ვის გათავისუფლებას მოაწერა პრეზიდენტმა ხელი?! - კვირის პალიტრა

ვის გათავისუფლებას მოაწერა პრეზიდენტმა ხელი?!

სააკაშვილის  პერსონალური პედოფილები?!

ელენე თევდორაძე: "სააკაშვილმა პირადად მიიღო მათი შეწყალების გადაწყვეტილება. რით ხელმძღვანელობდა ამ დროს, არ ვიცი"

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებით დაიმუქრა. "როდესაც ასეთ პატიმრებს უშვებ, ეს ან ჩემს ჯინაზე კეთდება, ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით. მე დავადებ ვეტოს ამას და იმასაც, რომ ყველა სხვა დანაშაულში გაჰყავთ პედოფილია, რომელიც არ იკურნება. ყველა სხვა დანარჩენი ჯანდაბას, მაგრამ პედოფილიის ნაწილს ვადებ ვეტოს. გადალახონ ეს ვეტოც და აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, მკვლელებს და კანონიერ ქურდებს, მაგრამ მე საღ აზრზე ამას ხელს არ მოვაწერ".

"კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად გთავაზობთ იმ პატიმართა სიას, რომელთა გათავისუფლებას სააკაშვილმა ხელი მოაწერა 21 დეკემბერს და რომელთაც ბრალი ედებათ პედოფილიაში, მკვლელობაში, ჯაშუშობაში, კანონიერ ქურდობაში და სხვ. მანამდე ამ პატიმრების განთავისუფლებაზე უარი თქვა პრეზიდენტის აპარატთან არსებულმა შეწყალების კომისიამ.

პატიმართა 1544-კაციან სიაში 723 მძიმე, ხოლო 532 განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეა.

ახლა კი ყველაზე საინტერესო -  როგორ შეადგინა ეს სია პრეზიდენტმა. წესით, სია უნდა მიეწოდებინა შეწყალების კომისიას.

ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე:

- 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 28 დეკემბრამდე შეწყალებულთა სია თქვენ მიაწოდეთ სააკაშვილს?

- სადაც მძიმე დანაშაულებზეა საუბარი, არა?

- დიახ!

- იცით, თუ პატიმარმა მოიხადა სასჯელის ნახევარი, ამის მიხედვით დგება ე.წ. სარეკომენდაციო სია, რომელსაც პრეზიდენტს გადავცემთ. შემდეგ ჩვენს რეკომენდაციებს პრეზიდენტი ან ითვალისწინებს, ან - არა.

საერთოდ, განცხადება შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის სახელზე შეაქვს ოჯახის წევრს ან თავად პატიმარს. შემდეგ ჩვენი აპარატი ამ განცხადების საფუძველსა და გარემოებებს სწავლობს. ჩვენთან განიხილება მხოლოდ ის საქმეები, რომელთა მიხედვით პატიმარს მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი და აქვს დადებითი დახასიათება. თუ პატიმარს აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, მაგრამ აქვს უარყოფითი დახასიათება, შეწყალების კომისია საქმეს არ განიხილავს. ასევე არ განვიხილავთ მძიმე შემთხვევებს. როგორც ჩანს, სააკაშვილმა მის სახელზე შესული განცხადებებიდან ამოკრიბა ისინი.

- როგორც გავარკვიეთ, პრეზიდენტმა თავად მოაწერა ხელი პედოფილებისა და მკვლელების გათავისუფლებას. ეს სია თქვენმა კომისიამ მიაწოდა?

- როგორც მითხარით, ჩვენი კომისია მძიმე დანაშაულებს არ განიხილავს. ეს არის სააკაშვილის გადაწყვეტილება, ანუ სააკაშვილმა პერსონალურად გამოითხოვა ეს საქმეები და პირადად მიიღო მათი შეწყალების გადაწყვეტილება. რით ხელმძღვანელობდა ამ დროს პრეზიდენტი, არ ვიცი.

თამარ როსტიაშვილი