"პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო. ამის მერე როგორ არ მოვაწერდი ხელს..." - კვირის პალიტრა

"პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო. ამის მერე როგორ არ მოვაწერდი ხელს..."

"ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს"

"თუ სადმე გადავაწყდი უგულავას, ბოკერიას ან სააკაშვილის ხელისუფლების სხვა გაბოროტებულ მუტანტებს, შეიძლება მართლა ჩავიდინო დანაშაული, რადგან ამ არაკაცებმა ცხოვრება დამინგრიეს"

"2 წელი იმისთვის ვიყავი ციხეში, რომ ამ ხელისუფლების საქმიანობას ვაპროტესტებდი. გამოვედი და ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი, უგულავა კი მერი"

"პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  ამის მერე როგორ არ მოვაწერდი ხელს..."

"გიგის რომ შინდისფერსაყელოიანი ფორმით მოჰყვნენ ტიპები, მათში 26 მაისს დაზარალებულებმა ბევრი ზონდერი ამოიცნეს"

"სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე"

"რამდენჯერმე გააჩერეს მანქანა, გაიქეციო, უნდოდათ, გავქცეულიყავი და მოვეკალი..."

"25 წელია იარაღით ვიცავ საქართველოს და ამიხსნას ვინმემ, რატომ ვარ სამშობლოს მოღალატე? თუ დამიმტკიცებენ, რომ მართლა მოღალატე ვარ, ჩემი ფეხით შევბრუნდები ციხეში... სამი შვილი ისე მყავს გაზრდილი, რომ ჰკითხო, გეტყვიან, ჯერ საქართველო მიყვარს და მერე დედ-მამაო და მე ვარ მოღალატე?" - მეუბნება ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ ცილიკიშვილი, რომელიც "ყინწვისის საქმეზე" დააკავეს:

- ორგანიზაცია "მთავარანგელოზ მიქაელის მხედრობის" ხელმძღვანელი ვიყავი და 2011 წლის მაისში ჩემი ორგანიზაციით შევედი ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობაში. 24 მაისს მეგობრებთან ერთად ყინწვისში წავედი მოსალოცად, სადაც ჩემი მოძღვრის, მამა იაკობის სტიქაროსანი დამხვდა. ის დღე და მეორე დღეც ლოცვაში გავატარეთ. 25 მაისს, საღამოს, საკლავი დავკალით და ვიქეიფეთ. მთელი ღამე იქ აპირებდნენ ბიჭები დარჩენას, მაგრამ შორიახლოს ფარნებიანი ხალხი დავინახე და ბიჭებს ვუთხარი, ტაძარში ავიდეთ-მეთქი. იქ რომ დავრჩენილიყავით, სუფრასთან ჩაგვხოცავდნენ. 26 მაისს დილით რადიოთი შევიტყვეთ, რომ რუსთაველზე მომიტინგეები დაარბიეს და თბილისში წასვლა გადავწყვიტეთ.

- 2 ათას რუს ჯარისკაცზე საუბრობდა ხელისუფლება, ცხინვალიდან უნდა შემოსულიყვნენ?

- სად უნდა მოეძებნათ ქართულად მოლაპარაკე 2 000 რუსი ჯარისკაცი? 2 000 ჯარისკაცი 2 კაცი ხომ არ არის, რომ მათი გადაადგილება ვერავინ დაინახოს? მერე შევიტყვე, ქართულად მოლაპარაკე რუსი ჯარისკაცები თურმე ტანკებით უნდა შემოსულიყვნენ ცხინვალიდან. მაშინ ეს დაახლოებით 9-კმ-იანი კოლონა უნდა ყოფილიყო, რადგან ტანკში 4 კაცზე მეტი არ ეტევა.

ის იყო, ყინწვისიდან თბილისში წამოსვლას ვაპირებდით, რომ სპეცრაზმელები დაგვეცნენ თავს შეძახილებით, დაწექით, თქვე გრუ-ს აგენტებო, თქვე ფეესბეშნიკებოო, გვიყვიროდნენ მე და ჩემს მეგობრებს, რომლებიც 1991 წლიდან 2008 წლის ჩათვლით რუსებს ვეომებოდით.

როდესაც ნიღბიანი სპეცრაზმელები დავინახე, ტეტე, რომელიც გულის ჯიბეში მქონდა, ხევში გადავაგდე. ეტყობა, სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა შეამჩნია. ჩავიდა ხევში და ამოიტანა იარაღი, რომელიც ჩემზე იყო გაფორმებული (იმ დროს ტარების უფლება არ მქონდა), მაგრამ ისე გამოიყვანეს, თითქოს ეს იარაღი ნიკა გოგუაძეს მივყიდე და ჩხრეკისას ტეტე გოგუაძის მამის კუთვნილ მანქანაში აღმოჩნდა. ეს იმიტომ, რომ მანქანაც წაეყვანათ. სასამართლოზე ვთქვი, რომ იარაღი არავისთვის მითხოვებია და მით უმეტეს, არ მიმიყიდია.

3 საათი მოვუნდით ქარელის პოლიციამდე მისვლას, რადგან სპეცრაზმელები გზაში გამუდმებით ვიღაცას უკავშირდებოდნენ - ავიყვანეთ და რა ვქნათო. მივხვდი, ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი ჩვენი ამბავი.

რამაზ ღვალაძე, "ყინწვისის საქმეზე" დაკავებული: - მონასტერში, ბერების თვალწინ ჩვენი ამოხოცვა არ გამოვიდოდა. მონასტრის მსახურ Mმამებს და მორჩილებს ხომ ვერ დახოცავდნენ. მამა საბამ სპეცრაზმელებს უთხრა, ბიჭებს იარაღი არა აქვთო. ამან ძალიან არია მათი გეგმები, რადგან ამოტანილი ჰქონდათ იარაღი, რომელიც მერე უნდა ამოეღოთ და ჩვენთვის შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა დაებრალებინათ. ალბათ, ჩვენი დახოცვა 26 მაისის გამართლებისთვის სჭირდებოდათ - იმიტომ დავარბიეთ ხალხი, რომ ამ აქციებთან დაკავშირებული შეიარაღებული ბანდა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდაო.

მიხეილ ცილიკიშვილი: - ჩემი ბევრი მეგობარი კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრია და ამ რაზმის ხელმძღვანელად დანიშვნას დღე-დღეზე ველოდებოდი (ეს ის სპეცრაზმია, რომელიც ახლა უგულავას ექვემდებარება), მაგრამ რადგან ყინწვისში წავედი, უცებ გავხდი მოღალატე. მანქანაში რომ შემაგდეს, ორმა სპეცრაზმელმა მიცნო, მიშა არ ხარო? - მკითხეს. ყინწვისში დაკავებული რამდენიმე ჩემი მეგობარი ქარელის პოლიციაში შეიყვანეს.

დანარჩენები დასახვრეტებივით კედელთან დაგვამწკრივეს. შენობიდან ისეთი საშინელი ხმები გამოდიოდა, გეგონებოდათ, პოლიცია კი არა, სასაკლაოაო, ცემის ხმა და ჩვენი მეგობრების ბღავილი გვესმოდა. მერე ერთი გამოვიდა და ჩემზე იკითხა, ამას რატომ არ სცემთო.  ოთახში შეყვანისთანავე ცემა დამიწყეს. ოთხი კაცი ისე მირტყამდა ფეხით, ხელით და ხელკეტით, რომ სკამიდან ვეღარ ავდექი. რამდენიმე წუთში ცემისაგან ერთიანად შავი ვიყავი. ჩემს ცემას ერთი კაცი ესწრებოდა, რომელიც მითითებებს აძლევდა მათ, ვინც მცემდა და მე მეუბნებოდა, დაწერეო. მითხარით, რა უნდა დავწერო და დავწერ-მეთქი. რამდენიმე გვარი (ერთ-ერთი კუდ-ის მაღალჩინოსანია, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება) დავუსახელე, მათთან დარეკე და გეტყვიან, ვინც ვარ-მეთქი. ეტყობა, დარეკა, რადგან რამდენიმე წუთის შემდეგ შემოვიდა და ვინც მცემდა, გააჩერა, ამას თავი დაანებეთო, მაგრამ სპეცრაზმელებმა რომ თავი დამანებეს, მერე პოლიციის ოპერმა დამცხო. სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე. მერე ორი პლასტმასის ხელბორკილი დამადეს. ერთი ცინიკურად მეუბნებოდა, შენზე გავიგეთ, თავს ურტყამ მაგრად და აბა, დაარტყიო. გამწარებული კედელს ვურტყამდი თავს, რომ ტკივილი სხეულიდან თავზე გადმოსულიყო.

ერთი კვირა არ ვაწერდით ხელს საპროცესო გარიგებაზე. პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო. ამის მერე როგორ არ მოვაწერდი ხელს იმაზე, რომ რუსები შემომყავდა საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.

რამაზ ღვალაძე: - რომ მცემდნენ, თავიდან არ ვყვიროდი და სულ გადაირივნენ. უფრო გამეტებით დამიწყეს ცემა. მივხვდი, სჯობდა მეყვირა. ცოფიანი ძაღლებივით იყვნენ. ვეუბნებოდი, მაჩვენეთ, რაზე მაწერინებთ ხელს და მოვაწერ, ნუ მცემთ-მეთქი, მაგრამ არა, ჩვენი ცემა უნდოდათ. მაშინ გავიგე პირველად 2 ათასი რუსი ჯარისკაცის ამბავი. ფეხებით მათრევდნენ იატაკზე. ორლიტრიანი "კოკა-კოლას" ბოთლები ჰქონდათ წყლით სავსე და თავში მირტყამდნენ. მერე იარაღზე დამიწყეს ლაპარაკი, სად გაქვთო? ფეხისგულებზე ხელკეტებს მირტყამდნენ, წვივები დამილეწეს. ნაცემები ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, გარეთ რომ გამოვედით, ყველას ღმუილი აღმოგვხდა. ის ხალხი დღესაც თუ სპეცრაზმში მუშაობს, ადამიანების წამებას ისე იყვნენ მიჩვეული, იმავეს გააგრძელებენ.

ძალიან მძიმეა, ქვეყნის ღალატს რომ გაბრალებენ, თანაც ვინ? ის, ვინც თვითონ ანგრევს ქვეყანას. ციხეში ბევრი გამწარებული პატიმარი ვნახე. სასჯელი გლდანის ციხეში მოვიხადე. ეს იყო ისეთი საპყრობილე, სადაც ადამიანებს ფიზიკურად კი არა, სულიერადაც ანადგურებდნენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი სისასტიკე სააკაშვილის ხელისუფლების  ავადმყოფური ექსპერიმენტის ნაწილი იყო, რის გადმოტანასაც მერე, ალბათ, ქვეყანაში აპირებდნენ, რადგან ციხეში ეს ექსპერიმენტი წარმატებულად ჩატარდა. იქ ადამიანს თავში უდებენ აზრს, რომ შენა ხარ არარაობა, უღირსი და რასაც გეტყვიან, ყველაფერი უნდა გააკეთო. შეიძლება თავი შეაკლა, მაგრამ არ გკლავენ და ყველაზე მტკივნეული თემით, ოჯახით ახდენენ ზეწოლას. სანამ საპროცესო გარიგებაზე ხელს მოვაწერდი, პროკურორმა მკითხა, შარვალი ვინ შემოგიტანაო. ცოლმა-მეთქი. კიდევ რომ შემოგიტანს რამეს, წამლის შემოტანაზე დავაკავებ, მინიმუმ 7-წლიანზე გავუშვებ და შენს ბავშვებს მიმხედავი არ ეყოლებათო(!).

- როგორც ვიცი, თქვენ თბილისის პოლიციის სამმართველოსა და კუდ-შიც გცემეს.

- პოლიციის სამმართველოში კორიდორში იატაკზე დაგვყარეს. ჩვენი ერთი მეგობარი ისე ცუდად იყო, ვერც ფეხზე დგებოდა და ვერც იატაკზე ჯდებოდა. სკამი მოუტანეს. ეს რა დეპუტატივით დაგისვამთო და სახეში ჩაარტყეს წიხლი. დაკითხვაზე რომ შემიყვანეს, 2 გააფთრებული კაცი დავინახე (ერთ-ერთი გმირთა მოედანზე ვეტერანების აქციის დარბევას ხელმძღვანელობდა. დაბალი, დიდყურა ბიჭია, მეორე კი ის იყო, ვინც მაშინ ქალს დაარტყა), ისინი ხელმძღვანელობდნენ ჩემს ცემას. გრძელი ხელკეტი მოიტანეს, ეს ახალიაო და ჩემზე გამოცადეს. მეუბნებოდნენ, უნდა თქვა, რომ სადღაც ორმოში გქონდათ იარაღი დამალულიო. იქ ეს რომ ვერ მაღიარებინეს, კუდ-ში გადამიყვანეს და მაწამეს. კუდ-ში რომ მივყავდი, რამდენჯერმე გააჩერეს მანქანა, გაიქეციო, უნდოდათ, გავქცეულიყავი და მოვეკალი...

კუდ-ში კუნთმაგარი და შუშისთვალება ადამიანები დამხვდნენ. ახალგაზრდა თანამშრომელს ასწავლიდნენ, როგორ უნდა მოეტეხა ჩემთვის თითი ორი ფანქრით. მან ვერ ისწავლა, ფანქარი გაუტყდა და ამით გადავრჩი თითების დამტვრევას. მერე მოიტანეს წნევის აპარატისმაგვარი რაღაც და ხელზე წამომაცვეს, ეს სიცრუის დეტექტორიაო. სინამდვილეში ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა.  ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს. მას მერე გული დამიავადმყოფდა. იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა. ვინც დენით მაწვალებდა, მოგვიანებით ის ბიჭი ციხეში ვნახე. 1-ლი ოქტომბრის მერე დაუკავებიათ. გვარი ვიკითხე და კვირკველიააო... ერთმა კაცმა ხელით ჩამიყვანა კუდ-ის კაპეზეში. ფეხები დასივებული და ერთიანად გაშავებული მქონდა. ფეხსაცმელი გავიხადე. ერთი ბიჭი მოვიდა და დალურჯებულ ტერფებზე კიდევ ფეხს მირტყამდა და ძალიან სწყინდა, ტკივილს რომ ვეღარ ვგრძნობდი. ბიჭო, რა გჭირს, ამას რომ აკეთებ, ოჯახში პრობლემები ხომ არ გაქვს-მეთქი. დამემუქრა, ვნახავ, ოჯახში ვისაც ექნება პრობლემები, შენს ცოლს დავადგები სახლში და გაგიბახებო.

მიხეილ ცილიკიშვილი: - გლდანის ციხეში რომ მიგვიყვანეს, 2 კვირა "აბეზიანნიკებში" ვიყავით. 4-კვმეტრიან საკანში 4 კაცი ვიყავით, სადაც არც სკამია და არც საწოლი. გვერდით, მეორე "აბეზიანნიკიდან" მესმოდა, რომ კაცს საპირფარეშოში გასვლა უნდოდა და არ გაჰყავდათ... კარანტინის დაშლა, რომელიც ვიდეოფირებით ნახა საზოგადოებამ, ჩემი საკნის გვერდით ხდებოდა. ისეთი ხმები მესმოდა, კედლები ზანზარებდა...

დაპატიმრებამდე დაცვის სამსახური "ჯავშანი" მქონდა. დღეს აღარც ბიზნესი მაქვს და აღარც სახლი. ნაქირავებში ვცხოვრობ. ჩემი ოჯახი ბელგიაში წავიდა. სანამ აქ იყვნენ, პაემანზე არასოდეს მომიყვანია ბავშვები. მათ იციან, რომ მამა მეომარი ჰყავთ და არ მინდოდა ციხეში ვენახე...

8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მივედი, იმ 10-კაციან სიაში ვიყავი, ვისაც პრეზიდენტისთვის კითხვის დასმა სურდა. რადგან მაშინ ვერ ვკითხე პრეზიდენტს, ახლა ვეკითხები, - მე, მიხეილ ცილიკიშვილი, რომელიც ვიბრძოდი აფხაზეთსა და ცხინვალში, იარაღით ვიცავდი სამშობლოს, რატომ ვარ მოღალატე? წინასწარ ვაცხადებ - უიარაღოდ დავდივარ, წამალს არ ვიკეთებ და არც პლანს ვეწევი. შეიძლება რაღაც ისევ მოგვიწყონ, რადგან პოლიციასა და სპეცრაზმში ისევ ძველი ზონდერები ჰყავთ. გიგის რომ შინდისფერსაყელოიანი ფორმით მოჰყვნენ ტიპები, მათში 26 მაისს დაზარალებულებმა ბევრი ზონდერი ამოიცნეს.

რამაზ ღვალაძე: - 2 წელი იმისთვის ვიყავი ციხეში, რომ ამ ხელისუფლების საქმიანობას ვაპროტესტებდი. გამოვედი და ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი, უგულავა კი მერი. მითხრან, რატომ გამატარებინეს ციხეში 2 წელი, რატომ მაწამეს? ჩემს 10 მეგობარს სახლები გაუყიდეს. ჩვენი შვილები ფსიქოლოგიურად დანგრეული არიან. თუ სადმე გადავაწყდი უგულავას, ბოკერიას ან სააკაშვილის ხელისუფლების სხვა გაბოროტებულ მუტანტებს, შეიძლება მართლა ჩავიდინო დანაშაული, რადგან ამ არაკაცებმა ცხოვრება დამინგრიეს. ფრთხილად იყვნენ, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს(!).