"კანონის ძალით" მეცნიერებს საერთო საცხოვრებელში მიუჩენენ ადგილს... - კვირის პალიტრა

"კანონის ძალით" მეცნიერებს საერთო საცხოვრებელში მიუჩენენ ადგილს...

"ბათუმური სასწაულის" მსხვერპლნი

"ჩვენ ყველას მივცემთ "ბათუმის სასწაულის" მშენებლობაში მონაწილეობის საშუალებას", - ბრძანა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ყატარში ყოფნისას. ბათუმი მართლაც იზრდება და მშვენიერდება, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა იგულისხმება "ბათუმის სასწაულში": საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა (ამ იდეის ქომაგი ზურაბ ჟვანია იყო) თუ მეორე დუბაი-ბარსელონა-ვენეცია-პარიზი (ეს პრეზიდენტ სააკაშვილის ოცნებაა), ან იქნებ, კაზინოების ქალაქი.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბათუმის ცენტრალური ნაწილი თითქმის მთლიანად მიჰყიდეს თურქ თუ ყაზახ ინვესტორებს, სანდოსა თუ არასანდოს. ალბათ, ყატარელი და ქუვეითელი ინვესტორებიც არ იტყვიან უარს, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული კულტურული ძეგლების შესყიდვაზე. ჩვენთან თუ ასეთი შენობა ინვესტორს თვალში არ მოუვიდა, მთავრობის ირიბი ხელშეწყობით შეუძლია ნანგრევებად აქციოს და კაზინო ან სასტუმრო ააშენოს(?!).

KvirisPalitra.Geამჯერად ერთ-ერთ კულტურის ძეგლზე გიამბობთ. საქმე ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ეხება. მეცნიერები შენობას მალე დათმობენ და უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში(!) გააგრძელებენ საქმიანობას. პირველად შენობას ასლან აბაშიძემ დაადგა თვალი. მაშინ ინსტიტუტს ცნობილი მეცნიერი, ისტორიკოსი, აკადემიკოსი დავით ხახუტაიშვილი ხელმძღვანელობდა. დაიგეგმა ინსტიტუტის გაყიდვა. მეცნიერები ამბობენ, როცა აბაშიძემ ხახუტაიშვილს ეს გადაწყვეტილება ამცნო, მეორე დღეს აკადემიკოსს გული გაუსკდაო. ასე გადაურჩა მაშინ ინსტიტუტის შენობა გაყიდვას.

- "საქართველოს კანონი განათლების შესახებ" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან ინტეგრაციას მოითხოვს. ახალი წლიდან ეს ინსტიტუტი უნივერსიტეტს შეუერთდება და ბევრად უფრო კარგი სამუშაო პირობები ექნებათ. მეცნიერებს კეთილმოწყობილ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში დავაბინავებთ", - განაცხადა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე ბაკურიძემ, რასაც აქაურ მეცნიერთა პროტესტი მოჰყვა.

ნოდარ კახიძე,  პროფესორი: - საინტერესოა, როგორ შეგვიქმნის უნივერსიტეტი კარგ პირობებს, როცა ბოლო სამი წლის განმავლობაში მას საკუთარი სამეცნიერო ცენტრი (სადაც ტაო-კლარჯეთის მეცნიერული შესწავლა მიმდინარეობდა. - ავტ.) ვერ დაუფინანსებია. ვერ გავიგეთ, რას გულისხმობს ბატონი რექტორი, როცა იშველიებს კანონს განათლების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან კოორდინაციაა განსაზღვრული და არა - ინტეგრაცია".

უნივერსიტეტის ერთ მხარეს გრანდიოზული ახალი სასტუმრო - "შერატონია" წამოჭიმული. იქვეა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, საიდანაც სტუდენტები უკვე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილ შენობაში გადაიყვანეს. საცხოვრებლის წინ კი მე-6 საჯარო სკოლაა. სკოლის სათამაშო მოედანი უკვე გაყიდულია!

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე: - დანამდვილებით ვიცი, თუკი ინტეგრაცია მოხდება, მხოლოდ ადმინისტრაციულად დავექვემდებარებით უნივერსიტეტს, შენობა კი ისევ ჩვენ დაგვრჩება...

ეს ის როინ მალაყმაძეა, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოს, მიწის საკუთრების აღიარების კომისიასა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ერთდროულად მართავს(!). რადგანაც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ხელვაჩაურის "მიწის სასწაულები" (ბათუმშიც ხომ "სასწაული" შენდება?), ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს მეცნიერთა მტკიცება: მალაყმაძე საგანგებოდ დაგვინიშნეს თავმჯდომარედ, რომ "სასწაულს" ჩვენც "გვაზიაროს"... არჩევნების წინ თუ მიწის ერთი ნაკვეთი 3 კაცს ერთდროულად გადასცა და  ზღვაც გაასხვისა, ინსტიტუტის დასამარება როგორღა გაუჭირდებაო.

ამ ინსტიტუტის შენობაში გადაიღეს "მონანიება". ახლა ინსტიტუტის დამხმარე შენობები და სკოლის მოედანი მიწასთან სწორდება. აქ ახალი სასტუმრო უნდა აშენდეს, სავარაუდოდ, კაზინოც... სკოლის ეზოში მოსწავლე ბურთს თამაშობს... ექსკავატორი გრუხუნებს. ბიჭის წინ დიდი ორმო ჩნდება. გაიწიეო, - უყვირიან, მაგრამ ის ადგილიდან არ იძვრის. უცებ ბურთს ჰაერში ისვრის და უკან დაბრუნებულს სამუდამოდ აბარებს ექსკვატორისგან გაჭრილ მიწას.