"დაკონტრაქტებულები" ჩვენებებს იძლევიან - კვირის პალიტრა

"დაკონტრაქტებულები" ჩვენებებს იძლევიან

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. "დასაქმების პროგრამასთან" დაკავშირებით დაიკითხა. საქმე ეხება წინასაარჩევნოდ "გათამაშებულ" "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას". გასამრჯელო მიიღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა - 22 ათასამდე პირმა, თუმცა, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ. დაკითხვისას მერაბიშვილმა ყველაფერი უარყო(?!).

ილია ჯალაღანია (დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურორი): - 2012 წლის 5 ივლისს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა", რომლის ფარგლებში თავდაპირველად დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაასაქმეს, როგორც სოციალური აგენტები. ჩაუტარდათ ტრენინგი, დაურიგდათ კითხვარები და დაიწყეს მოსახლეობაში სიარული. მათი მიზანი იყო დაედგინათ, ვის სჭირდებოდა სამსახური. პროგრამის პირველი ეტაპი რეალურად განხორციელდა. აფიორული კომბინაცია კი მეორე ეტაპზე ჩაირთო, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა 21 837 ადამიანისთვის გაეფორმებინათ დამატებითი ხელშეკრულებები. ანუ ეს ხალხი პარალელურ რეჟიმში "დაეკონტრაქტებინა".

- რას ნიშნავს "დაეკონტრაქტებინა"?

- დამატებით 21 837 ადამიანს გაუფორმდა ხელშეკრულება, რომელთაც იმ 3 ათასი აგენტის ანალოგიური სამუშაო უნდა ჩაეტარებინათ. ამ მიზნით ბიუჯეტში შევიდა ცვლილება და ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო დამატებითი თანხები - 6 მილიონი ლარი. ამ ხალხს ხელშეკრულება გაუფორმდა 3-დან 30 სექტემბრამდე, ანუ ზუსტად წინასაარჩევნოდ. თავიდან ხელშეკრულების ასლი მისცეს, შემდეგ კი უკან დააბრუნებინეს, ვითომ რაღაც ხარვეზები გაიპარა, რომ მეორე პირიც მათ დარჩენოდათ. ესეც თავის დაზღვევის მიზნით გააკეთეს, თორემ სანდო კონტინგენტი იყო შერჩეული - 21 837 კაცი საგანგებოდ შეირჩა ადგილობრივი გამგეობებისა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მიერ... ამ ეტაპზე დამუშავებული გვაქვს იმერეთის ცალკეული რაიონების ამ აფიორული სქემის მონაცემები. მაგალითად, ტყიბულში 37 საარჩევნო უბანი იყო და თითოეულზე 6 პირი, ანუ სულ 222 ადამიანი "დაკონტრაქტდა". ასე მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ პრეზიდენტის წინასაარჩევნო შეხვედრებში, ბროშურებისა და ფლაერების დარიგებაში, პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის განხორციელებაში. თითოეულს 2012 წლის სექტემბრის ბოლოს "ლიბერთი ბანკის" შესაბამის ფილიალში ჩაერიცხა ხელზე ასაღები 240 ლარი. ყველა დაკითხულია. დადასტურდა, რომ მათ ამ პროგრამის ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ. ეს იყო შენიღბული წინასაარჩევნო კამპანია.

- შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად?

- ამას გამოძიება დაადგენს. ეს იყო ბიუჯეტის ფული, იმავე ხალხის ფული, რომელიც "ნაციონალებმა" თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენეს.

- მერაბიშვილი უკვე დაჰკითხეთ?

- მერაბიშვილიც დავკითხეთ და ზურაბ ჭიაბერაშვილიც, თუმცა მათთვის მოწმეთა ჩვენებები არ გვიჩვენებია.

- ჯამში რამდენი თანხა გაიხარჯა?

- 21 837 ადამიანმა ხელზე აიღო 240 ლარი, ანუ ჯამში 5 240 880 ლარი.

მოწმეთა ჩვენებიდან:

ეკატერინე გოცაძის ჩვენება: "2012 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში ჩემმა მეზობელმა ნ.მ.-მ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი იყო, მითხრა, რომ დამასაქმებდა, მხოლოდ უნდა მივსულიყავი სოციალური მომსახურების სააგენტოში ხელშეკრულების გასაფორმებლად. სააგენტოში მისულმა ერთ-ერთ ქალბატონს ვუთხარი, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" გამომგზავნეს ხელშეკრულების გასაფორმებლად. მან ამოიღო დაბეჭდილი ხელშეკრულება, გამომართვა პირადობის მოწმობა, გადაამოწმა სიაში და ჩემი მონაცემები ხელშეკრულებაში ჩაწერა. მეც მოვაწერე ხელი და წამოვედი. ამის შემდეგ ნ.მ-მ მითხრა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიდიო. იქ ს.ჯ.-მ მითხრა, რომ მევალებოდა ჩემს ქუჩაზე სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, თან დააყოლა, შესრულებულ სამუშაოს შევამოწმებთო. იმავე დღეს ს.ჯ.-მ სახლში მომიტანა პლაკატები, რომელიც გავაკარი აღმაშენებლის ქუჩაზე. თვის ბოლოს ნ.მ-მ მითხრა, ხელფასი ჩაგერიცხა "ლიბერთი ბანკში" და აიღეო. მეც მივედი და ვუთხარი ოპერატორს, "ნაციონალების" ხელფასი თუ არის ჩემს სახელზე ჩარიცხული-მეთქი? მივაწოდე პირადობის მოწმობა და მომცა 240 ლარი.

სოციალურ სააგენტოში ჩემთვის არავის აუხსნია, თუ რა მევალებოდა ხელშეკრულებით. არც ხელშეკრულება წამიკითხავს და არც ასლი წამომიღია. ვიცოდი, რომ "ნაციონალები" მიფორმებდნენ ხელშეკრულებას და მათთან უნდა მემუშავა წინასაარჩევნოდ. დავალება შევასრულე და ანაზღაურებაც მივიღე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კავშირი მქონდა მხოლოდ ნ.მ.-სთან და ს.ჯ.-სთან. პარტიაში რა თანამდებობები ეკავათ, არ ვიცი. ნ.მ. ჩემს ქუჩაზე კოორდინატორი იყო".

ზურაბ ბრეგვაძის ჩვენება: "ვცხოვრობ ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე. 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში მეზობელმა მ.-მ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი იყო, მითხრა, რომ პარტიის მხარდამჭერებში ჩამწერდა, დამევალებოდა წინასაარჩევნოდ ბუკლეტების დარიგება და "ნაცმოძრაობის" აფიშების გაკვრა ჩემს უბანში. მითხრეს, ანაზღაურებას მოგცემენო, კონკრეტული თანხა არ დაუსახელებიათ. რამდენიმე დღეში მ.-მ მითხრა ჭიათურის სოციალური მომსახურების სააგენტოში შენი პირადობის მოწმობა მიიტანე და ხელს მოგაწერინებენო. მივედი სააგენტოში და იქ მომუშავე ერთ-ერთ პირს ვუთხარი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბიდან ვიყავი. შემიყვანა ოთახში, სადაც გავიმეორე, რომ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი ვიყავი და შტაბიდან გამომგზავნეს. ამის შემდეგ ქალბატონმა მომაწოდა დაბეჭდილი ფურცელი, რომელშიც ჩაწერა ჩემი სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მომაწერინა ხელი ორ ეგზემპლარზე. სექტემბრის თვის ბოლოს მ.-მ მითხრა, რომ შენს სახელზე "ლიბერთი ბანკში" ფული ჩაირიცხა, მიდი და აიღეო. არჩევნებზე კი, ხომ იცი, მხარი უნდა დაგვიჭირო, ამისთვის გიხდით ფულსო. მეც მივედი "ლიბერთი ბანკში" ოპერატორს მივეცი პირადობის მოწმობა და მომცეს 240 ლარი".

ჟაკ შირაკი ფიქციურ სამუშაო ადგილებს ქმნიდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლეს. გამოძიების ვერსიით, 1992-დან 1995 წლამდე შირაკი, რომელიც პარიზის მერიას ედგა სათავეში, ფიქციურ სამუშაო ადგილებს ქმნიდა და ამ ფულით თავის პარტიას აფინანსებდა. განაჩენში ნახსენები იყო მხოლოდ 28 ფიქციური სამუშაო ადგილი. ფრანგული კანონმდებლობით, უფლებამოსილების გადაჭარბების, ნდობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვისთვის შირაკს 10-წლიანი პატიმრობა და 150 000 დოლარის ჯარიმა ელოდა, თუმცა ასაკისა და მძიმე ავადმყოფობის გამო 2-წლიანი პირობითი სასჯელით შემოიფარგლნენ.

თამარ როსტიაშვილი