"ახვლედიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა(!)" - კვირის პალიტრა

"ახვლედიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა(!)"

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მშენებლობას შეწირული ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

"როცა ახვლედიანი დარწმუნდა, რომ აღარ ვეახლებოდი, იმავე ღამეს ჩემს ოჯახში ძალოვანები გამოგზავნეს და ააწიოკეს"

"თოფურიძემ მითხრა, ახლა გელბახიანი ალასანიათი უნდა შეცვალო, პატარკაციშვილი ივანიშვილითო"

ხელისუფლების შეცვლიდან ერთი თვე გავიდა და ვეღარ ავუდივარ სატელეფონო ზარებს. ციხიდან გამოსული ადამიანები მზად არიან თავიანთი პატიმრობის დაუჯერებელ ამბებს მოჰყვნენ. თითოეული მათგანი ასახელებს გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლების  მთელ არმიას და მათ უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც აფხაზეთიდან დევნილმა ბესიკ ფიფიამ "კვირის პალიტრას" მისცა, მისივე თქმით, ოფიციალურ ჩვენებად უნდა ჩავთვალოთ.

1992 წელს აფხაზეთიდან დევნილმა ცოლ-ქმარმა, იზა გვაჯაიამ და ბესიკ ფიფიამ, თბილისში, ავლაბარში ე. წ. ყაზარმის უბანში, ბინა შეიძინეს და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად დასახლდნენ. სახლი, რომელიც სამოქალაქო ქუჩა #1-ში მდებარეობდა, ფიფიების ოჯახმა რუსეთის მოქალაქე ლუდმილა ზარიცკაია-კოვტუნისგან მაშინ 3.500 დოლარად იყიდა. ვინაიდან ბინა პრივატიზებული არ იყო, ფიფიებმა მისი გადაფორმება ვერ მოახერხეს და ლუდმილა ზარიცკაიასთან (რომელიც კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდა) სამწლიანი მინდობილობა გააფორმეს. სამ წელიწადში ერთხელ იზა გვაჯაია კრასნოდარში ჩადიოდა და ახალი მინდობილობა ჩამოჰქონდა. ბოლო მინდობილობას ვადა 2 თვის გასული ჰქონდა, როცა 2004 წლის შემოდგომაზე ოჯახს თბილისის მერიამ ბინის დაცლა მოსთხოვა, აქ პრეზიდენტის რეზიდენცია შენდებაო. მერიის წარმომადგენლებმა ფიფიებს სახლის საბუთების მოწესრიგება მოსთხოვეს და კომპენსაციის გადახდაც აღუთქვეს. საჭირო გახდა კრასნოდარიდან ახალი მინდობილობის ჩამოტანა. იმ დროს რუსეთთან მიმოსვლა უკვე გართულებული იყო, რის გამოც ოჯახმა ახლობელს, რუსეთის მოქალაქე მამუკა ტყებუჩავას სთხოვა, მინდობილობა ჩამოეტანა.

მარიამ ნეფარიძე, ადვოკატი: "ტყებუჩავამ მართლაც ჩამოიტანა ახალი მინდობილობა, ფიფიებმა მას სუფრა გაუშალეს, სადაც მამუკა ტყებუჩავამ შეიტყო, რომ ამ მინდობილობით ფიფიებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია უნდა აეღოთ. ამის შემდეგ ტყებუჩავა ფიფიებისგან მალულად ისევ ჩავიდა ზარიცკაიასთან და დაარწმუნა, რომ ბესიკ ფიფიას ვალის სანაცვლოდ სახლს ართმევდნენ და ამიტომ საჭირო იყო ახალი მინდობილობის გაცემა ვინმე ზურაბ ოთარაშვილზე. ლუდმილა ზარიცკაიამ ტყებუჩავას დაუჯერა, ძველი მინდობილობა გააუქმა და ახალი მინდობილობა ტყებუჩავას მეგობარ ზურაბ ოთარაშვილის სახელზე გააკეთა. მას შემდეგ, რაც ლუდმილა ზარიცკაიამ ფიფიების სახლის განკარგვის უფლება მინდობილობით ზურაბ ოთარაშვილს გადასცა, ოთარაშვილმა ბინა მამუკა ტყებუჩავას გადაუფორმა. ფიფიებმა ამის შესახებ საჯარო რეესტრში შეიტყვეს და სამართალდამცავებს მიმართეს. თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამ დროს რეზიდენციას უკვე აშენებდნენ. საცხოვრებელი სახლიდან, ფიფიების გარდა, ყველა გაასახლეს".

"დაიწყეს შენობების დანგრევა, ჩემი ბინა შუაში იყო, თან ყოველდღე გვეუბნებოდნენ, სახლი ინგრევა, აქ ცხოვრება საშიშია, შეიძლება ჭერი ჩამოგენგრეთ ან ეზოში ბავშვს აგური დაეცესო. იძულებული გავხდით, სახლი დაგვეცალა", - იხსენებს იზა გვაჯაია. მერია ფიფიებს შეუთანხმდა, რომ თაღლითობის ფაქტზე გამოძიებისა და სასამართლოს დასრულების შემდეგ სახელმწიფოსგან კუთვნილ თანხას მიიღებდნენ. ისანი-სამგორის გამგეობა უბინაოდ დარჩენილებს ბინის ქირას 6 თვის განმავლობაში უხდიდა. ამასობაში მამუკა ტყებუჩავასა და ზურაბ ოთარაშვილის საქმე სასამართლოს გადაეცა, 2007 წლის 30 ივლისს საქალაქო სასამართლომ ორივე ფიფიების სახლის თაღლითურად მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მამუკა ტყებუჩავა სასამართლოში არ გამოცხადებულა და მასზე ძებნა გამოცხადდა. იმავე წლის 21 დეკემბერს შედგა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც, მამუკა ტყებუჩავამ იზა გვაჯაიას სახლი დაუბრუნა. მორიგების აქტზე ტყებუჩავას ნაცვლად, ხელი მისმა წარმომადგენელმა, ელდარ გოგიამ მოაწერა, ვინაიდან ტყებუჩავა ჯერ კიდევ იძებნებოდა.

კომპენსაციის მისაღებად ფიფიების ბრძოლა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამჯერად სახელმწიფოსთან შეექმნათ პრობლემა. როცა თაღლითმა ტყებუჩავამ გვაჯაიას ქონება ოფიციალურად დაუბრუნა, სახლი მხოლოდ საბუთებშიღა არსებობდა, სახლის ადგილზე კი პრეზიდენტის რეზიდენცია აშენდა. კომპენსაციის მისაღებად ოჯახი ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანს დაუკავშირდა.

"დანგრეული სახლის სანაცვლოდ თანხას ვითხოვდით, რომლის ფართი 260 კვადრატული მეტრი იყო. ახვლედიანმა 595 ათასი დოლარი შემომთავაზა.  მითხრა, რეესტრიდან ამონაწერი მომიტანე, ხელშეკრულება გავაფორმოთ და ფულს ხვალვე გადმოგირიცხავო", - იხსენებს ბესიკ ფიფია. იზა გვაჯაიას საბუთის აღება ეჩქარებოდა და ამონაწერის 1 დღეში ასაღებად 15 ლარი გადაიხადა. თუმცა, საჯარო რეესტრმა გვაჯაიას ამონაწერი 5 დღის დაგვიანებით მისცა. გაირკვა, რომ ფიფიების სახლი თაღლითობისთვის მსჯავრდადებული ტყებუჩავას მოთხოვნით დაეყადაღებინათ. საჯარო რეესტრის იურისტმა ამონაწერის დაგვიანებით გაცემა ტექნიკური მიზეზით ახსნა. ეს მეტად საეჭვოა, ვინაიდან გვაჯაიას ამონაწერი 15 ივლისს 11 საათსა და 45 წუთზე მისცეს. სასამართლომ კი მისი სახლი 11 საათსა 21 წუთზე დააყადაღა. საჯარო რეესტრმა ყადაღა გვაჯაიასთვის ამონაწერის მიცემამდე 24 წუთით ადრე დაადო ბინას. ნიშანდობლივია, რომ გვაჯაიას ამონაწერი ერთ დღეში უნდა მიეღო და 5 დღე ალოდინეს, რეესტრმა ყადაღა კი ძებნილი ტყებუჩავას მოთხოვნიდან 25 წუთში დაარეგისტრირა. კანონით, საჯარო რეესტრს ყადაღის დადებისთვის 3-დღიანი ვადა ჰქონდა. ფაქტია, ამონაწერის გაცემა ხელოვნურად დააყოვნეს.

ოჯახმა დაგვიანებით მიღებული ამონაწერი ვეღარ გამოიყენა, დაყადაღებულ ქონებაში მერიამ კომპენსაცია აღარ გადაიხადა. გაირკვა, რომ ძებნილმა ტყებუჩავამ სასამართლოს მიმართა და მორიგების იმ აქტის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც თაღლითურად მითვისებული ქონება 2007 წელს იზა გვაჯაიას დაუბრუნა. სააპელაციო სასამართლომ ძებნილი ტყებუჩავას საჩივარი უჩვეულოდ სწრაფად, 3 დღეში განიხილა და დააკმაყოფილა. ტყებუჩავამ სასამართლოს დახმარებით ის ქონება დაიბრუნა, რისი თაღლითურად მითვისებისთვისაც 2 წელი მიუსაჯეს და იძებნებოდა. ძებნილმა სასამართლოს გადაწყვეტილება რეესტრში წარადგინა და ქონება ისევ თავის სახელზე დაირეგისტრირა. ტყებუჩავამ ფიფიების ქონება 5 სექტემბერს ხელახლა გაიფორმა. 73 კვადრატული მეტრი ფართი (მიუხედავად იმისა, რომ რეალური ფართი 260 კვ.მ იყო, ოფიციალურად რეგისტრირებული მხოლოდ 73 კვ.მ გახლდათ), რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 150 ათას დოლარს შეადგენდა, ტყებუჩავამ იმავე დღეს 5 ათას ლარად მიჰყიდა ყოფილ პოლიციელს, გელა შინჯიკაშვილს, რომელმაც ჩალის ფასად ნაყიდი ქონება 3 დღეში თბილისის მერიას 1.500 ლარად დაუთმო(?!). საბოლოოდ თაღლითების მეშვეობით მერიამ ქონება, რომლის სანაცვლოდაც ფიფიებს 595 ათას დოლარს სთავაზობდა, 1.500 ლარად ჩაიგდო ხელში.

მარიამ ნეფარიძე, ადვოკატი: "ჩემს კლიენტებს სახელმწიფომ ქონება ტყებუჩავას ხელით წაართვა. ვფიქრობთ, რომ სასამართლოდან დაწყებული რეესტრით დამთავრებული, მამუკა ტყებუჩავას არსად მიუმართავს. მისი სახელით სხვა მოქმედებდა და მისი ხელმოწერებიც გაყალბებულია. ხელმოწერების ექსპერტიზა მოვითხოვეთ, მაგრამ პროკურატურამ უარი თქვა. მას შემდეგ, რაც მერიამ ტყებუჩავას დახმარებით ეს ქონება 1.500 ლარად ჩაიგდო ხელში, მას საპროცესო გარიგება გაუფორმეს და თაღლითობისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს".

ბესიკ ფიფია: "ქუჩაში დარჩენილი დავდიოდი უწყებიდან უწყებაში, მათ შორის მამუკა ახვლედიანთან. ახვლედიანს პასუხს იმაზე ვთხოვდი, რატომ იყიდა მერიამ სადავო ქონება. ახვლედიანი მიმტკიცებდა, მერიას არ შეეძლო, სცოდნოდა, რომ ეს ქონება სადავო იყოო, მაგრამ ერთმა პატიოსანმა კაცმა მერიიდან მომცა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ მერიას ამ საქმეზე სპეციალური შეტყობინება ჰქონდა მიღებული. მე ხელთ მაქვს პროკურორ ია ყიფიანის წერილი, სადაც ია ყიფიანი შავით თეთრზე წერს ქალაქ თბილისის მერიას, რომ თუ ვინმე მიმართავდა ამ ბინის ყიდვის შეთავაზებით, მერიას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა ეს სამართალდამცავი ორგანოებისათვის.

მალე ამ უმძიმეს დანაშაულს მეორე, უფრო მძიმე დანაშაული მოჰყვა. ერთ მშვენიერ დღეს ისევ ბინის საკითხზე მამუკა ახვლედიანთან მივედი და მან მოულოდნელად ასეთი რამ შემომთავაზა: ეს დავა უნდა დასრულდეს, გადაგიხდით 2 მილიონ ლარს, ოღონდ ერთი პირობით, თუ ერთ რამეზე არ გვეტყვით უარსო. ეს ის პერიოდია, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი  "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაუდგა ოპოზიციაში. მოკლედ, ახვლედიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა(!)

- უფრო კონკრეტულად?

- ახვლედიანმა მითხრა, რომ იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის ხალხთან შეხვედრის დროს პრეზიდენტის დაცვა და უსაფრთხოების სამსახურები გამიკეთებდნენ კორიდორს, რითაც სააკაშვილთან მიახლოების საშუალებას მომცემდნენ. მანამდე სპეცსამსახურები გამატარებდნენ სპეციალურ ტრენინგს, მომცემდნენ მოწყობილობას, რომელიც არ აფეთქდებოდა, უბრალოდ, ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის იმიტაცია. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დაცვა დამაკავებდა. მე კი იმავე დღეს გამოვიდოდი აღიარებითი ჩვენებით, რომ პრეზიდენტის მკვლელობა შემიკვეთა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გელბახიანმა და ამაში 2 მილიონ ლარს დამპირდა. უნდა მეთქვა, თითქოს ვალერი გელბახიანმა დამარწმუნა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა, რომელმაც ასე გაამწარა ჩემი ოჯახი, დრო მოჭამა.

გარდა ამისა, თითქოს ბადრი პატარკაციშვილი გელბახიანის პირით დამპირდა მაღალხელფასიან სამსახურებს ოჯახის წევრებისათვის.

- როგორც პრეზიდენტზე თავდამსხმელი, ხომ მაინც ციხეში უნდა ჩამჯდარიყავით?

- ახვლედიანი მარწმუნებდა, მაქსიმუმ ორი თვე და როცა ეს ამბავი მიწყნარდება, საპროცესო გარიგებით გაგათავისუფლებთ, გარიგების თანხას კი თავად, ვინმეს ხელით გადავიხდითო. დავიბენი და თან ძალიან შემეშინდა.

როცა სახელმწიფო მოხელე ასეთ რამეს გთავაზობს, ბუნებრივია, თუ ნორმალური ხარ, შიში შეგიპყრობს. თავი ხელში ავიყვანე და ახვლედიანს ვუთხარი, მზად ვარ-მეთქი და შევუთანხმდი მეორე დღეს დეტალების დასაზუსტებლად შეხვედრაზე. შეხვედრა მეორე დღის 8 საათზე, მერიაში, ვიცე-მერის კაბინეტში დამითქვა, მე-9 სართულზე. იმავე საღამოს თბილისიდან წავედი. დაახლოებით წელიწადი ერთი ახლობლის სარდაფში ვიმალებოდი.

როცა ახვლედიანი დარწმუნდა, რომ აღარ ვეახლებოდი, იმავე ღამეს ჩემს ოჯახში ძალოვანები გამოგზავნეს და ააწიოკეს. ჩემმა მეუღლემ იმარჯვა და ფარულად ეს ყველაფერი ჩაიწერა (ჩანაწერი იხ. პალიტრატვ. გე-ზე). თავი სასამართლოს კურიერებად წარუდგენიათ, ვითომ უწყება მოიტანეს, რომელსაც არც ბეჭედი ჰქონდა და არც ხელმოწერა. თურმე მკითხულობდნენ, სად არის ბესოო. აშკარად ჩემი დაპატიმრება უნდოდათ. ჩემი ოჯახის წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს...

ფრაგმენტი ფარული ჩანაწერიდან:

"- ვერ შემოგიშვებთ, მეშინია, რომ დამიგდოთ რამე...

- აქამდე ათასჯერ დავდებდი, გეუბნები, სასამართლოდან ვარ-მეთქი და არა პოლიციიდან ან პროკურატურიდან, მე რა უნდა დავდო, კაცო.

- რომელი სასამართლოს კურიერი ხარ?

- სამოქალაქო სასამართლოსი.

- რა გვარი ხარ, მერე რატომ საბუთს არ მაჩვენებ?

- სიგუა ვარ, სოსო"...

საპატრულო პოლიციის ოქმში ნათქვამია, რომ სახლში შეჭრილთაგან ერთი მართლაც სოსო სიგუა იყო, მაგრამ არა სასამართლოს კურიერი, არამედ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ფიფიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლები სტუმრობდნენ. პოლიციელებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ფიფიებმა პროკურატურაში ეს ფარული ჩანაწერიც წარადგინეს, მაგრამ საქმე პროკურატურამ მალე შეწყვიტა. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ფიფიებთან შემთხვევით მოხვდნენ, ხმაური შემოგვესმა და ოჯახში ქალის დასაწყნარებლად შევიხედეთო. ეს ჩვენება უაპელაციოდ გაიზიარა პროკურატურამ და საქმე დახურა.

ბესიკ ფიფია: -  ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჩემს დევნას თავი დაანებეს. მეც ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი და საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა განვაგრძე. 2012 წლის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე მოულოდნელად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე სოსო თოფურიძემ მობილურზე დამირეკა და კატეგორიულად მთხოვა მოდულში მისვლა. ღამის 12 საათზე ვეახლე სოსო თოფურიძეს კუდ-ში.  სოსო თოფურიძემ  კაბინეტში დამტოვა, ორი კაცი დარაჯად დამიყენა და ვიღაც სამი პირი მოიყვანა. ერთის გვარს ვერ ვიხსენებ, მაგრამ შემიძლია ამოვიცნო. ერთი იყო საგამოძიებო სამსახურის უფროსი დავითი, მეორე გამომძიებელი დავით გოგოტიშვილი, რომელმაც მითხრა, ამ საღამოსვე სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთო. რასთან დაკავშირებით-მეთქი? ჯერ განცხადებას დაგაწერინებ და მერე გაიგებ, რასთან დაკავშირებითო. სოსო თოფურიძის კაბინეტიდან საგამოძიებო ოთახში გამიყვანეს, სადაც 4 გამომძიებელი იჯდა, ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგოტიშვილი იყო. სანამ განცხადებას დამაწერინებდნენ, ერთმა გამომძიებელმა თქვა, აუ, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება, ცუდი ფერი ადევს და ექიმის დახმარება სჭირდებაო. არ მჭირდება ექიმი, კარგად ვგრძნობ თავს-მეთქი. მოკლედ, მოიყვანეს რევოლვერიანი "ექიმი", რომელმაც წნევა ისე გამიზომა, რომ მკლავზე წნევის აპარატის სახვევიც ვერ დამახვია წესიერად. გამომძიებლებს უთხრა, მაღალი წნევა აქვს და ამის დაკითხვა არ შეიძლება, თუ დამამშვიდებელ პრეპარატს არ შევუყვანთ ვენაშიო.

არადა, წნევა საერთოდ არ მაწუხებს. აბები მომეცით, რა საჭიროა ნემსის გაკეთება-მეთქი, მაგრამ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობას, ძალით გამიკეთებდნენ. მოკლედ, მორჩილად გავუშვირე ხელი და ვენაში რაღაც ნემსი გამიკეთეს. ცოტა ხანში იმისთანა ძალასა და ლაპარაკის ხასიათზე მოვედი, რომ თავს ვეღარ ვცნობდი. თამამი და გამბედავი გავხდი. რომ შემატყვეს, "მზად" ვიყავი, კალამი და ფურცელი მომცეს და მითხრეს, რასაც გიკარნახებთ, დაწერეო. რა დავწერო-მეთქი? მამუკა ახვლედიანმა შემოგთავაზათ თუ არა პრეზიდენტის ლიკვიდაციაო? თავიდან ბოლომდე დავწერე, რაც იყო. ავუხსენი, რომ ახვლედიანმა პრეზიდენტის ლიკვიდაცია კი არა, ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა. ამის შემდეგ თოფურიძესთან დათა ახალაიამ დარეკა. არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, მაგრამ მითხრეს, ცამდე მართალი კაცი ხარ, აუცილებლად უნდა დავიჭიროთ ეს ბანდიტები და გამოძიება დავიწყოთ. ცოტა ხანში გაჩვენებთ ახვლედიანს ბატარეაზე მიბმულსო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, ახვლედიანი ამას უმაღლეს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ხომ ვერ გაბედავდა. დაკითხვა დილის 7 საათამდე გაგრძელდა. მერე გამომძიებლების ოთახში მომასვენეს ტახტზე. მეორე დილით, 9 საათზე, ისევ განაახლეს დაკითხვა, კიდევ ვინ იცოდა მამუკა ახვლედიანის ამ შემოთავაზების შესახებო. ვიფიქრე, რომ ვთქვა, არავინ იცის, არ მომკლან-მეთქი და ვუთხარი, ჩემმა ოჯახმა-მეთქი. როგორც კი ეს ვთქვი, ჩემი მეუღლე სასწრაფოდ მოიყვანეს დაკითხვაზე. მოიყვანეს იმ ოჯახის წევრებიც, რომელთანაც ვიმალებოდი. 5 დღე მამყოფეს კუდ-ში. ამის დადასტურება შეიძლება ჟურნალით, რომელ დღეს შევედი კუდ-ში და როდის გამოვედი.

- ოფიციალურად არ დაუკავებიხართ?

- არა. გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ისევ დამირეკა სოსო თოფურიძემ. უჩვეულოდ გულთბილად მომესალმა და მითხრა, მალე შენი ბინის პრობლემა გადაწყდება, ველაპარაკე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ტყეშელაშვილს და მობრძანდით ჩვენთან, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდაო. ისევ  ვეახლე სოსო თოფურიძეს. მითხრა, ყველანაირად ვცდილობთ ბინის ფული მოგცეთ, ქუჩაში არ უნდა დარჩეთო. ეს პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდება, დაივიწყე ვალერი გელბახიანისა და პატარკაციშვილის ამბავი, ეს ახლა აღარ არის აქტუალური და ამჯერად, ის, რაც მამუკა ახვლედიანმა თავის დროზე გითხრა, უნდა გაიმეორო, მაგრამ გელბახიანი - ალასანიათი, პატარკაციშვილი კი ივანიშვილით უნდა შეცვალოო.

- ისევ პრეზიდენტზე თავდასხმის იმიტაცია უნდა მოგეწყოთ?

- არა, მხოლოდ განცხადება უნდა შემეტანა კუდ-ში და ტელევიზიით გამოვსულიყავი, რომ ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტის ლიკვიდაცია შემომთავაზა რამდენიმე მილიონად. განცხადება არჩევნებამდე ორი დღით ადრე უნდა გამეკეთებინა სახელისუფლებო ტელევიზიების ეთერში. ვუთხარი, არავინ დაიჯერებს, სხვა რამეს დავაბრალებ ირაკლი ალასანიას-მეთქი. დავპირდი, რომ სხვა განცხადებას გავაკეთებდი, ისეთს, რომელიც შედარებით ახლოს იქნებოდა "სიმართლესთან". ამ იმედით გამომიშვეს კუდ-იდან. მას მერე, არჩევნების დასრულებამდე, ტყეში ვიმალებოდი...

პირდაპირ ვადებ ხელს მამუკა ახვლედიანს, გიგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილს, მაგრამ არა სიტყვით, არამედ მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს მივაწვდი როგორც მთავარ პროკურატურას, ასევე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, რაც მთავარია, ვაპირებ მამუკა ახვლედიანის საცხოვრებელ ბინასთან პროტესტის გამოხატვას შიმშილობის აქციით.

მამუკა ახვლედიანს ვიწვევ ღია ეთერში! პასუხი უნდა აგოს ჩემი და ჩემი ოჯახის წინაშე. მათ წამართვეს საცხოვრებელი, თაღლითურად მიითვისეს ჩემი ბინის კომპენსაციისთვის გამოყოფილი ფული და ამ უსამართლობას რომ არ შევეგუე, ამისთანა ბინძურ საქმეში სცადეს ჩემი გამოყენება. მამუკა ახვლედიანი ამ ბინძური საქმის შემომთავაზებელი იყო, თორემ თავად რომ ამას ვერ დაგეგმავდა, ფაქტია. ეს ინტერვიუ ჩათვალეთ ჩემს ოფიციალურ ჩვენებად. მე დოკუმენტურად დავამტკიცებ, რომ რაც ვთქვი, ყველაფერი სიმართლეა.