"ვადასტურებ, რომ პროვოკაცია პირადად კუდ-ის მაღალჩინოსანმა დავით ლაღაძემ დაგეგმა" - კვირის პალიტრა

"ვადასტურებ, რომ პროვოკაცია პირადად კუდ-ის მაღალჩინოსანმა დავით ლაღაძემ დაგეგმა"

რატომ სცემა დათა ახალაიამ თავის კაბინეტში მთაწმინდის რაიონის სამძებროს უფროსს...

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი რეალობაა, საზოგადოებამ შიში ჯერ კიდევ ვერ დაძლია, დაზარალებულები სასტიკ ამბებსა და დანაშაულებზე აშკარად ლაპარაკს ერიდებიან და ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ. ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციური დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, დავით ლაღაძის დანაშაულს. დავით ლაღაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაიბარეს, თუმცა არ დაუკავებიათ.

"კვირის პალიტრას" დაუკავშირდა მოქალაქე, რომელიც თანახმაა, ჩვენება მისცეს მთავარ პროკურატურას დავით ლაღაძის წინააღმდეგ.

რესპონდენტის ნაამბობიდან: "ოქტომბრის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დამიბარა საგამოძიებო ნაწილის უფროსმა დავით ლაღაძემ. მითხრეს, ყაზბეგის რაიონში გვიჭირს, ქვეყანას შენი თანადგომა სჭირდება, უნდა დაგვეხმარო, თუ არადა პირდაპირი გზა გაქვს ციხისკენო. იმ დროს ჩემზე სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. როგორც ლაღაძემ მომთხოვა, საქართველოს ერთ-ერთ რაიონში უნდა გამეფუჭებინა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შალიკო კაზალიკაშვილი, რომელსაც რაიონში ხალხი დიდ პატივს სცემდა.

კაზალიკაშვილს მეცხოველეობის ფერმა აქვს, ცხვრები ჰყავს. იგი სახელმწიფოსთვის გადასახადების დაფარვისა და დოკუმენტის გაყალბების ბრალდებით უნდა დაეპატიმრებინათ. ამ მიზნით მიმიყვანეს გლდანში ნოტარიუსთან, სადაც დამახვედრეს უცნობი პირი. მან ნოტარიულად გამიფორმა მინდობილობა, თითქოს მისი ფირმის წარმომადგენელი ვიყავი. ამ ფირმის სახელით დავუკავშირდი შალიკო კაზალიკაშვილს, თითქოს ცხვრების ყიდვა მინდოდა. კაზალიკაშვილს უარი არ უთქვამს, ყაზბეგში ჩავედი და გადავეცი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დანომრილი 4.500 ლარი. ხელშეკრულება გავაფორმეთ ზუსტად 4.500 ლარზე. გეგმის მიხედვით, თანხის გადაცემიდან 10 დღეში შალიკო კაზალიკაშვილი უნდა დაეპატიმრებინათ.

- 4.500 ლარად მოგყიდათ ცხვარი და ხელშეკრულებაც გააფორმა. რა დააშავა?

- როცა დააკავებდნენ, ცრუჩვენება უნდა მიმეცა და სასამართლოშიც დამედასტურებინა, რომ კაზალიკაშვილს სინამდვილეში 10.000 ლარი გადავუხადე, მან კი ხელშეკრულებაში 4.500 ლარის დაფიქსირებაზე დამიყოლია. თანხა რომ გადავეცი და ცხვრები აღარ მოვიკითხე, კაზალიკაშვილი მირეკავდა, წაიყვანეთ თქვენი საქონელიო, მაგრამ გავთიშე ტელეფონები. ვადასტურებ, რომ ეს პროვოკაცია პირადად კუდ-ის მაღალჩინოსანმა დავით ლაღაძემ დაგეგმა.

შემდეგ აქაურობას გავერიდე და უკრაინაში წავედი. ამ პროვოკაციის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა, რადგან 18 სექტემბერს პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირი გავრცელდა. მაშინ დამირეკა მეგობარმა, რომელიც ამ სისტემაში მუშაობდა და მითხრა, შეგიძლია, დაბრუნდე, ყველაფერი აირია, ეგ საქმე მიჩქმალეს, მტკიცებულებებს ანადგურებენო. მეც დავბრუნდი საქართველოში.

ჩვენ დავუკავშირდით შალიკო კაზალიკაშვილს. მან ჩვენგან შეიტყო, რასაც უმზადებდნენ.

"რას ამბობთ, რისთვის უნდა დავეჭირე? სექტემბერში მართლაც მომმართა  კაცმა შპს "ერკემლის" წარმომადგენლის სახელით. 4.500 ლარი გადამიხადა საქონლის სანაცვლოდ და ეს ხელშეკრულებითაც გავაფორმეთ, მაგრამ მას შემდეგ ის კაცი აღარ გამოჩენილა. ვურეკავდი, წაიყვანეთ თქვენი საქონელი-მეთქი, მაგრამ დაიკარგა. რაღა დაგიმალოთ და, ეჭვი კი შემეპარა. ეს კაცი გარიგების დადებისას ერთიანად ცახცახებდა. გამიკვირდა, რა ისეთი გარიგებაა ცხვრების ყიდვა, რომ ასე კანკალებს-მეთქი. თურმე რაში ყოფილა საქმე..."

მეორე ამბავი, რომელზეც საჯაროდ ლაპარაკს დაზარალებული ერიდება, მთაწმინდის რაიონის სამძებროს უფროსის, მალხაზ აზარაშვილის ცემას უკავშირდება. ეს ფაქტი რამდენიმე ყოფილმა პოლიციელმაც დაადასტურა (ვინაობის გამხელა მათაც არ ისურვეს).

2004 წელს მალხაზ აზარაშვილი რესტორან "პურის სახლში" ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას (არც თაკო სალაყაია იყო მაშინ ცნობილი სახე) თურმე "უდიერად" მოეპყრო. თაკო სალაყაიამ ეს ამბავი დათა ახალაიას აცნობა. მან კი კაბინეტში სასტიკად სცემა მთაწმინდის რაიონის სამძებროს უფროს მალხაზ აზარაშვილს. ნაცემი კარგა ხანს იწვა მიხაილის საავადმყოფოში. ამ ამბის შემდეგ თავისი თანამშრომლის ღირსების შელახვით შეურაცხყოფილმა მთაწმინდის რაიონის პოლიციის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა პაატა ჟღენტმა დატოვა თანამდებობა. ჩვენ დავუკავშირდით მალხაზ აზარაშვილს, ის დაგვპირდა შეხვედრას, მაგრამ შემდგომ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.