"მთელი სისტემა იყო აწყობილი, რომელიც პატიმრის ე. წ. გაქათმებას ემსახურებოდა" - კვირის პალიტრა

"მთელი სისტემა იყო აწყობილი, რომელიც პატიმრის ე. წ. გაქათმებას ემსახურებოდა"

უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ოლეგ ფაცაციამ სამართებელი წაართვა და უთხრა, თუ ასეთი მაგარი ხარ, ყელი გამოიღადრეო და ისევ მიაწოდა. პატიმარმა მართლაც გამოისვა ყელში სამართებელი.

განვაგრძობთ "კავკასიის" ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო გასამართლებულების, ლევან ჩაჩუასა და რატი მაისურაძის მონათხრობის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ ისინი პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა და 2013 წლის 13 იანვარს გაათავისუფლეს.

რატი მაისურაძე: - არსებობს იდეა, რომ პატიმრის წამების ამსახველი ეპიზოდები შეიკრიბოს და წიგნად გამოიცეს, თუმცა ამ ყველაფრის ენით გადმოცემა ძნელია. მე იმდენი ადამიანის გაუბედურებას შევესწარი, ყველაფრის გადმოცემა გამიჭირდება. ციხეში შესვლა დაახლოებით დანტე ალიგიერის აღწერილ  ჯოჯოხეთში შესვლას ჰგავს, სადაც ზღურბლთან უნდა დატოვო ყველაფერი, ადამიანური სურვილები, გრძნობები ან იმედი. გლდანის ციხეში რომ მიგვიყვანეს, პირველი შოკი მაშინ განვიცადე - სარდაფიდან განწირული კივილი, ყმუილი და კვნესა ამოდიოდა. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად მძიმედ იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორშიც საშინელი სიბინძურე და სიბნელე იყო, ტუალეტიდან წყალი მოედინებოდა, რასაც დაკავებულები სასმელად და დასაბანად იყენებდნენ...

- რას ამბობთ, ტუალეტის წყალს სვამდით?

- მე გარედან შემომდიოდა საკვებიც და წყალიც, მაგრამ უპატრონოები იძულებული იყვნენ, ეს წყალი დაელიათ. სხვათა შორის, ფსიქოლოგიურო ზეწოლა პროკურორთან ყოფნის დროსაც განვიცადე, როდესაც ჩემს ადვოკატს, ნათია სირაძეს პროკურორმა აგინა. ადვოკატი ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ იტირა და იქით გამიხდა დასაწყნარებელი. ჩვენ, მართლმადიდებლობის დამცველი 8 კაცი, ისე წაგვიყვანეს გლდანის მე-8 ციხეში, თითქოს ტერორისტები ვიყავით, წინ და უკან ავტომობილები ჩაგვიყენეს, შეიარაღებული ხალხი მიგვაცილებდა.

სამედიცინო შემოწმება გავიარეთ თუ არა, ჩაგვიყვანეს ფუქსებში, სადაც კამერების კარებთან ძაღლებივით მიჯაჭვული, ჩამუხლული, თავზე რკინის მუზარადჩამოცმული ადამიანები ვნახე. მითხრეს, ჭკუით თუ არ იქნები, შენც ეს დღე გელისო. ეს ხალხი მუზარადების მოხდას ითხოვდა, რადგან გაუსაძლისი სიცხე იყო, ზოგიერთი ასეთ მდგომარეობაში 15-20 დღეც კი ჰყავდათ. შემიყვანეს კარანტინში - ერთ პატარა ოთახში, სადაც 35 კაცი გაჭირვებით იდგა, არადა, პატიმრებს ყოველდღე ამატებდნენ. ფაქტობრივად, კოჭებამდე წყალში ვიდექით. კარანტინს ყოველ პარასკევს შლიან. მე ერთი კვირის გატარება მომიხდა იქ, ზოგს ერთ თვესაც ამყოფებდნენ. მაგალითად, პილოტების საქმეზე დაჭერილმა რუსლან გალოგრემ რამდენჯერმე გაიარა კარანტინის დაშლა, მაგრამ მაინც არ გაიყვანეს. არ გვქონდა არც ტუალეტის ქაღალდი და არც საპონი. აუტანელ ჭუჭყში გვიხდებოდა ყოფნა. რამდენიმე პატიმარი ერთი ჯამიდან ბინძური თითებით შეექცეოდა საზიზღარ სალაფავს. მაშინ გავიფიქრე, შეიძლება ადამიანმა შიმშილი ერთი დღე მოითმინო, ორი, სამი, მაგრამ მეოცე დღეს მაინც ხომ შეჭამ-მეთქი? კარანტინის დაშლის დროს სათითაოდ იძახებდნენ პატიმრებს და სასტიკად სცემდნენ. ზოგს თანამშრომლობაზე ხელის მოწერას სთხოვდნენ.

ერთს ჰკითხეს, რატომ ზიხარო, იმან, წამალი ჩამიდესო და სასტიკად გაუსწორდნენ. იმ უბედურმა გონება დაკარგა. ცივი წყალი გადაასხეს, მოასულიერეს და ისევ სცემეს. ასე რამდენიმეჯერ. ისინი, რომლებსაც ვერ ითანხმებდნენ თანამშრომლობაზე, მეორე სართულზე აჰყავდათ, იქ, სადაც უსაფრთხოების სამსახური იყო, და აიძულებდნენ, თანასაკნელების დასმენაზე ხელი მოეწერათ. უარის შემთხვევაში თითებზე პლასტმასის მილებს ურტყამდნენ, შემდეგ ისევ კარანტინში ჩაჰყავდათ. მე ვნახე 19 წლის ბიჭი, რომელიც თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა და ამისთვის სასტიკად ისჯებოდა. მამათმავლებში ჩაყვანითა და გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ.

- პატიმრებს ვინ აუპატიურებდა?

- მე-8 დაწესებულებაში ჰყავდათ ერთი პატიმარი, მეტსახელად "გოჭი", რომელსაც ადმინისტრაცია პატიმრების გაუპატიურებას ავალებდა. ის პრივილეგირებული იყო, სამაგიეროდ, ბინძური საქმეებისთვის იყენებდნენ. ციხეში ე.წ. მაყურებლებიდან ისევე როგორც თანამშრომლებიდან ბევრი იყო არატრადიციული ორიენტაციის. სურდათ ფიზიკურად გამორჩეული და  კარგი აღნაგობის ბიჭები თავისნაირი გაეხადათ. მთელი სისტემა იყო აწყობილი, რომელიც პატიმრის ე. წ. გაქათმებას ემსახურებოდა.

იყო შემთხვევა, როცა პატიმარს გაუპატიურების შიშით პირში სამართებელი დაუმალავს. სასტიკი წამებისას ვენების გადასერა სცადა. უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ოლეგ ფაცაციამ სამართებელი წაართვა და უთხრა, თუ ასეთი მაგარი ხარ, ყელი გამოიღადრეო და ისევ მიაწოდა. პატიმარმა მართლაც გამოისვა ყელში სამართებელი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მისი გადარჩენა ქირურგიული ჩარევით მოხერხდა.

საკანში რომ გადამიყვანეს, ოფიცერი ვახო გუგუციძე 32 საკანს აკონტროლებდა. ციხეს ე. წ. "კლუჩნიკიც" ჰყავდა, რომელიც სადისტურად ექცეოდა პატიმრებს, მაგრამ გუგუციძე მაინც "შეუდარებელი" იყო. თურმე  თავის დროზე პოლიციელი მამა მოუკლეს და გაბოროტებული იყო. ხშირად ამბობდა, ყველა პატიმარში მამაჩემის მკვლელს ვხედავო. თუკი რომელიმე საკანში სამტრედიელი აღმოჩნდებოდა, სასტიკად უსწორდებოდა, რადგან მამამისი სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში მოუკლავთ. ერთხელ თანასაკნელს კბილი ასტკივდა და ექიმთან ჩაყვანა მოითხოვა. ამ ოფიცერმა ჩაიყვანა და ერთის ნაცვლად ოთხი ამოაძრეს გამაყუჩებლის გარეშე, თან "დაამშვიდა", სადაც ოდნავ კარიესი გქონდა, ის კბილები ამოგთხარეს და ექიმი აღარ დაგჭირდებაო. ვახო გუგუციძე პატიმარს ბანაობისთვის მხოლოდ 4 წუთს აძლევდა, თანაც აუცილებლად ცივ წყალში, ზამთარშიც კი. წყლის დამარეგულირებელი ოფიცრის ოთახში იყო და უნდოდა, ცხელს მოუშვებდა, უნდოდა, ცივს. მახსოვს, მთელმა კორპუსმა უჩივლა ამ ოფიცერს, მაგრამ ის დღესაც დაუსჯელია(!).

26 მაისის აქციის წინადღე იყო, როდესაც "აბსლუგა", ციხის მომსახურე პატიმრები ჩაიყვანეს სამრეცხაოში, არმატურა დააჭრევინეს და ზედ სკოჩები გადაახვევინეს. დაზუსტებით ვიცი, რომ 26 მაისის აქციის დარბევაში ციხის ოფიცრები მონაწილეობდნენ. ისინი სწორედ ამ არმატურებით უსწორდებოდნენ მომიტინგეებს.