"ღირსეული კაცი, მამა და მეუღლე, წამებით მომიკლეს" - კვირის პალიტრა

"ღირსეული კაცი, მამა და მეუღლე, წამებით მომიკლეს"

რაზე ისაუბრა სიკვდილის წინ პოლკოვნიკმა სერგო თეთრაძემ და ვის მიგზავნას ითხოვდა ბაჩო ახალაიასთან

გასულ კვირას გენერალურმა პროკურორმა საზოგადოებას რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოძიების ახალი დეტალები გააცნო. მათ შორის ერთ-ერთია ომის ვეტერანის, ყოფილი მზვერავის, 57 წლის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმე. აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც პატიმრებმა და სასჯელაღსრულების ყოფილმა თანამშრომლებმა პროკურატურას მისცეს, თავზარდამცემია.

შეგახსენებთ, რომ სერგო თეთრაძე გასული წლის 17 სექტემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და ექვს დღეში პოლკოვნიკის ოჯახს თეთრაძის ნაწამები, დასახიჩრებული ცხედარი დაუბრუნეს. ამ  საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. აქედან გამომდინარე, უცნობია, სინამდვილეში რა გახდა თეთრაძის დაკავების მიზეზი. მხოლოდ ვარაუდი არსებობს, თუ რას გეგმავდა იმხანად ხელისუფლება და შეუშალა თუ არა ამ გეგმის შესრულებას ხელი თეთრაძის გარდაცვალებამ, რომელიც ჯალათებს სავარაუდოდ წამებისას შემოაკვდათ.

თავის დროზე, გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა და პატიმართა წამების ვიდეოჩანაწერის ციხიდან გამომტანმა ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა: "მე ამას დავადასტურებ სამართლიანი სასამართლოს პირობებში... თეთრაძის წამების ვიდეოფირი ალექსანდრე მუხაძემ გადაიღო, პირადად იღებდა! ესწრებოდა ოლეგ ფაცაციაც, გაუპატიურებისას ვეღარ მოზომეს და შემოაკვდათ თეთრაძე, რომელსაც გული აწუხებდა. ის უკვე მკვდარი გადაიყვანეს "რეზბალნიცაში" და გააფორმეს როგორც ცოცხლად შეყვანილი".

საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ალექსი ტერაშვილმა აღიარა, რომ პატიმარ თამაზ  სისაურთან ერთად ოლეგ ფაცაციასა (#8 დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი) და ვიქტორ ყაჭეიშვილის (ზემოთ ხსენებული დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი) ბრძანებით სერგო თეთრაძეს დაახლოებით 20 წუთი სცემდნენ, რეზინის ხელჯოხით გააუპატიურეს, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და ნახევარ საათში გონმოუსვლელად გარდაიცვალა.

თეთრაძის საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებდა. იმხანად ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი იყო, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია გადაიყვანეს, მან უწყებაში თან წაიყვანა როგორც მეგის ქარდავა, ასევე, ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "კილერა"). ეს უკანასკნელი თეთრაძის წამებაში ერთ-ერთი ბრალდებულია და ისევე როგორც მეგის ქარდავა, ქვეყნიდან გაიქცა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ.

თეთრაძის საქმეში ბაჩო ახალაიას დანაშაულებრივი მონაწილეობაც იკვეთება. მაგალითად, პატიმარი ოლეგ რამიშვილი ჩვენებაში მიუთითებს, რომ თეთრაძისთვის ჯაშუშობის დაბრალებით სწორედ ახალაია იყო დაინტერესებული. "ეს თავად კილერამ  მითხრა, - ამბობს ოლეგ რამიშვილი და თეთრაძის წამების ეპიზოდს აღწერს, - საკანში შესვლისთანავე გავიგონე გინება, რასაც თეთრაძის ცემა მოჰყვა, ოლეგ ფაცაცია გამეტებით ურტყამდა ხელკეტს, ხოლო ალეკო მუხაძე -+ მუშტებს, როცა თეთრაძე დაეცემოდა, წიხლებს დააყრიდა. ეს 15-20 წუთი გაგრძელდა. ბოლოს ალეკო მუხაძემ თეთრაძე წამოაყენა და მუშტი ჩასცხო მკერდში... განწირული ღრიალი გაისმა და თეთრაძე მუხლებზე დაეცა... დავინახე, საკარანტინო საკნიდან როგორ გაათრიეს თეთრაძე".  ბაჩო ახალაია თეთრაძის წამებით მოკვლას ჯიუტად უარყოფს: "ვიცი, რომ ეს კაცი ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. მე ოფიციალური ვერსიის მჯერა. ხალხი კი ამბობდა, მოკლეს, ჩამოახრჩვესო, ფაქტები არ დაიმალება!".

ფაქტი მართლაც ჯიუტია და არ იმალება. საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა, ახლახან გამოაშკარავდა ის ფოტომასალაც, რომელიც თეთრაძის ცხედარზე წამების კვალს ააშკარავებს.

ერთადერთი ადამიანი, ვინც იმ საბედისწერო ექვსი დღის განმავლობაში პოლკოვნიკის ნახვა მოახერხა, მისი ყოფილი ადვოკატი თამარ იასეშვილია, რომელიც მალე პროკურატურას ჩვენებას მისცემს.

- საქმის მასალები თავიდანვე არ გამაცნეს. ბატონი სერგო დროებითი მოთავსების საკანში ვნახე, სასტიკად ნაცემი, ნაწამები იყო. ცხვირი გატეხილი ჰქონდა (აქეთ-იქით უმოძრავებდა), თვალები ჩალურჯებოდა, ფეხზე ძლივს იდგა. ვუთხარი, სასწრაფოდ გავაცხადოთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, - ისეთი პირები ესწრებოდნენ ჩემზე ძალადობას, რომ გავამჟღავნო, მომკლავენო. ბატონმა სერგომ მთხოვა, არ მეთქვა ამ პირთა სახელები არავისთვის, არც მისი ცოლ-შვილისთვის, რომ საფრთხე არ შეჰქმნოდათ. პროკურატურას დაწვრილებით ჩვენებას მივცემ. რასაკვირველია, იმ დღეს თეთრაძეს ვკითხე, რა დანაშაულში სდებდნენ ბრალს. მითხრა, ითხოვენ, ვაღიარო, რომ ვიღაცას ინფორმაციას ვაწვდიდიო. ვურჩიე, ეღიარებინა, თუკი ამით წამებას გადარჩებოდა. იუარა, ტყუილს ვერ ვიტყვი, ხელს ვერავის დავადებ, ნაომარი კაცი ვარ, ამდენი ხანი ქვეყანას ვემსახურებოდი და ეს როგორ ვიკადროო. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო... მისი მეუღლე ისე დაშინდა, უარი თქვა, ცხედრის ალტერნატიულ ექსპერტიზაზე, თუმცა გადაუღო ფოტოები, სადაც წამების ნიშნები აშკარად ჩანს.

მაგდა კოტრიკაძე, სერგო თეთრაძის ადვოკატი: "როგორც ვიცი, სერგო თეთრაძემ თამარ იასეშვილს სთხოვა, ისეთი პირი მიეგზავნათ ბაჩო ახალაიასთვის, ვინც დაარწმუნებდა, რომ სერგო თეთრაძე არ ჯაშუშობდა. ვფიქრობ, მაშინ ხელისუფლება ჯაშუშების დაკავების მორიგ პიარაქციას გეგმავდა, მაგრამ თეთრაძის გაუთვალისწინებელმა სიკვდილმა ამის საშუალება აღარ მისცა. ახლა კი საზოგადოებამ არც იმ პირთა ვინაობა იცის, რომლებიც, ჩემი აზრით, ამ შეთითხნილი ჯაშუშობის საქმეზე არიან დაკავებული. იცით, თავიდან სამხედრო პოლიციამ როგორ დაიწყო ე. წ. ჯაშუშების გამოვლენა? ნახა, რომ "ოდნოკლასნიკებში" დარეგისტრირებული იყო თბილისში არსებული სამხედრო სასწავლებლის ТАУ-ს კურსდამთავრებულთა ჯგუფი და დაიწყო მათი დევნა. ერთ-ერთი იყო დავით ლონდარიძე, რომელიც თავის პედაგოგ სერგეი ჩაპლიგინთან ერთად ახლა დაკავებულია. ორივემ აღიარა არარსებული დანაშაული. სერგო თეთრაძეზე კი მას შემდეგ გავიდნენ, რაც ლონდარიძეს მობილურ ტელეფონში აღმოუჩინეს სერგო თეთრაძის ნომერი და ჰკითხეს, ეს ვინ არისო. ლონდარიძემ უპასუხა, ჩემი უფროსი იყოო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში სრულიად შემთხვევით გაერია თეთრაძე და თავის წესიერებას ვაჟკაცურად შეეწირა".

P.S. ჩვენ სერგო თეთრაძის მეუღლეს, ნანა თეთრაძეს დავუკავშირდით: "ვერ აგიწერთ, რა დღეში ვართ, რისი გადატანა გვიხდება მე და ჩემს ვაჟს. სერგო თეთრაძე, ღირსეული კაცი, მამა და მეუღლე, წამებით მომიკლეს. თუმცა ვამაყობ იმით, ის კაცურად მოიქცა და სიმართლეს თავი შესწირა. მოვითხოვ სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას. ეს იქნება თეთრაძის სახელის რეაბილიტაციის მცდელობა, რაც ჩემს ვაჟს იმით მაინც ანუგეშებს, რომ სახელმწიფომ აღიარა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან თეთრაძის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული".

ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრს" ქმნის და მასში გაწევრებისკენ მოუწოდებს ყველას, ვინც თავს ახალი მთავრობის რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევს.

მანამდე კი, ალბათ, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, - გასცა თუ არა თეთრაძის წამების ბრძანება უშუალოდ ბაჩო ახალაიამ? რა გეგმა ჰქონდა და რატომ აიყვანეს მაინცდამაინც თეთრაძე? ჩვენი ინფორმაციით, დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.