"სიმწრისგან ვენა გამოვიჭამე" - კვირის პალიტრა

"სიმწრისგან ვენა გამოვიჭამე"

"ჩემი კლასელი და ნათლულის ძმა  მაწამებდნენ"

"სისხლიანი კარანტინის შემდეგ სანაძლეოს დებდნენ, ვინ უფრო მეტი კბილი ჩამოუღო პატიმარს"

პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე არევაძე პატიმრების წამებაში მონაწილე შსს-ს მაღალჩინოსნებს ასახელებს.

- 2009 წლიდან აქციების ორგანიზებაში აქტიურად ვარ ჩართული. პირველად "საკნების ქალაქის" დაშლის შემდეგ დამაკავეს. რუსთავში მაღაზიიდან გამოვდიოდი, შარვლის ტოტში ხელი ჩამავლეს და ასე მიმათრიეს მანქანამდე.  რუსთავის პოლიციის სამმართველოში შეადგინეს აქტი - თურმე ჩხრეკის დროს აღმომაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება... სასამართლომ 7 წელი მომისაჯა. ოთხი თვის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალებით გამომიშვეს ჩემს 50 მეგობართან ერთად, რომლებიც საკნების აქციაში ვმონაწილეობდით. ციხეში ჩემთან შემოდიოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები: ლევან ტყეშელაშვილი - რუსთავის კუდ-ის ყოფილი უფროსი და ზაზა ტატიკიშვილი - ქვემო ქართლის კუდ-ის ყოფილი უფროსი. პირველი კლასელია ჩემი, მეორე - ნათლულის ძმა.

4 თვის განმავლობაში ყოველღამ 2-3 სთ-ზე იღებოდა საკნის კარი და ოთხი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ნიღბოსანი შემოდიოდა. შემდეგ გავყავდი აბანოში და მაიძულებდნენ, მეღიარებინა ნარკოტიკების მოხმარება. როცა ციხიდან გამოვედი, ტყეშელაშვილსა და ტატიკიშვილს ვკითხე, მართლა მიგზავნიდით ნიღბიანებს ყოველ ღამე-მეთქი? - კიო, - მიპასუხეს, გამოდის, ჩემი კლასელი და ნათლულის ძმა  მაწამებდნენ(!) - ხომ გაგაფრთხილეთ, არ მისულიყავი აქციებზეო. ეს ჩემი პირველი პატიმრობა იყო. ნამდვილი ჯოჯოხეთი კი შემდეგ დაიწყო.

- მეორედ რატომ დაგიჭირეს?

- 26 მაისის აქციაზე რუსთავიდან ხალხი ჩავიყვანე თბილისში...  იმ სასაკლაოს ერთ-ერთი ავტორი ლევან ტყეშელაშვილია. ის უშუალოდ მონაწილეობდა აქციის დარბევაში და რუსთავის ორგანიზაციის წევრების ცემაში... დღე-ნახევარი ვიჯექი ცეკავშირის შენობის სახურავზე. აქციის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რომ მომადგა წლების უნახავი ასევე ბავშვობის მეგობარი, ძველი თბილისის კუდ-ის მაშინდელი უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ვახო დანელია. რუსთავში ჰქონდა რესტორანი "მწვადის სახლი". მეგობრებთან ერთად 8 მარტის აღნიშვნა მის რესტორანში გადავწყვიტე. შუა ქეიფის დროს ვახო მეუბნება, ცუდი სიმთვრალე დამჩემდა, იარაღს ვისვრიო და თავისი იარაღის შენახვა მთხოვა. გამოვართვი შავტარიანი, ვერცხლისფერი რევოლვერი და სუფრაზე გვერდით დავიდე. ამის შემდეგ დანელია გარეთ გავიდა. 5 წუთში შემოვიდნენ პოლიციელები და ჩემს მოპირდაპირე მხარეს დასხდნენ. რაღაცა ვიეჭვე და იარაღი სასწრაფოდ ბარმენს გავატანე შესანახად, მერე კი პოლიციელების გასაგონად ოფისში დავრეკე და საქმის ვითარება ავუხსენი...

ამის შემდეგ სტუმრებთან ერთად სხვა რესტორანში გადავედი. დანელია იქაც თავზე დამადგა და ჩხუბი აუტეხა გვერდით მაგიდასთან მშვიდად მსხდომ აზერბაიჯანელებს. ისინიც ადგნენ და გავიდნენ, დანელიაც უკან გაჰყვა... ცოტა ხანში ყვირილი შემოგვესმა. დანელია კი მალევე შემობრუნდა, ვითომ არაფერიო და განაგრძო ქეიფი. მალე რესტორანში ისევ ის პოლიციელები შემოვიდნენ, ერთი საათის წინ რომ გავერიდე. თან გასისხლიანებულ აზერბაიჯანელს მოათრევდნენ, რომელიც ხელს დანელიასკენ იშვერდა. ამ დროს დანელია იღებს იარაღს და ყველას დასანახავად მაწვდის, - ძმურად, აიღე რა... ამჯერად,  წითელტარიან მაკაროვს. გასისხლიანებული აზერბაიჯანელის, პოლიციელებისა და იარაღის დანახვაზე ჩემი სტუმარი გოგონები აკივლდნენ. დანელიამ უკან ჩაიდო იარაღი,  მივიდა პოლიციელებთან და გადაკოცნა ისინი. აუხსნა, - აზერბაიჯანელს "წავესპორეო" და პოლიციელებს გაჰყვა ახსნა-განმარტების მისაცემად... მოკლედ, დანელიას უნდოდა, როგორმე გავეფუჭებინე, მაგრამ არ გამოუვიდა...

არ გასულა ერთი თვე, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა პირდაპირ ქუჩიდან ამიყვანეს. ამჯერად, რუსთავის პოლიციის სამმართველოში პროკურორ მირზა სუბელიანთან აღმოვჩნდი. ეს ის პროკურორი იყო, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით უშვებდა რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ციხეში (არჩევნების შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე სოზარ სუბარის მოადგილედ დაინიშნა, 2 თვის წინ კი თანამდებობა დატოვა. მისი სახელი ფიგურირებს ყველა რუსთაველი პოლიტპატიმრის საქმეში). ოთახის კარი ღია დარჩათ და დავინახე, როგორ უთითებდნენ აზერბაიჯანელს, ჩემს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. აქტი ხელმოსაწერად სუბელიანმა მომიტანა, - ვიცი, რაც მოხდა, მაგრამ ჯობია, ხელი მოაწეროო. ლევან ტყეშელაშვილმა კი ხელბორკილი დამადო. ასე მოვხვდი 2012 წელს გლდანის ციხეში, რომელთან შედარებით, 2009 წლის ციხე სანატორიუმი იყო... ციხის კარის დაკეტვისთანავე იწყებოდა ჯოჯოხეთი. ცნობილი ჯალათის, ოლეგ ფაცაციას ნოვაცია გახლდათ ე. წ. სისხლიანი პარასკევი. ყოველ პარასკევს, საღამოს 7-8 საათზე, როდესაც კარანტინი იშლებოდა, დერეფნის ორივე მხარეს 15-მდე პოლიციელი ხელკეტით დგებოდა. კარანტინის გავლის შემდეგ დასისხლიანებულ პატიმრებს დერეფნის ბოლოში ფაცაცია ხვდებოდა. მისთვის უნდა მოგვეხსენებინა, რა მუხლით ვიხდიდით სასჯელს. ე. წ. ფინანსურებს საკნებში აბრუნებდა, "განსხვავებულებს" კი "განსხვავებულად" გვცემდა.

- განსხვავებული ცემა რას ნიშნავს?

- სპეციალურად ნავარჯიშები ბიჭები ჰყავდათ. სისხლიანი კარანტინის შემდეგ სანაძლეოს დებდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტი კბილი ჩამოუღო პატიმარს. ბოლოს, ამდენ ცემასა და უბედურებას რომ ვერ გავუძელი, კბილებით ვენა გამოვიჭამე - ცნობილი ჯალათები "ბასტი" და "ბუბუ" პატიმრების ცემის სურვილით კანკალებდნენ. ერთხელ, როცა გამეტებით მირტყამდნენ, ტელეფონმა დარეკა. უბრძანეს, შეეწყვიტათ ცემა, მაგრამ ისე აღგზნებული იყვნენ, ბრძანებას არ დაემორჩილნენ, - ძლივს გავხურდით, რა დროს შეწყვეტააო და ისე მცემეს, საკანში დაბრუნებულმა ვენა გამოვიჭამე.

ყველაზე მეტად პატიმრებს აბანოში ჩასვლის გვეშინოდა. ოლეგ ფაცაციას ცემის ასეთი მეთოდი ჰქონდა - გაშიშვლებულ პატიმარს ხელებსა და ფეხებში ჩაავლებდნენ და მთელი ძალით კედელს ანარცხებდნენ. მსხვერპლს სხეულზე ცემის კვალი არ რჩებოდა, სამაგიეროდ, ბევრი პატიმარი ორგანოების ჩაწყვეტითა და ფარული სისხლდენით იღუპებოდა.

იმ ცნობილი ვიდეოფირის გამოქვეყნების შემდეგ ციხის ჯოჯოხეთი შეწყდა. უცებ ბატონ თორნიკედ ვიქეცი. ოფიცრები მეხვეწებოდნენ, არ დაგვასახელო, შვილები გვყავსო. მე არ მყავდა შვილები, სასიკვდილოდ რომ მიმეტებდნენ? პროკურატურაში ვაპირებ საჩივრის შეტანას ყველა იმ პირზე, რომლებიც ჩემს საქმეში მონაწილეობდნენ.

თამარ როსტიაშვილი

"რაც უნდა იგნორირება გაუკეთო, ფაქტი ფაქტად რჩება"

ოლდოს ჰაქსლი