რამდენად განსაზღვრავს სამართალდამცავთა რაოდენობა უსაფრთხოების ხარისხს - კვირის პალიტრა

რამდენად განსაზღვრავს სამართალდამცავთა რაოდენობა უსაფრთხოების ხარისხს

სამართალდამცავთა რაოდენობა 1000 მოსახლეზე

"ქვა ააგდე, პატრულს დაეცემა", ანუ ლიდერი პოლიციელთა რაოდენობით

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 27 ათასი პოლიციელია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შს სამინისტროს სტატისტიკა არასრულია და ქვეყანაში გაცილებით მეტი სამართალდამცავი გვყავს... რამდენად განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში, პოლიციელთა რაოდენობა უსაფრთხოების ხარისხს, ექსპერტებს მოვუსმინოთ:

ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი: "უსაფრთხოების სექტორი და მასში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა უნდა იყოს ადეკვატური არსებულ მოთხოვნებთან - თუ ქვეყანაში არის ტენდენცია იმისა, რომ დანაშაული იკლებს, ცხადია, უსაფრთხოების სისტემაც უნდა გადაეწყოს შესაბამის გამოწვევებზე...

დღეს თუ მკითხავთ, ბევრია თუ ცოტა პოლიციელების რაოდენობა, პასუხის გაცემა გამიჭირდება (არ უნდა დაგვავიწყდეს ის ე.წ. ზონდერები, რომლებსაც წინა ხელისუფლება "ეფექტურად" იყენებდა), რადგან ინფორმაცია არასაკმარისია და გარკვეულ ეჭვებსაც ბადებს. თუმცა, არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველ 1000 სულ მოსახლეზე პოლიციელთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვიჭირავს. ამ შემთხვევაში რაოდენობა ხარისხს ნამდვილად ვერ განსაზღვრავს.

მას შემდეგ, რაც შს სამინისტროს ექნება ობიექტური ინფორმაცია, რაც ასევე საჯარო უნდა გახდეს, შეიძლება მსჯელობა, როგორ განხორციელდეს რეფორმა ისე, რომ სახელმწიფომ არც ზედმეტი დახარჯოს, და არც ისე შეამციროს პოლიციელთა რაოდენობა, რომ დანაშაულის რისკები გაიზარდოს...

თუ სამართალდამცავთა რაოდენობა იმაზე მეტია, რაც ოფიციალურად არის ცნობილი, ეს კიდევ უფრო საგანგაშოა... უნდა გავერკვეთ ვითარებაში, რომ მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება".