"თუ პროფესიონალი ხარ, ყოველთვის გაქვს გადანახული ინფორმაციის გამჟღავნების სარეზერვო ვარიანტი" - კვირის პალიტრა

"თუ პროფესიონალი ხარ, ყოველთვის გაქვს გადანახული ინფორმაციის გამჟღავნების სარეზერვო ვარიანტი"

პროფესიონალური ხრიკი - მკვლელობის ვერსიას საითაც დაგჭირდება, იქით მიმართავ?!

უშიშროების ყოფილი მინისტრის,  66 წლის თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობამ შეძრა საზოგადოება. თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. ის სკანდალების გმირი არასოდეს ყოფილა და მკვლელობის მიზეზიც კიდევ უფრო ბუნდოვანი ჩანს.

ჩვენ შევეცადეთ მკვლელობის მიზნებსა და მიზეზებზე უშიშროების ოპერატიული სამსახურის გადამდგარ ჩინოვნიკთან ერთად გვემსჯელა (მიზეზთა გამო მან მკითხველისთვის ვინაობის გამხელა არ ისურვა). ვფიქრობთ, მისი არგუმენტები და ანალიზი მეტად საინტერესო იქნება:

- იმის მტკიცება, რომ ნინუებთან მაინცდამაინც ახლობელი ან ნაცნობი მივიდა, მცდარია. ეს დილეტანტის ნათქვამია. პროფესიონალისთვის (სულერთია, უშიშროების, ოპერატიული თანამშრომელი იქნება თუ კილერი) კარის გაღებაზე ადვილი  არაფერია. როცა ეს საჭირო იყო, თავადაც არაერთხელ შევსულვარ ბინაში ათასგვარი საბაბით,  მათ შორის გვიან ღამითაც.

- რა მიზეზით შეიძლება ღამის სამ საათზე უცხო პირს კარი გაუღო?

- მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს: გაზის გაჟონვა, გაუმართავი სადენებისგან გამოწვეული ხანძარი, სადარბაზოში ნაპოვნი ნივთი და ასე შემდეგ, ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

- ბუნებრივია, პროფესიონალების ეს ფანდები იცოდა ნინუამაც. ასე ადვილად წამოეგებოდა ანკესზე?

- საქმე ის არის, რომ ნინუას უშიშროების მინისტრობიდან დიდი დროა გასული. ის სიბერისკენ მიდიოდა, ამასთან, უსაფრთხო მდგომარეობას შეეჩვია, სიფრთხილე და სიფხიზლე ნელ-ნელა მოუდუნდა, ეს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეა. სიფხიზლეს ადამიანი მაშინ იჩენს, როცა საფრთხეს, თავდასხმას ელოდება.

- მაგრამ ის სავარძელში იჯდა, სავარაუდოდ, მკვლელმა მასთან გასაუბრებაც მოასწრო.

- დაბეჯითებით არც ამის თქმა შეიძლLება. ბინაში შეღწევის შემდეგ იქ მყოფთა კილერის ჭკუაზე ტარება პრობლემა აღარ არის. მიადებს იარაღს და მორჩა. ყველას ისე ჩამოამწკრივებს, როგორც დასჭირდება, უნდა სავარძელში ჩასვამს და უნდა ლოგინში ჩააწვენს. ამ საქმის შემსრულებელი რომ პროფესიონალია, ცხადია.

- ზოგიერთმა მიანიშნა, რომ ეს მკვლელობა შესაძლოა სპეცსამსახურების შეკვეთილიც იყოსო.

- ერთი შეხედვით, ნინუას მკვლელობა ამ ხელისუფლების ინტერესში ლოგიკურად არ ჯდება, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებისა და ინტრიგების განსაზღვრა შეუძლებელია.   ჩვენ ხომ არ ვიცით, სახელმწიფო რას გეგმავს, რას ფიქრობს და რა რისთვის სჭირდება? ნინუას მკვლელობა ის შემთხვევაა, როცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. კითხვა, რატომ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ნინუას მკვლელობით დაინტერესებული, ლოგიკურია, მაგრამ სად რა გადაიკვეთა, რა კომბინაციისთვის არის საჭირო ყოფილი უშიშროების მინისტრის თავიდან მოშორება, ჯერ არ ვიცით. ვთქვათ მე, ხელისუფლებას, მჭირდება, რომ აქცენტი შიდა პრობლემებისა და ხალხის უკმაყოფილების გამო სხვა რამეზე გადავიტანო და ვიწყებ გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას; ვთქვათ, ასევე მჭირდება აქცენტი გადავიდეს შევარდნაძეზე, "მხედრიონზე" ან სულაც რუსეთში გაქცეულ ხელისუფლების ყოფილ წევრებზე (რომლებიც ოპოზიციის დამფინანსებლებადაც მოიაზრებიან).

მინდა, ხალხმა ამ თემაზე ილაპარაკოს, მე ამ ძალების  კომპრომეტირება და მათი განეიტრალება, ამასთანავე საყოველთაო შიშის დანერგვა მჭირდება. სინამდვილეში კი არც გიორგაძეა შუაში და არც შევარდნაძის ხელისუფლება. სავსებით შესაძლებელია, ნინუამ არც არაფერი იცოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ მჭირდება ხმაური და აზრის შექმნა საზოგადოებაში, რომ ნინუამ გამსახურდიას მკვლელობაზე ანუ იმ ხელისუფლებაზე რაღაც იცოდა. ამით საზოგადოების აზრს მათ წინააღმდეგ მივმართავ, ვისი ჩაძირვაც ამ ეტაპზეა საჭირო. მე თუ მკითხავთ, გიორგი სანაიას მკვლელობაც ანალოგიური იყო. დარწმუნებული ვარ, სანაიას არავითარი ინფორმაცია და ჩანაწერი არ ჰქონდა. მისი მკვლელობა ვიღაცას მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრის შესაქმნელად დასჭირდა. როცა დიდი პოლიტიკური თამაში მიდის, ნინუასა და ნებისმიერი მოქალაქის სიცოცხლე უმნიშვნელო ხდება...

თვით იმ აზრის გავრცელება საზოგადოებაში, რომ გამსახურდიას საქმესთან ნინუას მკვლელობის კავშირი გამოირიცხა, უკვე რაღაცაზე მიანიშნებს, ეს პროფესიონალებისთვის ცნობილი ხრიკია. რა იცის გამოძიებამ, ორიოდ დღის წინ მომხდარი მკვლელობა უკავშირდება თუ არა კომისიის შექმნას? ეს ერთი შეხედვით მეტად არაპროფესიულ მიდგომას ჰგავს (რადგან ორ დღეში საიდუმლოებით მოცულ მკვლელობაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება), მაგრამ  საქმე ისაა, რომ ასე სასწრაფოდ ამ ვერსიის გამორიცხვა წინა პირობაა იმისა, რომ  საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა  და ფიქრი სწორედ ამ მიმართულებით წარიმართოს. დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ნინუამ გამსახურდიას მკვლელობაზე რაღაც იცოდა, რომ არ მოეკლათ, ეს გახმაურდებოდაო და ა.შ.

- ხომ შეიძლება ნინუას ასეთი რამ მართლაც სცოდნოდა. ის ხომ უშიშროების მინისტრი იყო?

- რა თქმა უნდა, ნინუამ ბევრი რამ იცოდა, მაგრამ თუ პროფესიონალი ხარ და რაღაც იცი, ყოველთვის გაქვს გადანახული ინფორმაციის გამჟღავნების სარეზერვო ვარიანტი. ყველა პროფესიონალს, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, ის საიდუმლო ადგილას აქვს შენახული. საიდუმლო ფონდის შექმნა პროფესიული წესია და მკვლელობისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთი საშუალებაც. ყველა კილერმა თუ პროფესიონალმა იცის, რომ ინფორმაციის მატარებლის მკვლელობა ინფორმაციის განადგურების ყველაზე კარგი საშუალება არ არის. ისიც იციან, რომ ასეთ ინფორმაციას პროფესიონალები შინ არ ინახავენ. ყველაზე სულელმაც იცის, როცა რაღაც იცი, ის დოკუმენტად უნდა აქციო და სანდო კაცს მიაბარო. თუ ჩანაწერი ან დოკუმენტი არ გამოჩნდა, გამოდის, ნინუას ისეთი არც არაფერი სცოდნია.

არის მკვლელობის მეორე ვარიანტიც. შესაძლოა, ამ მკვლელობით სახელმწიფო სპეცსამსახურები კი არა, მართლაც  ყოფილი ჩინოვნიკები იყვნენ დაინტერესებული.

- ასე რომ იყოს, ნინუას უფრო ადრე არ მოიცილებდნენ?

- გამსახურდიას მკვლელობის გახსნის საკითხი ვიდრე არ დადგებოდა, საშიში და ასაღელვებელიც არაფერი იყო. ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა და ის ხალხიც მშვიდად იქნებოდა. ნინუა არავის არაფერში  უშლიდა ხელს, მაგრამ თუ იმ ვიღაცამ დაინახა, რომ შეიძლებოდა ამ ისტორიას ნათელი მოჰფენოდა,  მაშინ პირი თუ ჯგუფი შეშინდებოდა და შეეცდებოდა მცირედი ინფორმაციის მქონე პირიც კი თავიდან მოეშორებინა. თუ ასეა, საქმე არ დამთავრდება, მკვლელობები გაგრძელდება.

- რა საჭირო იყო გამსახურდიას გარდაცვალების საკითხის სწორედ ახლა წინ წამოწევა? თუ ამ თემით ასე იყო ხელისუფლება დაინტერესებული, შეეძლო ეს უფრო ადრეც გაეკეთებინა.

- ხელისუფლება სწორედ ახლა, არჩევნების წინა პერიოდში იწყებს (და ძალიან გონივრულადაც) გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას ან მის იმიტაციას. თუ ხელისუფლებას მართლაც აქვს ამ საქმის გამოძიება გადაწყვეტილი, ის ხალხს ამით აჩვენებს, რა ბინძური იყო წინა ხელისუფლება.

- წინა ხელისუფლების სიბინძურეზე ეს ხელისუფლება გამუდმებით მიუთითებს, მაგრამ ამით საზოგადოების განწყობა დღევანდელი რეალობის მიმართ იცვლება?!

- ერთია, როცა ამას ლაპარაკობს, მაგრამ მეორე, როცა კონკრეტულ ფაქტებს გამოამზეურებს. ვთქვათ, დადგინდა, რომ წინა ხელისუფლებამ მოკლა გამსახურდია. მაშინ რაც უთქვამთ ან დაუბრალებიათ წინა ხელისუფლებისთვის, ყველაფერს დაიჯერებს ხალხი. ყველა ხელისუფლებამ იცის, რომ მმართველობის რომელიმე ეტაპზე მძიმე პერიოდი დაუდგება, მოიმატებს ხალხის უკმაყოფილება, დაიწყება ხელისუფლების მომხრეების კლება. ასეთი შემთხვევებისთვის ხელისუფლებას ყოველთვის აქვს გადანახული საქმეები, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებრივ აზრს თავის სასარგებლოდ შეცვლის. საფიქრებლად და სალაპარაკოდ ეს მკვლელობა შეიძლება სავსებით ლოგიკურად მონსტრ რუსეთს მიაწერო. თანაც, რუსეთის დისკრედიტაცია დღეს ძალზე მომგებიანია ხელისუფლებისთვის, რადგან ის ჩვენი საუკუნოვანი მტერია და ყველა უბედურების სათავე. ასე რომ, თუ ამ მკვლელობაში სახელმწიფოს ხელი ურევია, მაშინ ეს საქმე არ გაიხსნება.