"კავკასიის" პროვოკაცია გიგა ბოკერიამ დაგეგმა"
04-02-2013
"კავკასიის" პროვოკაცია გიგა ბოკერიამ დაგეგმა"
"უწმინდესმა თითის დაქნევით გააფრთხილა ციხის უფროსი "კილერა"

ალბათ, ყველას ახსოვს ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მომხდარი ინციდენტი, რაც ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობის" განხილვას მოჰყვა. ტელეკომპანიასთან დაწყებულ აყალმაყალს სტუდიაში "სტუმრების" შეჭრა მოჰყვა, რის გამოც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მათი მომხრეები დააპატიმრეს. დღეს მათ პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ. "კვირის პალიტრას" ორი მათგანი, ლევან ჩაჩუა და რატი მაისურაძე ესაუბრა.

რატი მაისურაძე: - ყველაფერი ასე დაიწყო: სტუდენტებმა რექტორს, გიგი თევზაძესა
და პრორექტორ სერგო რატიანს წერილობით მიმართეს და ჭავჭავაძის უნივერსიტეტში სალოცავი კუთხის გამოყოფა მოსთხოვეს. პასუხად მიიღეს, მოთხოვნაზე ხელმოწერები საკმარისი არ არისო. ბიჭებმა მეორე დღეს 300 ხელმოწერის ნაცვლად 1 300 ხელმოწერა წარუდგინეს. გაღიზიანებულმა გიგი თევზაძემ პირდაპირ უთხრა გიორგი გაბედავას, სალოცავი კუთხე თუ გინდოდათ, სასულიერო აკადემიაში ჩაგებარებინათ, აქ სალოცავისთვის ადგილი არ არის და თუ
მაინცდამაინც არ მოგვეშვებით, მისი გამოყოფა საპირფარეშოში შეგვიძლიაო(?!). ამას გიორგის პროტესტი მოჰყვა. მას ჩვენც მხარი დავუჭირეთ და აქციის მოსაწყობად ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან მივედით. სწორედ მაშინ მიმდინარეობდა იქ ამ უხამსი წიგნის, "საიდუმლო სირობის" პრეზენტაცია. ჩვენ ესეც გავაპროტესტეთ.

ლევან ჩაჩუა: - მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ასეთ სიბინძურეს პროპაგანდას უწევდნენ. სწორედ ამ თემის განსახილველად მივედით "კავკასიის" სტუდიაში, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე ბექა მინდიაშვილი, თეო ხატიაშვილი და სერგო რატიანი დაგვხვდნენ. გადაცემის მსვლელობის დროს სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მივხვდი, რომ პროვოკაციას ამზადებდნენ.

- ტელეკომპანიის გარეთ ხომ თქვენი მხარდამჭერებიც იდგნენ და ვინ მოაწყო ეს პროვოკაცია?
- გარეთ რა ხდებოდა, არ ვიცოდით. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სტუდია. გარეთ კი მათ სოდ-ის და კუდ-ის გადაცმული თანამშრომლები დახვდნენ.

- დავით აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი თქვენ გადანაშაულებდნენ პროვოკაციის მოწყობაში, პოლიციას კი წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებდნენ.
ლევან ჩაჩუა: - ჯანგირაშვილი გაიძახოდა, გარეთ აყალმაყალიაო. ძნელი გასარკვევი იყო, ვინ რას აკეთებდა. ეს პროვოკაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. ნაცემი აქუბარდია სტუდიაში შემოვიდა, გვერდით დამიჯდა და მითხრა, შენმა მეგობრებმა მცემესო. მაშინვე ვუთხარი, რა იცი, რომ ჩვენი მეგობრები არიან? ეს პროვოკაციაა და იმისთვის არის სწორედ მიმართული, რომ შენ ეს მითხრა-მეთქი.
მართალიც აღმოვჩნდი, ცემა-ტყეპა სწორედ გადაცმულმა კუდ-ელებმა და სოდ-ელებმა დაიწყეს. ერთ-ერთი ჩვენი ორგანიზაციის წევრი ამას იღებდა. რასაკვირველია, ფირით შეიძლებოდა იმ პირთა იდენტიფიკაცია, რომლებიც ცემა-ტყეპაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს არავის უცდია. ამის ნაცვლად პირდაპირ სტუდიიდან აიყვანეს ჩვენი ორი წევრი, ჩვენ მათ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და მერე ჩვენც დაგვაკავეს. გაგვასამართლეს ჟურნალისტური მუშაობის ხელშეშლისთვის. სხვათა შორის, პირველები ვართ საქართველოში, ვინც ამ ბრალდებით გაასამართლეს. მოგვიანებით, როცა ნინო ჯანგირაშვილმა და დავით აქუბარდიამ ფირები ნახეს, სასამართლოზე თქვეს, ჩვენთვის ამათ ხელი არ შეუშლიათო და მოუწოდეს გამოძიებას, დაედგინათ იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც პროვოკაცია მოაწყვეს. გამოძიებამ ვერ იპოვა დაზარალებული, რომელიც ხელს დაგვადებდა. ამიტომ ისევ პოლიციელების (მოწმეებად ისინი ჰყავდათ) ჩვენებების საფუძველზე წაგვიყენეს ბრალი.

რატი მაისურაძე: - ეს პროვოკაცია უშუალოდ გიგა ბოკერიამ და "თავისუფლების ინსტიტუტმა" დაგეგმეს. მალე მივმართავთ შესაბამის უწყებებს, რომ ხელახლა გადახედონ ამ საქმეს. იმ ცრუმოწმე პოლიციელებიდან ბევრი იტყვის, ვისგან იღებდა დავალებებს.

ლევან ჩაჩუა: - მურთაზ ზოდელავამ (ყოფილი მთავარი პროკურორი) დამკითხა. რას გვიპირებთ-მეთქი, ვკითხე. ჩვენ ვერაფერს ვწყვეტთ, რასაც ზემოდან გვეტყვიან, ისე მოვიქცევითო, მიპასუხა. დარწმუნებული ვარ, ბევრი იტყვის, ვისგან რა დაკვეთას იღებდა და დაასახელებს, ვინ აძლევდა ვერაგულ დავალებებს.

- თქვენ ამჟამინდელმა პარლამენტმა პოლიტპატიმრებად გამოგაცხადათ.
ლევან ჩაჩუა: - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობასა და პარლამენტს ამ ჰუმანური აქტისთვის, რომლის საშუალებითაც ოჯახებში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენ მორწმუნეები ვართ და საქმის ხელახალ გადახედვას არა ვიღაცის დასჯის, არამედ საზოგადოების შემდგომი დაცვის მიზნით მოვითხოვთ. გვაწუხებს, რომ სასამართლო ისევ კუბლაშვილის ხელშია, იქ კი ის მოსამართლეები მუშაობენ, რომლებიც უსამართლო გადაწყვეტილებებით აუბედურებდნენ ხალხს. მაგალითად, ჩვენ გიორგი ჩემიამ გაგვასამართლა. თავის დროზე სწორედ მან გამოიტანა სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილებები. ვფიქრობ, მისნაირ მოსამართლეებს მუშაობის გაგრძელების საშუალება არ უნდა ჰქონდეთ.

რატი მაისურაძე: - გლდანის ციხეში პატიმრობის უმძიმესი პერიოდი გავატარე. გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების რეჟიმის უფროსმა ოლეგ ფაცაციამ რაცია ჩამარტყა, თავი გამიტეხა, სამი ნეკნი დამიზიანა და ერთი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი.

საკანში 6 კაცი ფეხზე ვდგებოდით და ლოცვებს ხმამაღლა ვკითხულობდით. ამ დროს ოფიცერი შემოდიოდა და გვეუბნებოდა, ახლავე შეწყვიტეთ, ცალ-ცალკე, ხმაამოუღებლად წაიკითხეთო. 21 საათის შემდეგ არც სანთლის დანთება შეგვეძლო. 22 საათის შემდეგ კი შუქის ანთებაც გვეკრძალებოდა.

ლევან ჩაჩუა: - მე არავის ვუცემივარ. საპატიმროში უწმინდესის შემოსვლამ მიშველა, მან თითის დაქნევით გააფრთხილა მაშინდელი ციხის უფროსი "კილერა", მთელმა საქართველომ იცის ამ ადამიანების უდანაშაულობა და წესიერად მოეპყარითო.

- მაშინ რატი მაისურაძეს რატომ მოექცნენ სასტიკად?
რატი მაისურაძე: - ეს პირადი ანგარიშსწორება იყო. მე ვიყავი იმ აქციის ორგანიზატორი, შსს-სთან კაბა გადავკიდე და დავიყვირე, ყვარყვარეს ბოლოს ქალის კაბით გაქცევა მოუხდა და იგივე ბედი ელის ვანო მერაბიშვილსაც-მეთქი! შემდეგ სამინისტროს თანამშრომლებს მოვუწოდე, ეს კაბა მინისტრისთვის "საჩუქრად" მიეტანათ. კაბა წაიღეს და მერაბიშვილს აჩვენეს. ამ უკანასკნელმა მომიგზავნა ხელქვეითები და მინისტრისთვის ბოდიშის მოხდა მომთხოვეს, რაზეც უარი ვთქვი. იმ დღიდან დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა. ერთ დღესაც ზუბალაშვილების ქუჩაზე (იქ, სადაც პრეზიდენტი ცხოვრობდა) ნიღბიანმა პირებმა გამიტაცეს. მუხათგვერდის სასაფლაოზე წამიყვანეს, პირში იარაღის ლულა ჩამიდეს, მეორე იარაღი კი ყურთან გაისროლეს, რამაც ხახის გახვრეტის შეგრძნება გამოიწვია. წიხლები მანამ მირტყეს, ვიდრე გონება არ დავკარგე. სიკვდილს იმან გადამარჩინა, რომ ვიღაცამ ჩამოიარა და სისხლში ამოთხვრილი მიპოვა, საავადმყოფოში წამიყვანა და ასე გადავრჩი. იმ ადგილას, საიდანაც გამიტაცეს, ყველაფერს ვიდეოკამერა იღებდა (იქ პრეზიდენტი ცხოვრობდა და კონტროლდებოდა პერიმეტრი). თუ ფირები განადგურებული არ არის, შესაძლებელია თავდამსხმელთა ვინაობის, მათი ავტომობილების სერიისა და ნომრების ამოცნობა. დარწმუნებული ვარ, მერაბიშვილის დავალებით გამიტაცეს. პატიმრობის დროსაც მისივე სურვილის გათვალისწინებით მექცეოდნენ სასტიკად.

ლევან ჩაჩუა: - პარასკევს, როცა კარანტინი იშლებოდა, სისხლის გუბეები დგებოდა. ამიტომ ამ დღეს პატიმრებმა "წითელი პარასკევი" შეარქვეს. ციხეში გატარებული დღეები ავსახე წიგნში "მიუღწეველი ქვეყანა", რომელიც მალე გამოვა.

რატი მაისურაძე: - დაახლოებით სამი თვე ვიყავი გლდანის მე-8 დაწესებულების ე-კორპუსში, საიდანაც კარგად ჩანს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. არ მახსოვს ისეთი დღე, ერთი მიცვალებული არ გამოეყვანათ შენობიდან. ერთხელ, ახალი წლის დღეებში, 7 გვამი გაიტანეს.

როგორც იცით, ახლახან მთავარმა პროკურორმა განაცხადა, პატიმარს ცოლის გაუპატიურებისთვის აყურებინესო. ის პატიმარი ჩემგან ორი საკნის მოშორებით იჯდა. მას ცოლის გაუპატიურების ფირი ანახეს და ჭკუიდან შეიშალა. ეს არცთუ იშვიათი მოვლენა იყო ციხეებში. მაგალითად, ერთ პატიმარს მისი ქალიშვილის სურათი აჩვენა ოფიცერმა და უთხრა, სიამოვნებით გავაუპატიურებო. პატიმარმა ამის გამო ინფარქტი მიიღო.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
"სახიფათოა იყო მართალი, როცა ხელისუფლება ძალადობს" ლუი ნიკოლა
ku2
08 თებერვალი 2013 00:13
შუკყვანი შენ ხომ გაქვს ფრთები, ააა?
tengo
07 თებერვალი 2013 19:05
გილოცავთ თავისუფლებას, გაიხარეთ
Vaja shukvani
07 თებერვალი 2013 13:31
მე მახსოვს ამ ვაჟბატონების ნაცისტურ ფორმებსჰი გამოწყობილი სურათები სადაც ნაცისტურ სალამს გამოსახავენ... ღAღაც უცნაური სიმბოლოებით...... ესენიც არ არიან ანგელოზები

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?