სენსაციური ჩანაწერის მოლოდინში... - კვირის პალიტრა

სენსაციური ჩანაწერის მოლოდინში...

ბოლო დროს იმერეთის ექსგუბერნატორი თემურ შაშიაშვილი სკანდალურ  აუდიოჩანაწერებზე საუბრობს, რომელიც თურმე არაერთ იდუმალებით მოცულ მკვლელობას ახდის ფარდას. სულ მალე ერთ-ერთი ასეთი სკანდალური ჩანაწერი საქართველოში იქნება და მას სახალხო სასამართლო "მაესტროს" ეთერში წარადგენს.

თემურ შაშიაშვილი: - 10 დეკემბერს, პირველი სკანდალური აუდიოჩანაწერი უკვე საქართველოში იქნება. ახლა მიმდინარეობს მისი დამუშავება იმ  თვალსაზრისით, რომ  მოხდეს მისი ტიტრებით გამოქვეყნება... ჩვენთვის მთავარია, ეს ჩანაწერები იყოს ექსპერტიზაზე შემოწმებული, თანაც ისე, რომ არაფერი დაუზიანდეს.

- ეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ჩანაწერი იქნება?

- სახალხო სასამართლო თავად გადაწყვეტს, თუ რომელ ჩანაწერს გამოაქვეყნებს პირველად... ჟვანიასთან დაკავშირებული ჩანაწერი მართლაც სენსაციურია... ისმის ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირთა დიალოგები იმ დროს, როცა ჟვანია უკვე გარდაცვლილია, მიმდინარეობს "უბედური შემთხვევის" ინსცენირების დეტალების დაზუსტება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ჩანაწერიც, რომელიც 2003 წელს ჩატარებულ არჩევნებსა და "ვარდების რევოლუციას" უკავშირდება.

ჩემი აზრით, იმ დღიდან იწყება ერის პოლიტიკური სიკვდილიც, ჟვანიას მკვლელობაც, მეწარმეებთან დაკავშირებული პრობლემებიც, როცა არნახულ გარიგებებზეა ლაპარაკი... მე ამ ჩანაწერს "პოლიტიკური გარდაცვალების კასეტას" ვეძახი.

- ახლახან გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ჟვანიას მკვლელობის დეტალები გია ბარამიძისთვის არის ცნობილი. ეს უკანასკნელი ამ ჩანაწერში თუ ფიგურირებს?

- კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ჩანაწერი სრულად არ გამოქვეყნდება, იმ პერსონათა წრეს ვერ დავაზუსტებ, რომელიც ჟვანიასთან დაკავშირებით საუბრობს. ისინი ჩემი სკანდალური ინტერვიუებისა და ცალკეული გამონათქვამის გამო  ისედაც გაბოროტებულები არიან  და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებენ.

გიდასტურებთ, რომ გია ბარამიძემ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ყველაფერი იცის. მეტიც, პირველად თქვენ გეტყვით, რომ იმ პირთა წრეში, რომლებიც ჟვანიას სიკვდილის შემდეგ გამოსავალს ეძებენ და უბედური შემთხვევის ინსცენირების დეტალებს აზუსტებენ, ერთ-ერთი გია ბარამიძეა. ეს ბატონი დღეს სწორედ იმიტომ ბრძანდება თანამდებობაზე, რომ ყველაფერი იცის... დიახ, ჩანაწერში, რომლის გამოქვეყნებასაც ვაპირებთ, გია ბარამიძე ფიგურირებს... ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება  შედგება ერთმანეთისადმი ზიზღით გაჟღენთილი ადამიანებისაგან, რომელთაგან ერთი მეორეზე ვერაფერს ამბობს იმის გამო, რომ ერთმანეთის შესახებ ბევრი იციან.