ზურაბ ბაქრაძე: "ეს ფირი დამონტაჟებულია" - კვირის პალიტრა

ზურაბ ბაქრაძე: "ეს ფირი დამონტაჟებულია"

სკანდალური ინტერვიუ კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსთან

ზურაბ ბაქრაძე: "ფირი, რომელიც ახლა გვაჩვენეს, მომხდარიდან 50 წუთის შემდეგ არის გადაღებული"

"ამ ბიჭებიდან არც ერთს იარაღი არ ჰქონია. ყველა ის იარაღი პირადად ზურაბ მიქაძის მიტანილია"

19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება. განსაკუთრებული აჟიოტაჟი იმ შემზარავი ვიდეოფირის გავრცელებამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირაკლი ფირცხალავამ გამოძიებასა და ჟურნალისტებს გადასცა. დამოუკიდებელი ექსპერტების მტკიცებით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ფირი დამონტაჟებულია. თავის უდანაშაულობაზე ალაპარაკდა გურგენ დონაძე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კადრების გავრცელების შემდეგ დაკითხული ძალოვანები ჩვენებებს ცვლიან და იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ბუტას მეგობრები შეიარაღებულები იყვნენ. ჩვენება უკვე შეცვალა ოცმეთაურმა მაიზერ ლიპარტელიანმა, მკვლელობაში ბრალდებული ბაშალეიშვილის მეწყვილე ლობჟანიძემ. ზეწოლაზე ალაპარაკდა ზურაბ მიქაძის ადვოკატი კობა კობახიძეც.

ჯერჯერობით ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს მთავარი პროკურატურა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, სულ მალე საქმეზე გამოძიება დასრულდება და საქმე უკვე სასამართლოში წარიმართება.

ამ ფირის ნახვა განსაკუთრებით შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ბუტას მშობლებისთვის.

ია მეტრეველი: - "რუსთავი 2"-მა კიდევ ერთხელ ჩაიდინა დანაშაული, - ჯერ წლების წინ გამოაცხადეს ჩემი შვილი ბანდიტად და ახლაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ეს საშინელი ფირი გვაჩვენეს. ჩემი ოჯახის წევრები შოკირებული არიან და მთელი საქართველო მირეკავს. ეს არის ის ფირი, რომელიც მაშინ იხილა საზოგადოებამ, ოღონდ უფრო ვრცელი ვარიანტი. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რა ჯალათებთან გვქონდა საქმე. ნაცვლად იმისა, დაჭრილი ბავშვისთვის ეშველათ, ნახეთ, როგორ პოზიორობენ და რას აკეთებენ ვიდეოკამერების წინ. რა საჭიროა ექსპერტიზა, როდესაც ნათლად ჩანს, რომ ფირი დამონტაჟებულია.  ბევრი უზუსტობა გაეპარათ. პირველ ფირში კარგად ჩანს ყუმბარა და ნიღბები, იქ ხმა არ ისმის. რაც უნდოდათ, ამოჭრეს, რაც უნდოდათ, დაამატეს. ვერ გამიგია, რატომ უნდა მიწევდეს თავის მართლება, რაში მჭირდება? გაგიჟებული ვარ, რომ დამნაშავეები ისევ გარეთ არიან. არც კი ვიცოდი ფირცხალავას არსებობა და ყველამ ნახა, ვინც არის. მას თავის გადარჩენა უნდა, რადგან ვაზაგაშვილის საქმეშიც ფიგურირებს. დონაძე კი ჩამოვიდა დაგეგმილი სცენარით, რომელშიც, როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილიც არის გარეული. ისიც ამბობს, იარაღი იქ იყოო, არადა, აქამდე გაიძახოდა, წარმოდგენაც არა მაქვს, რა მოხდაო.

არაფერი გამოუვათ, უამრავი მასალა დევს პროკურატურაში. უბრალოდ, ცდილობენ ამ ფირით ჩვენს განადგურებას. ალბათ, უნდათ ისე გამისტუმრონ, როგორც ირინა ენუქიძე, მაგრამ ვერ ეღირსებიან. მათ მე გავისტუმრებ ციხეში. ვიცი, ძალიან მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. მათ საინფორმაციო ომი აქვთ გამოცხადებული. თუ საქმეს იგივე სასამართლო განიხილავს, იმედი არა მაქვს, მირჩევნია, გათავისუფლდეს სასამართლო კუბლაშვილისგან და მერე განიხილონ.

- ოქრუაშვილის პასუხისმგებლობასაც მოითხოვთ?

- რადგან სინდისი არ აწუხებს, პასუხი უნდა აგოს, ისევე როგორც ყველა მაღალჩინოსანმა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. მათ შორის არის გიორგი ღვინიაშვილიც. დონაძის განცხადებები უცხოეთზეა გათვლილი. უნდათ, აჩვენონ, რომ ვითომ წამებულები არიან. მე შურისძიება რომ მნდომოდა სხვა ფორმით, არც დონაძე იქნებოდა ცოცხალი და არც სხვები.

თუ მათი ჩაქოლვა გვინდოდა, 9 წლის მანძილზე ჩავქოლავდით.

ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, მაგრამ არა მგონია, ახალი ხელისუფლების პირობებში სამართალს ვერ მივაღწიოთ.

ჯერჯერობით უცნობია, განადგურებულია თუ არა ოპერატორ ზურაბ ვაწაძის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები, სადაც ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანის თქმით, გასროლა

დაფიქსირებულია. მუკბანიანი ირწმუნება, რომ ეს კადრები მათ გურამ დონაძემ გამოართვა.

გოჩა მუკბანიანი: "ბაშალეიშვილის მანქანით ვმოძრაობდით. მას მეწყვილე ჰყავდა, ლობჟანიძე. მანქანაში ვისხედით, როცა რაციით გადმოსცეს, რომ პატრულს ჰყავდა გაჩერებული მანქანა და ახალგაზრდები პოლიციელებს ეკამათებოდნენ. რომ მივედით, 6 ახალგაზრდა და ორი პოლიციელი დაგვხვდა. შემთხვევის ადგილზე 3-4 წუთში მივედით. გადავედით მანქანიდან, ჩემმა ოპერატორმა კამერა ჩართო და დაიწყო გადაღება. რატომღაც გადაწყვიტეს, ბიჭებისთვის ხელბორკილები დაედოთ. ისინი ეკითხებოდნენ, რა დავაშავეთო. ამ დროს ბაშალეიშვილი ხელს უგრეხდა ბუტას და ცდილობდა, ხელბორკილი დაედო. რატომღაც იარაღი მომარჯვებული ჰქონდა. ძიძგილაობაში იარაღი გაუვარდა. ამასობაში სხვა ეკიპაჟებიც მოცვივდნენ. ამ დროს მირეკავს დონაძე და მეუბნება, დაუძახე ზურაბ ვაწაძეს, გადმოდით ქუჩის მეორე მხარესო. ჩავსხედით მე და ვაწაძე მის მანქანაში. გურამი გვეუბნება, მომეცით მასალაო. ამ დროს საჭესთან ზურაბ მიქაძე იჯდა, მის გვერდით - დონაძე. კასეტა 4-5 ჯერ ნახეს. იქ დაფიქსირებული იყო გასროლის ხმა, მაგრამ მოკლული არ ჩანდა. ერთმანეთს გადახედეს. დონაძემ გვითხრა, აქ დარჩითო, მერე ზურა ვაწაძეს მიუბრუნდა, როცა დაგიძახებ, მაშინ გადმოდი მანქანიდანო. კასეტა ამოიღო და წაიღო. 30-40 წუთი ვისხედით მანქანაში, მერე ვაწაძეს დაუძახეს და ის გადავიდა გადასაღებად. მე რომ მივედი, მანქანის საბარგულზე ავტომატები, ხელყუმბარები, ვაზნები ეწყო, ბუტას ფეხებთანაც იდო იარაღი".

მუკბანიანი ირწმუნება, დონაძე მოკვლით მემუქრებოდა, თუ ამ ფაქტს გაახმაურებო.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამტკიცებს ბიჭების უდანაშაულობას, ზურაბ ბაქრაძეა. იგი თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო და ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს. მართალია, სხვა ბრალდებულებს: გურგენ დონაძეს, ზურაბ მიქაძეს, ირაკლი იაშვილსა და ირაკლი ფირცხალავას სასამართლომ გირაო შეუფარდა, მაგრამ ზურაბ ბაქრაძე პატიმრობაში დატოვეს. გამოძიების მტკიცებით, ბაქრაძემ მიქაძესთან ერთად შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანა. იგი ამჟამად იძებნება და საქართველოში არ იმყოფება.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ზურაბ ბაქრაძესთან: - გავიგე, ზურაბ მიქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დასაცავს ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს და მან ახლა შეცვალა ჩვენება. ზურაბ მიქაძე კიდევ რამდენიმეჯერ შეცვლის ჩვენებას. ის ვაჭრობს, ცდილობს, როგორმე ამ საქმიდან გამოძვრეს. რაც შეეხება ფირს, რომელიც გავრცელდა, ის ნამდვილად არსებობდა, მაგრამ მერწმუნეთ, გადაღებულია მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგ. არავითარი კავშირი ამ ფირს რეალობასთან არა აქვს. არ მინდა, არც ირაკლი ფირცხალავა და არც სხვები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, მაგრამ ძალიან მიკვირს, ირაკლიმ რატომ აიღო ამხელა ტვირთი საკუთარ თავზე, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს ფირი შემოუგდეს. ისიც შემიძლია გითხრათ, საიდან მოხვდებოდა ეს ფირი ირაკლი ფირცხალავასთან, მაგრამ ამაზე საუბრისგან ჯერ თავს შევიკავებ, რადგან ზუსტად დადასტურებული არა მაქვს. ერთს გეტყვით, ეს ფირი ფირცხალავას რომ არ გამოეჩინა, შეიძლებოდა მისთვის ფირის განადგურება დაებრალებინათ. არც ალექსანდრე გვაზავა, არც ირაკლი ფირცხალავა და არც ირაკლი იაშვილი საქმის გაყალბების დროს იქ არ ყოფილან. მიქაძემ თავიდანვე დაიწყო ამ საქმით ვაჭრობა და თქვა, თითქოს მას ზურაბ ბაქრაძემ დაავალა ეს, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ახლა ახალ ვერსიას თხზავს.

- ბატონო ზურაბ, თქვენ ადასტურებთ, რომ ფირში ნაჩვენები იარაღი ჩადებულია?

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ბიჭებიდან არც ერთს იარაღი არ ჰქონია. ყველა ის იარაღი პირადად ზურაბ მიქაძის მიტანილია. მე თავს დამნაშავედ მხოლოდ ერთ რამეში ვცნობ, რომ 9 წლის განმავლობაში ეს ამბავი ვიცოდი და არ განვაცხადე. ამის გამო დიდ ბოდიშს ვუხდი ბუტა რობაქიძის მშობლებს და საზოგადოებას.

- მაშინ იქნებ ისიც გვითხრათ, რატომ დუმდით ამდენ ხანს?

- თუ ამას 2004 წელს ვიტყოდი, ამ 9 წლის განმავლობაში პატიმარი ვიქნებოდი და კიდევ რამდენი წელი მექნებოდა დარჩენილი, ვინ იცის. იმ ფირში კარგად ჩანს, არის ყვირილი, ადექი, დაწექი, ვის აქვს იარაღი და ამ დროს ვჩნდები მეც. მე იქ ლევან გვაზავასთან, ირაკლი ფირცხალავასა და ირაკლი იაშვილთან ერთად მივედი, მაშინ, როცა ყველაფერი გაწყობილი იყო და ბუტა უკვე გარდაცვლილი იყო. მერწმუნეთ, ცოცხალი რომ დაგვხვედროდა, სასწრაფოს გამოძახებას არ დავიწყებდით, მანქანაში ჩავსვამდით და საავადმყოფოში გადავიყვანდით.

- თქვენი აზრით, ფირი დამონტაჟებულია?

- სხვადასხვა ეპიზოდი ერთმანეთშია არეული. ე. ი. დამონტაჟებულია.

- თქვენ ძებნილი ხართ. თავიდან ამბობდით, რომ აუცილებლად ჩამოხვიდოდით საქართველოში, რატომ აარიდეთ თავი გამოძიებას?

- ვიცოდი, არეული სიტუაცია იქნებოდა და ამიტომ თავი შევიკავე. ჩემს ძმას უწყება 4 საათზე მიუტანეს და 6 საათზე ბრალი უკვე წამიყენეს. მერწმუნეთ, ორ საათში ვერანაირად ვერ ჩამოვიდოდი საქართველოში. მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ვერ დავეთანხმები იმ კომენტარებს, რაც ირაკლი ფირცხალავაზე ვრცელდება, ვფიქრობ, ის გამოიყენეს, მისცეს ფირი და მანაც გამოაჩინა.

თქვენ რომ არ შემხმიანებოდით, ვაპირებდი, ქალბატონი ია მეტრეველისთვის "ფეისბუკზე" მიმეწერა ყველაფერი და ბოდიში მომეთხოვა, რომ ამას ამდენი წელი ვმალავდი.

პოზიციას არასოდეს შევიცვლი. ეს იყო პატრულის სახელის გაფრთხილება, სხვა არაფერი. ბაშალეიშვილი მთვრალი იყო, ამას ვადასტურებ. როდესაც მოვიკითხე, სად არის ის პატრულის თანამშრომელი-მეთქი, მიქაძემ მითხრა, მთვრალიაო. შენც იცი, დღეს პატრულის როგორი პიარი მიდის და მეტს ვერაფერს გეტყვიო.

ბაშალეიშვილი მთვრალი გადმოვიდა მანქანიდან და ამ დროს გაუვარდა იარაღი, როგორც ვიცი, საცოდავ ბიჭს  ტყვია იღლიაში გაარტყა. მიქაძისთვის რომ არ ყოფილიყო გირაო შეფარდებული, ის აუცილებლად დაასახელებდა იმ გვარებს, ვის დავალებასაც ასრულებდა. ყველაფერი იცის გურამ დონაძემ. იმ დროს იქ იყო და პატრული მთლიანად მას ექვემდებარებოდა.

ეს კაცი პრესსამსახურის უფროსი კი არა, არაოფიციალურად პატრულის ხელმძღვანელი იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, - ბუტა რობაქიძე არასოდეს ყოფილა დანაშაულში შემჩნეული და არც იმ ბიჭების დანაშაულზე არსებობდა ინფორმაცია. ამას გეუბნებით როგორც თბილისის კრიმინალური პოლიციის მაშინდელი უფროსი.

მინდა ვთხოვო ლევან გვაზავას, ალბათ, ძალიან კარგად ახსოვს, მისივე სამსახურებრივი მანქანით როგორ მივედით შემთხვევის ადგილზე. დარწმუნებული ვარ, სიმართლეს იტყვის. გვაზავასთან ერთად მე, იაშვილი და ფირცხალავა რესტორანში ვიყავით, როცა ლევანს დაურეკეს და უთხრეს, რაც მოხდა. იქ რომ მივედით, ყველაფერი უკვე დალაგებული იყო. რატომ არ უნდა გამოძიებას გაიზიაროს თუნდაც პასუხისმგებელი მორიგის, სარიშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მიქაძემ წამოიღო იარაღი. მიქაძე ვაკე-საბურთალოს ადმინისტრაციული პოლიციის უფროსის პოსტიდან ახალი გადმოსული იყო პატრულში. ის თავისუფლად გამოიტანდა იქიდან იარაღს. არ შემიძლია იმის თქმა, თუ ვის ესაუბრებოდა ტელეფონზე, რას ათანხმებდა. ამ განცხადების შემდეგ შეიძლება დონაძე და მიქაძე ერთობლივად ჩაერთონ ამ საქმეში და ჩემს წინააღმდეგ გაავრცელონ ფირები, მაგრამ მე არაფრის მეშინია. დავიღალე უკვე ამ საქმით და ვამბობ სიმართლეს. დონაძის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაჩნდა ეს ყველაფერი და ესეც ბევრ ეჭვს ბადებს.

- ხომ არ იცით, სად შეიძლება ინახებოდეს ის ფირი, რაც რეალობას ასახავს?

- არ ვიცი, ეს დონაძეს უნდა ჰკითხოთ.

- პატიმრობა შეგიფარდეს და ძებნა გამოცხადდა. არ დადგა იმის დრო, რომ დაბრუნდეთ საქართველოში და გამოძიებას ჩვენება მისცეთ?

- საქართველოში დაბრუნება ახლა გამიჭირდება. იცით, რომ ჩემს პასპორტს მოქმედება შეუჩერდება, რადგან ძებნილი ვარ. პირველივე საზღვარზე დამაკავებენ. სასამართლო 27 მარტს არის დანიშნული და გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედო. შესაძლებელია, ამ დროისთვის დავბრუნდე კიდეც.

კიდევ ერთი პირი, რომელიც საქმის გაყალბებაზე ლაპარაკობს, ამ საქმის გამომძიებელი შალვა ნიქაბაძეა. მისი თქმით, დავალებებს უშუალოდ ზურაბ ადეიშვილი იძლეოდა.

შალვა ნიქაბაძე: - შემთხვევის ადგილზე იმ მომენტში აღმოვჩნდი, როცა ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე იარაღსა და საბრძოლო მასალას ულაგებდნენ დაკავებულებს. დონაძე წყვეტდა, ვისთვის რომელი იარაღი ჩაედოთ. ჩემ თვალწინ პატრულ-ინსპექტორს ააღებინა ავტომატი და მანქანის წინა სალონში ჩაადებინა. ოქმში დაფიქსირდა, რომ თითქოს მანქანაში ავტომატი იპოვეს. ვხედავდი, როგორ ჩაადებინა ხელყუმბარა ბართაიასთვის. მას შარვლის ჯიბე დახეული ჰქონია და ხელყუმბარა ძირს დავარდა. ამან პანიკა გამოიწვია, მერე ყუმბარა საქამრეში ჩაუდეს და ვითომ იქ იპოვეს.

- ამას უყურებდით და როგორც გამომძიებელმა რა მოიმოქმედეთ?

- დავუკავშირდი ჩემს ხელმძღვანელ პროკურორ ირაკლი წერეთელს და ყველაფერი ვუთხარი. მითხრა, შენ გვამზე იმუშავე, დაკავებულებს პოლიცია მიხედავსო. მე უფროსის მითითება შევასრულე.  ფირი, რომელიც გავრცელდა, არ არის შემთხვევის ამსახველი. ვფიქრობ, გადაღებულია შემთხვევიდან მოკლე პერიოდში.

მიქაძის ადვოკატის მტკიცებით, ის იქ შემთხვევიდან დაახლოებით 20 წუთში მივიდა, ფირში კი მიქაძე ჩანს. გამოძიების პროცესში სასწრაფო დახმარების სამსახურში მივედი, იქ დაფიქსირებულია, რომ სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ზუსტად 3 წუთში მივიდა. ფირში არ ჩანს ეს მანქანა, ესეც ადასტურებს, რომ მოგვიანებით არის გადაღებული.

- იქ ჩანს, რომ მაიზერ ლიპარტელიანი იძახებს სასწრაფოს.

- ესეც დადგმულია, მაიზერ ლიპარტელიანი იქ იმ მომენტში არ ყოფილა და არ გამოუძახია სასწრაფო. მაიზერ ლიპარტელიანმა რაციაში მოისმინა, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე. ყველაზე მთავარი დადასტურებულია +- გასროლიდან 3-4 წუთი 4 პატრულის თანამშრომლის გარდა, იქ არც ერთი პატრული არ ყოფილა. ამ ფირში კი ვხედავთ, რომ ბევრი ფორმიანი ტრიალებს, ესეც ადასტურებს, რომ გვიან არის გადაღებული.

- თავიდან საქმე რა მუხლით აღძარით?

- იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით.

- როცა იცოდით, იარაღი ჩალაგებული იყო, მაინც რატომ აღძარით ამ მუხლით, თუ ბრძანება იყო, არ გიცდიათ წინააღმდეგობის გაწევა?

- ასეთი საკითხები გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და ქალაქის პროკურორის გიორგი ღვინიაშვილის დონეზე წყდებოდა, მათი დაკვეთა იყო და იყო მუქარაც. მესამე დღეს, როდესაც დაკავებული ბიჭები მოსამართლე ნინო შარაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა, სანამ პროცესიდან პროკურატურაში დავბრუნდებოდი, რაიონულმა პროკურორმა მითხრა: პირადად ადეიშვილი მესაუბრა, ხვალ დილის 10 საათზეა დანიშნული პროცესი, ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ და იმ ხუთი გაშვებული პირიდან ერთიც რომ არ მივიდეს სასამართლო პროცესზე, ნაბრძანები გვაქვს, შენ და მოსამართლე დაგაპატიმროთო. ეს არ არის ზეწოლა?

იყო ასეთი შემთხვევაც - ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში ვიყავით მე და რაიონული პროკურორი და ითქვა, პატრული პრეზიდენტის შექმნილი ორგანიზაციაა, მას ჩირქი არ უნდა მოეცხოს, მჯერა პატრულ-ინსპექტორები არ მოიტყუებიან და უნდა მიჰყვეთ მათ ჩვენებასო. ხმა არ ამომიღია, მაგრამ ეს ჩემს გასაგონად ითქვა. ეს ყველაფერი იმისთვის დაიდგა, რომ პატრულის იმიჯი არ შელახულიყო. რა უნდა მექნა? მე ერთ წელიწადში გამათავისუფლეს სამსახურიდან. ადეიშვილს უთქვამს, ნიქაბაძე არ მჭირდება, უმართავი კაციაო. ოფიციალურად კი თითქოს რეფორმა მოხდა და პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადამიყვანეს, სადაც 2009 წლამდე ვმუშაობდი, მერე ჩემი ნებით წამოვედი. ეს საქმე კი სხვას გადაეწერა.

- ბაშალეიშვილს სიმთვრალის ტესტი ჩაუტარდა? რას ამბობდა ჩვენებაში?

- ოთხივე პატრულის თანამშრომელი იდენტურ ჩვენებას მაძლევდა, - თითქოს ბუტა რობაქიძე გადმოვიდა მანქანის სალონის უკანა, მარჯვენა მხრიდან, მოუარა bmv-ს, ბაშალეიშვილის პირდაპირ დადგა და ორჯერ გაისროლა, რის შემდეგ ბაშალეიშვილმა დამიზნებით ესროლა და მოკლა. ეს მათ თავდაცვაში ეთვლებოდათ და ამიტომაც თქვეს ასე. დაკავებული ბიჭები კი ამას კატეგორიულად უარყოფდნენ. მათ  მთავარი გამორჩათ, არ იცოდნენ, სად ჰქონდა ტყვია მოხვედრილი ბუტა რობაქიძეს. ისიც დადგინდა ექსპერტიზით, რომ ბუტა რობაქიძე იმ დღეს იმ მანქანაში იმ მხარეს არ მჯდარა.

პოლიციის განყოფილებაში გამოვიტანე დადგენილება, ოთხივე პატრულ-ინსპექტორს ჩატარებოდა ექსპერტიზა სიმთვრალე-სიფხიზლეზე. საქმის კურსში ჩავაყენე ზემდგომი პროკურორიც. 15 წუთში დამირეკეს და მითხრეს, ეს ბიჭები არ უნდა შეამოწმოთო.

- გურამ დონაძე დაჰკითხეთ?

- როგორ დავკითხავდი, არ დაგავიწყდეთ, 2004 წელი იდგა. დაახლოებით 10 დღის მომხდარი იყო ეს ფაქტი. მქონდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა გადაღებული იყო. დონაძემ ფირის ჩვენებაზე უარი მითხრა, მე ეს ირაკლი წერეთელს ვაცნობე. მასაც აინტერესებდა ფირის ნახვა და ღვინიაშვილს დაუკავშირდა. მერე ღვინიაშვილმა დამირეკა და მითხრა, სასწრაფოდ მიდი შს სამინისტროში, საშვი დაშვებულია და წამოიღე კასეტაო. იქ რომ მივედი, დონაძემ მითხრა, შემთხვევით ის კასეტა წაგვეშალაო. ამას შეესწრო ჟურნალისტი მაკა რაზმაძე.

- საინტერესოა ოპერატორ ზურაბ ვაწაძის ჩვენება, ის არ დაგიკითხავთ?

- დავკითხე. მითხრა, როგორც კი მივუახლოვდი შემთხვევის ადგილს, კამერა მაშინვე ჩავრთე. არ მახსოვს მკვლელობის მომენტი არის თუ არა გადაღებული, მაგრამ გასროლა ისმის. გადაღებიდან დაბრუნების შემდეგ კასეტა დონაძემ გამომართვაო. დონაძეს კი აბა, ვინ დამაკითხვინებდა.

თეა ხურცილავა