შერყვნილი სამართალი აუცილებლად მოიტანს ბრბოს სამართალს! - კვირის პალიტრა

შერყვნილი სამართალი აუცილებლად მოიტანს ბრბოს სამართალს!

ჟურნალისტებს გვაქვს იმის საშუალება, რომ სანამ რომელიმე მასალა დაიბეჭდება, მას თვალი გადავავლოთ. ჩემი კოლეგა ლელა ჯიყაშვილის სტატიამ განსაკუთრებით დამაინტერესა. ჯერ ერთი, ჩემს სათაყვანებელ რამაზ ჩხიკვაძეს ეხება და მეორე - მის მიერ განსახიერებული მოსამართლე აზდაკის სახეს. სტატია მთავრდება ფრაზით, რომელიც, ალბათ, დღევანდელ რეალობაში ყველაზე აქტუალურია "ველით, ისევ ველით აზდაკს"... გამახსენდა ერთი ჩემი უფროსი მეგობარი, რომელსაც ნაძირალებმა შვილი დაუინვალიდეს, მაგრამ სამართალი ვერ იპოვა, რადგან იმ ნაძირალებს გავლენიანი მამიკოები ჰყავდათ. "აზდაკი გვინდა ქართველებს, აზდაკიო", - ხშირ-ხშირად იმეორებდა, თუმცა მას აზდაკმა ვეღარ მოუსწრო. პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც უკვე მეათასე თუ მეათიათასე განცხადებას წერდა, გულმა უმტყუნა და...

არავინ იცის, რამდენს უნატრია აზდაკი - შვილმოკლული მშობლებით დაწყებული და სახლკარწართმეულებით დამთავრებული, რომლებსაც სამართლის სახელით კიდევ ერთხელ უკლავდნენ შვილს და კიდევ ერთხელ აბეჩავებდნენ მოსამართლის მანტიამოსხმული ანტიაზდაკები. დღეს კი  რომელიმე კონკრეტული პირი კი არა, მთელი საქართველოა მის  მოლოდინში.

ორი სიმართლე არ არსებობს, სიმართლე ყოველთვის ერთია, ისე როგორც სამართალი. არ არსებობს ნახევრად სამართალი ან პარალელური სამართალი. თუ მაინცდამაინც გვინდა, უსამართლობა სხვა ტერმინით მოვიხსენიოთ, მაშინ მას შერყვნილი სამართალი ვუწოდოთ. საქართველოში სამართალი მართლაც შეირყვნა... უბრალოდ, ამას ადრე ისე ვერ ვგრძნობდით, მაგრამ ოდნავ გაიხსნა დარაბები თუ არა, საშინელი სიმყრალე გვეცა. პირველად, რა თქმა უნდა, ანტიაზდაკი, ანუ ჩვენი სასამართლო სისტემა მაქვს მხედველობაში.

ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ხომ ორივე ქურდია? რა თქმა უნდა, მაგრამ ნემსის ქურდი რომ ოთხი წელიწადი ყურყუტებდა ციხეში, აქლემის ჯოგის მიმთვისებელი მოსამართლემ ბოდიშის მოხდით გირაოს გარეშე გაათავისუფლა - ის პატიოსანი კაცის იერით ქუჩებში დაიარება და ძალიან მაღალ პოსტსაც ინარჩუნებს. არის თუ არა ეს შერყვნილი სამართალი? კაცმა ავარიისას, რა თქმა უნდა, შეუგნებლად, მეორე ადამიანს დიდი ზიანი მიაყენა და 5 წელი ციხეში იჯდა. მეორე პირმა (ძნელია, ასეთს კაცი ვუწოდოთ) ასობით ადამიანი გაამწარა - ზოგი ციხეში გამოკეტა და იქ აწამა, ზოგი საზღვარგარეთ გააქცია, ზოგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, მაგრამ მოსამართლის მანტიამოსხმულმა მეორე პირმა არ მიიჩნია საზოგადოებისთვის საშიშად და ოთხივ მხრივ გზა დაულოცა. ეს უკვე გახრწნილი სამართალია.

ჩემი მოკრძალებული აზრით, პრობლემა ისიცაა, რომ ამ უსამართლო სამართლის განმახორციელებელი ვერ გამოსწორდება. მას მენტალიტეტში, სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი, რომ სამართლიანობას კი არა, "პატრონებს" ემონებოდეს. სწორედ ამიტომაც ერთხელ ვთქვით და კიდევ ვიმეორებთ - სასამართლო რეფორმა იგივეა, რაც ძველი მანქანის გაკეთება, რომელიც ბოლო ჭანჭიკამდე უნდა დაიშალოს და შემდეგ თავიდან აიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შერყვნილი სამართალი აუცილებლად მოიტანს ბრბოს სამართალს. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მართლმსაჯულება მაიმუნობს, არ არის გამორიცხული, თავად ჰქმნას სამართალი და უპირველესად დაიწყოს იმათგან, ვისაც ის ამ მდგომარეობამდე არ უნდა მიეყვანა.

ასე რომ, დღეს მართლაც აზდაკი ისე გვჭირდება, როგორც არასოდეს... ველიიიით!!!