ყინწვისის პატიმრები
04-02-2013
ყინწვისის პატიმრები
"ვიღაც მელაპარაკებოდა ქართულად მოლაპარაკე 2000 რუს ჯარისკაცზე, რაც ძალიან არადამაჯერებლად მეჩვენა, მაგრამ ვიფიქრე, რაც მეტ იდიოტობას დაწერენ, უკეთესი იქნება-მეთქი"

"თავზარდამცემია, როდესაც იცი, რომ ახალგაზრდა კაცს უნდა შეხვდე და გხვდება ცემისაგან გაშავებული ადამიანი, რომელიც ძლივს ლუღლუღებს"

"რამაზ ღვალაძე დენზე შეაერთეს და მაჯები და კისერი, სადაც დენს უტარებდნენ, ერთიანად დამწვარი ჰქონდა"

"ე.წ. კარანტინის დაშლას ერეკლე კოდუაც ესწრებოდა. გვერდზე გამიყვანა და მითხრა, ნახავ, საკანში რაც დაგემართება, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო"

"ფსიქოლოგიურად რომ გავეტეხე,
ციხის თანამშრომელმა მითხრა, მამაშენი გარდაიცვალა, დედაშენი კი ლოგინად არის ჩავარდნილიო"


"ქარელის პოლიციის უფროსის კაბინეტში შესულიც არ ვიყავი, რომ გულმკერდში წიხლი მომხვდა. გაველურებული სამი სპეცრაზმელი მირტყამდა ფეხს, მუშტს, ხელკეტს... მერე სხვებიც დაემატნენ. მაგინებდნენ, შე ერის მოღალატე, რუსული ტანკები შემოგყავდა სამშობლოშიო. დამაჩოქეს და ცემის დროს შიგადაშიგ 26
მაისის აღლუმს მაყურებინებდნენ. რამდენჯერმე გონება დავკარგე. დროის შეგრძნება აღარ მქონდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ "ჯვარზე გამაკრეს". იატაკზე დამაწვინეს, გამაშლევინეს ხელები. ერთი სპეცრაზმელი ერთ ხელზე შემდგა, მეორე - მეორეზე,  მესამემ ბათინკიანი ფეხი დამაჭირა სახეზე, ორ სპეცრაზმელს კი ჩემი ფეხები ეჭირა. გამეტებით მცემდნენ და ჩემს სხეულზე გადი-გამოდიოდნენ. ტკივილისაგან ვითიშებოდი. გონს რომ მოვედი, მთელი სხეული ბადრიჯნისფერი მქონდა", - იხსენებს თავის დაკავებას ე.წ. ყინწვისის საქმეზე დაპატიმრებული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელი ნიკა გოგუაძე, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი. მას შემდეგ, რაც თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიკა გოგუაძე პოლიტპატიმრად აღიარა, მას ამნისტია შეეხო. თუმცა გლდანის მე-8 საპყრობილეში ნიკა გოგუაძემ 1 წელი და 8 თვე დაჰყო.

- თქვენი მოძრაობა რაიმე კავშირში იყო ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრობასა" და "სახალხო კრებასთან?
- ქალბატონ ნინოსთან არანაირი შეთანხმება არ გვქონია. ჩვენ მხოლოდ თანადგომა გამოვუცხადეთ 21 მაისის აქციას.

- მახსოვს, 21 მაისს თავისუფლების მოედანზე აქციაზე რამდენიმე ადამიანთან ერთად მოხვედით, მაგრამ რამდენიმე წუთში იქაურობა განაწყენებულმა დატოვეთ. გავიგონე, რომ თქვით, ესენი ყველაფერს დაღუპავენო. რა მოხდა მაშინ?
-  მინდოდა აქციაზე სიტყვით გამოვსულიყავი და ჩვენი მოძრაობის პოზიცია გამეცნო ხალხისთვის, რისი საშუალებაც ქალბატონმა ნინომ არ მომცა.

- თქვენი მოძრაობა აღიქმებოდა პრორუსულ ძალად, მაგრამ ასეთივე პრორუსის იარლიყი ნინო ბურჯანაძეს, კახა კუკავასა და კონსერვატორებსაც ჰქონდათ, რომლებიც ასე არ დაუსჯიათ. თქვენი რატომ გამოგარჩიეს?
-  ჩვენ ხელისუფლებისაგან უკონტროლო ძალა ვიყავით. აგრესიის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ ეროვნულობასა და სარწმუნოებაზე ვლაპარაკობდით. ამათთვის კი ეს ყველაფერი ზიზღს იწვევს. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ის თემაა, რის გამოც ქვეყნის მტრად გაცხადებენ. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაციის დღეს "რეალ ტვ"-ზე გავიდა სიუჟეტი, ეფ-ეს-ბეს დაფინანსებული კიდევ ერთი ორგანიზაცია შეიქმნაო და ჩემი ფოტო აჩვენეს ნამგლისა და უროს ფონზე.

- თემურ ხაჩიშვილი, რომან დუმბაძე, ვალერი გელბახიანი თქვენს ორგანიზაციასთან რა კავშირში იყვნენ?
- ისინი ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებლები იყვნენ.

- ყინწვისში რატომ აღმოჩნდით?
- ყინწვისში სისტემატურად დავდიოდი. როდესაც დავინახე, რომ აქციაზე აქტივობა შესუსტდა და ხალხს ქუჩიდან იტაცებდნენ, გადავწყვიტე, 24 მაისს უსაფრთხოების მიზნით ოთხ მეგობართან ერთად ყინწვისში წავსულიყავი. ჩემმა მეგობრებმა სხვებს დაურეკეს და ყინწვისში 23 კაცი შევიკრიბეთ, რომელთაგან ბევრს არც კი ვიცნობდი.

ყინწვისში ასვლიდან მეორე დღეს შევამჩნიეთ, რომ ალყაში ვიყავით. ღამით მონასტრის გარშემო ვიღაც-ვიღაცები ფარნებით დადიოდნენ. ზემოდან ვხედავდით გზაზე მდგარ პიკაპებს. 26 მაისს აქციის დარბევის შესახებ რადიოთი რომ მოვისმინეთ, დილით თბილისში დაბრუნება გადავწყვიტეთ. უკვე მანქანებთან ვიყავით, რომ მონასტერთან 3 მიკროავტობუსი გაჩერდა, საიდანაც სპეცრაზმელები გადმოცვივდნენ და თავს დაგვესხნენ. ჩვენ გვერდით ამ დროს მონასტრის მსახური მამები იყვნენ. 23 კაცი ხელბორკილდადებული დაგვყარეს მიწაზე და ავტომატები მოგვიშვირეს. მერე თქვეს, ეს არის გოგუაძეო და ცემითა და გინებით შემაგდეს მიკროავტობუსში. მანქანაში განძრევაც არ შემეძლო, რადგან ავტომატი მუცელზე მქონდა მობჯენილი. სპეცრაზმელს ხელი ჩახმახზე ედო და სულ ველოდი, რომ ხელს გამოჰკრავდა. დავინახე, სხვებიც რომ ჩაყარეს მიკროავტობუსებსა და იმ მანქანებში, რომლითაც ყინწვისში ვიყავით ასული, და ქარელის პოლიციაში წამოგვიყვანეს. პოლიციაში საათზე მეტხანს მცემდნენ. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას მაბრალებდნენ და ვერც წარმოვიდგენდი, რომ გადატრიალების ბრალდებით დამაკავებდნენ. ქარელიდან თბილისის პოლიციის Mმთავარ სამმართველოში გადამიყვანეს. მითხრეს, თუ ჩვენს მითითებებს არ შეასრულებ, დედაშენსაც დავაპატიმრებთო. ასე ცემა-ცემაში დამაწერინეს აღიარებითი ჩვენება. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, სკამზეც ვეღარ ვჯდებოდი, რადგან ხერხემალი და კუდუსუნის ძვალი დაზიანებული მქონდა. სკამიდან ვვარდებოდი... დამიდეს ფურცელი, ხელი მოაწერეო. მივხვდი, რომ ცუდ რამეზე ვაწერდი ხელს, მაგრამ ერთი სული მქონდა, ცემა შეეწყვიტათ. ადვოკატს ვითხოვდი და ამის გაგონებაც არ უნდოდათ. აღიარებაზე ხელი მოვაწერე თუ არა, კაპეზეში გადამიყვანეს.

- ანუ აღიარეთ, რომ ცხინვალიდან 2 ათასი ქართულად მოლაპარაკე რუსი სამხედრო უნდა გადმოსულიყო და თქვენი ჯგუფი მათ უნდა შეერთებოდა?
- გამომძიებელი თუ ვიღაც მელაპარაკებოდა ქართულად მოლაპარაკე 2 000 რუს ჯარისკაცზე, რაც ძალიან არადამაჯერებლად მეჩვენა, მაგრამ ვიფიქრე, რაც მეტ იდიოტობას დაწერენ, უკეთესი იქნება-მეთქი.

- ირაკლი ოქრუაშვილთანაც ხომ არ დაგაკავშირეს? ქართულად მოლაპარაკე სამხედროების ცხინვალიდან "ზილებით" გადმოყვანა მის საქმეშიც  ფიგურირებდა.
- დაკითხვის დროს არა, მაგრამ უკვე ციხეში ვიყავი, რომ მკითხეს, რა კავშირი გქონდა ოქრუაშვილთანო. მიმტკიცებდნენ, მასთან მეგობრობდიო. არადა, არ ვიცნობ.

- ტელეეთერში გასულ  აღიარებით ჩვენებაში თქვენ ახსენით დაშიფრული ინფორმაციის წიგნის მეშვეობით გადაცემის მეთოდიც.
- ეს წიგნი ქარელში სპეცსამსახურის თანამშრომელმა მომიტანა, მაგრამ მერე მიხვდნენ, ამაზე ბრალდებების აგება ისეთი აბსურდი იყო, რომ წიგნი მოგვიანებით საქმიდან გააქრეს...

- როდესაც დაგაკავეს, გამოცხადდა, ყინწვისში შეიარაღებული ჯგუფი აიყვანესო.
- ცდილობდნენ, ჩვენთვის იარაღი მოეყარათ, მაგრამ საქმეში ფიგურირებს მხოლოდ "ტეტე", რომელიც ჩემს მეგობარს, მიხეილ ცილიკიშვილს ჰქონია. მერე საქმე ისე წარიმართა, რომ იარაღი, რომელიც ცილიკიშვილისგან ამოიღეს, მე "მაჩუქეს" და საქმეში ჩაწერეს, რომ იარაღი ჩემი მანქანიდან ამოიღეს. ძველთაძველი, სკოჩდახვეული "ტეტეს" გამო მანქანა პრადოს "ლენდკრუიზერი" წამართვეს, რომელიც მამაჩემის სახელზე იყო. მოვითხოვე, მაგრამ იარაღზე თითის ანაბეჭდები არ აიღეს. ჩვენებაზე ხელი რომ მოვუწერე, მერეღა შემოუშვეს ჩემთან ადვოკატი. ჩემი წამება 26 მაისის დილის 11 საათიდან დაიწყო და 27 მაისის დილის 7.15 წუთზე დასრულდა. ფიზიკურზე მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, რასაც ვერ გავუძელი.

კარანტინში ისეთი დამტვრეული მიმიყვანეს, დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირდა. 6-კაციან საკანში 25 კაცი ვიყავით. მივლიდნენ პატიმრები და ლადო ბედუკაძე, რომელიც არაჩვეულებრივი კაცია.
პირველი 7 დღის განმავლობაში, როდესაც საშინელი ტკივილი მქონდა  და სიარული არ შემეძლო, ბედუკაძეს მოჰყავდა ექიმი და ნემსს მიკეთებდნენ.

ჰაერზე გავყავდი. მამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ყავაც კი დამალევინა, რაც ციხეში წარმოუდგენელი იყო და სიგარეტს მაწევინებდა.

- ყველაზე მეტად თქვენ რატომ დაისაჯეთ?
- მე სახეზე მეტყობოდა, სხვებს კი სახეზე არ ურტყამდნენ. რამაზ ღვალაძე დენზე შეაერთეს და მაჯები და კისერი, სადაც დენს უტარებდნენ, ერთიანად დამწვარი ჰქონდა.

ჩემს საქმეში ბევრი ლაფსუსია. მაგალითად, წერია, რომ 27 მაისს თბილისში დამაკავეს და არა ყინწვისში, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩემი ფეხით გამოვცხადდი და დაკითხვის მერე დამაპატიმრეს.

ბესარიონ ქარცივაძე, ნიკა გოგუაძის ადვოკატი: "2011 წლის 26 მაისს, აღლუმი რომ დასრულდა, ტელევიზიით გავიდა ინფორმაცია, რომ ქარელის რაიონში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, დააკავეს შეიარაღებული ჯგუფი, რომელმაც პოლიციის დანაყოფებს წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულს წინასწარი დაკავების იზოლატორში უღებენ ფოტოს და საქმეში დებენ. ჩვენ მოვითხოვეთ ფოტო. თავიდან დაგვეთანხმნენ, მაგრამ მერე უარი თქვეს ნაცემ-ნაგვემი ნიკას ფოტოს მოცემაზე და სულ გააქრეს საქმიდან.  ნიკა წინასწარი დაკავების იზოლატორში ვნახე. თავზარდამცემია, როდესაც იცი, რომ ახალგაზრდა კაცს უნდა შეხვდე და გხვდება ცემისაგან გაშავებული ადამიანი, რომელიც ძლივს ლუღლუღებს. მაშინვე ექიმი მოვითხოვე. ნიკას დამამშვიდებლები და შარდმდენი მისცეს, რადგან სისხლზე გადიოდა. კაპეზეს პროფესიონალი ექიმის დამსახურებაა, რომ დღეს ნიკა ცოცხალია. 28 მაისს სასამართლო იყო და მოსამართლეს ვთხოვე, ნიკას ჯდომა არ შეუძლია და ვითხოვე ფეხზე დგომის უფლება მიეცით-მეთქი. სახე მთლიანად დალეწილი ჰქონდა, ამიტომ სასამართლოზე გრიმით მოიყვანეს.  

- რატომ გაჩნდა საქმეში ჩანაწერი, რომ გოგუაძე თბილისში დააკავეს?
- ბრალდებას 48 საათის განმავლობაში უნდა მიემართა სასამართლოსთვის, რომ ნიკა დაეკავებინათ, მაგრამ, რადგან ვადა გადააცილეს, საქმეში ჩაიწერა, რომ ნიკა თბილისში დააკავეს. ნიკა გოგუაძეს 12 წელი მიუსაჯა სასამართლომ. აქედან 7 - სახელმწიფო გადატრიალების,  5 კი იარაღის შენახვა-ტარების გამო. 22 პირის ჩვენება დაგვიდეს, რომ ნიკა შეთქმულების ერთადერთი ორგანიზატორი იყო.  ყველამ მოჰყვა, ყინწვისში კოცონთან ვისხედით, როდესაც ნიკამ გვითხრა, ცხინვალიდან  2 ათასი ქართულად მოლაპარაკე რუსი ჯარისკაცი შემოვა და მათთან კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთო, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა, რომ 2 ათასი რუსი ჯარისკაცი იყო მობილიზებული საქართველოს საზღვრის დემარკაციის ადგილთან. 8 პირმა თქვა, რომ ნიკას საქამრეში ჰქონდა იარაღი, მაგრამ სასამართლოზე მოწმე ცილიკიშვილმა თქვა, იარაღი მე მქონდა და არა ნიკას. ყველაფერი ზეწოლითა და მუქარით დამაწერინესო. იგივე თქვა რამაზ ღვალაძემაც. უცნაური ისაა, რომ შეთქმულების მონაწილეებს დაკავებისას მხოლოდ 3 ლარი და 55 თეთრი აღმოაჩნდათ!

მალე მოგაწვდით იმ პირთა  გვარებს, ვინც ყინწვისის საქმეზე ბრალდებულებზე ახდენდა ზეწოლას.  
ნიკა გოგუაძე: "როდესაც გლდანის ციხის კარანტინში გადაგვიყვანეს, ე.წ. კარანტინის დაშლას ერეკლე კოდუა ესწრებოდა. იქ არ ვუცემივარ, მაგრამ კოდუამ გვერდზე გამიყვანა და მითხრა, ნახავ, საკანში რაც დაგემართება, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო. ფსიქოლოგიურად რომ გავეტეხე, ციხის თანამშრომელმა მითხრა, მამაშენი გარდაიცვალა, დედაშენი კი ლოგინად არის ჩავარდნილიო.
(გაგრძელება იქნება)
"ყოველივე ადამიანს უნდა შევწიროთ, ოღონდ არა სხვა ადამიანები" სტანისლავ ეჟი ლეცი
emigranti
06 თებერვალი 2013 22:27
gmertma kvela mwamebels mohkitxos.marto amistvis girda am nadziralebis gadabneleba,kidev,rom usirsxvilod gamodian dademokratiaze laparakoben es mamaabraamis batknebi vitom.2000 qartulad molaparake rusi.mesineba,an am 2000 s russ,ise raper gadmoikvandne,rom veravin sheamchnevda.absurdis teatria ra amati ambavi.mesodeba es nawamebi xalxi,
bela
06 თებერვალი 2013 13:52
და ასეთი მხეცობების ჩამდენები ძალაუფლების დაბრუნებაზე ბედავენ ლაპარაკს!
"რუსეთუმეობაზე" მოქაქანენო, თქვენ ვისეთუმეები ხართ?!
"დემონთუმეები" არა?
ვაი თქვენს პატრონს უბედურს!

amaoeba
რა "ბართლომეს ღამეობა" აგიტყდა, ქართველთმოძულევ?
დააკელით ქართველობას ცემა-ტყეპა და გაგრძელება გინდა?!
დედამ გაგზარდა თუ სატანამ, ბოროტო?
bebebibe
06 თებერვალი 2013 11:28
გარეწრის სიფათი რომ აქვს, ძნელი დასანახი არ არის მისთვის, ვისაც თვალისჩინი და სინდისი შერჩენია. ასეთი გველები უნდა გასრისო და ქვეყანასაც ეშველება!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?