"მოიტანე და წადი", ანუ ადეიშვილის "ნაციონალური" მეთოდები - კვირის პალიტრა

"მოიტანე და წადი", ანუ ადეიშვილის "ნაციონალური" მეთოდები

"ნეკა თითს რკინის კარსა და ჩარჩოს შუა ჩამაყოლებდნენ და საათობით ასე მტოვებდნენ"

"ადეიშვილს ჩოჩელის განადგურებაც ჰქონდა გადაწყვეტილი"

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ბიზნესმენი გურამ ხელაშვილი უჩივის და ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარი იყო, არაადამიანურად აწამებდნენ და აიძულებდნენ, ეღიარებინა არა მხოლოდ ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, არამედ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის - ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგაც მიეცა ჩვენება. ხელაშვილი ამტკიცებს, რომ ადეიშვილს რომ დასცლოდა, უამრავი  ფულიანი "ნაციონალი" აღმოჩნდებოდა ციხეში.

გურამ ხელაშვილი: - სასტიკად მცემდნენ და მაწამებდნენ. ნაცემს ნეკა თითს რკინის კარსა და ჩარჩოს შუა ჩამაყოლებდნენ, კარს ბოქლომით დაკეტავდნენ და საათობით ასე მტოვებდნენ იმ იმედით, რომ გავტყდებოდი. უნდა მეღიარებინა, საბუთების გაყალბებით როგორ ჩავიგდე ხელში აეროპორტის ტრასაზე, ე.წ. "პეპელას" მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი და საწარმო, სადაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო სახელმწიფო ორგანიზაცია "ინჟმშენის" ერთ-ერთი გაერთიანება - "კპპ 1." გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ამ გაერთიანების დირექტორი ვიყავი და როდესაც "ინჟმშენს" გაერთიანება გამოეყო, ქონება და ორგანიზაცია შევიძინე. მიწა, რომელზეც ეს საწარმო იყო განთავსებული, სახელმწიფომ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გადმომცა.

2008 წელს, გამოსყიდვის პროცესი რომ დასრულდა, საბუთების გასაფორმებლად იურიდიული კომპანია დავიქირავე. როგორც ჩემი დაპატიმრების შემდეგ გაირკვა, ადეიშვილის ხალხი, კარგა ხანს ცდილობდა სხვადასხვა მაქინაციით ჩემს გამოჭერას, რომ მთელი ეს ქონება ხელში ჩაეგდო. მოკლედ 2010 წლის აგვისტოში დაიჭირეს ჩემი დაქირავებული იურისტები და ათქმევინეს, რომ მათ მაქინაციებისთვის გავურიგდი. დღეს ცილისმწამებლებს რცხვენიათ და მარწმუნებენ, სასამართლოში ვიტყვით, რომ ზეწოლას ვერ გავუძელითო. ადეიშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც ხალხს იმისთვის იჭერდა, რომ ერთს მეორისთვის დაებრალებინა რამე, მეორეს - მესამისთვის და ასე აკეთებდა ფულს. მჯერა, რომ როდესაც ქვეყანაში ფულის გადამხდელი აღარ დარჩებოდა, "ნაციონალები" ერთმანეთს დაერეოდნენ. ადეიშვილმა თადარიგი 2010 წელს დაიჭირა. ამას მივხვდი, როდესაც ჩოჩელის ჩაძირვაში მონაწილეობა მომთხოვეს. ადეიშვილისთვის ფული იყო მთავარი. "მოიტანე და წადი", - კბილებში გამოცრილი ეს ორი სიტყვა მისი ხელქვეითებისთვის იმას ნიშნავდა, რომ ვისგანაც მინისტრი ფულის მოტანას დაავალებდა, "ნემსის ყუნწში" უნდა გაეძვრინათ. ვინც ამ "ყუნწში" ნებით გაძრომაზე უარს იტყოდა, არა მარტო ფულს, ჯანმრთელობასაც კარგავდა...

- მაინც რის თქმას გაიძულებდნენ?

- მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი, უნდა მეთქვა, რომ ჩოჩელმაც ჩემსავით საბუთების გაყალბებით ჩაიგდო ხელში მიწა და ქონება და მერე პლასტმასის მილების საწარმო შექმნა. 9-თვიანი ომის შემდეგ შეძლეს, მეღიარებინა, რომ "გვირაბი ბომბეიმდე მხოლოდ მე გამყავდა". ჩოჩელზე ვერაფერი მათქმევინეს. როგორ მეთქვა დამანაშავეა-მეთქი, როცა არაფერი ვიცოდი მისი საქმიანობის შესახებ? რომ გამოვედი, შევუთვალე, დაგდევენ და იცოდე, ვისთანაც ხარ, შენიანები არ არიან-მეთქი. კითხვა დამიბრუნა, ვინ დამდევსო. ვინც მე მაწამა ციხეში-მეთქი. ჩოჩელი რომ ვერ მოიხელთეს, ჩემს მეგობარს, ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეს მიადგნენ. როდესაც საწარმოში ფინანსური კრიზისი მქონდა, ის მეხმარებოდა. მან ორდღიან წამებას გაუძლო მხოლოდ - აღიარებინეს არარსებული დანაშაული და 200 ათასი ლარი გადაახდევინეს. პატიმრობის დროს ერთხელ ვიღაც კაცს შემახვედრეს, ესეც ხომ იყო შენთან ერთად საქმეშიო. არადა, პირველად ვხედავდი, ხელი როგორ დამედო?

- რატომ გგონიათ, რომ ადეიშვილის პირადი პატიმარი იყავით?

- ადეიშვილი ჩემი ძმისშვილის ჯგუფელი იყო. ბიჭებს ფული რომ დასჭირდებოდათ, ვაძლევდი. დაპატიმრებული რომ ვიყავი, ერთ დღეს ბადრაგმა ციხიდან გამომიყვანა და სადღაც შენობაში მიმიყვანა, კაბინეტში ადეიშვილი დამხვდა. ვკითხე, რას მერჩი-მეთქი? მხრები აიჩეჩა - კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოსო. ჩემს ძმისშვილს  უთხოვია, დაგვეხმარეო. ალბათ, ამიტომ ისურვა შეხვედრა, მაგრამ რა? მეორე დღეს ადვოკატმა მითხრა, ადეიშვილმა შემოგითვალა, 2 მილიონი ლარი მოიტანე და თითს ვეღარავინ დაგაკარებსო. დიდი ხნის ვაჭრობის შემდეგ საპროცესო თანხა 50 ათას ლარზე ჩამოიყვანეს და ბრალად წამიყენეს სახელმწიფოსთვის 840 000 დოლარის ზარალის მიყენება. საპროცესო გარიგების ფული გამომიქვითეს და ქონება დამიყადაღეს.  70 წლის ვარ და პენსიას უკვე ორი წელია, არ მაძლევენ. როდესაც ამ საკითხის გარკვევა ვცადე, მითხრეს, რომ  პენსია პატიმრობის გამო მომიხსნეს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დამზარალებელს - თქვენ ხომ სრულად არ დაგიფარავთ ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალიო. პენსიის წილშიც ჩამისხდნენ. როდესაც ციხეში ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა, ვინმე მირზამ მომინახულა, ვუთხარი, არაკაცები ხართ, ხომ იცით, დანაშაული არ ჩამიდენია-მეთქი? დამამადლა, მადლობელი იყავი, შენი შვილიც გვერდით რომ არ მოგისვითო? ვერასოდეს ვიფიქრებდი, ასეთი მონსტრების ხელში თუ ჩავარდებოდა ქვეყანა.

P.S. შევეცადეთ, მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს, ცეზარ ჩოჩელს დავკავშირებოდით და გაგვეგო, ოდესმე უგრძნია თუ არა საფრთხე თავისი თანაგუნდელებისგან. სამწუხაროდ, მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა.