მელნიკოვს საქართველოში ჩამოიყვანენ... - კვირის პალიტრა

მელნიკოვს საქართველოში ჩამოიყვანენ...

უკრაინელმა სამართალდამცველებმა, "ინტერპოლის" ინფორმაციის საფუძველზე, კიევში საქართველოს შსს-ს კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ოლეგ მელნიკოვი დააკავეს. მელნიკოვი დათა ახალაიასთან, სოსო თოფურიძესა და გერონტი ალანიასთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და წამების ბრალდებით იძებნებოდა, კერძოდ, შსს-ს ცნობით, 2005 წლის 5 იანვარს ზემოხსენებულმა პირებმა მოდულის შენობაში პოლიციის მაღალჩინოსნებს სცემეს და აწამეს იმის დასადგენად, რომელმა მათგანმა მიაყენა შეურაცხყოფა ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას, რესტორან "ძველ სახლში".

თუმცა დღეს საინტერესო უფრო ის არის, რომ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში, შესაძლოა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიებას მნიშვნელოვანი მოწმე შეემატოს. ამ დროისთვის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მელნიკოვსა და სხვა მაღალჩინოსნებზე საქმე აღძრული არ არის.

იურიდიული ნორმით, მელნიკოვის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ 2006 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. მაშინ გირგვლიანის მეგობარმა ლევან ბუხაიძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ოთხ პირს შორის, რომლებიც გირგვლიანს ოქროყანის სასაფლაოზე სცემდნენ, მელნიკოვიც იყო. თუმცა მაშინ გამოძიება ბუხაიძეს გაღმა შეედავა და ხელმეორედ დაჰკითხა იმის გასარკვევად, რატომ მისცა მან ჩვენება მელნიკოვის წინააღმდეგ. ასეა თუ ისე, მელნიკოვი მაშინ არ დაუკავებიათ(!).

შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმის გამო აჟიოტაჟის ატეხის შემდეგ კუდ-ის უფროს დათა ახალაიასა და გენერალური ინსპექციის უფროს ვასილ სანოძეს უფლებამოსილება შეუჩერდათ. როგორც ბოლო დროს გახდა ცნობილი, ვანო მერაბიშვილს ისინი ოფიციალურად თანამდებობაზე 2008 წლის აგვისტოში დაუბრუნებია. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ ქვეყანაში და ახალაიასა და სანოძისთვის არავის ეცალა. რაც შეეხება მელნიკოვს, არსებული ინფორმაციით, ის გირგვლიანის საქმის გახმაურების შემდეგ შსს-დან გაუშვეს.

ყოფილი ხელისუფლების დროს მოქმედებდა ერთი დაუწერელი კანონი - ყოფილ ჩინოსანს ბევრი რომ არ ელაპარაკა და პრობლემები არ შეექმნა, ბიზნესში ან სხვა სფეროში სასათბურე პირობებს უქმნიდნენ. არ არის გამორიცხული, მელნიკოვთან დაკავშირებითაც ასე მოიქცნენ.

ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალურად შემომტანი ფირმის - "არსენალი პლიუსის" დამფუძნებელი მანანა მარიდაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქმიანობის გასაგრძელებლად მელნიკოვის წილში ჩასმა მოუხდათ. ბიზნესმენის ცნობით, ოფიციალურად მეწილედ მელნიკოვის დედა მაგდანა ბერაძე გაფორმდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მარიდაშვილი მელნიკოვსა და გია დგებუაძეს ("მასტერა") 868 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მელნიკოვმა სწორედ ამ ფულით დაიწყო საკუთარი ბიზნესი და დააარსა ფირმა "თრეიდ ალიანს გრუპი". მისი თქმით, როდესაც მელნიკოვს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში გაიქცა (შსს-ს ცნობით, მელნიკოვმა საქართველო 2010 წლის 2 დეკემბერს დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა).

ქართულმა მხარემ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკრაინელ სამართალდამცველებს უკვე გაუგზავნა. შსს-ს ცნობით, მელნიკოვის საქართველოში ჩამოყვანა კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება. თუ ახალაიას ყოფილი მოადგილე ალაპარაკდება, მისი ჩვენებები გირგვლიანის საქმეში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვართ, რომ გამომძიებლები მას კითხვებს ექვსი წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზეც დაუსვამენ.