ძალადობაგადატანილი ადამიანი შურისმაძიებლად რომ არ იქცეს
04-02-2013
ძალადობაგადატანილი ადამიანი შურისმაძიებლად რომ არ იქცეს
პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ პრესაში გაჩნდა მრავალი პუბლიკაცია, სადაც ისინი დაწვრილებით ჰყვებიან გადატანილ წამებაზე. ამისი დავიწყება შეუძლებელია, - ამბობენ წამებაგამოვლილი ადამიანები. რამდენად შესაძლებელია, რომ გადატანილი საშინელების შემდეგ ფსიქოლოგიური წონასწორობა დავიბრუნოთ, ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი გვესაუბრება:

- ყველა ტრავმირებული ადამიანი გადის რეაბილიტაციის ეტაპებს. ზოგი ამას სხვის დაუხმარებლად ახერხებს, ზოგს დახმარება სჭირდება. მთავარია ის, რომ ადამიანზე განხორციელებული ძალადობა არ არის მხოლოდ მისი ტრაგედია. ის მთელი საზოგადოების ტრაგედიად შეიძლება იქცეს. ნებისმიერი კატასტროფის ან ომის დროს
ვიღაც ფიზიკურად ნადგურდება, ვიღაც მხოლოდ უსმენს მონაყოლს, ან ტელეეკრანზე უყურებს, ამიტომ ფსიქოლოგიური დახმარება არა მარტო მათ სჭირდებათ, ვინც თვითონ გამოცადა ტკივილი, არამედ მათაც, ვინც მოისმინა, გადმოცემით გაიგო მომხდარი. ახლახან მყავდა რამდენიმე პაციენტი. მათი მძიმე აკვიატებების პროვოცირება სწორედ წამების ამ ინფორმაციამ და ვიზუალიზაციამ მოახდინა.

კონკრეტულ ინდივიდებს,
რომლებიც უსამართლოდ მოხვდნენ ციხეებში, აუცილებლად სჭირდებათ ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სოციალური რეაბილიტაცია, დახმარება, რომ სწორად წარმართონ თავისი პროტესტი, რომელიც აუცილებლად ექნებათ.
აქ ერთვება უსამართლობასთან დაპირისპირების, შურისძიების სურვილი. სწორედ უსამართლობის განცდამ ააგორა ტალღა, რომელიც არჩევნებზე აისახა.

- რამდენად საშიშია შურისძიების სურვილის არსებობა ძალადობაგამოვლილ ადამიანში?
- პროტესტი კი არ უნდა ჩავაქროთ, ფორმა და მიმართულება უნდა მივცეთ, რომ ძალადობაგადატანილი ადამიანი შურისმაძიებლად კი არ იქცეს, არამედ კანონის ფარგლებში ეცადოს, მიიღოს პასუხი. ამიტომ უნდა არსებობდეს სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრები. ამ ადამიანებს სჭირდებათ მოსმენა, მოვლა, რომ დაიკმაყოფილონ პროტესტი. მართალია, დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ დრო ზოგ შემთხვევაში იმდენად ჭიანურდება, რომ უსასრულოდ ეჩვენება. ამიტომ სჭირდებათ დახმარება. ფსიქოლოგიური პრობლემის გარდა თუ ჯანმრთელობაც არის დარღვეული, მაშინ საქმე უფრო რთულია. გარდა იმისა, რომ ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს მოტეხილი კიდური, ან ცემისას დამტვრეული ნეკნები, დიდი სტრესის ფონზე პროვოცირდება ყველა გენეტიკური, სომატური და ფსიქიკური დაავადება, რომელიც შეიძლებოდა არასოდეს გამომჟღავნებულიყო...

საზოგადოებაში არსებობს მითი: ვნერვიულობ - ვსვამ, ვნერვიულობ - ვიკეთებ... ეს ამ ჯგუფის ადამიანების ფსევდოგასამართლებელი ფრაზაა. მაგრამ... ამ მიდრეკილებების მქონე ადამიანში, რომელსაც შეიძლებოდა არასოდეს დამართოდა ეს დაავადება, სტრესი პროვოცირებას გაუწევს.
მარტო ყოფილი პატიმრები არ არიან ცუდ დღეში, სამართალდამცავებს ავტორიტეტი იმდენად შეერყათ, რომ მათთვისაც ძალიან მძიმე იქნება რეაბილიტირება. საშინლად განიცდიან იმ ადამიანების ოჯახებიც, რომლებიც ციხის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ.

ახლა რომ ამბობენ, მოიმატა კრიმინალურმა შემთხვევებმა, ან ხშირია მძღოლების გაჩერება და საბუთის შემოწმებაო, სწორედ იმ სტრესის შედეგია, რაც გადავიტანეთ. შეიძლება ადრე მეტადაც ითხოვდნენ საბუთებს, მაგრამ ამას ასე მწვავედ არ აღიქვამდნენ. თანაც, მაშინ პროტესტი საფრთხედ აღიქმებოდა, ამდენად გაურბოდნენ. ახლა პროტესტი მეტია, აღქმა - გამძაფრებული. 1989 წლიდან სტრესში ვართ... ერის ინტერესებში შედის ამ ადამიანების სწორი რეაბილიტაცია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?