"არმაზს ეუბნებოდნენ, თუ "პალიტრის" ჩაძირვაში დაგვეხმარები, იხეირებო" - კვირის პალიტრა

"არმაზს ეუბნებოდნენ, თუ "პალიტრის" ჩაძირვაში დაგვეხმარები, იხეირებო"

ვინ და რატომ აიძულებდა ჟურნალისტს "პალიტრამედიის" სახელის შემბღალავი განცხადებების გაკეთებას

ორი კვირის წინ გაზეთ "ყველა სიახლის" 44-ე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ 2010 წლის 24 ნოემბერს ყაჩაღობის ბრალდებით დაპატიმრებულ ჟურნალისტ არმაზ ხარძიანის მამასთან, ზევსი ხარძიანთან და ადვოკატ ირაკლი გაბრიჭიძესთან, რომლებსაც ხელისუფლების შეცვლამ იმედი ჩაუსახა, რომ ახალ პარლამენტში შექმნილი კომისია არმაზ ხარძიანს პოლიტპატიმრად აღიარებს და ამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყება. ახლახან კი არმაზი საპყრობილეში მასზე ზემოქმედების გარემოებებზე ალაპარაკდა - როგორ ცდილობდნენ, მის გამოყენებას "პალიტრამედიის" და ზოგიერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. გვესაუბრება ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე:

- ჟურნალისტ არმაზ ხარძიანის საქმე ხელახლაა გამოსაძიებელი, რადგან მიმაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარია. თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ: 2010 წლის 24 ნოემბერს, როდესაც არმაზის მამამ, ბატონმა ზევსი ხარძიანმა დამირეკა და მითხრა, არმაზი დააკავესო, გავოგნდი. მეორე დღეს თბილისში  გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი იგეგმებოდა და არმაზს, როგორც "კონსერვატიული პარტიის" წევრს, მონაწილეობა უნდა მიეღო ამ აქციაში. ამიტომ ვიფიქრე, მის დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული უდევს და იარაღს ან ნარკოტიკს ჩაუდებდნენ-მეთქი. თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ლომბარდის დაყაჩაღებაში დასდეს ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, არმაზ ხარძიანი შევიდა ლომბარდში და მოითხოვა ფული. თანამშრომელმა ქალმა დააპირა, გადაეცა თანხა, თუმცა შემდეგ მოახერხა ოთახიდან გამოსვლა, გარედან კარის ჩეკეტვა და ხარძიანის გამომწყვდევა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი პატრულის გამოძახება. აი, ასე "ოპერატიულად" დააკავეს ხარძიანი ყაჩაღობის ფაქტზე. არმაზს სამ ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. გამოძიების ვერსიით, იგივე ლომბარდი არმაზს ადრეც დაუყაჩაღებია, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. აგრეთვე, თითქოს საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაუყაჩაღებია მწვანილის გამყიდველი ქალბატონი, რომლისთვისაც 50 ლარი წაურთმევია. ამ ქალბატონმა "დაუბრკოლებლად" ამოიცნო არმაზ ხარძიანი. აღსანიშნავია, რომ ამოცნობისას, რომელიც საგარეჯოს დროებით მოთავსების იზოლატორში გაიმართა, საინტერესო ფაქტი მოხდა, გამომძიებელი შემთხვევით არმაზის უფროს ძმასთან მივიდა და ამოცნობის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. როცა არმაზის ძმამ განუცხადა, დაზარალებულმა მე რომ დამადოს ხელი, მერე როგორ მოვიქცეო, უპასუხა, ნუ გეშინია, მან იცის, ხელი ვისაც უნდა დაადოსო...

არჩევნების შემდეგ, როდესაც საპყრობილეებში პატიმრების მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდა, არმაზი მომიყვა, თუ რა ზემოქმედება ხორციელდებოდა მასზე, როგორ მოხდა მისი დაკავება და ა. შ. არმაზი ამბობს, რომ როდესაც ვაკე-საბურთალოს  პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, პოლიციის იმჟამინდელ უფროს გოდერძი ნატროშვილს ვუთხარი, შეგეძლოთ ნარკოტიკები ან იარაღი ჩაგედოთ და ისე დაგეჭირეთო, პოლიციის უფროსს უპასუხია, ჟურნალისტი ხარ, იარაღისა და წამლის ჩადება ბანალური ამბავია, ბევრი არ ირწმუნებდა. ამიტომ, რადგან სვანი ხარ, ყაჩაღობას უფრო იოლად დაიჯერებენო.

- ყაჩაღობის ინსცენირება ადვილი არ არის...

- ყაჩაღობის ინსცენირება არც ისე რთული საქმეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სფეროში დახელოვნებულნი არიან. ჩემი აზრით, არმაზი დაიბარეს დათქმულ ადგილას და მოუწყვეს ეს სპექტაკლი. ძნელი დასაჯერებელია, დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში საყაჩაღოდ წასული ადამიანი ლომბარდის თანამშრომელმა ქალმა ოთახში რომ გამოამწყვდია, თუმცა ამის ინსცენირება ადვილად შეიძლება. არმაზი მომხდარზე დაწვრილებით ლაპარაკს ციხიდან გამოსვლის შემდეგ აპირებს. ამჟამად მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყაჩაღობაში მისი დადანაშაულება ცილისწამებაა. მე არმაზის დაპატიმრებას მის ჟურნალისტურ და პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ. პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითებს გარდაბანში მცხოვრები არმაზის მამისადმი მუქარა - შენმა შვილმა ხელისუფლებისადმი კრიტიკული წერილების წერა შეწყვიტოსო. გარდა ამისა, არმაზ ხარძიანი გახლდათ "კონსერვატიული პარტიის" წევრი და ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას მედიასახლ "პალიტრის" გამოცემებში - წერდა სააკაშვილის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სტატიებს. ის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდა და საყაჩაღო არაფერი სჭირდა...

არმაზი ახლახან ახალ გარემოებებზე ალაპარაკდა, თუ როგორ სთავაზობდა მას რამდენიმე პირი, რომელთა სახელი და გვარი არ იცის, მაგრამ რომელთა ამოცნობაც შეუძლია, სხვადასხვა "საქმეს", როგორ ზემოქმედებდნენ ფსიქოლოგიურად, ემუქრებოდნენ შვილებზე. ვინაიდან არმაზი იყო "კონსერვატიული პარტიის" წევრი, უთხრეს, ციხიდან გაგათავისუფლებთ, "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურს მანქანის "ბარდაჩოკში" სოლიდური თანხა (დანომრილი კუპიურებით) უნდა ჩაუდო, პატრული ამოიღებს ამ თანხას და შენ უნდა განაცხადო, რომ ეს იყო რუსული ფული და ისიც, რომ პარტია რუსეთიდან ფინანსდებაო. არმაზს განუცხადებია, ეს ყველაფერი ჟურნალისტებს რომ გავაგებინო, მერე რას იზამთო? უპასუხიათ, ერთმა პატიმარმა, გვარად თედლიაშვილმაც (ამ პატიმარმა, ოფიციალური ვერსიით, თავი ჩამოიხრჩო 2011 წლის აპრილში) დაწერა პრესაში, მაგრამ ვერ უშველაო(!).

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ამბავი, რასაც ახლა მოგიყვებით: 2011 წლის ზაფხულში, როდესაც "პალიტრამედიის" 6 ორგანიზაციაში საგადასახადო სამსახური რიგგარეშედ შევიდა, არმაზზე, როგორც ამ მედიასახლის თანამშრომელზე, ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო - ღამის 2-3 საათზე დასაკითხად მიჰყავდათ - ეკითხებოდნენ, სად აქვს "პრაკოლი" "პალიტრას", რაში შეიძლება მოვედავოთო.

როდესაც ხარძიანმა ამგვარ გარიგებაზე უარი თქვა, შესთავაზეს, საჯაროდ განეცხადებინა, რომ გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი ჟურნალისტებს აიძულებდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული და შეკვეთილი სტატიების წერას, ურჩ ჟურნალისტებს კი სამსახურიდან ათავისუფლებდა.

როცა მან კვლავ უარი განაცხადა, 14 დღით კარცერში გამოამწყვდიეს. რუსთავის სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ კი იმავე მიზეზით, მასზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობით განთქმული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე, რომელიც პატიმრების წამების საშინელი კადრების გავრცელების შემდეგ დააპატიმრეს.

- კიდევ ვინ ზემოქმედებდა არმაზზე და ვინ აიძულებდა მას "პალიტრამედიის" სახელის შემბღალავი განცხადების გაკეთებას?

- ამაზე თვითონ არმაზი ილაპარაკებს, მაგრამ თუ მის ნათქვამს  გავაანალიზებთ, ძნელი მისახვედრი არ არის, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან. ესენი არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები. არმაზს ეუბნებოდნენ, თუ "პალიტრამედიის"  ჩაძირვაში დაგვეხმარები, მაგათ დავიჭერთ, მედიაჰოლდინგს ხელისუფლების მაღალჩინოსნები გადაიფორმებენ, შენ კი ამ ჰოლდინგში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნებიო(!).

მიუხედავად საშინელი წნეხისა, არმაზმა გაძლო და მათ შემოთავაზებას არ დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ ის თითქმის ერთი წლის განმავლობაში გლდანის ციხის ე.წ. "აბანოს" გვერდით საკანში იჯდა. ეს ის "აბანოა", სადაც ყოველ ღამით მიმდინარეობდა პატიმრების წამება. შემდეგ გადაიყვანეს სხვა საკანში, რომლის ფანჯარაც მორგს გაჰყურებდა და ყოველდღე ხედავდა, როგორ გამოჰყავდათ გარდაცვლილი პატიმრები. ვიმედოვნებ, რომ არმაზ ხარძიანის საქმეს ხელახლა გამოიძიებენ და სამართლიანობა აღდგება, არმაზი გათავისუფლდება და ყველაფერზე დაუფარავად ილაპარაკებს.

ნინო მაისურაძე