"დასავლეთში "სახალხო სასამართლოთი" დაინტერესდნენ" - კვირის პალიტრა

"დასავლეთში "სახალხო სასამართლოთი" დაინტერესდნენ"

"პრეზიდენტი ბატონი არ არის. ბატონი ჩვენ, ხალხი ვართ"

"შეცდომის გამოსწორება მისი აღიარებით იწყება"

სამართლიანობისა და სიმართლისათვის ახლებური ბრძოლა იწყება. "სახალხო სასამართლოში" უკვე ელიან საქმეებს ხელისუფლების დანაშაულების შესახებ. საქმეების შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, ნაახალწლევს, სახალხო სასამართლო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაიმართება. როგორ ესახებათ იდეის ავტორებს ხელისუფლებისთვის გამოტანილი სასამართლო განაჩენის აღსრულება, ამის თაობაზე ფილოსოფოსი შიო არსენიშვილი გვესაუბრება:

- "სახალხო სასამართლოს" შექმნის  იდეა ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში დაიბადა, მაგრამ 2003 წელს რევოლუცია მოხდა და ვიფიქრეთ, უცხოეთში ნასწავლი ახალგაზრდები მოდიან, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე ლაპარაკობენო და  ჩვენი დავთრები დავხურეთ. გავიდა 100, 200 დღე და დავინახეთ, რომ მთლად კარგად ვერ იყო საქმე. პრინციპმა, "ხელისუფლება რყვნის და აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად რყვნის", საქართველოში მძლავრად იმუშავა. როცა ძალაუფლებას გემო გაუგეს, იფიქრეს, ვაჰ, რა კარგი რამ ყოფილაო.  მე და ჩემმა მეგობრებმა ბევრი ვიფიქრეთ შექმნილ ვითარებაზე და დემოკრატიისკენ მისაბრუნებელ მექანიზმად უშუალო დემოკრატია მივიჩნიეთ, რომელიც ძველი საბერძნეთიდან მოდის. უშუალო დემოკრატიის პირობებში ხალხის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება ასეთია, - "ჩემი არჩეული და მსახური ხარ. რადგან აგირჩიე, რაიმეს კი არ გთხოვ და ხელზე კი არ გკოცნი,  მხოლოდ  4 ან 5 წლით გაძლევ ლეგიტიმაციას და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში შენი მონა უნდა ვიყო. ყოველდღიურად გაგაკონტროლებ და მოგთხოვ პასუხს".

პრეზიდენტი ბატონი არ არის. ბატონი ჩვენ, ხალხი ვართ: ის ქალები, რომლებიც პრეზიდენტს ხელზე კოცნიან; ის უპოვარი, რომელიც კაპიკებს თხოულობს; ის გლეხი, რომელიც ხელისუფლებას ლექსებს უძღვნის და უმღერის... საზოგადოებას ეს რომ არ ესმის, იმიტომაც ყიდიან საკუთარ ხმას 5 ლარად და არარეალურ დაპირებებზე. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ხელისუფლება იგივეა, რაც შპს, რომლის დირექტორსაც დროებით ვირჩევთ. თუ დირექტორმა რაღაც შეჭამა, არასწორად მოიქცა ან გაგვაკოტრა,  უნდა შევიკრიბოთ, თითი დავუქნიოთ და დავსაჯოთ.

- პრაქტიკაში ამის განხორციელება როგორ წარმოგიდგენიათ?

- ამის პრაქტიკულად განხორციელება შეიძლLება, თუ ხალხი თავის  ძალას ირწმუნებს. ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი "სახალხო სასამართლო" იქნება. უნდა გავარკვიოთ, ხელისუფლება დამნაშავეა თუ არა. იქნებ არც არის დამნაშავე? შეიძლება აგვისტოს ომზე ხელისუფლებამ მტკიცებულებებიც წარმოადგინოს, რომ ომში თუ არ ჩავერთვებოდით, რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებდა, გაგვანადგურებდა და პროვოკაციაზე აყოლამ გადაგვარჩინაო. თუ ხელისუფლება უდანაშაულო აღმოჩნდება, ჩამოვასხათ გორგასლის დიდი ოქროს ორდენი და გადავცეთ.

- თუ ხელისუფლება დამნაშავე აღმოჩნდება?

- თუ ხელისუფლება იტყვის,   გამოუცდელი ვიყავით და შეგვეშალა, მოგვეცით საშუალება,  შეცდომა გამოვასწოროთო, თანახმა ვართ დრო მიეცეს, მაგრამ შეცდომის გამოსწორება მისი აღიარებით იწყება. რომელიმე ჩინოვნიკის მცირე გადაცდომებზე კი არა, ხელისუფლების მძიმე შეცდომებზე ვლაპარაკობ, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია.

როდესაც ხალხი ძალზე ცუდ მდგომარეობაში ვარდება, ჩნდება კრიტიკული ზღვარი, რომელსაც შესაძლოა მღელვარება და უმართავი პროცესები მოჰყვეს. ეს ქვეყნისთვის უბედურებაა და "სახალხო სასამართლო" ეცდება, პროცესები მართვადი გახადოს.

განხილვის შემდეგ სასამართლო გამოიტანს დასკვნას, დამნაშავედ მიიჩნევს თუ არა ხელისუფლებას და მერე სატელეფონო შეტყობინებებით,  ზარებით ან სხვა საშუალებებით ჩვენ გავიგებთ ხალხის აზრს. სახალხო ლეგიტიმაციის შემდეგ დაიწერება საბოლოო დასკვნა. მასში ჩაიწერება, ქართველმა ხალხმა ხელისუფლება მიიჩნია ან არ მიიჩნია დამნაშავედო და დაესმება ბეჭედი. ეს დოკუმენტი გაიგზავნება ევროპის ყველა ქვეყანაში, ევროსაბჭოში, აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს გაშუქდება მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ტელეარხებზე და ყველა  გაიგებს, ქართველმა ხალხმა დამნაშავედ ცნო თუ გაამართლა ხელისუფლება. თუ ხალხი ხელისუფლებას უნდობლობას გამოუცხადებს, მის შეცვლას არც იარაღი და არც ქვების სროლა აღარ დასჭირდება.

- ხელისუფლება "სახალხო სასამართლოს" განაჩენს დაემორჩილება?

- დასავლეთში ამ პროექტით დაინტერესდნენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და თუკი ის ხელისუფლებას დამნაშავედ გამოაცხადებს, მერწმუნეთ, მას არც ერთი ქვეყანა აღარ დააფინანსებს. რომ უთხრან, კაპიკის მომცემი აღარ ვართო, ეს ხელისუფლება ერთი თვე თუ გაძლებს და თავისით წავა.

ბედნიერი ვიქნები, თუ ხალხი სამართლიანობის განცდას დაიბრუნებს.  ეს იქნება პირუთვნელი სასამართლო, რომელზეც გავლენას ვერავინ მოახდენს. ბატონ მინდია უგრეხელიძეს Pპრეზიდენტობაც რომ შესთავაზონ, უარს იტყვის და რით მოისყიდიან? ასევეა ბატონი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც სახალხო ბრალმდებელი იქნება. მე კი ფილოსოფოსი ვარ. თანამდებობა არასოდეს მქონია და არც მჭირდება.

"ხმა ღვთისა და ხმა ერისა!" - ეს სიტყვები ჩვენს ლოზუნგად იქცევა. "სახალხო სასამართლო" ყველა მართალს დაეხმარება.