თემურ ჟორჟოლიანი: სააკაშვილი საქართველოს მტერია - კვირის პალიტრა

თემურ ჟორჟოლიანი: სააკაშვილი საქართველოს მტერია

"ეს კვირაიას გაკეთებულია და იგორ გიორგაძეს შეაწმინდა ხელი"

"მე ხელისუფლების დამხობა კი არა, მიშას გაბანძება მინდოდა"

"მიშა უნდა გასამართლდეს. ნაძირალებთან კოჰაბიტაცია დააზარალებს ბიძინა ივანიშვილს. მოვითხოვთ სააკაშვილის გასამართლებას ასობით ადამიანის დახოცვის, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრების, პატიმრების ცოცხებით წამების, აგვისტოს ომში ტერიტორიის დაკარგვისა და დაღუპული ბიჭების გამო. სააკაშვილი საქართველოს მტერია, "ნაცმოძრაობა" კი ჩასაფრებულია, როდის გადაუბრუნდება ფეხი ივანიშვილს. ეს ოპოზიცია კი არა, მტრული ძალაა. ოპოზიციაში ის ძალები უნდა იყვნენ, ვისაც საქართველო უყვარს, ესენი კი პოლიტიკურ ამნისტიას ითხოვენ მილიონების შესანარჩუნებლად", -  მითხრა კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარემ, სამგზის პოლიტპატიმარმა თემურ ჟორჟოლიანმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა ციხიდან:

- 2006 წლის 6 სექტემბერს დამაკავეს. იმ დღეს მთელ საქართველოში 100-მდე პირი აიყვანეს. ბრალად მედებოდა შეთქმულება ხელისუფლების დამხობის მიზნით და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად შეიარაღებული ამბოხების მომზადება. 7 წელი მომისაჯეს.

სააკაშვილის გუნდი დღეს კანონიერ დაკავებებს აპროტესტებს, ჩვენ კი ღამის 5 საათზე სახლებსა და ოფისებში შემოგვეჭრნენ, არაადამიანურად იქცეოდნენ, გვაგინებდნენ. გამთენიისას მოდულის ახლოს კუბოების საამქროში შეგვყარეს და იქიდან სათითაოდ მივყავდით მოდულში კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელების და შვეულმფრენების თანხლებით. გადაკეტეს ქალაქის შემოსასვლელები. სააკაშვილმა სპექტაკლი დადგა, რომლის მიზანი ხალხის დაშინება იყო. საბოლოოდ, 13 დაგვტოვეს, სხვები გაათავისუფლეს. 13-დან ერთ-ერთმა, მაია ნიკოლაიშვილმა "დანაშაული აღიარა" (ამის გამო მიესაჯა 2 წლით პატიმრობა და ჯარიმა) და საკუთარ თავისუფლებას 12 უდანაშაულო კაცი შესწირა...

სასაცილო ის იყო, რომ 4 მაისს, როდესაც თურმე ამბოხების დასაგეგმად შევიკრიბეთ, მე გულის მწვავე შეტევით ჩაფიძის კლინიკაში ვმკურნალობდი. ეს დაადასტურა საავადმყოფოს მედპერსონალმა. ისეთი მძიმე მდგომარეობა მქონდა, საავადმყოფოს მცირე დროითაც ვერ დავტოვებდი. "შეთქმულების" დღეს ზოგი ქალაქშიც არ იყო, რაც დადასტურებულია მობილური ტელეფონის ამონაწერებით. ზოგი დაკავებული ერთმანეთს არც იცნობდა. ცხადი იყო, სასამართლო პროცესზე საზოგადოება სიმართლეს გაიგებდა, ამიტომაც პროცესები დახურეს. სასამართლოზე პროკურატურამ წარმოადგინა ე.წ. დაშიფრული მოწმეები, რომლებიც ჩვენებას სხვისი სახელით იძლეოდნენ. ე.წ. დაშიფრულ მოწმე მამაკაცებს ერქვათ "ნათია", "თამარი", ხოლო ქალებს "ზაური", "მალხაზი"... ერთმა ცრუმოწმემ სიმართლის თქმა დააპირა, მაგრამ პროკურორებმა კონსტანტინე ჩაჩუამ და კობა ნოზაძემ საავადმყოფოში უკრეს თავი, ცუდად გახდაო. მეორე დღეს გარდაიცვალა. მეორე ცრუმოწმეს, დავით ლომიძეს, შვილით დაემუქრნენ და მოატყუეს, - დაწერე ჩვენება და მოწმედაც არ გაგიყვანთ პროცესზეო. დაწერა და რომ მიხვდა, რაც გააკეთა, თავი ჩამოიხრჩო...

ჩვენს საქმეს "საუკუნის საქმე" უწოდეს და შევარდნაძისგან მტრად გამოცხადებულ იგორ გიორგაძეს მიგვაწებეს, რომლის მიმართაც ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა.

- კონსერვატიულ-მონარქისტულ პარტიასა და იგორ გიორგაძეს შორის რა ურთიერთობა იყო?

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაარსდა საზოგადოება "ანტისოროსი", რომელშიც რამდენიმე პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. კოალიცია "ანტისოროსში" გიორგაძის პარტია "სამართლიანობა", ელიზბარ ჯაველიძის "XXI საუკუნე", ჩვენი კონსერვატიულ-მონარქისტული პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია შედიოდნენ. მაშინ ჩვენ ერთადერთი ძალა ვიყავით, ვინც სააკაშვილს ებრძოდა და სოროსს ამხელდა. ვამბობდით, რომ სოროსი რელიგიასა და ეროვნულობასთან მებრძოლი მაფიოზია, რომელიც სააკაშვილთან ერთად აკვარახჭინებდა ანტიქართულ საქმეებს. ჩვენს აქციებზე უკვე 10-15 ათასი კაცი გამოდიოდა, ამის კი მიშასაც შეეშინდა და ოპოზიციასაც. ჩვენს თეატრალიზებულ აქციებს მრავალი ქვეყნის ტელევიზია აშუქებდა.

სწორედ ამას მივაწერ დაპატიმრებას. თავიდან სამშობლოს ღალატი წამიყენეს ბრალად, მაგრამ მერე ეს ბრალდება გააქრეს. სამშობლოს როგორ უნდა უღალატოს კაცმა, რომელსაც 9 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს? რაკი მიშა არ მინდოდა, ამის გამო სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადა. მე ხელისუფლების დამხობა კი არა, მიშას გაბანძება მინდოდა. დამაბრალეს, რომ დაგეგმილი მქონდა შს მინისტრის გასაღება, ასევე პრეზიდენტისა და პრემიერის იზოლაცია. 240-ტომიანია ჩვენი საქმე, სადაც მხოლოდ სისულელეები წერია. შეკრება, რომელზეც თურმე ხელისუფლების დამხობა დაიგეგმა, საერთოდ არ ჩატარებულა.

- მაია ნიკოლაიშვილმა რომ აღიარა, ასეთი შეკრება იყოო?

- როგორც ვიცი, შვილით დაემუქრნენ. სასამართლოზე რომ შემოიყვანეს მოწმედ და 12 დაჭერილი კაცი დაგვინახა, გული წაუვიდა.

- უცნაურია, რომ არ დააპატიმრეს გიორგაძის ფონდის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი და ელიზბარ ჯაველიძე.

- მათი დაჭერა ხელისუფლებას არ აწყობდა. ირინა სარიშვილმა იჩალიჩა, რომ დაეჭირათ, მაგრამ განგებ არ დაიჭირეს. ირინა გიას დროს საკმაოდ პოპულარული იყო, ამიტომ მოერიდნენ... ელიზბარ ჯაველიძე კი მიშას ბაბუად ეკუთვნის, თანაც ასაკოვანია და არ დაიჭირა.

- ეროვნული მოძრაობა ანტირუსული განწყობების იყო, თქვენ კი რუსეთის "მხარდაჭერით" გადატრიალების მცდელობის გამო დაგაკავეს.

- რუსეთი არაფერ შუაშია. გიორგაძე კი პატრიოტია. იგორი მოსკოვში, სასტუმროში, რამდენჯერმე ვნახე 2005-2006 წლებში. სააკაშვილზე მითხრა, ეგ ნაძირალა ქვეყანას დაღუპავსო.

- წლების განმავლობაში იგორ გიორგაძეს ბრალდებოდა შევარდნაძისთვის მოწყობილი ტერაქტი და თქვენი მეგობარი გია ჭანტურიას მკვლელობა.

- შევარდნაძემ ბოლო დროს თქვა, კვირაიამ მითხრა, ტერაქტი გიორგაძემ მოგიწყოო, მაგრამ მე არ მჯერაო. 2005 წელს მამუკა გიორგაძე ჩავიდა მოსკოვში და იგორ გიორგაძეს ჰკითხა გია ჭანტურიას მკვლელობაზე. იგორმა უთხრა, - მე გიას მოკვლა კი არა, გაფრთხილება მინდოდა, გიას დავურეკე კიდეც, რომ შემხვედროდა, მაგრამ არ შემხვდაო. ეს კვირაიას გაკეთებულია და გიორგაძეს შეაწმინდა ხელი.

- თუ მართალი იყო, რატომ გაიქცა ქვეყნიდან?

- გიორგაძეზე კვირაია იყო გადაკიდებული, რომ არ გასცლოდა, კვირაია მოკლავდა.

1988 წლიდან პოლიტიკაში ვარ და არც ერთ მთავრობასთან არ მითანამშრომლია. მდევნიდნენ, არ მოსწონდათ ჩემი ოპოზიციური განწყობა... ჯერ კომუნისტებმა დაგვაპატიმრეს 1988 წელს მე, გია ჭანტურია და ირინა სარიშვილი. წერეთელმა მაშინ სვანეთში წასვლით უშველა თავს... მერე გამსახურდიას დროს დამაპატიმრეს - "ლიმონკა" ჩამიდეს ჯიბეში. ჭანტურია, სარიშვილი და მამუკა გიორგაძე კი მოსკოვში მიფრინავდნენ და თვითმფრინავი დასვეს მათ დასაპატიმრებლად.

მალე სხვადასხვა ორგანიზაციამ პოლიტპატიმრებად შეგვრაცხა და 45 დღეში გაგვათავისუფლეს.

- მახსოვს, თქვენ და გია ჭანტურია ევროპაში რომ ეძებდით საქართველოს ტახტის მემკვიდრეს და მონარქიის აღდგენა გსურდათ.

- ეს კარგი იდეა იყო, მაგრამ ყველას არ მოსწონდა ეროვნულ მოძრაობაში. ამის გამო ზვიად გამსახურდიასთანაც შეუთანხმებლობა მქონდა, ის საპრეზიდენტო რესპუბლიკის იდეას ემხრობოდა.

ევროპაში გიორგი და ქეთევან ბაგრატიონებს შევხვდით, მაგრამ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა არ გამოუშვა გიორგი ბაგრატიონი საქართველოში. შევარდნაძემ იმუშავა ამაზე, - საქართველოში არეულობაა და ტახტის მემკვიდრეს საფრთხე ელისო. იყო მეორე ხელის შემშლელი მიზეზიც - დასავლეთში მართლმადიდებლური მონარქიის აღდგენა არავის უნდოდა.

- შევარდნაძემ რატომ დაგაპატიმრათ?

- მას ნათქვამი ჰქონდა, თუ აფხაზეთი დაიკარგა, გადავდგებიო. დაკარგა აფხაზეთი და არ გადადგა, მაშინ ძალიან მწვავე კითხები დავუსვი მას და მთელმა პარტიამ შიმშილობა გამოაცხადა შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით.  31 დღე ვიშიმშილეთ. დაგვემუქრა, ვერც ერთი ვერ მოხვდებით 1995 წლის პარლამენტშიო. მას შემდეგ, რაც გია ჭანტურია მოკლეს, ეტყობა, ჩემი მოკვლა აღარ გამოდიოდა და დამიჭირეს. სახლის დამხმარე სათავსში გაპრიალებული ავტომატი დამიდეს. ავტომატი რომ ამოიღეს, მტვერიც არ ჰქონდა. 4 წელი მომისაჯეს, მაგრამ 1 წელი და 8 თვე მოვიხადე, რადგან "უდო" შემეხო. სააკაშვილის რეჟიმის გარდა, არც ერთი პატიმრობა ბოლომდე არ მომიხდია, სააკაშვილმა კი "უდო" არ შემახო. 8 თვე მაკლდა 7-წლიანი სასჯელის მოხდას, მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა და გამოვედი.

ჩვენი გასამართლება პირველი საქმე იყო სახელმწიფო გადატრიალების სერიალიდან. ხელისუფლებამ მოსინჯა და გამოუვიდა, საზოგადოებამ პირში წყალი ჩაიგუბა. ამიტომაც ჩვენს დაპატიმრებას "ენვერი" და სხვა "შეთქმულებები" მოჰყვა...

ჩვენ საპატიმროები ორი თვით ადრე დავტოვეთ, ვიდრე პარლამენტი პოლიტპატიმრებს აღიარებდა. ამიტომაც პოლიტპატიმართა სიიდან ამოგვიღეს და სტატუსის გარეშე დაგვტოვეს ისინი, ვისაც მრავალი წლის განმავლობაში გვდევნიდნენ, რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ და ჩვენზე დოკუმენტურ ფილმებს იღებდნენ, რათა საზოგადოებისგან გავერიყეთ. თუ 2 ოქტომბრამდე პოლიტპატიმრად გვაღიარებდნენ, რა შეიცვალა? ჩვენს საქმეზე გასამართლებული გენადი არჩვაძე, რომელსაც დაუსწრებლად მიესაჯა სასჯელი, რადგან ქვეყნიდან გასული იყო და არც დაბრუნებულა, პოლიტდევნილია, ჩვენ კი "დამნაშავე" პატიმრები აღმოვჩნდით. 7 წელი მშიერი მყავდა ცოლ-შვილი. Pპარლამენტარის 650-ლარიანი სტიპენდიაც კი მომიხსნეს.

პოლიტპატიმრის სტატუსი არაფერს მმატებს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებმა სამჯერ მაღიარეს პოლიტპატიმრად, მეგონა, "ქართული ოცნების" გამარჯვებისა და ჩვენი ციხიდან გათავისუფლების მერე სხვა პრიორიტეტები იქნებოდა, მაგრამ მე, სამგზის პოლიტპატიმარს, ისევ სიმართლის ძებნა მიწევს, ისევ საკუთარი უდანაშაულობა უნდა ვამტკიცო.