დაღუპულის დედა პრეზიდენტის დაცვას ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

დაღუპულის დედა პრეზიდენტის დაცვას ადანაშაულებს

კანონი ჩვენს ქვეყანაში ზოგისთვის დედაა და ზოგისთვის კი - დედინაცვალი. მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები (თUუ, რა თქმა უნდა, ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან) მაშინაც კი მშრალად გამოდიან, როცა სამხილები და მოწმეები საკმარისზე მეტია. ამჯერად კიდევ ერთ ბურუსით მოცულ მკვლელობის ამბავს მოგითხრობთ.

31 წლის ვასილ ამონიშვილის მკვლელობის შესახებ დღემდე გამოძიებას ვერსია არ გააჩნია. ეს 2008 წლის 11 ივნისს, მოსკოვის პროსპექტზე მოხდა. სასტიკად ნაცემი საჯარო რეესტრის თანამშრომელი ვასილ ამონიშვილი მიხეილის საავადმყოფოში უგონოდ მყოფი გადაიყვანეს. ხუთი დღის შემდეგ ვასილ ამონიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი ქალა-ტვინის დაზიანება იყო. ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. დადგინდა ისიც, რომ ამონიშვილი ფხიზელი იყო.

ამონიშვილის სიკვდილიდან ერთი წელი გავიდა. გარდაცვლილის დედა გულიკო ამონიშვილი შვილის მკვლელობაში პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებს, ძმებ ბერძენიშვილებს ადანაშაულებს.

- იმ დღეს ჩემი შვილი ვასილ ამონიშვილი მეგობრის, მერაბ დოგრაშვილის დაბადების დღეზე იყო. სუფრაზე ინციდენტი მოხდა ჩემს შვილსა და პრეზიდენტის დაცვის წევრ ბერძენიშვილს შორის. ამ ამბამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩემი შვილი შინ აღელვებული მოვიდა. როგორც მიამბო, კონფლიქტი რეესტრში პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელთან, ვინმე მერაბ ბერძენიშვილთან მოუვიდა. ერთი სიტყვით, დაბადების დღეზე ძმები ბერძენიშვილებიც ყოფილან დაპატიჟებული. ბერძენიშვილმა ჩემი შვილი იცნო და ჰკითხა, შენ ის არა ხარ, რეესტრში ურიგოდ რომ არ გამიშვიო? ვასიკომ რამდენჯერმე მოუბოდიშა, მაგრამ ბერძენიშვილები არ მოეშვნენ. ვასიკო იძულებული გახდა, სუფრა დაეტოვებინა, მან საცოლე გააცილა, მერე კი დოგრაშვილებთან დაბრუნებას აპირებდა. კორპუსთან მისულს დოგრაშვილი ვინმე ჩაჩანიძესთან, იზორიასა და ხარატიშვილთან ერთად დახვდა და ჩხუბი ატყდა. ჯერ იქ დამხვდურებმა სცემეს, შემდეგ ხმაურზე ბერძენიშვილებიც გამოცვივდნენ და ისინი მისდგნენ უმოწყალოდ. პოლიცია არავინ გამოიძახა. ცოცხალ-მკვდარი ვასიკო თავდაპირველად მე-5 საავადმყოფოში მიიყვანეს. დოგრაშვილი ჩემთან დარეკვას არც აპირებდა, სანამ ექიმმა კატეგორიულად არ მოსთხოვა. რომ დაგვირეკა, გვითხრა, ვასიკომ 8 ლიტრი ღვინო დალია, დაეცა, თავი დაარტყა და საავადმყოფოშიაო. მაგრამ ექიმმა იმავე დღეს გამიმხილა, ასე არ უნდა იყოს, თავში რაღაცა აქვს ჩარტყმულიო. ეს მოგვიანებით ექსპერტმაც დაადასტურა.

- რატომ ადანაშაულებთ მაინცდამაინც ბერძენიშვილებს, ჩხუბში ხომ სხვებიც მონაწილეობდნენ?

- გამოძიება ბერძენიშვილებს ხელს აფარებს. თავდაპირველად გამომძიებელი მატყუებდა, ბერძენიშვილებს ამ კონფლიქტში სულ არ მიუღიათ მონაწილეობა, რადგან იქ არ ცხოვრობენო. არადა, მოწმეებმა მითხრეს, რომ ინციდენტის შემდეგ ბერძენიშვილები იქაურობას გაარიდეს. მოგვიანებით გამომძიებელი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ბერძენიშვილები სწორედ იმ ეზოში, დოგრაშვილის მეზობლად ცხოვრობენ. ესეც არ იყოს, ჩემს შვილს ისეთი რამ ჰქონდა თავში ჩარტყმული, რაც გარეგნულად კვალს არ ტოვებს. როგორც ვიცი, ასეთი კასტეტით მხოლოდ სააკაშვილის დაცვის წევრები სარგებლობენ. მერაბ ბერძენიშვილი ხომ პრეზიდენტის დაცვაში მუშაობს.

დოგრაშვილმა ინციდენტში მონაწილე სამი პირი დაასახელა, მაგრამ არც ერთი არ დაუკავებიათ. როცა პროკურორს ვკითხე, ვთქვათ, ბერძენიშვილები არ არიან დამნაშავე, ვინც დასახელებულია, იმათ რატომ არ აკავებთ-მეთქი. მიპასუხა, რა ვქნა, თუ არ იტყვიან, ვინ ჩაარტყა თავში, ვერავის დავიჭერთო. დაზარალებულადაც არ მცნეს.

ნინო ანდრიაშვილი, ადვოკატი: - როცა ამ საქმეში ჩავერთე, ოფიციალურად მივიღე წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქმის ზედამხედველი პროკურორი თამარ პაპავა, გამომძიებელი კი ზაზა ჟამერაშვილი იყვნენ. როცა პაპავას დავუკავშირდი, მისმა პასუხმა გამაოცა: ამისთანა საქმე არც გამიგია და არც მაწერიაო. ვიფიქრე, ეტყობა, ოფიციალურ წერილში შეცდომა დაუშვეს-მეთქი. იძულებული გავხდი, ჟამერაშვილთან დამერეკა. მან კი მითხრა, თქვენი საქმე სხვა გამომძიებელს გადასცესო. ახლა ახალი გამომძიებლის ძებნა დავიწყე. ის თამარ გაგუა აღმოჩნდა. ჯერ მითხრა, საქმე ახლა გადმომცეს და ჯერ ვერაფერს გეტყვითო. მეორე კვირას რომ დავურეკე, ისევ, ვერაფერს გეტყვით, არ მეცალა მაგ საქმისთვისო. გავეცნობი საქმეს და მერე მოგიყვებიო. ერთი წელია საქმე ერთი გამომძიებლიდან მეორესთან, მეორიდან მესამესთან გადადის და ასე დაუსრულებლად. ამიტომაც ვეჭვობ, რომ მკვლელებს ძლიერი მფარველები ჰყავთ.