"ამ საქმეზე გრიფის მოხსნა ბომბის გასკდომას უდრის" - კვირის პალიტრა

"ამ საქმეზე გრიფის მოხსნა ბომბის გასკდომას უდრის"

"რატომ არის ციხეში გამომწყვდეული კაცი, რომლის წყალობითაც 2008 წელს რუსული მოიერიშეები ჩამოაგდეს?"

"კვადროციკლებზე მეზენიტეების განთავსება მამაჩემის ნოუ-ჰაუ იყო"

"ჟურნალ "არსენალის" გამოსვლიდან ორ კვირაში მამა კეზერაშვილის დავალებით დაიჭირეს"

ახლახან სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსის, რევაზ სახვაძის უკანონო პატიმრობაში ყოფნის შესახებ გათავისუფლებულმა პოლიტპატიმრებმა შეგვატყობინეს. რამდენიმე მათგანი "კვირის პალიტრას" დაუკავშირდა და განაცხადა, ამ კაცმა თავისი გამოგონების წყალობით 2008 წლის ომში რუსული მოიერიშეები გაანადგურა, შემდეგ დავით კეზერაშვილის პირად პატიმრად იქცა და ახლაც უკანონო პატიმარიაო. ცხადია, რევაზ სახვაძის პერსონით დავინტერესდით და მისი წერილიც მივიღეთ.

რევაზ სახვაძე: "მიკვირს, აქამდე რატომ არავინ დაინტერესდა ამ რეზონანსული საქმით, მე ხომ უკანონოდ ვზივარ მე-5 წელია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სხვისი დანაშაული გადავფარე. დიახ, სწორედ ამის გამო მაქციეს პოლიტპატიმრად! უკანონო შესყიდვები გადაფარეს ჩემი საქმით, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" დაადეს. ნუთუ არავის აინტერესებს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა საქართველოში? განა შეიძლება, იცოდე, რომ ადამიანმა გამოიგონა ნოვაციური ტექნიკა და ის ციხეში გყავდეს გამოკეტილი? მე არაფერს ვითხოვ ზედმეტს, გამათავისუფლონ და მომცენ საშუალება, ვემსახურო სამშობლოს, ჩემი ნიჭი და გამოგონებები მის უსაფრთხოებას მოვახმარო. თავდაცვის სამინისტროში ყველამ კარგად იცის, რას წარმოვადგენ, რომ გამოგონებები მაქვს. მივმართავ პროკურატურას და თავდაცვის სამინისტროს, მოხსნან გრიფი "საიდუმლო"" ჩემს საქმეს და სამოქალაქო საზოგადოებამ გაარკვიოს, ვინ რა გააკეთა ომის დროს ან მის შემდგომ. რა შესყიდვები გაკეთდა კეზერაშვილი-ფოჩხუას (ზურაბ ფოჩხუა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი იყო) დროს და რამდენი მილიონი დაუზოგეს ქვეყანას სახვაძემ და მისმა გუნდმა. იქნებ მომცენ საშუალება, ყველას გავაგებინო, ვინ ვარ და რა გამოგონებები მაქვს. გთხოვთ, ყურად იღოთ ჩემი სათხოვარი და ყველა ინსტანცია დაინტერესდეს ჩემი საქმით".

უფრო დეტალურად რევაზ სახვაძის საქმეზე სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსის ვაჟიშვილი, სულხან სახვაძე გვესაუბრა:

- რევაზ სახვაძე ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარების ერთადერთი გამორჩეული სპეციალისტი იყო საქართველოში.  თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო გაძლიერება ირაკლი ოქრუაშვილის დროს. მანამდე, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ აღურიცხავი ძველი რუსული რაკეტები იყო მიმობნეული საქართველოს რამდენიმე სამხედრო ნაწილში. იმხანად ამერიკიდან მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა ეს რაკეტები და მიიჩნიეს, რომ მათი განახლება შესაძლებელი იყო. ამაზე მუშაობა კი ვის დაევალებოდა, თუ არა მამაჩემს. მართლაც დაიწყო მუშაობა რაკეტების შეკეთება-განახლებაზე (როგორც ვიცი, დაახლოებით 150 რაკეტისგან 80 ახალ რაკეტას აწყობდა). ამასობაში თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და გაირკვა, რომ რომელიღაც ჯგუფს ამ შეიარაღების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება კი არა, ამ ძველი რაკეტების აღრიცხვაც კი არ აძლევდა ხელს, თავდაცვის სამინისტროს ძველი იარაღის ჩამოწერა უფრო სარფიან საქმედ მიაჩნდა. თითო რაკეტის ფასი დაახლოებით 25-დან 30 ათას ევრომდე მერყეობდა. ასეთი რაკეტა მწყობრში რომ ჩამდგარიყო, სჭირდებოდა საშუალება, რითაც დაიმუხტებოდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რამდენიმე ქარხანა იყო, სადაც ე. წ. კედლის აპარატი ჰქონდათ. ეს იყო საკმაოდ დიდი მოწყობილობა, რომელშიც რაკეტა იდებოდა და იმუხტებოდა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე გადაჰქონდათ. ეს მოწყობილობა დაახლოებით 800.000-1.000.000 ევრო ღირდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს როგორღაც უნდა შეეძინა ან პრობლემის გადასაჭრელად სხვა გზა მაინც გამოენახა. რევაზ სახვაძემ ინჟინერ გივი ზურაბიშვილთან ერთად (რომელიც მასთან ერთად დააპატიმრეს) დააპროექტა ხელსაწყო, რომელიც საველე პირობებში დამუხტავდა აპარატს და თანაც კომპაქტური იქნებოდა. ეს იყო უნიკალური გამოგონება, რომლის ანალოგი არ არსებობდა. გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირს, ე.ი. რეზო სახვაძეს შორის, რომლის მიხედვითაც გაკეთდა მოწყობილობა და თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. ეს ყველაფერი დადასტურებულია მიღება-ჩაბარების აქტებით.

- ე.ი. მამათქვენის მოწყობილობა გამოცადეს და მოიწონეს?

- რასაკვირველია. თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით ორფოლოს პოლიგონზე გამოცადეს და ეფექტიან და საჭირო საშუალებად ჩათვალეს. უფრო მეტიც, ვიცი, დღესაც იყენებენ წვრთნების დროს. ფაქტობრივად, ეს არის კუსტარული აპარატი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია.

სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურში მამას ჰყავდა ჯგუფი, რომელიც თავად გაწვრთნა, ასევე, ყოველთვიურად მიდიოდა სხვადასხვა ბატალიონში და ამზადებდა ჯარისკაცებს, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს მოწყობილობა.

პარალელურად, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალ ზურაბ ფოჩხუას თაოსნობით, "ოსას" ტიპის რაკეტები იყიდეს. თითოეულის ფასი ნახევარ მილიონს აღწევდა. მაგრამ 2008 წლის ომში "ოსამ" არ გაამართლა, მწყობრში ვერ ჩააყენეს. ზურაბ ფოჩხუა მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან იყო დაახლოებული. კულუარებში ყველამ იცოდა, რომ "ოსას" შესყიდვით სინამდვილეში ფულს ათეთრებდნენ. ეს ინფორმაცია ჩემი მოპოვებულია, რადგან მამა ასეთ თემებზე არასდროს ლაპარაკობდა. ცხადია, თუკი ვინმე დაინტერესდება შეიარაღების შესყიდვებით და სახვაძის საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება, ბევრი რამის დადგენა შეიძლება.

მთავარი კი ის არის, რომ 2008 წლის ომში, როცა საჰაერო შეტევები დაიწყო, რუსული მოიერიშეების ჩამოგდება მამაჩემის შეკეთებული რაკეტებისა და იმ მოწყობილობის დამსახურებაა, რომელიც მან გამოიგონა. მამა ხელმძღვანელობდა ტაქტიკურ სვლებსაც, კვადროციკლებზე მეზენიტეების განთავსებაც მისი ნოუ-ჰაუ იყო, - კვადროციკლი ჯარისკაცს საშუალებას აძლევს, უცბად გამობრუნდეს იმ ადგილიდან, რომელსაც მტრის მოიერიშე მიზანში ამოიღებს. ასეთი მანევრირება განსაკუთრებით ხელსაყრელია მთიან რელიეფზე.

ომის შემდგომ პრეზიდენტმა სამხედრო საქმეში შეტანილი წვლილისთვის ხალხის დაჯილდოება დაიწყო. სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომელიც სამხედრო მიღწევებს თუ მარცხს გააანალიზებდა. მოკლედ, დიდი შანსი იყო, ვინმეს ეთქვა, თუ "ოსა" უვარგისი იყო, ნახევარი მილიონი თითოეულში რატომ გადაიხადეთო. ამიტომ

კეზერაშვილ-ფოჩხუას დაკვეთით სახვაძის ყველა ჩამოგდებული მოიერიშე ფოჩხუას სარდლობას და "ოსას" მიაწერეს(?!), მაგრამ იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ მაინც დაუშვა დიდი შეცდომა

ამ "მიწერისას", - ინტერნეტში გამოქვეყნებულია რუსული მოიერიშეების ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს ძრავასთან დაზიანება. ნებისმიერი სპეციალისტი იტყვის, რომ ეს მხოლოდ საზენიტო გადასატან რაკეტას შეუძლია, რადგან ეს რაკეტა სითბოს, ე.ი. ძრავის მიმართულებით მიფრინავს. "ოსას" კი ეს თვისება არა აქვს. ეს არის ყველაზე დიდი მტკიცებულება მამაჩემის სასარგებლოდ. მოკლედ, ზურაბ ფოჩხუა 2008 წლის ომის შემდეგ ორდენით დააჯილდოეს. მამამ უკმაყოფილება გამოხატა და თავდაცვის სამინისტროში ზემდგომებს უთხრა, მე არაფერი მინდა, მაგრამ იმ ჯარისკაცებს მაინც ეცით პატივი, რომლებმაც ამ რუსული მოიერიშეების ჩამოგდებისთვის იწვალესო. მაშინ დაემუქრნენ მამას, თუ არ გაჩერდები, დაგიჭერთო და მუქარა აუსრულეს.

მახსოვს, ჟურნალ "არსენალის" 2008 წლის ოქტომბრის ნომერში დაიწერა, ფოჩხუას ვითომდა ჩამოგდებული თვითმფრინავები სინამდვილეში სახვაძემ ჩამოაგდოო და ჟურნალის გამოსვლიდან ორიოდე კვირაში კეზერაშვილის დავალებით მამა დაიჭირეს. რეზო სახვაძე თაღლითობის მუხლით გაასამართლეს, ბრალდებაში დაწერეს, რომ მისი გამოგონილი მოწყობილობა არ შეესაბამებოდა კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებსა და ფუნქციებს. რა ფუნქციებზე ან შეუსაბამობაზე იყო ლაპარაკი, გაასაიდუმლოეს. საბოლოოდ (სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გამოყენებით) მას 15 წელი მიუსაჯეს. საინტერესო ის იყო, რომ ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამ მოწყობილობის აწყობაზე უკრაინელი სპეციალისტებიც მუშაობდნენ, რომლებიც არ დაუპატიმრებიათ. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება სკანდალს მოერიდა. საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" დადებით კი ბევრი რამ დარჩა საზოგადოებისთვის უცნობი.

ცხადია, მამა ითხოვს, მოეხსნას მის საქმეს გრიფი. თუმცა თავდაცვის სამინისტროში დღესაც მუშაობენ პირები, რომლებსაც ეს ძალიან არ უნდათ. მერწმუნეთ, ამ საქმეზე გრიფის მოხსნა ბომბის გასკდომას უდრის, შეიძლება მილიონობით ფულის გათეთრება გამოაშკარავდეს. ამაში კი თავდაცვის სისტემის ის მაღალჩინოსნები იყვნენ გარეული, რომლებიც დღესაც ინარჩუნებენ გავლენასა და თბილ სავარძლებს. ისინი ახალ ხელისუფლებას საბოტაჟს დღესაც უწყობენ, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.

მამას არავის დასჯა არ სურს, ის სულით ჯარისკაცია და არ ახასიათებს ვინმეს დასმენა. მას მხოლოდ ის უნდა, რომ მისი უდანაშაულობა დადასტურდეს. ჩვენ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული. ციხეში მამას კეზერაშვილის პირად პატიმარს უწოდებენ. სხვათა შორის, ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზეც აღიარა მოწმემ, რომ უვარგისი იარაღის ყიდვას არა ოქრუაშვილი, არამედ კეზერაშვილი ავალებდა.

- ამჟამად სად არის ზურაბ ფოჩხუა?

- 2008 წლის შემდეგ ეს ხანში შესული კაცი სასწავლებლად ამერიკაში გაუშვეს და როგორც ვიცი, აღარც ჩამოსულა. ჩვენ მასთან დაკავშირება არც გვიცდია. ვიცოდით, რომ მამას საქმე შეთითხნილი იყო. მისი დაჭერის დღიდან მე და დედაჩემს მუდმივად გვითვალთვალებდნენ. მამაჩემის უახლოესი მეგობრებიც კი შიშით ახლოს ვერ გვეკარებოდნენ, ახლახან გამოგვიტყდნენ, რომ მათაც დამუქრებიან, რეზო სახვაძესა და მის ოჯახთან კავშირს თუ არ გაწყვეტთ, თქვენც მის ბედს გაიზიარებთო.

- სულხან, თუ იცით, რევაზ სახვაძე მოწყობილობის დამზადებისთვის თავდაცვის სამინისტროსგან რა თანხას იღებდა?

- ეს ხელშეკრულებაში წერია. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს, თანხის დაზუსტების უფლება არა მაქვს, თუმცა გეტყვით, რომ მცირე თანხაა. უაღრესად საინტერესო იქნება ამ ხელშეკრულების გასაჯაროება. ეს ძალიან ბევრ გარემოებას მოჰფენს ნათელს.

ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი: "საერთოდ, გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს ("სტრელა-2", "სტრელა-2მ", "სტრელა-3", "იგლა" და ა.შ.) ზედ აქვს პატარა აკუმულატორი, რომლის ჩართვაც მხოლოდ  მცირე ხნით, 40 წამის განმავლობაშია შესაძლებელი. ე.ი. როცა მსროლელი დაინახავს საჰაერო სამიზნეს, 40 წამში უნდა გაისროლოს, თორემ აკუმულატორი დაუჯდება. ამ მცირე დროის განმავლობაში, თუ საზენიტო თვითდამიზნების სისტემამ საჰაერო სამიზნე ვერ "ჩაიჭირა", ის აღარ გავარდება. სახვაძემ კი გააკეთა გადასატანი კომპაქტური დამტენი საშუალება, რომელიც აკუმულატორის მაგივრად უერთდება ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს.

ე.ი. მსროლელი  ერთხელ თუ ვერ "ჩაიჭერს" საჰაერო სამიზნეს, შეუძლია ბედი ისევ სცადოს. მართალია, ეს დამტენი საშუალება უფრო მძიმეც არის და დიდიც, ვიდრე ზემოთ დასახელებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების აკუმულატორი, მაგრამ, სამაგიეროდ, მრავალჯერადი გამოყენების ფუნქცია აქვს.

რაც შეეხება კვადროციკლებს, როგორც ვიცი, მათი გამოყენება სახვაძის ინიციატივა იყო. თითო კვადროციკლზე მაგრდებოდა ორი "სტრელა-2მ", "იგლა" ან "გრომის" ტიპის გადასატანი სარაკეტო კომპლექსი. კვადროციკლს მძღოლი მართავდა, უკან კი მსროლელი იჯდა. სავარაუდოდ, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კვადროციკლები ამგვარად გამოიყენა. მოგვიანებით, სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღების გამოფენაზეც შევნიშნე კვადროციკლები და მოტოციკლები, რომლებიც სწორედ ზემოთ ხსენებული  მიზნით უნდა გამოყენებულიყო. ჩემი აზრით, ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს ობიექტური და სამართლიანი გამოძიება, რომლითაც დადგინდებოდა, ვისი ნასროლით იქნა ჩამოგდებული ან დაზიანებული რუსული ბომბდამშენები.

როგორც ომის შემდგომ გაირკვა, რუსებმა 2008 წლის აგვისტოს ომში ერთი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი, სამი Су-25 და ორი Су-24М დაკარგეს. გარდა ამისა, დაიკარგა ორი შვეულმფრენი, რომლებიც საბრძოლო დანაკარგად არ ითვლება, რადგან შემთხვევით ერთი მეორეს დააჯდა და ისე განადგურდა. ამ 6 თვითმფრინავისგან რუსები მხოლოდ 4-ის დაკარგვას აღიარებენ (ორი Су-24М-ის დაკარგვას მალავენ, არადა, ერთი ძევერაში ჩამოვარდა და მისი დეტალები ოთახშიც კი მიდევს). ამ 6 რუსული თვითმფრინავისგან ერთი ან ორი რუსებისა და ოსების ჩამოგდებულია, - შეეშალათ და ქართულ მოიერიშეებად მიიჩნიეს.

ინტერნეტით გავრცელდა სამი Су-25-ის ფოტო, რომელზეც აშკარად ჩანს, რომ მათ ძრავაში აქვთ რაკეტა გარტყმული. ეს კი მხოლოდ გადასატან საზენიტო რაკეტას შეუძლია. ასეთია სითბური დამიზნების რაკეტა "სტრელა-2", "გრომი", "იგლა"... მხოლოდ ამ რაკეტების თავი მიდის სითბოსკენ, ძრავისკენ, "ოსასი" - არა.

დაზიანებულმა Су-25-ებმა მოახერხეს დაჯდომა აეროდრომებზე, ერთი სოხუმში დაჯდა, ორი - ჩრდილო კავკასიაში. სწორედ ამიტომ ჩანს ძრავებთან დაზიანება. ცხადია, რომელიმე რომ ჩამოვარდნილიყო, აფეთქდებოდა და აღარც ძრავასთან დაზიანება გახდებოდა შესამჩნევი.

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს "ოსას" რამდენიმე რაკეტა ესროლეს, მაგრამ უშედეგოდ. კულუარებში ამბობდნენ, რომ "ოსას" ძველი მოდიფიკაცია იყიდეს, მაგრამ ამას კვალიფიციური გამოკვლევა და დამტკიცება სჭირდება".