მერაბიშვილის ბიძა - ”ქურდული” გაგების "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი"... - კვირის პალიტრა

მერაბიშვილის ბიძა - ”ქურდული” გაგების "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი"...

"ის ბრალდება, რაც მერაბიშვილის ბიძას აქვს წარდგენილი, კიდევ უფრო დამძიმდება"

ლევან თუმანიშვილი, იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი", ვანო მერაბიშვილის ბიძა (დედის ძმა) გახლავთ. ცოტა ხნის წინ "სტეპანიჩი" დაიჭირეს. ეს ფაქტი მეხის გავარდნასავით იყო უდეში (ვანოს მშობლიური სოფელი), რადგან, როგორც "კვირის პალიტრას" ადიგენის რაიონის რეინჯერებმა განუცხადეს, ახალციხეს თავისი იმპერატორი ჰყავდა, რომლის გარეშეც ქეიფი არ იმართებოდა, მიცვალებული არ იკრძალებოდა, ქალი არ მშობიარობდა და ჩიტიც კი არ დაფრინავდა ცაში.

"სტეპანიჩი" შპს "ტაოს" მფლობელი გახლდათ, რომლის საქმიანობაც ხეტყის მოპოვება, პურის ცხობა, სამშენებლო და სხვა სამუშაოები იყო. სამართალდამცავების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე "ტაოს" მიერ უკანონოდ გაიჩეხა და განადგურდა ტყის დიდი მასივები ადიგენში. სქემა კი ასეთი იყო: ხეტყის შესყიდვა ვითომ ლიცენზიის მქონე ადგილობრივი მოსახლეობისგან ხდებოდა. სინამდვილეში, ისინი აზრზეც არ იყვნენ, რა ხეტყე იყიდა მათგან "სტეპანიჩმა". მეტიც, 33 დაკითხულიდან არც ერთს არასოდეს მიუყიდია ხეტყე შპს "ტაოსთვის". რაც მთავარია, გამოძიების ვერსიით შესყიდვის დოკუმენტებზე ხელმოწერები გაყალბებული იყო.

როგორც კი თუმანიშვილმა რეინჯერების მოწმის სახით დაკითხვის ამბავი შეიტყო, მათზე ზეწოლა და მუქარა დაიწყო.

"სტეპანიჩმა" მითხრა, პოლიციასთან თანამშრომლობა ბოზობაა, იცოდე, შენს შვილს სკოლაში ბოზის შვილს დაუძახებენო. რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ბოზის შვილი?" - ასეთია ერთ-ერთი რეინჯერის, ვეფხია ბაქრაძის განცხადება. ზეწოლის ფაქტები გამოვლინდა სხვა მოწმეებზეც. 15 დეკემბერს "სტეპანიჩი" წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 16 დეკემბერს კი "სიმულაცია გაითამაშა" (ასე შეაფასეს სამართალდამცავებმა მისი საქციელი) - გულყრა დაემართა, რის შემდეგაც სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს. იქ კი დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს არ ექნება ისეთი ჯანმრთელი გული, როგორიც ლევან თუმანიშვილს თავის ასაკში. ამის შემდეგ საღ-სალამათი და რატომღაც კარგ გუნებაზე მყოფი "სტეპანიჩი" ისევ ახალციხეში გადააბრძანეს. მალევე მისი გამხიარულების მიზეზიც გაირკვა - სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "სტეპანიჩი" 18 დეკემბერს გირაოთი გაათავისუფლეს.

გივი პაპუაშვილი (სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურორი):

- დაკითხული პირები აცხადებენ, რომ არავითარი ხეტყე არ მიუყიდიათ "ტაოსთვის". შესაბამისად, დოკუმენტებზე არ არის მათი ხელმოწერა. დავკითხეთ შპს "ტაოს" ხელმძღვანელობა და ბუღალტერიც. ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებს დოკუმენტების სიყალბეს. ამ ეტაპზე კი, როდესაც 33 კაცი გაიძახის, არ არის ჩემი ხელმოწერა და ხეტყე არ გამიყიდიაო, გამოძიებას არანაირი საფუძველი არა აქვს, არ გაიზიაროს მოწმეთა ჩვენება. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზა ჩატარდება და მტკიცებულებაც დაიდება!

- ვინ აწერდა შესყიდვის დოკუმენტაციას ხელს?

- გამოძიების ვარაუდით, ხელს თავად თუმანიშვილი, მთავარი ბუღალტერი და ფირმის სხვა თანამშრომლები აწერდნენ, ამ შეკითხვაზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს... ეს ხალხი გაოგნებული იყო, რაში სჭირდებოდა ჩვენი ხელმოწერა თუმანიშვილს, რამდენსაც მოისურვებდა, იმდენ ხეს ჭრიდაო. ყალბ დოკუმენტაციას თუმანიშვილი იმიტომ ამზადებდა, რომ "გაეპრავებინა" თავისი უკანონო ქმედებები. რა თქმა უნდა, ეს სრული სია არ გახლავთ, დღესდღეობით 33 პირის მიერ ხელმოწერილი 50-60 დოკუმენტია შესწავლილი. სავარაუდოდ, კიდევ 300-400 ასეთი დოკუმენტია შესამოწმებელი... ის ბრალდება, რაც დღეს თუმანიშვილს აქვს წარდგენილი, არ არის საბოლოო, ეს მხოლოდ დასაწყისია. გამოძიების პროცესში ახალი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, ბრალი უფრო დამძიმდება. არ არის გამორიცხული, თუმანიშვილის ქმედებაში გამოიკვეთოს სხვა დანაშაულის ნიშნებიც, ამ შემთხვევაში მას ახალი ბრალდება წარედგინება.

- რა განაცხადა ლევან თუმანიშვილმა დაკითხვაზე?

- ყველაფერი უარყო, უკანონოდ არაფერი მიწარმოებიაო. განაცხადა, რომ შუამავლების მეშვეობით შეიძიIნა ხეტყე და შესაბამისად, დოკუმენტაციაც მათ შეავსეს. თუმცა გამოძიებამ ეს ვერსია გააბათილა - თუმანიშვილს წარუდგინეს ყალბი დოკუმენტაცია, რომელთა ნაწილი მისივე ხელით არის შევსებული. ამის შემდეგ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. რა თქმა უნდა, ამ აღიარებით არ შემოვიფარგლებით და ხელმოწერებს ექსპერტიზაზე გავუშვებთ. გამოძიებამ დაადგინა 6 000 კვმ ფართობზე ხეტყის უკანონოდ მოჭრის ფაქტი და, შესაბამისად, 126 000 ლარის ზიანი. გამოძიების პროცესში დადგინდა მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტებიც. მეტიც, თუმანიშვილი ე.წ. შავი გაგებით ელაპარაკებოდა ერთ-ერთ მოწმეს, - გამოძიებასთან თანამშრომლობა ბოზობაა”და თუ იბოზებ, სკოლაში შენს შვილს ბოზიშვილს დაუძახებენო.

"ნაციონალურ მოძრაობას" დეკლარირებული ჰქონდა ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა და აღმოჩნდა, რომ თავად ვანო მერაბიშვილის ბიძაა "შავი გაგების". რაიონში საუბრობენ, რომ თუმანიშვილის გარეშე ვერავინ შეიტანდა პურს მაღაზიაში. მას ჰქონდა და ახლაც აქვს საცხობი, სადაც ცხვებოდა ე.წ. უდის”პური. როდესაც მაღაზიაში სხვას შეჰქონდა პური, ეუბნებოდნენ, ვერ მივიღებთ, "სტეპანიჩს" ეწყინებაო...

იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს ემსჯელა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, მოსამართლემ გვერდი აუარა ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებს... განაცხადეს, რომ ლევან თუმანიშვილის ასაკი (66 წელი) და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ის არ დაემალება გამოძიებას(?!) და აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარის გირაო შეუფარდეს. ოჯახმა ეს თანხა 15 წუთში გადაიხადა და თუმანიშვილი ციხიდან გამოიყვანა. პირს, რომელსაც პირველადი ბრალის მიხედვით 100 000 ლარზე მეტი ზიანი აქვს მიყენებული სახელმწიფოსთვის, ამასთან, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ზიანის ოდენობამ მომავალში მილიონს მიაღწიოს, 50 000-ლარიანი გირაოთი უშვებ, სასაცილოა! როდესაც ამხელა თანხაზეა ლაპარაკი, ის დაუფიქრებლად გასწირავს გირაოს სახით სულ რაღაც 50 000 ლარს და მიიმალება.

- ფიქრობთ, რომ გაიქცევა?

- დიახ, ბატონო!

"კვირის პალიტრა" შეეცადა დაკავშირებოდა ლევან თუმანიშვილს, თუმცა შუამავლების პირით შემოგვითვალა, ძიების დასრულებამდე კომენტარისგან თავს შევიკავებო.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სავარაუდოდ, "სტეპანიჩს" ბრალს დღე-დღეზე წაუყენებენ, თუ, რა თქმა უნდა, საზღვარი არ გადაკვეთა და ქვეყნიდან არ გაიქცა. მით უმეტეს, უდედან საზღვარი სულ რაღაც კილომეტრ-ნახევარშია.

თამარ როსტიაშვილი