თორნიკე მოლაშვილი: "კოდუა არასოდეს იქნება კაცი..." - კვირის პალიტრა

თორნიკე მოლაშვილი: "კოდუა არასოდეს იქნება კაცი..."

"65 წლის პატიმარს ფაცაციამ რკინის სკამი დაადო ფეხის ცერა თითზე და თვითონ დაჯდა სკამზე"

"6-კაციან საკანში 18 პატიმარი ვიყავით. თურმე გული გამიჩერდა, ექიმს უთქვამს, გარდაცვლილია და ზეწარი გადააფარეთო"

"...კაცი საკანში ცოცხლად მოხარშეს"

"ნაბეღლავის" ბოთლებს წყლით ავსებდნენ და უმოწყალოდ ურტყამდნენ პატიმრებს"

ჯერ კიდევ 2004 წელს იხილა საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის წამების შემზარავი ფოტოები. მას მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა, სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, ფეხის ვენები დასკდომამდე იყო მისული, როგორც ამბობდნენ, ის ელექტროშოკით იყო ნაწამები. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მან საქართველო დატოვა და ახლა საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ამით არ დამთავრებულა მისი ოჯახის დევნა, - მოგვიანებით, სულხანის ძმა, პოლკოვნიკი თორნიკე მოლაშვილი საბრძოლო მასალის შენახვის და ნარკოტიკის შენახვა-შეძენა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა. თორნიკემ კოლონია პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. რა ხდებოდა გლდანის ციხეში, პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი გვესაუბრა.

- სულხანზე შურისძიება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სააკაშვილის მინისტრობის დროს დარღვევები გამოავლინა... სულხანის დაკავებისთანავე პოლიციიდან წამოვედი. შემდეგ იყო შემოთავაზებები. სულხანს სტრასბურგში ჰქონდა სარჩელი შეტანილი და მეუბნებოდნენ, თუ გამოიტანს, მაღალ თანამდებობაზე დაგნიშნავთო<. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ცოტა ხნით ადრე ვანო მერაბიშვილმა დამიბარა. მითხრა, ჩემი სახელით შოთა ხიზანიშვილი დაგელაპარაკებაო,ხიზანიშვილთან საუბარს ზურაბ მიქაძე ესწრებოდა. მოლაშვილებს კახეთში გავლენა გაქვთ, მიშა უნდა ჩავიდეს და იმის უკან ფონად უნდა დადგე, მერე სამხარეოს უფროსად დაგნიშნავთო.

უარი ვუთხარი. ჯერ მოთაფვლით დაიწყეს და მერე მუქარაზე გადავიდნენ.

- როგორც ვიცი, გურამ დონაძეც იყო ერთ-ერთი შუამავალი.

- ეს სულხანის დაკავებამდე იყო, მაშინ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის უფროსი ვიყავი. ღამის 1-ელ საათზე დონაძემ  დამირეკა და შევხვდი მეტრო "წერეთელთან". მითხრა, შენი დაკავება უნდათ და ეს საქმე ერთად გავარკვიოთო.

დონაძემ გიორგი კარბელაშვილს დაურეკა, მაშინ იგი საკრებულოში მუშაობდა და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო: მოლაშვილის დაკავებაზე რომ მითხარი, იმაზე გირეკავო. დონაძეს დონეს ეძახდნენ: "- ხო, დონე, გისმენ, - იყო პასუხი. - რომელ მოლაშვილზე იყო საუბარი? - პოლიციელი რომელიც არის, იმაზე. - მე სულხანზე ამბობდი, მეგონა, - ეუბნება დონაძე. - არა, ჯერ პოლიციელის დაკავებას ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლაპარაკება ძალაში რჩება. პირველ რიგში შენ და "რუსთავი 2" გაიგებთ, ხომ იცი, კამერებით უზრუნველყოფა შენ გევალება.

ისე, ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის, შეიძლება სულხანიც იყოს, ჯერ ფიქრობენ, ეშინიათ, პოლიტიკური ელფერი არ მიეცეს ამ დაკავებას", - ეუბნება კარბელაშვილი.

ეს დიალოგი 2004 წლის იანვარში შედგა, სააკაშვილს ახალი დადებული ჰქონდა ფიცი... მერე რაც მოხდა, კი იცით...

- თქვენ როგორ დაგაკავეს?

- სახლიდან გამოსვლისთანავე დევნა დამიწყეს. გავაჩერე მათი მანქანა და ვუთხარი, გამაგებინეთ, რატომ დამდევთ-მეთქი. დავალება გვაქვსო. იმ დღეს 13 საათსა და 30 წუთზე დამაკავეს. მანქანაში სპორტული პისტოლეტი მედო, მათ იარაღი ეგონათ და მოდულში მიმიყვანეს. Iგაარკვიეს, სპორტული რომ იყო, რა ექნათ და უცებ ნარკოტიკი გაჩნდა საქმეში. მერე მამაჩემის საძინებლიდან ტყვიები ამოიღეს და ეს ბრალდებაც წამიყენეს.

ირაკლი კოდუამ დამაკავა. რამდენი ხანია მასთან შეხვედრას ვითხოვ, მაგრამ ვიცი, სანამ ცოცხალია, არ შემხვდება. ადრე ჩემთან მუშაობდა, კუკიაზე, არასრულწლოვნებში ინსპექტორი იყო, აგდებდნენ სამსახურიდან და მე დავიცავი. ეგ არასოდეს იქნება კაცი...

- როგორ გექცეოდნენ ციხეში?

- ფიზიკურად არავინ შემხებია, მაგრამ, ალბათ, ჯობდა, შემხებოდნენ, მეც შევეწინააღმდეგებოდი და სულიდან ამ ტკივილს მაინც ამოვუშვებდი. ყოველდღე ვხედავდი, ციხის საავადმყოფოდან მიცვალებულები როგორ გამოჰყავდათ. საათი არ გავიდოდა, კაცის განწირული ღრიალი არ გამეგონა.

6-კაციან საკანში 18 პატიმარი ვიყავით. რამდენჯერმე ცუდად გავხდი... ერთმა პატიმარმა მიამბო, თურმე გული გამიჩერდა და ხმაური აუტეხია. ექიმს ჩემი გასინჯვის შემდეგ უთქვამს, გარდაცვლილია და ზეწარი გადააფარეთო. ამ დროს იქ ახალგაზრდა ექიმი ირინა შემოსულა, ელექტროშოკი შემოუტანია და გულზე რომ დამადო, ამის შემდეგ ამოვიხროტინე...

ტელევიზიით რაც ნახეთ, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ ხდებოდა. "ნაბეღლავის" ბოთლებს წყლით ავსებდნენ და უმოწყალოდ ურტყამდნენ პატიმრებს, როგორც წესი, პროცესზე გაყვანამდე ყველა პატიმარს სცემდნენ, რომ დაეთრგუნათ.

მკლავჭიდელი ზაურ ცხადაძე ზაფხულში დააკავეს, 29 დღე კარანტინში ამყოფეს. იქ ყოფნა წამებაა, არც ლეიბი გაქვს, არც ბალიში, ბალანდას თუ მოგიტანენ. წარმოიდგინეთ, საპირფარეშოსთვის ქაღალდს არ გვაძლევდნენ. თუ მოითხოვ, გცემენ. მაისურებს, საცვლებს ხევდნენ და იმას იყენებდნენ ქაღალდის ნაცვლად. ამას წყლის გათიშვა ემატებოდა. 29 დღე არ აიყვანეს კარანტინიდან ცხადაძეც, ასე ახდენდნენ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას... როდესაც საკანში აიყვანეს, იქ კანი სულ გადასძვრა, კაცი ცოცხლად მოხარშეს - წარმოიდგინეთ, 6-კაციან საკანში 45 პატიმარი რომ იქნება...

65 წლის პატიმარს, მირიანაშვილს, ოლეგ ფაცაციამ უბრძანა, ფეხსაცმელი გაიხადეო, მერე რკინის სკამი დაადო ცერა თითზე და თვითონ დაჯდა სკამზე. ასე იჯდა 45 წუთი...

- ე.წ. მატროსოვის ციხეში რა ხდებოდა?

- მატროსოვზე საშინელი სიბინძურეა. ბაღლინჯოები სისხლს გწოვენ. საპირფარეშოში რომ შესულიყავი, 2 საათი რიგში გიწევდა ყოფნა. აბანოს დღე შაბათს არის, მხოლოდ 5 წუთით შეგეძლო ბანაობა, თუ ვერ მოასწრებდი, საპნიანს გამოგაგდებდნენ.

- არჩევნების დღეს რა ხდებოდა ზონაში?

- ზონა პატარა სოფელივითაა, მამაკაცების სოფელია. 1-ელ ოქტომბერს კაციშვილი ეზოში არ ჭაჭანებდა. წარმოიდგინეთ, ერთ ოთახში 70 კაცი ცხოვრობს და იმ დღეს ყველგან ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი. ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს ხალხმა სუნთქვა შეაჩერა. როგორც კი შედეგები დაიდო, ატყდა ყვირილი. კედლებს სიხარულით ხელს ურტყამდნენ ისე, რომ შენობა ზანზარებდა, ხელმძღვანელობა ყვიროდა, ხალხო, გაჩერდით, შენობა დაინგრევაო. მეორე დღეს ეზოში გამოსული პატიმრები ერთმანეთს ყიჟინით ულოცავდნენ. ჯერ არ ვიცოდით, ამნისტია რომ გამოვიდოდა, უბრალოდ ერთმანეთს საქართველოს გადარჩენას ვულოცავდით.

თეა ხურცილავა