"საქართველოში დავბრუნდი, რომ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი ვამხილო" - კვირის პალიტრა

"საქართველოში დავბრუნდი, რომ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი ვამხილო"

"ახალაიასგან შემომითვალეს, თუ არა გაქვთ პრობლემები, მაშინ ამიერიდან გექნებათო"

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დასრულების შემდეგ მთავარი პროკურატურა საჩივრების მიღებას ვერ აუდის. ყოფილი ჩინოვნიკები კი სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ. მაგალითად, როლანდ ახალაია პოლიტიკურ რეპრესიებზე ვრცელი ინტერვიუების მიცემით არის დაკავებული. ბატონ როლანდს, ალბათ, დაავიწყდა, რომ მის საწინააღმდეგო ჩვენებებს ჯერ კიდევ მაშინ იძლეოდნენ, როცა არც ბიძინა ივანიშვილი ჩანდა პოლიტიკურ ჰორიზონტზე და არც არჩილ კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი.

დავით როგავა, ბიზნესმენი: "ხუთი წელია საქართველოდან წასული ვარ. თბილისში ორი კვირის წინ დავბრუნდი და მთავარ პროკურატურაში უკვე შევიტანე საჩივარი როლანდ ახალაიას, პროკურორ რომეო საჯაიასა და მოსამართლე დავით კეკენაძის წინააღმდეგ. ახალაიებმა ზუგდიდის უნივერმაღის წართმევა მოინდომეს. პირდაპირ მეუბნებოდნენ, ან მოგვეცი, ან დაგიჭერთო და შეასრულეს პირობა. ახლა გახდა როლანდ ახალაია პოლიტიკური მსხვერპლი?".

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ დავით როგავამ და მისმა მეუღლემ, ხათუნა კაკაჩიამ, მოსკოვში შეიტყვეს, რომ ზუგდიდში სამსართულიანი უნივერმაღი იყიდებოდა.

ხათუნა კაკაჩია: - დოკუმენტაცია წესრიგში აღმოჩნდა და შენობის ყიდვა გადავწყვიტეთ. კრედიტი "პროკრედიტბანკიდან" გამოვიტანე. რადგან მოსკოვში ვიყავი, ფირმის იურისტს, თამაზ ქანთარიას მინდობილობა გამოვუგზავნე. ერთი სიტყვით, უნივერმაღი 300.000 დოლარად ვიყიდე. მალე ბიძა გარდამეცვალა და ზუგდიდში ჩავედი. პროკურატურიდან შემომითვალეს, ეს ობიექტი რომ იყიდეთ, რატომ არაფერი გვკითხეთ. გირჩევთ, გაუგებრობა დროზე გავარკვიოთ, თორემ პრობლემები შეგექმნებათო. კიდევ ერთხელ გადავამოწმებინეთ ყველა დოკუმენტი. ვიფიქრე, კანონდარღვევა არა გვაქვს და რა პრობლემები გვექნება-მეთქი. ასეც შევუთვალე პროკურატურას. შემომითვალეს, თუ არა გაქვთ პრობლემები, მაშინ ამიერიდან გექნებათო.

- ვის მოჰქონდა შემონათვალი თქვენთან?

- სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის პროკურორს რომეო საჯაიას. მანვე შემოგვითვალა, კარგად ვიცი, რომ კეთილსინდისიერი მყიდველი ხართ, მაგრამ ეს ობიექტი ჩემს უფროსს აინტერესებს, ამ საქმეში არაფერ შუაში ვარ, მხოლოდ დაკვეთას ვასრულებ. თუ როლანდ ახალაია მეტყვის, მაშინვე დაგანებებთ თავსო. ისიც შემოგვთავაზეს, ოღონდ ეს ობიექტი სახელმწიფოს დაუბრუნეთ, თანხის უკან ამოღებაში ჩვენ თვითონ დაგეხმარებითო. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი დირექტორი თამაზ ქანთარია ზუგდიდის პროკურატურაში დაიბარეს და აუწყეს, უნივერმაღი თავის დროზე არასწორად იყო პრივატიზებული და გირჩევთ სახელმწიფოს დაუბრუნოთო.

მალე ზუგდიდის უნივერმაღის ყოფილი მსხვილი აქციონერი, სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე გულნარა ჯინჯოლავა დაიბარეს პროკურატურაში. სიტუაცია რომ გართულდა, ჯინჯოლავას ვთხოვე, შარის თავი არა მაქვს, დამიბრუნეთ ფული-მეთქი, მაგრამ თანხა უკვე გაეხარჯათ, ობიექტს უამრავი ვალი, გადასახადი ჰქონია გადასახდელი, თანაც 150 აქციონერიც ჰყოლია. თანხა მათაც გაუნაწილეს. მალე გულნარა ჯინჯოლავა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დავრწმუნდით, რომ ზუგდიდის პროკურატურა აღარ ხუმრობდა. მალე შემოგვითვალეს, დააბრუნეთ შენობა, თორემ გარიგებაში მონაწილე იურისტებსაც დავიჭერთო. ეს კიდევ ერთი სიურპრიზი იყო. გამიკვირდა, ვთქვათ, ჯინჯოლავას რამე არასწორად ჰქონდა, ჩემი იურისტები რაღა შუაში არიან-მეთქი. ისევ შემომითვალეს, თუ არ დააბრუნებ შენობას, იურისტებთან ერთად შენც დაგიჭერთ, როგორც არაკეთილსინდისიერ მყიდველსო. თურმე ნუ იტყვით, წინასწარ ვყოფილვართ შეთანხმებული ჩვენ და ჯინჯოლავა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაშიც მითითებულია, თითქოს ჩემი იურისტები სხვადასხვა უწყებამ გააფრთხილა, რომ შენობა თაღლითური გზით იყო ხელში ჩაგდებული, მაგრამ მაინც შეიძინეს. რაც მტკნარი სიცრუეა. ნორმალური არ უნდა იყო კაცი, 300.000 დოლარი ისეთ შენობაში გადაიხადო, რომელზედაც წინასწარ იცი, რომ პრობლემურია. მეტსაც გეტყვით, დადგენილებაში მითითებული აქვთ, თითქოს მოწმეები ჰყავთ, რომლებიც ჩემს იურისტებს ამხელენ. არადა, არ არსებობს არც ერთი მოწმე.

სინამდვილეში შენობა ახალაიებს ჰქონიათ შეგულებული და ჩემდა საუბედუროდ, მე შევუშალე ხელი. ახალაიები თავიდან შუამავლებით გვიკავშირდებოდნენ. გვეუბნებოდნენ, სხვა გზა არ არის, შენობა სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოთო. მოლაპარაკება ერთი წელი გაგრძელდა. ნოემბრის მოვლენები რომ დაიწყო, შემომითვალეს, მოდი, 50%-იან წილზე მოვრიგდეთო. ახალაიებთან საერთო ბიზნესი ნამდვილად არ მინდოდა მქონოდა, ამიტომ შევთავაზე, თავად იშოვეთ ინვესტორები, გაყიდეთ, მე ჩემი თანხა დამიბრუნეთ და რაც დაგრჩებათ, თქვენი იყოს-მეთქი. როგორც კი ნოემბრის მოვლენები მათთვის სასიკეთოდ დამთავრდა, ახალაიებმა შემომითვალეს, 50%-იან წილში ჩაგვსვი და  თქვენი მფარველები ვიქნებითო. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. ამასობაში კანონიც შეიცვალა და დამტკიცდა, რომ სასამართლოებსა და პროკურატურებს უნდა შეეწყვიტათ ქონებრივი დავები, მაგრამ ახალაიებმა ისევ ივაჟკაცეს. ადეიშვილს უთხრეს, ეს უნივერმაღი წასართმევია, შავების არისო. ამ უსამართლობის გამო განცხადებები ყველგან შევიტანე, პარლამენტის თავმჯდომარის თუ პრეზიდენტის სახელზე. არაფერი რომ არ გამოვიდა, "კვირის პალიტრას" მივმართე და ახალაიების შესახებ ვრცელი ინტერვიუ გამოვაქვეყნე. ამ პუბლიკაციას სკანდალი მოჰყვა და როლანდ ახალაიამ დაგვიბარა. კაბინეტში რომ შევედით, უჯრიდან სხვადასხვა დროს მთავარ პროკურატურაში, პარლამენტში თუ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი ჩვენი წერილები ამოიღო, ზედ გაზეთის ის ნომერიც დაადო და მკითხა, ეს ხომ შენი ხელმოწერააო. კი, ჩემია-მეთქი. საბუთების დასტა მოგვიყარა, რის მიღწევას ცდილობთ ამით, მე ვარ აქ ძალა და კანონიო!

მოითხოვა, ხელი დაგვედო ჩვენი იურისტებისთვის ჩვენი კეთილდღეობის სანაცვლოდ. გვითხრა, უნივერმაღსაც არ წაგართმევთ, იურისტებს საპროცესოს გავუფორმებთ და კიდევ სხვა ობიექტებსაც გაყიდვინებთ, ჩემთან მოსულიყავით, მე გიპატრონებდითო. არ დავთანხმდით და თბილისში დავბრუნდით. ამ საუბრიდან ძალიან მალე ჩემმა ნაცნობმა დამირეკა და მირჩია, სასწრაფოდ წადი ქვეყნიდან, შენს დაჭერას აპირებენო. გამგზავრება კი მოვასწარი, მაგრამ სიტუაცია უფრო გამწვავდა. იმ პერიოდისთვის გირაოთი გათავისუფლებულ ჯინჯოლავას, რომელსაც პროკურატურა აიძულებდა, ცრუჩვენება მიეცა ჩემსა და იურისტებზე, 14 წელი მიუსაჯეს.

გთავაზობთ 2006 წელს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ გულნარა ჯინჯოლავას ინტერვიუს ფრაგმენტს:

"ჩემდა გასაოცრად, გირაოთი გამომიშვეს. შინ მანქანით მიმიყვანეს, საჯაიამ როგავების იურისტების თამაზ ქანთარიასა და თორნიკე ცხადაიასთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ბრძანება მაჩვენა და მითხრა, თუ არ იტყვი, რომ ყველაფერი წინასწარი შეთანხმებით მოხდა, ისევ ციხეში დაბრუნდებიო. თუ ყველაფერს "ვაღიარებდი", ბრალს ვერ მომიხსნიდნენ, მაგრამ პირობით სასჯელს მაკმარებდნენ და დავრჩებოდი თაღლითად (ჯინჯოლავას ბრალად თაღლითობა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება ედება). მთავარი პირობა მაინც ის იყო, რომ აუცილებლად უნდა დამედო ხელი როგავების იურისტებისთვის, თითქოს წინასწარ იყვნენ ჩემთან გარიგებული. საჯაია დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერზე მოვუწერდი ხელს.  ვუთხარი  მძიმედ ავად ვარ, შესაძლოა, ციხიდან ცოცხალი ვეღარც გამოვიდე, მაგრამ ასეთ საშინელ სიცრუეზე ხელს ვერ მოვაწერ-მეთქი".

ამის შემდეგ, გულნარა ჯინჯოლავას 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დავით როგავა: "როცა როლანდ ახალაია პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს და გაიძახის, სასაცილოა ეს ყველაფერიო, მაინტერესებს, რა არის სასაცილო? სად იყო ან ბიძინა ივანიშვილი, ან არჩილ კბილაშვილი, როცა მისი დანაშაულების შესახებ "კვირის პალიტრას" ინტერვიუ მივეცი და ყველა ინსტანციაში ვიჩივლე? რომეო საჯაიას სწორედ როლანდ ახალაია ავალებდა ამ ბინძურ საქმეებს და არ უნდა გასამართლდეს?

მოსამართლე კეკენაძეს ორჯერ შევხვდი. ვუთხარი, რა დაგიშავე, რატომ აკეთებ ამას-მეთქი? სხვაგან ნაშოვნი ფული საქართველოში ჩამოვიტანე, ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება, ხალხს ვასაქმებდი, რატომ მართმევთ ყველაფერს-მეთქი? მიპასუხა, ამას ვინც აკეთებს, ერთი სიტყვა მითხრას და ყველაფერზე თანახმა ვარო. ვინ აკეთებს ამას-მეთქი? ვინ და როლანდ ახალაიაო. მერედა, ხომ მოსამართლე ხარ, რატომ აწერ ხელს ამისთანა ბინძურ საქმეს-მეთქი? მაშინ მე გამასამართლებენო.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ზუგდიდის საჯარო რეესტრს მივმართე, მაინტერესებდა, ვის საკუთრებაშია ახლა უნივერმაღი. მითხრეს, ამას სპეციალური გრიფი ადევსო. რომელი საიდუმლო ობიექტი ზუგდიდის უნივერმაღია, რომ საიდუმლო გრიფი ადევს? როლანდ ახალაიას ხალხისთვის დიდი ქონება აქვს წართმეული და ნათესავებზე გადაფორმებული. საქართველოში დავბრუნდი იმისათვის, რომ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი ვამხილო.