"მექანიკური" გაკოტრება - კვირის პალიტრა

"მექანიკური" გაკოტრება

ერთხელ პრეზიდენტმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში საინტერესო რამ ბრძანა, - ვინც საქართველოში 100 კაცს დამისაქმებს, შვილებს მოვუნათლავო. ცხადია, პრეზიდენტის ინიციატივა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული, მაგრამ რატომღაც ჩვენი კანონმდებლები და სამართალდამცველები ამ საკითხზე მაინცდამაინც არ ფიქრობენ. ეტყობა, პრეზიდენტის მადლს უფრთხილდებიან, ეშინიათ, ნათლულები არ მოუმრავლდეს.

დღეს სახელმწიფოს არასწორი მიდგომებისა და გაუმართავი კანონმდებლობის გამო არათუ ხალხი საქმდება, დასაქმებულებიც კარგავენ სამუშაოს. ვიცი, რასაც ქვემოთ წაიკითხავს, მკითხველს სრულ აბსურდად მოეჩვენება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ყოფა ასეთი აბსურდებისგან შედგება. ამბავი, რომელიც ერთ საღ აზრს მოკლებულ საკანონმდებლო ცვლილებას მოჰყვა, ბიზნესმენების რისხვად იქცა და დაახლოებით 50 მოქალაქეც უმუშევარი დარჩა.

"მუხლი 250: საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების შეტანა, რის შედეგად შემცირდა ან იზრდება საბაჟო ღირებულება, რასაც არ გამოუწვევია საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირება, იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა"".

შპს "გოდოლი პრინტმა" საქართველოში 1.064.617 მილიონი რუბლის (61 ათასი ლარი) ღირებულების ქაღალდი შემოიტანა. მოგეხსენებათ, კანონი საბაჟო დეკლარაციის შევსებას მოითხოვს და ფირმამაც დეკლარანტს მიმართა. დავიდარაბა იმით დაიწყო, რომ დეკლარანტს მექანიკური შეცდომა გაეპარა და  პროდუქციის ღირებულებად 1.064.617 რუბლის ნაცვლად 1.064,617 აშშ დოლარი დააფიქსირა. ეს კი ინსპექტორებმა ზემოთ მითითებული მუხლის წყალობით საბაჟო კოდექსის დარღვევად მიიჩნიეს და "გოდოლი პრინტი" ათპროცენტიანი სხვაობით, ანუ 171.536 ლარით დააჯარიმეს. საქმე ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით საბეჭდი ქაღალდი გათავისუფლებულია ყველა სახის გადასახადისაგან საბაჟო მოსაკრებლის გარდა. საბაჟო მოსაკრებელი კი ყველა შემთხვევაში ფიქსირებულია და 60 ევროს შეადგენს. ანუ მნიშვნელობა არა აქვს რა ღირებულების იქნება ტვირთი, მილიონის თუ ლარის, საბაჟო მოსაკრებელი მაინც 60 ევროს შეადგენს. ასე რომ, ეს შეცდომა დეკლარაციაში ვერანაირად ვერ მოახდენდა რაიმე ცვლილებას.

მართალია, საბაჟო დეკლარაციასთან ერთად  წარდგენილ იქნა ინვოისის ასლი,  სადაც ვალუტაც სწორად იყო მითითებული და სხვა პარამეტრებიც, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია შესაბამისი ორგანოებისთვის ფირმა დაუმსახურებლად, მაგრამ "კანონის სრული დაცვით" გაეკოტრებინათ. "გოდოლი პრინტმა" საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მაგრამ ჯარიმის გაუქმება აზრადაც არავის მოსვლია. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების საბჭომაც და პირველი ინსტანციის სასამართლომაც. მართალია, "გოდოლი პრინტმა" ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, მაგრამ მოგეხსენებათ, პირველი ინსტანციის სასამართლოს ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება (ესეც აბსურდი), შედეგად, ფირმის ანგარიშებს ჯერ ინკასო დაადეს და ანგარიშზე არსებული თანხებიც ჩამოაჭრეს. სხვათა შორის, ფირმას ტენდერი ჰქონდა მოგებული და ანგარიშზე შემკვეთიIს მიერ ჩარიცხული თანხა ჰქონდა. ამ აბსურდის შემდეგ ვეღარც ტენდერის პირობებს ასრულებს. ტენდერის პირობების შეუსრულებლობა კი კიდევ სხვა ჯარიმას გამოიწვევს. ერთი სიტყვით, "გოდოლი პრინტი" გაკოტრების პირასაა და მისი 50 თანამშრომელიც ქუჩაში დარჩა.

დავით ბეგიაშვილი, "გოდოლი პრინტის" ყოფილი დირექტორი: - არც შემოსავლების სამსახურსა და არც ფინანსთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ დეკლარანტმა შეცდომა დაუშვა, -  რუბლის კოდის მაგივრად დოლარის ჩაწერა. ვინაიდან ამ მექანიკურმა შეცდომამ 170 ათასი ლარის სხვაობა შეადგინა, ჯარიმად ეს თანხა დაგვეკისრა. ჯერ იყო და, ეს უსამართლობა შემოსავლების სამსახურში გავასაჩივრეთ. ესაო, ისაო, მართალი ხართ, მაგრამ კანონია ასეთი, რა ვქნათო და ჯარიმა არ მოგვიხსნეს. ვინც გაიგო ეს ამბავი, გვეუბნებოდნენ, უსამართლოდ ხართ დასჯილი, მაგრამ პასუხისმგებლობას ჯარიმის მოხსნაზე ვერ ავიღებთ, რადგან  ბიუჯეტის თანხაზეა ლაპარაკიო. იძულებული გავხდით გვეჩივლა, მაგრამ იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომაც. პროცესზე  ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შეცდომის მოტივი  არ არსებობს; დაადასტურეს ისიც, რომ ფირმას ამით ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენება არ შეეძლო, მაგრამ სასამართლოში გვითხრეს, რა ვქნათ, კანონს ვერ დავარღვევთო. პარლამენტშიც ვიყავით, ეს საქმე ყველამ იცის, მაგრამ ამაოდ. ასე რომ, მექანიკურ შეცდომას ფირმის ანგარიშების დაყადაღება და გაკოტრება მოჰყვა.

რამაზ ხუნწარია, "გოდოლი პრინტის" ადვოკატი: - ეს კანონი ეწინააღმდეგება სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ქმედებაში  ბრალეულობა ხომ უნდა იყოს, რომ  დამსაჯო? თუ ჩემი შეცდომით არაფერი დაშავდა, რატომ მსჯი? არ არის გამორიცხული, დეკლარანტები და ინსპექტორები ერთად მოქმედებდნენ. როცა დეკლარაციის შესავსებად საბროკერო ფირმაში მიდიხარ, ხელშეკრულებას გიდებენ, სადაც მხოლოდ ის წერია, მე შევავსებ, შენ ხელი მომიწერე, მე კი პასუხისმგებლობას არ ვიღებო. ეს ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსსა და საბაჟო კანონს. რატომ აძლევს სახელმწიფო ხალხს ლიცენზიას და საქმიანობის უფლებას, თუ მის შეცდომაზე პასუხისმგებლობა მაინც მე მეკისრება? ამ შემთხვევაში პასუხი არავინ უნდა აგოს, თუ მაინცდამაინც დასჯაა, დეკლარანტის შეცდომის გამო პასუხი მხოლოდ ფირმას რატომ მოეთხოვება? რა იცის შემომტანმა რუბლის, დოლარის და კრონის კოდი? იმიტომ აჰყავს დეკლარანტი, რომ სწორედ ის იყოს პასუხისმგებელი. აბა, რაში იხდის ფულს?!

ძველი კოდექსის მიხედვით, დავის დამთავრებამდე სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულებულიყო, ახლა კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კანონიერ ძალაში შესული. "გოდოლი პრინტი" მექანიკური შეცდომის გამო ამხელა თანხით დააჯარიმეს, მერე კიდევ დასაჯეს იმ მუხლით, რომელიც იურიდიულ ძალაშიც არ იყო შესული. საქმე ისაა, რომ ახალი ცვლილება საბაჟო კოდექსში 250-ე მუხლის თაობაზე 2008 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნდა. კანონის თანახმად კი, ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს ან ამძიმებს  იურიდიულ პასუხისმგებლობას, ძალაში შედის არა უადრეს მე-15 დღისა. ვინაიდან ეს ცვლილება 30 დეკემბერს გამოქვეყნდა, ამიტომ მისი ძალაში შესვლა უნდა ათვლილიყო არა უადრეს 14 იანვრიდან. თუ ესა თუ ის ქმედება გუშინ სასჯელს არ ითვალისწინებდა, დღეს კი ითვალისწინებს, 15 დღე ხომ უნდა მომცე ამის გასაგებად? ეს შეცდომა დეკლარანტმა 12 იანვარს დაუშვა, მაგრამ ვინ უყურებს კანონს, როცა გადამხდელზე მიდგება საქმე?  250-ე მუხლში მანამდე სულ სხვა ნორმა იყო ჩადებული. ძველი მუხლი მთლიანად ამოიღეს და ახალი ჩასვეს. ამ გარემოებაზე როცა მივუთითეთ, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ თურმე ზემოაღნიშნულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია! მოსამართლე თეთრზე გეუბნება, შავიაო და რა უნდა ქნა, თოფს ხომ არ ესვრი?  რა სასწრაფო იყო ამ კანონის მეორე დღესვე ამოქმედება? საშინელებაა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ზემდგომი ორგანოები ყველაფერს კადრულობენ.

რადგან ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური აღიარებენ, რომ ეს უსამართლობა კანონის გაუმართაობის ბრალია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დავუკავშირდით. ლაშა თორდიამ განგვიმარტა, რომ ამ მუხლზე მუშაობა მიმდინარეობს და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძესთან გაგვგზავნა, მან კი მოუცლელობა მოიმიზეზა და  განმარტების გაკეთება კომიტეტის თანამშრომელს დაავალა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. გთავაზობთ მის კომენტარს:

- მართალი გითხრათ, ამ კანონის არსი ვერ გავიგეთ, თუ შემომტანი არაფერს აშავებს, რატომ ჯარიმდება?

- ვთქვათ, შემოგაქვთ გრანტით რაღაც საქონელი. ასეთ შემთხვევაში ხომ გათავისუფლებული ხართ გადასახადებისგან? საბაჟო დეკლარაცია რომ შემივსოთ, იქ ხომ უნდა ჩაწეროთ ტვირთის რეალური საბაჟო ღირებულება. თქვენ ხომ გაქვთ უფლება, გაყიდოთ ეს გრანტით შემოტანილი საქონელი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კოდექსით ეგ საქონელი უნდა დავბეგრო, არა? მე რომ ვიღებ დასაბეგრ ბრუნვას, ღირებულება ხომ საიდანღაც უნდა ავიღო? ანუ თქვენს დეკლარაციამდე უნდა მივიდე. თქვენს დეკლარაციაში კი რა ხდება, თანხა ნულია?

- აქ სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შეცდომა დეკლარანტმა დაუშვა, რუბლის კოდის ნაცვლად დოლარის ჩაწერა. ამ შეცდომის გამო კი ფირმა გაკოტრების პირასაა.

- მართლა? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს. მომაწოდეთ დეტალური ინფორმაცია და გადავცემ ბატონ ვახტანგს. ვნახავთ, გადავამოწმებთ ინფორმაციას. უნდა შევისწავლოთ ეს შემთხვევა, ნამდვილად საყურადღებოა...

- ამასობაში კი რა ეშველება ფირმას და იმ ხალხს, რომელიც ამ აბსურდის გამო უმუშევარი დარჩა?

- არ ვიცი. როცა კაცი ბიზნესს იწყებს, რისკებიც ხომ არის?

- ამას რისკი ჰქვია თუ გაუმართავი კანონი?

- ერთი რამ შემიძლია ვთქვა, - ამ შემთხვევას საგანგებოდ შევისწავლით.

სანამ ამ შემთხვევას პარლამენტი საგანგებოდ შეისწავლის, "გოდოლი პრინტისგან" აღარაფერი დარჩება, მეწარმეს კი, რომელსაც ამ ბიზნესის დასაწყებად შესაძლოა სახლ-კარიც კი აქვს დაგირავებული, ნუგეშად შეშფოთება და აღშფოთება შეიძლება შერჩეს ხელში.

p.s. მართალია პარლამენტში დაგვპირდნენ, რომ ამ საქმეს ყურადღებით შეისწავლიან, მაგრამ ასეთი დაპირება ბევრი მოგვისმენია, ამიტომ ამ საკითხს აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას და ამ აბსურდის შედეგებსაც მივადევნებთ თვალს. ასეთი გაუმართავი კანონების გამო დღეს ადამიანები სამსახურებს კარგავენ, ისეთი ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, თითოეული ადამიანის უმუშევრად დარჩენა დანაშაულის ტოლფასია და ვგონებ, კანონმდებლებს უფრო მეტი ყურადღებისა და პროფესიონალიზმის გამოჩენა მართებთ.