ნინუების მკვლელობის სავარაუდო ვერსიები - კვირის პალიტრა

ნინუების მკვლელობის სავარაუდო ვერსიები

13 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა, - 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.ეთერ ნინუა  საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ  ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.

თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული. ოფიციალური ვერსიები ჯერჯერობით არ გავრცელებულა, არაოფიციალურად კი სამი ვერსია არსებობს: პირადი ანგარიშსწორება, რომელიც ძალოვან უწყებებში თამაზ ნინუას მუშაობას უკავშირდება, ბოლოდროინდელი ბიზნესსაქმიანობა და რუსული სპეცსამსახურები. ნინუას მკვლელობა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასაც დაუკავშირეს, მაგრამ ეს ვერსია სპეციალისტებს ყველაზე ნაკლებსარწმუნოდ მიაჩნიათ. თამაზ ნინუა და მისი მეუღლე მაყუჩიანი იარაღით არიან დახოცილი. ასეთი იარაღის შოვნა იოლი არ არის, ამ სახის იარაღით, ძირითადად, სპეცსამსახურები არიან შეიარაღებული. ცხადია ისიც, რომ მკვლელი ნინუას ნაცნობი იყო, რადგან თავად მსხვერპლმა გაუღო კარი მას და შინაც შეიყვანა.

ანზორ მაისურაძე, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი: - ამ დროისთვის დადგენილი მხოლოდ ის არის, რომ  მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით ჩაიდინეს. ვფიქრობ, ეს დანაშაული პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება და არა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას. არ ვიცი, ვინ ჰყავდა ასეთი მტერი ნინუას. კაცმა რომ თქვას, არც იმ დონის ბიზნესმენი ყოფილა, რომ წილების გამო მოეკლათ.

- მაყუჩიანი იარაღი ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. ვის შეიძლება ის ჰქონდეს?

- დიახ, მართლაც ძნელი საშოვნელია, მაგრამ ამის მიხედვით არ შეიძლება დასკვნის გამოტანა. მაყუჩიანი იარაღი შეიძLლება ჰქონდეთ ბოროტმოქმედებსაც, არეულობის წლებში, როცა უშიშროების საწყობი გატეხეს, ბევრი იარაღი გაიბნა მოსახლეობაში, მათ შორის, მაყუჩიანიც...

გოგა ხაინდრავასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა  ნინუას მკვლელობა.

- ჩემთვის ნინუას მკვლელობა ძალზე მოულოდნელი ამბავი იყო. ნინუა არასოდეს ყოფილა გახვეული ბინძურ საქმეებში. ის უშიშროების მინისტრი იყო მაშინ, როცა მე და გია ჭანტურია ციხეში ვისხედით. სავარაუდოდ, ეს პირადი ანგარიშსწორება იყო, მაგრამ დღეს ასეთი მკვლელობის შესრულება რიგითი მოქალაქის ან თუნდაც რიგითი კრიმინალის ძალას აღემატება. აშკარაა, რომ ნინუა პროფესიონალის მოკლულია. ის  ნინუების ოჯახში კარგად დაგეგმილი მკვლელობის მიზნით მივიდა.