტროლონ ბიუჯეტი, თორემ ხაზინას ბოლომდე გამოხრავენ. კიდევ არის დარჩენილი ის, რისი გაყიდვაც ვერ მოასწრეს. ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე, ნათესავებზე გადააფორმებენ, რომ სადავო გახდეს ყველაფერი.

ამათ რომ მართლა ეღიარებინათ წაგება, პირველად ე.წ. პრეზიდენტი უნდა გადამდგარიყო, რომელიც სათავეში უდგას "ნაციონალურ მოძრაობას". რადგან სააკაშვილია მისი თავმჯდომარე, მასზეა პასუხისმგებლობა იმის გამო, რაც მისმა პარტიამ და გუნდის წევრებმა ჩაიდინეს. როგორც ვატყობ, სააკაშვილი არ აპირებს არც პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომას და არც მიტაცებული ხელისუფლების დათმობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ თვალის ასახვევად დაირქვეს ფსევდოოპოზიცია და ახალი მზაკვრობისთვის ემზადებიან. მათ მხოლოდ ნიღაბი შეიცვალეს და არა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

"ნაცმოძრაობა" ოპოზიციაში არ გადასულა, ეს თვალის ასახვევად და საზოგადოების ყურადღების მოსადუნებლად არის გაკეთებული.

მათ ხელშია პროპაგანდისა და ცილისწამების იარაღი, ძალოვანი სტრუქტურები.

კონსტიტუციით, რომელიც სააკაშვილს აქვს მორგებული, უფლება აქვს, მთავრობის სხდომები ჩაატაროს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მთავრობის მუშაობის ხელის შეშლისთვის, მთავრობის გაბითურებისთვის, ისევ სახლის სახურავებზე, მღვიმეებში ან წყალქვეშა ნავში მოინდომოს მთავრობის სხდომების ჩატარება. როგორ წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია ექნება ბიძინა ივანიშვილს ან მის მთავრობას, დათანხმდებიან ამ ჯამბაზობაში მონაწილეობას? ამის გარდა, წარმოიდგინეთ, ბიუჯეტის მიღების პროცესი, რომელიც აუცილებლად გახდება სპეკულაციის საგანი და პოლიტიკური სამთავრობო კრიზისის დაწყების მიზეზი.

არ გაგიკვირდათ, რომ სააკაშვილმა ასე უცებ აღიარა დამარცხება და ვითომ ოპოზიციაში გადავიდა? ამათ არათუ ანგარიში გაუწიეს საზოგადოების აზრს, არამედ წინასწარ იცოდნენ, თუ მაქსიმალურად ვერ გააყალბებდნენ, წააგებდნენ არჩევნებს. ეს ვარიანტი მომზადებული ჰქონდათ.

- ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილთან ითანამშრომლებს.

- ივანიშვილმა ამ განცხადებით  თავისი განწყობა დაანახა ყველას, რომ არა აქვს შურისძიების, დევნის სურვილი და ხალხსაც მოუწოდა შეეწყვიტათ აქციები, რაც სწორია. მაგრამ ერთია, რა უნდა ივანიშვილს და მეორე - რა აქვთ ჩაფიქრებული სააკაშვილსა და მის გუნდს, მათი ნდობა არ შეიძლება.

10 თვის წინ გითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილი გათვლების გარეშე არაფერს გააკეთებდა. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ მართლაც შესანიშნავად ჰქონდა ყველაფერი გათვლილი. ბიძინა ივანიშვილს ვიცნობდი როგორც ბიზნესმენს, მის ნიჭსა და შესაძლებლობებს, მაგრამ არ ვიცნობდი როგორც პოლიტიკოსს. მიხარია, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა.

- ამბობენ, რომ კოალიციის გამარჯვებისთვის გადამწყვეტი პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირი იყო.

- ამ მოსაზრებას  ნაწილობრივ  გავიზიარებ. ადამიანებში უზარმაზარი მუხტი იყო დაგროვილი, რომელიც დაილექა, ამ კადრების ხილვის შემდეგ კი კიდევ უფრო გამძვინვარდა ხალხი. სწორედ მაშინ გამომჟღავნდა ქართველების შინაგანი კულტურა. ხელისუფლების სისასტიკის საპასუხოდ ქვების სროლა კი არ დაიწყეს, არამედ საარჩევნო ურნასთან მივიდნენ და გამოხატეს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება.

- ამჯერად რატომ ვეღარ მიიღო სააკაშვილმა აშშ-ის მხარდაჭერა?!

- აშშ-ს ყოველთვის გამარჯვებული ძალა მოსწონს. მას პრაგმატული ინტერესები აქვს და კარგად დაინახა, რომ სააკაშვილი მისი დიდი შეცდომა იყო. სააკაშვილი ბუშის პროექტად იყო მონათლული, ბევრ რამეზე დახუჭეს თვალი, მისცეს კარტ-ბლანში და დაუსჯელობის სინდრომმა აქამდე მიიყვანა ესენი. რადგან სააკაშვილი ვერ შეელია "ნაციონალურ მოძრაობას" და დარჩა თავისი მომხრეების პრეზიდენტად, კარგი იქნება, თუ ჩატარდება რეფერენდუმი და აიკრძალება "ნაციონალური მოძრაობა" ისე, როგორც თავის დროზე ფაშისტური პარტია აიკრძალა იტალიაში და ნაცისტური პარტია - გერმანიაში.

სააკაშვილის ხელისუფლება ხალხში გაჩენილმა უსამართლობის განცდამ დაანგრია. არ დარჩათ ოჯახი, რომ არ დაეზარალებინათ, თავისი მომხრეებიც კი, რომელთაც "მეტი მოუვიდათ შოვნა", გაპარსეს და გააკოტრეს. სამართლიანობის განცდის დაბრუნება ყველაზე რთული და მგრძნობიარე პროცესია. მას დღესვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ჯგუფმა, რომელიც ხელისუფლებასთან იმუშავებს, უპირველესად უკანონო პატიმრების გათავისუფლება უნდა მოითხოვოს. უნდა დადგეს კოტე კუბლაშვილისა და იუსტიციის საბჭოს გადადგომის საკითხი.  სანამ ახალი იუსტიციის საბჭო აირჩევა, უნდა შეიქმნას დროებითი კომისია, სადაც გამარჯვებული კოალიცია უმრავლესობით იქნება. ამით მოსამართლეებს მიეცემათ მინიშნება, რომ დადგა სამართლიანი განაჩენების გამოტანის დრო.

სააკაშვილს შესანიშნავი ამერიკელი მრჩევლები ჰყავს და ის, რასაც სააკაშვილი სჩადიოდა, საქართველოში არ დაწერილა. ამ სქემებით არაერთ ქვეყანაში დიქტატორებს ათეული წლები ეჭირათ ხელისუფლება. ამიტომაც ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ.

- მთავარი საფრთხე საიდან ელოდება ივანიშვილს?

-  მთავარი საფრთხე სააკაშვილია. იმ გუნდისგან, რომელიც პარლამენტში შემორჩა, კარგს რას უნდა ველოდოთ. ეს ქართველი ხალხის არჩევანის შეურაცხყოფაა. სააკაშვილი უნდა გადადგეს, მაგრამ მანამდე უნდა გადააბაროს ძალაუფლება.

- 1-ლი ოქტომბრის მერე რა ხდება საპყრობილეში?

- პატიმრებშიც და საპყრობილის თანამშრომლებშიც ძალიან დადებითი განწყობაა, რადგან გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახეს. ოჯახების მარჩენლები ციხეებში სხედან. ბევრ პატიმარს სიგარეტის შემომგზავნი არა ჰყავს. როგორ შეიძლება ქვეყანა ასე დააბეჩავო?

არავის ეგონოს, ესენი ("ნაცები") ასეთი კატასტროფული წაგების შემდეგ შეიცვლებიან, მოინანიებენ და ჩადენილ დანაშაულებს აღიარებენ. ვინც ასე ფიქრობს, ძალიან ცდება ან თავს იტყუებს.

ჯერ არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ახლა იწყება, ამიტომ თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. საქმე ბოლომდეა მისაყვანი. როგორც ჩვენი დიდი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი შეგვიძახებს ხოლმე, "ჭკუით, ქართველებო!" ეს შეძახილი დღეს ძალზე აქტუალურია. უნდა გამოვიდეთ ეიფორიიდან, წინ დიდი პროცესები გველის, ძალიან დიდი.